საქმე №ას-1211-1131-2017 23 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ფ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ე (მოპასუხე, კანონიერი წარმომადგენელი ზ.თ-ე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დავალების გასამრჯელოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ფ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან რწმუნებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. თ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მარწმუნებელი) მიმართ, მოპასუხისათვის 3 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2006 წლის ბოლოს მოპასუხემ მოსარჩელეს მიმართა იურიდიული დახმარებისათვის. მას ჰქონდა დავა კუთვნილი ბინის მფლობელებთან. მოსარჩელემ გაუწია იურიდიული მომსახურება, მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხა მოპასუხის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და აწარმოა გამოსახლების პროცედურები, როგორც პოლიციის, ისე _ სასამართლოს დახმარებით. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოპასუხის წარმომადგენლობას ახორციელებდა მოსარჩელის მეგობარი ადვოკატი მისი თხოვნითა და მომსახურების ღირებულების გადაუხდელად. საბოლოოდ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, 2010 წლის 29 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც 2011 წლის 28 მარტს იქნა აღსრულებული. მოპასუხეს იურიდიული მომსახურების საზღაური უნდა გადაეხადა რამდენიმე თვეში, თუმცა 5 ოქტომბერს დააპატიმრეს კრედიტორი, რომელიც ოჯახს პირველად 2012 წლის აპრილში დაუკავშირდა, როდესაც შეიტყო, რომ მოპასუხის მეუღლეს მოსარჩელისგან წაუღია დოკუმენტები და არ გადაუხდია თანხა. მხარეთა ზეპირი ხელშეკრულებით მომსახურების ღირებულება განსაზღვრული იყო 3 000 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იურიდიული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შეთანხმება სინამდვილეს არ შეესაბამება, აღსანიშნავია, რომ დავის მიმდინარეობის პროცესში მოსარჩელეს, შესრულებული დავალების სანაცვლოდ, მოპასუხის ოჯახის წევრებისაგან მიღებული აქვს სოლიდური თანხები. 2006 წლის ივნისში მოპასუხის მეუღლემ მეზობლის მეშვეობით გაიცნო მოსარჩელე და ჰკითხა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისათვის რა პროცედურები არსებობდა. მოსარჩელე მას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაჰპირდა დახმარებას და ხარჯის სახით მოითხოვა 600 ლარი, რასაც დასთანხმდა მოპასუხის მეუღლე. შეხვედრიდან დაახლოებით ერთ კვირაში მოპასუხემ მოსარჩელეზე გასცა მინდობილობა კონკრეტული საქმის წარმოების მიზნით და გადასცა 900 ლარი, საიდანაც 600 ლარი წარმოადგენდა საქმის წარმოების ხარჯს, ხოლო 300 _ გაწეული მომსახურების საზღაურს. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მოწმეები. ამ პერიოდში მოპასუხის მეუღლე გაემგზავრა საზღვარგარეთ. 2006 წლის აგვისტოში მოპასუხის ოჯახმა მოსარჩელეს გადასცა 300 ლარი, 2007 წელს დამატებით გადაურიცხა 600 ლარი. 2008 წელს მოპასუხის კუთვნილი ბინიდან ადრე რეგისტრირებულ პირების ამოწერისათვის მოსარჩელემ მოითხოვა 600 ლარის გადახდა, რაც მოპასუხის ოჯახის წევრის მიერ გადაცემულ იქნა ხელზე, ასევე გადაცემულ იქნა 350 ლარი. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბინიდან მფლობელების გამოსახლებას ეს პროცედურები არ ესაჭიროებოდა, უფრო მეტიც, მოპასუხისათვის უცნობია, განახორციელა თუ არა მოსარჩელემ ეს მოქმედებები. იმ პირობებში, როდესაც ჭიანურდებოდა საქმის წარმოება, მოპასუხემ არაერთხელ მოსთხოვა მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა, უშედეგოდ. გარდა ზემოხსენებულისა, მოსარჩელეს 2008 წელს კვლავ მისცა მოპასუხემ 600 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება 2011 წლის 28 მარტს აღსრულდა, 2011 წლის 11 მარტს მარწმუნებელმა რწმუნებულს შეუწყვიტა დავალების ხელშეკრულება. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არავითარი ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა, საპირისპირო ვითარებაშიც კი, 2011 წლის 11 მარტიდან გასულია დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამწლიანი ვადა, რადგანაც სარჩელი სასამართლოში 2014 წლის 14 ნოემბერსაა წარდგენილი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე 2006 წლის ივნისიდან მოპასუხეს უწევდა იურიდიულ მომსახურებას;
