Facebook Twitter

საქმე №ა-370-შ-7-2018 19 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ. ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ფ----- ტ-----ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, შტუდგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, ვიზბადენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ–სა და ფ. ტ-ს შორის 2008 წლის 24 ივლისს ვიზბადენის მმაჩის ბიუროს პასუხისმგებელი პირის მეშვეობით გაფორმებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა საპენსიო დაზღვევის მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

2. მ. ბ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განქორწინების ნაწილში გერმანიის, შტუდგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 17 სექტემბერს;

3.3. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით მ. ბ–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საქმის მასალებში მოიპოვება ფ. ტ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლის თანახმად მისთვის ცნობილია გერმანიის, ვიზბადენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის განხილვის თაობაზე და იგი არავითარ პრეტენზიას არ გამოთქვამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ბ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, ვიზბადენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის, ვიზბადენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ–სა და ფ. ტ-ს შორის 2008 წლის 24 ივლისს ვიზბადენის მმაჩის ბიუროს პასუხისმგებელი პირის მეშვეობით გაფორმებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა საპენსიო დაზღვევის მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

2. მ. ბ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განქორწინების ნაწილში გერმანიის, ვიზბადენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 17 სექტემბერს;

3.3. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ვიზბადენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში, რომლითაც მ. ბ–სა და ფ. ტ-ს შორის 2008 წლის 24 ივლისს ვიზბადენის მმაჩის ბიუროს პასუხისმგებელი პირის მეშვეობით გაფორმებული ქორწინება შეწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ–ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე გერმანიის, შტუდგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, შტუდგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2008 წლის 24 ივლისს ვიზბადენის მმაჩის ბიუროს პასუხისმგებელი პირის მეშვეობით გაფორმებული ქირწინება მ. ბ–სა და ფ. ტ-ს შორის (ქორწინების რეგისტრაციის #359/2008) დაირღვა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი