ბს-1286-130-კს-04 15 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის _ 2000000 ლარის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 20 ივლისს ვ. დ.-მ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხის _ აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისაგან მატერიალური და მორალური ზიანის _ 2000000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქ.ბათუმის პროკურორის თანაშემწემ, ი. ბ.-მ მიუხედავად არაერთხელ მიმართვისა და არაერთი საჩივრის შეტანისა, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა, ამასთან, დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი და დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ არ გამოიტანა, რითაც დანაშაული დაფარა და დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ, მაშინ, როცა ასეთი დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობით სხვადასხვა სახის სასჯელი იყო გათვალისწინებული, რის შედეგადაც მან და მისი ოჯახის წევრებმა მძიმე სულიერი ტანჯვა განიცადეს და მორალური ზიანი მიიღეს.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ პროკურატურის მუშაკთა უკანონო მოქმედებით მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. რამდენჯერმე გაქურდეს, დაავადნენ სხვადასხვა დაავადებით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ხარჯების გადახდის შესაძლებლობა დაკარგეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 21 ივლისის განჩინებით ვ. დ.-ს სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული.
სასამართლო კოლეგიამ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჩივარი მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო შესაბამის პროკურორს, ხოლო საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო კი ზემდგომ პროკურორს უნდა გადასცემოდა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ვ. დ.-ს ქ.ბათუმის პროკურორისა და პროკურორის თანაშემწის მოქმედებაზე საჩივრით ზემდგომი პროკურორისათვის უნდა მიემართა.
აღნიშნულ განჩინებაზე ვ. დ.-მ სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის სხვა მოსამართლეებისათვის გადაცემა მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 3 სექტემბრის განჩინებით ვ. დ.-ს კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ვ. დ.-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 21 ივლისისა და 2004წ. 3 სექტემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც მოსარჩელე ვ. დ.-ი აღნიშნავს, ქ.ბათუმის პროკურორის თანაშემწემ, ი. ბ.-მ მიუხედავად არაერთხელ მიმართვისა, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა და არც სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ დადგენილება გამოიტანა, რითაც დანაშაული დაფარა და დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ, რის შედეგადაც მან და მისი ოჯახის წევრებმა მძიმე სულიერი ტანჯვა განიცადეს და მორალური ზიანი მიიღეს. პროკურატურის მუშაკთა უკანონო მოქმედებით მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა, არაერთხელ გაქურდეს, დაავადნენ სხვადასხვა დაავადებებით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ხარჯების გადახდის შესაძლებლობა დაკარგეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო”.
ასევე, სკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო, ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ვინაიდან, ვ. დ.-ი თვლის, რომ პროკურორის და პროკურორის თანაშემწის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, შესაბამისად აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღების დროს უნდა იმსჯელოს, მოსარჩელე თავის მოთხოვნას ზემოთ დასახელებული კანონმდებლობის საფუძველზე ხომ არ აყენებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. დ.-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 21 ივლისისა და 2004წ. 3 სექტემბრის განჩინებები და ვ. დ.-ს სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.