1.2.2. მარწმუნებელმა რწმუნებულს წარმომადგენლობა შეუწყვიტა 2011 წლის 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის #2/6960-06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულებით;
1.2.3. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2015 წლის 30 მაისის ცნობის მიხედვით, მოსარჩელის მიერ სასჯელის მოხდის დასაწყისი არის 2011 წლის 5 ოქტომბერი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლებულია 2011 წლის 7 ოქტომბერს, ამასთან, 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 აპრილამდე ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრითა და პაემნით არ უსარგებლია;
1.2.4. მარწმუნებლის წინააღმდეგ სარჩელით რწმუნებულმა რამოდენიმეჯერ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, კერძოდ: 2012 წლის 14 ივნისს, რომლის მიღებაზეც ეთქვა უარი სასამართლოს 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით; 2013 წლის 4 აპრილს, რომლის მიღებაზეც ეთქვა უარი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით; 2013 წლის 30 მაისს, რომლის მიღებაზეც ეთქვა უარი სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განჩინებით; 2014 წლის 30 ივნისს, რომლის მიღებაზეც ეთქვა უარი სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებებზე მოსარჩელეს კერძო საჩივარი არ შეუტანია. განსახილველი სარჩელი აღძრულია 2014 წლის 5 ნოემბერს;
1.2.5. იურიდიული მომსახურებისათვის გასამრჯელო 3 000 ლარი მარწმუნებელს მოსარჩელისათვის გადახდილი არ აქვს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის წარმოშობის მომენტი. მან, ერთი მხრივ, განმარტა, რომ იგი უფლების დარღვევიდან იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, ვადის ათვლა დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას დაუკავშირა, შესაბამისად, არასწორად განმარტა კანონი.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. განსახილველი სარჩელის მოთხოვნა დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს ანაზღაურებაა, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. არც მოსარჩელეს მიუთითებია და არც საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დავალების სამართლებრივ ურთიერთბაში მყოფი პირები შეთანხმდნენ გასამრჯელოს ანაზღაურების განსხვავებულ წესზე _ მაგ: დავალების შესრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდგომ. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გასამრჯელოს მოთხოვნას მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შედავება დაუპირისპირა, კერძოდ, მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს იმ გარემოებას, რომ კასატორს მოთხოვნა წარმოეშვა მაქსიმუმ დავალების ხელშეკრულების შესრულების გზით შეწყვეტის მომენტიდან (2011 წლის 28 მარტი) და ვინაიდან მოპასუხეს არ ჰქონდა შესრულებული ვალდებულება, მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ სწორედ ამ დღიდან შეიტყო (სკ-ის 130-ე მუხლი). ამ მხრივ ვერ იქნება გაზიარებული ის გარემოება, რომ სასამართლომ მოთხოვნის წარმოშობის ვადა განსაზღვრა არასწორად. რაც შეეხება მარწმუნებლის მიერ ოთხჯერ სარჩელის წარდგენას, პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ხანდაზმულობა არ შეწყვეტილა (სკ-ის 138-ე-140-ე მუხლები), გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი ამ ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ არ შეიცავს შედავებას. მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ თავად მოთხოვნა გამომდინარეობს დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შესაბამისად, მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ვადა, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ამოიწურა 2014 წლის 28 მარტს, განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2014 წლის 5 ნოემბერს, რაც ამართლებს მოპასუხის პოზიციას, რომ მას, როგორც ვალდებულ პირს, შეუძლია, უარი განაცხადოს შესრულებაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 23.10.2017წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ფ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. ფ–ს (პ/#2-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.10.2017წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი