საქმე №ა-4633-შ-117-2017 30 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. შ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ბალტიმორის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამერიკის შეერთებული შტატების ბალტიმორის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. შ–ი და მოპასუხე ი. კ-ა განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით, მხარეთა სურვილისამებრ, ალიმენტის საკითხი არ გადაწყვეტილა, ხოლო პროცესის ხარჯები დაეკისრა მოსარჩელეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. შ–მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, რამდენადაც მათი სურვილისამებრ გადაწყდა ალიმენტის საკითხი;
3.2. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2011 წლის 2 აგვისტოს;
3.3. მ.შ–ის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
3.4. შუამდგომლობის ავტორი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მ. შ–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის განჩინება საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც წერილობითი მოსაზრება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ - მ. შ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ბალტიმორის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ამერიკის შეერთებული შტატების ბალტიმორის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. შ–ი და მოპასუხე ი. კ-ა განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით, მხარეთა სურვილისამებრ, ალიმენტის საკითხი არ გადაწყვეტილა, ხოლო პროცესის ხარჯები დაეკისრა მოსარჩელეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. შ–მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, რამდენადაც მათი სურვილისამებრ გადაწყდა ალიმენტის საკითხი;
3.2. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2011 წლის 2 აგვისტოს;
3.3. მ.შ–ის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
3.4. შუამდგომლობის ავტორი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ბალტიმორის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მ. შ–ი და მოპასუხე ი. კ--ა განქორწინდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. შ–ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების ბალტიმორის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ბალტიმორის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე მ. შ–ი და მოპასუხე ი. კ-ა განქორწინდნენ.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე