საქმე №ას-1241-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ბ.ს. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.ი–ის სარჩელი მოპასუხე ბ.ს–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ბ.ს–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 150 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან მისი გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის შვილს, ლ. ს–ს (პ/ნ ......) ჩაბარდა 2018 წლის 31 ოქტომბერს.
2018 წლის 6 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, რადგან სპეციალური სამსახურიდან გამომდინარე ვერ მოახერხა ადვოკატის აყვანა და სათანადოდ ხარვეზის გამოსწოერება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ბ.ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, მითითებული ხარვეზის გამოსწორება.
აღნიშნული განჩინება კასატორს პირადად ჩაბარდა, ფოსტის მეშვეობით, 2018 წლის 11 დეკემბერს.
2018 წლის 17 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, კასატორმა მომართა უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.ს–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
2018 წლის 17 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, კასატორმა მომართა უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხა. თუმცა კასატორს, არც დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარმოუდგენია და არც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ.ს–ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, ვინაიდან მას უკვე ორჯერ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა. სასამართლოს უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარის შუამდგომლობა სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს ემსახურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი