Facebook Twitter

№ა-3941-შ-99-2018 8 იანვარი, 2019 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ს–ძე

განხილვის საგანი – უკრაინის დონეცკის ოლქის კრასნოარმეისკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 02.10.2012 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის დონეცკის ოლქის კრასნოარმეისკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 02.10.2012 წლის გადაწყვეტილებით კ.ო. ასული ს–ძე (ქორწინებამდე პერევერტაილო), დაბადებული 28.05.1986 წელს, დონეცკის ოლქის ქალაქ .... მკვიდრი, აღიარებული იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. კ.ა. ასული ს–ის უგზო-უკვლოდ დაკარგვის თარიღად ჩითვალა 2011 წლის 01 მაისი.

2. გ.ს–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ დასაბუთებით, რომ გ.ს–ძესა და კ.ს–ძეს ჰყავთ საერთო შვილი - არასრულწლოვანი თ.ს–ძე. გ.ს–ძე აპირებს თ.ს–თვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზნით იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვას, რისთვისაც საჭიროებს დედის თანხმობას. ვინაიდან დედა კ.ს–ძე დონეცკის ოლქის კრასნოარმეისკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 02.10.2012 წლის გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა უგზო უკვლოდ დაკარგულად, გ.ს–ძეს იუსტიციის სამინისტროში წარსადგენად ესაჭიროება ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქმეზე დადგენილია, უკრაინის დონეცკის ოლქის კრასნოარმეისკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 02.10.2012 წლის გადაწყვეტილებით კ.ო. ასული ს–ძე (ქორწინებამდე პერევერტაილო), დაბადებული 28.05.1986 წელს, დონეცკის ოლქის ქალაქ დიმიტროვის მკვიდრი, აღიარებული იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. კ.ა. ასული ს–ძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის თარიღად ჩითვალა 2011 წლის 01 მაისი.

6. საცნობ გადაწყვეტილებაზე დასმული შტამპით დასტურდება, რომ 2012 წლის 23 ოქტომბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ს–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის დონეცკის ოლქის კრასნოარმეისკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 02.10.2012 წლის გადაწყვეტილება, კ.ო. ასული ს–ის (ქორწინებამდე პერევერტაილო), დაბადებული 28.05.1986 წელს, დონეცკის ოლქის ქალაქ .....მკვიდრის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ (უგზო-უკვლოდ დაკარგვის თარიღი 2011 წლის 01 მაისი).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი