საქმე №ა-3811-ბ-9-2018 11 იანვარი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. გ-ძისა და გ. ბ-ძის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ. გ-იძის განცხადების უზრუნველყოფის შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
წარმოდგენილი განცხადება გ. ბ-ძის მოთხოვნის ნაწილში არ ექვემდებარება განსახილველად მიღებას, ხოლო, მ. გ-იძის მოთხოვნის ნაწილში ხარვეზიანია შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-იძის განცხადება ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო პალატას განცხადებით მომართეს მ.გ-იძემ და გ.ბ-აძემ და მოითხოვეს ამ განცხადების უზრუნველყოფის მიზნით ქ.თბილისში, ჩ. და ჭ. ქუჩებს შორის მე-... კორპუსში, მე-4 სართულზე მდებარე #20 და #21 ბინაზე (ს/კ #01....) ყადაღის დადება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მ.გ-იძის და არა გ.ბ-აძის განცხადების საფუძვლიანობა, შესაბამისად, გ.ბ-ძე არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს (იხ. სსსკ-ის 191-ე მუხლი), ამდენად, პალატა ხელმძღვანელობს საპროცესო ანალოგოოთ (სსსკ-ის მე-7 მუხლი) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ.ბ-აძეს უარს ეუბნება განცხადების მიღებაზე.
რაც შეეხება მ.გ-იძის მოთხოვნას, უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული განცხადება არ წარმოადგენს სარჩელეს, არამედ, მის ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება არსებობს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები. მართალია, საქმის წარმოების განახლების მარეგულირებელი ნორმები ითვალისწინებს ე.წ უზრუნველყოფის სპეციალურ სახეს _ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას (სსსკ-ის 432-ე მუხლი), თუმცა, ვინაიდან დავის საგანზე საკუთრების უფლება რეესტრში უკვე რეგისტრირებულია, უზრუნველყოფის ხსენებული ზომა განმცხადებილის ინეტერესების დაცვის საკმარისი საფუძველი ვეღარ გახდება. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 425-ე მუხლით (გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს.
მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს არც საჯარო რეესტრის ამონაწერი და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 50 ლარს. საქმის მასალებით სახელმწოფო ბაჟის გადახდისაგან განმცხადებლის გათავისუფლების/მისი გადახდის გადავადების წინაპირობები არ დგინდება (სსსკ-ის 46-ე-48-ე მუხლები). რაც შეეხება საჯარო რეესტრის ამონაწერს, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმეში მოიპოვება 2012 წლის მდგომარეობით გაცემული ამონაწერები, რაც, ბუნებრვია არ არის საკმარისი განცხადების საფუძვლიანობის შესამოწმებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ. გ-იძის განცხადებას უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და განმცხადებელს უნდა დაევალოს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწოფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ქ.თბილისში, ჩ. და ჭ. ქუჩებს შორის მე-... კორპუსში, მე-4 სართულზე მდებარე #20 და #21 ბინაზე (ს/კ #01.....) განახლებული ამონაწერი. განემარტოს განმცხადებელს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდება, განცხადება განუხილველად დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 186-ე, 191-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 425-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-აძეს უარი ეთქვას საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ. გ-იძის განცხადების უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის მიღებაზე.
2. მ. გ-იძის განცხადებას დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორს დაევალოს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოადგინოს:
2.1. სახელმწოფო ბაჟის _ 50 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო, უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).
2.1.1. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის # 200122900, სახაზინო კოდი 300773150;
2.2. ქ.თბილისში, ჩ. და ჭ. ქუჩებს შორის მე-.... კორპუსში, მე-4 სართულზე მდებარე #20 და #21 ბინაზე (ს/კ #01....) განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან.
3. განემარტოს განმცხადებელს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდება, განცხადება განუხილველად დარჩება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე