Facebook Twitter

საქმე №ას-123-123-2018 9 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს-ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ი +“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ფ–ი +-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მყიდველი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ოს“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან გამყიდველი) მიმართ მოპასუხისათვის 185 163,83 ლარის დაკისრების მოთხოვნოთ.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებს შორის წლების განმავლობაში არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე იძენდა მოპასუხის მიერ წარმოებულ ფარმაცევტულ პროდუქციას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მოვალისათვის გადახდილ იქნა 185 063,83 ლარი, რაც გამყიდველმა აღიარა 2013 წლის 31 ივლისს შედგენილი #31-7 ურთიერთშედარების აქტით. მიუხედავად თანხის მიღებისა, მას მოსარჩელისათვის შესაბამისი ღირებულების საქონელი არ მიუწოდებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მიღების მოთხოვნით, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, თუმცა მოვალის მიერ პროტესტის წარდგენის გამო, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ მიიღო შესაბამისი აქტი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ #31-7 ურთიერთშედარების აქტი 2013 წლის 31 ივლისს შედგენილ იქნა მისი მოტყუებით. ამგვარ აქტებს მხარეები აფორმებდნენ წინასწარ, მხოლოდ მათი შედგენის შემდგომ ხორციელდებოდა თანხის გადარიცხვა და საქონლის მიწოდება, მოსარჩელეს კი, შესაბამისი ოდენობის თანხა მისთვის არ გადაუცია. შემდგომში მოპასუხემ ნაწილობრივ შეცვალა შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მყიდველს მიაწოდა 54 666 ლარის ღირებულების საქონელი, თუმცა, მოხმარების ვადის გასვლის გამო, მიწოდებული პროდუქცია დაიბრუნა უკან იმავე რაოდენობის ახალი საქონელის მიწოდების სანაცვლოდ, შესაბამისად, მას არ შეიძლება დაეკისროს ფულადი ვალდებულების შესრულება. გარდა ამისა, მოპასუხემ განმარტა, რომ 2011 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელეს შეთანხმებულ ადგილას მიაწოდა 73 500 ლარის ღირებულების პროდუქცია, თუმცა, ამ უკანასკნელის მოთხოვნით საქონელი გაგზავნილ იქნა ქ.რუსთავში, რასაც მოსარჩელე არ აღირებს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 185 163,83 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):

საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს გამყიდველისათვის თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. ამ მხრივ კი, კასატორის ძირითადი შედავებები შემდეგია:

- სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო რიგი გარემოებები. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ ვერ შეძლო ურთიერთშედარების აქტის ავთენტურობასა და იურიდიულ ძალასთან დაკავშირებული პოზიციის მტკიცებულებებით გამყარება, მაგრამ საყურადღებოა, თუ მოსარჩელის მიერ გადახდილ თანხასა და მოპასუხის მიერ მიწოდებულ პროდუქციას შორის სხვაობა მართლაც 336 686 ლარია (რომელიც არ შეეხება ურთიერთშედარების აქტს, არამედ, მხარეთა სრულ სახელშეკრულებო ურთიერთობას მოიცავს), მაშინ რატომ ითხოვს მოსარჩელე მხოლოდ 185 063,83 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას;

- ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ შეძლო მოპასუხემ სასაქონლო ზედნადებების სრული ოდენობით წარდგენა. მხარის ინფორმაციით ეს აქტები კომპანიის არქივში იყო დაკარგული, თუმცა, აღმოჩნდა, რომ 2009 წლის აქტები „ს-ოში“ იმ დროისათვის დასაქმებულ ბუღალტერს ჰქონდა წაყოლილი, რაც დოკუმენტების წარდგენის შეუძლებელობის საპატიო მიზეზია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის (რომლის მოქმედება ვრცელდება საკასაციო სამართალწარმოებაზეც) შესაბამისად, ისინი მიღებულ უნდა იქნას საკასაციო სასამართლოს მიერ, რადგანაც 185 163,83 ლარის მხარისათვის დაკისრება არ შეიძლება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მან ვერ შეძლო მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა (2009 წლის მდგომარეობით არ არსებობდა ელექტრონული ზედნადებები, ხოლო დოკუმენტების არასრულად არსებობის გამო, მოვალე ვერ შეძლებდა იმის დამტკიცებას, რა ოდენობის პროდუქცია ჰქონდა მიწოდებული მოსარჩელისათვის);

- გასაჩივრებული განჩინებით არ დგინდება, მოვალეს 185 063,83 ლარის გადახდა ურთიერთშედარების აქტისა თუ მიწოდებული საქონლისა და ასანაზღაურებელი თანხის სხვაობის შედეგად დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა 1 009 960 ლარს შეადგენდა, თუმცა საქმე ეხება 2009-2013 წლებში მიწოდებულ საქონელსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობას და არა რაიმე დოკუმენტის საფუძველზე თანხის დაკისრებას. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ მოვალის მხრიდან ურთიერთშედარების აქტზე ხელის მოწერას რაიმე ძალა არ აქვს, რადგანაც, კასატორი მიენდო მოწინააღმდეგე მხარეს და სადავო დოკუმენტზე ხელი მოაწერა მხარეთა შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობისა და ნდობის გამო, მათ შორის რეალურად არსებობდა უნაღდო ანგარიშსწორება და საქონელი მხარეს მიეწოდებოდა შესაბამისი ზედნადებების საფუძველზე. 2009 წელს განხორციელებული მიწოდებების ღირებულება კი (რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებების საქმისათვის დართვა მოთხოვნილია საკასაციო საჩივრით), არა თუ დაკისრებული თანხის ტოლფასია, არამედ, 55 074 ლარით აღემატება მას.

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. მხარეთა შორის წლების განმავლობაში არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე მოპასუხისაგან პერიოდულად ყიდულობდა ამ უკანასკნელის მიერ წარმოებულ ფარმაცევტულ პროდუქციას;

1.2.2. 2011 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი ურთიერთშედარების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე, შემდგომი მოტივაციის გაზრდის მიზნით, კრედიტორზე გასცემდა ფასდაკლებას დღგ-ისგან გათავისუფლებულ პროდუქციაზე 1 200 ლარის ოდენობით. ამასთან, მხარეები ადასტურებდნენ, რომ მოპასუხის დავალიანება მყიდველის მიმართ 147 804 ლარს შეადგენდა. მითითებული აქტით, მხარეებმა ასევე დაადასტურეს ხსენებული თანხის (წამლების: „ს-ოსა“ და „ფერდის“ საფასურის) ავანსის სახით გამყიდველის ანგარიშზე წინასწარ გადარიცხვა;

1.2.3. 2012 წლის 28 თებერვალს შედგენილი ურთიერთშედარების აქტით მხარეები ადასტურებენ, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 167 940,83 ლარს შეადგენდა. ამავე აქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ ზემოთ აღნიშნული თანხა წამლების საფასურის ნაცვლად, ავანსის სახით მიიღო გამყიდველმა;

1.2.4. 2013 წლის 31 ივლისს შედგენილი #31-7 ურთიერთშედარების აქტის მიხედვით, ერთი მხრივ მოსარჩელე და მეორე მხრივ _ მოპასუხე ადასტურებენ, რომ გამყიდველის დავალიანება, მყიდველის მიმართ 185 063,83 ლარს შეადგენდა. მითითებული აქტის მიხედვით, მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მასში აღნიშნული თანხა წამლების საფასურის ნაცვლად მოვალემ ავანსის სახით მიიღო;

1.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამყიდველის წინააღმდეგ კრედიტორის 2013 წლის 2 დეკემბრის განცხადების საფუძველზე განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წარმოება და მოვალის მიერ პროტესტის წარდგენის მოტივით, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა მყიდველს;

1.2.6. აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოში 2013 წლის 31 ივლისის ურთიერთშედარების აქტის მოტყუებით დადების ფაქტზე აპელირებდა, თუმცა, მოტყუებით დადების ამსახველი ფაქტები და აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარუდგენია, ისევე, როგორც არ მიუთითებია 2012 წლის 28 თებერვლისა და 2011 წლის 30 ოქტომბრის ურთიერთშედარების აქტების მოტყუებით დადების ფაქტზე (მაშინ, როდესაც 2011 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი აქტის მიხედვით, მხარეს შპს „ფ–ი +“-ისათვის 147 804 ლარის ღირებულების, ხოლო, 2012 წლის 28 თებერვალს აქტის მიხედვით _ 167 940.83 ლარის საქონელი უნდა მიეწოდებინა);

1.2.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები 2013 წლის 31 ივლისის #31-7 ურთიერთშედარების აქტში ასახულ დავალიანებას ვერ აქარწყლებს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე სასამართლომ გამოიკვლია პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები და აღნიშნული პროდუქციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; აპელანტმა სადავოდ არ გახადა, რომ მას (გადახდის ქვითრებით) 1 009 960 ლარის მიღების ფაქტი უდასტურდება, თავის მხრივ, მოპასუხე, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით, მოსარჩელისათვის 673 274 ლარის პროდუქციის მიწოდებას ამტკიცებს. უფრო მეტიც, მიწოდებულ საქონელსა და ანაზღაურებულ თანხას შორის სხვაობა 336 686 ლარია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომც დადგინდეს 73 500 ლარის საქონლის მოსარჩელისათვის გადაცემა (რაც თანამშრომელმა ქალმა მიიღო, თუმცა, სასაქონლო ზედნადებზე ხელი არ მოაწერა), წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიღებულ საქონელსა და გადახდილ ფასს შორის სხვაობა 263 186 ლარია, რაც მაინც ბევრად აღემატება 2013 წლის 31 ივლისს #31-7 ურთიერთშედარების აქტში ასახულ დავალიანებას _ 185 063,83 ლარს). თავად #31-7 აქტით აღიარებულია მოსარჩელის წინაშე მოპასუხის დავალიანება 185 063,83 ლარის ოდენობით. მასში მითითებული არ არის, თუ რა პერიოდს მოიცავს აღნიშნული დავალიანება, შესაბამისად, იგულისხმება, რომ იგი მხარეთა სამართალურთიერთობის საბოლოო ვალდებულების ამსახველი დოკუმენტია, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის მთელ პერიოდს მოიცავს (ასრულებს) და არა ურთიერთობის რომელიმე მონაკვეთს;

1.2.8. ურთიერთშედარების აქტის შედგენის შემდეგ გასულია 4 წელი. აღნიშნული დროის განმავლობაში, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება არ დგინდება. სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლის მართლზომიერება მხარეთა შორის სადავო არაა. მოპასუხე, მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის (გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტის) შეტყობინების არარსებობაზე აპელირებდა, თუმცა ხელშეკრულებიდან გასვლა აღნიშნული ურთიერთშედარების აქტის შედგენითა და ამავე აქტის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელების დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობით დგინდება, უფრო მეტიც, მოვალემ, ხელშეკრულების შეწყვეტისა და დავალიანების დაფარვის თაობაზე, მინიმუმ, მისთვის სააღსრულებო წარმოების ფარგლებში წარდგენილი განაცხადით შეიტყო.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

საკასაციო პრეტენზიათა დეტალური ანალიზის შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მხარე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ძირითადად ორი საფუძვლით ითხოვს: ა) მან საპატიო მიზეზით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა, რომლებიც საკასაციო პალატის მიერ უნდა იქნას მიღებული; ბ) გასაჩივრებული განჩინებით არ დგინდება, მოვალეს თანხა რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით დაეკისრა. კასატორის ხსენებულ პრეტენზიებს პალატა შეაფასებს ცალ-ცალკე:

1.3.1. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებული ახალი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის წინაპირობა, ამასთანავე, ხსენებული საპროცესო ნორმის მოქმედება ვრცელდება საკასაციო სამართალწარმოებაზეც. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი წარმოადგენს ე.წ „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და მხოლოდ საგამონაკლისო წესით მიიჩნევს დასაშვებად მტკიცებულებათა ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებას, თავის მხრივ, მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3 მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილისა (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელი დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, მტკიცებულებათა მოგვიანებით წარდგენა მაინც დასაშვებია, რათა არ დაზარალდეს ერთ-ერთი მხარის ინტერესი, ამასთანავე, უნდა დადგინდეს, რომ მტკიცებულებათა დროული წარუდგენლობა მხარისაგან დამოუკიდებელი, საპატიო მიზეზითაა განპირობებული. ამის ნათელი მაგალითია ზემოხსენებული 380-ე მუხლი, რომლის მოქმედებაც მხოლოდ სააპელაციო სამართალწარმოებაზე ვრცელდება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით), სააპელაციო სასამართლო წარმოდგენს რა ფაქტების დამდგენ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მას სრული საპროცესო შესაძლებლობა გააჩნია, შედავების ფარგლებში გამოიკვლიოს მტკიცებულებები, მათ შორის კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული და დასაშვებად ცნობილი ახალი მტკიცებულებები. რაც შეეხება საკასაციო სამართალწარმოებას, ამავე კოდექსის 404-ე და 407-ე მუხლების პირველი ნაწილებიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება და მათი კვლევა კანონით აკრძალულია, არამედ, საკასაციო პრეტენზიათა ფარგლებში შესწავლას ექვემდებარება ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებების პროცესუალური თვალსაზრისით შეფასების კანონიერება (სსსკ-ის 105-ე მუხლი) და ამ გზით სასამართლოს შინაგანი რწმენით დადგენილი ფაქტების მატერიალური სამართლის ნორმებთან სუბსუმირების სისწორე. სამართალწარმოების ზემოხსენებული თავისებურებიდან გამომდინარე, საკასაციო სამართალწარმოებისას დაუშვებელია საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის გამოყენება, რადგანაც ამავე კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

1.3.2. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის შედავებას, რომ არსებობს მტკიცებულებათა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი და ამ მტკიცებულებათა წარდგენა დასაშვებია საკასაციო განხილვის ეტაპზე. ამასთან, ვინაიდან საკასაცო პალატა არ წარმოადგენს არც მტკიცებულებათა მიღებაზე უფლებამოსილ და არც ფაქტების დამდგენ სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ), კასატორს უბრუნებს, როგორც საკასაციო საჩივარზე დართულ, ისე _ შემდგომ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას.

1.3.3. რაც შეეხება მხარის არგუმენტს, რომ გასაჩივრებული განჩინებით არ დგინდება თანხის დაკისრების წინაპირობები, პალატა არც მას იზიარებს და განმარტავს, რომ ამ კუთხით გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია. სადავო არაა ის გარემოება, რომ მხარეები გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, კერძოდ, თანხის გადახდის სანაცვლოდ მოპასუხე მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცემდა მის მიერ ნაწარმოებ ფარმაცევტულ პროდუქციას, რაც სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრულ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაზე მეტყველებს. ამ ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელე გვევლინება შეძენად, ხოლო მოპასუხე _ გამყიდველად. შემძენი მოითხოვს მოპასუხისათვის საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილი იმ თანხის დაბრუნებას, რომლის შესაბამისი პროდუქციაც მას არ მიუღია. ამგვარ ვითარებაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს თანხის გადახდის დადასტურება, რომლის დაძლევის შემთხვევაში, მოპასუხეს, როგორც გამყიდველს, ეკისრება მოთხოვნილი თანხის დაკისრების ვალდებულების გამომრიცხველი წინაპირობების დადასტურება (მაგ: სკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, მას შეუძლია წარადგინოს შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი სავალო საბუთი, 442-ე მუხლით განსაზღვრული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და სხვა). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარადგინა მხარეთა ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთა მიერ 2013 წლის 31 ივლისს შედგენილი #31-7 ურთიერთშედარების აქტი, რომელშიც მითითებულია, როგორც თანხის ოდენობა (185 063,83 ლარი), ისე _ ამ თანხის გამყიდველის მხრიდან ავანსად მიღება (მართალია, მოვალე თავდაპირველად, მათ შორის, ამ აქტზე ხელმოწერას მოსარჩელის მხრიდან მოტყუებას უკავშირებდა, თუმცა, ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან დადგენილია და კასატორი სადავოდ აღარ ხდის იმ გარემოებას, რომ მან ვერ შეძლო ვერც მოტყუების დამადასტურებელ გარემოებებზე მითითება და ვერც ამგვარი მტკიცებულებების წარდგენა (იხ. სკ-ის 81-ე-84-ე მუხლები)). ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ ეს მტკიცებულება არა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით განსაზღვრულ ვალის აბსტრაქტულ აღიარებას და შესაბამისად ახალ ხელშეკრულებას წარმოადგენს, არამედ, იგი ვალდებულების კაუზალური აღიარებაა, რომელიც ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას (ვალის აღიარების საკითხების, ასევე, აღარების იურიდიული მნიშვნელობისა და მათი სახეობების გამიჯვნის თაობაზე იხ. სასამართლო პრაქტიკა: სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი). ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სრულად შეესაბამება მტკიცებულებათა კვლევის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს, მოპასუხეს კი, სასამართლოსათვის არ წარუდგენია თანხის დაკისრების გამომრიცხველი მტკიცებულებები.

1.3.4. დასაბუთებული შედავების არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სადავო #31-7 აქტი ასევე ხელშეკრულებიდან მოსარჩელის გასვლის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც მხარეთა შორის მოხდა საბოლოო ანაგრიშსწორება, კერძოდ, ამ ურთიერთობის შემდგომ მხარეთა შორის არ დგინდება რა რაიმე ვალდებულებითი ურთიერთობის გაგრძელება, დასაბუთებულია პალატის დასკვნა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის თაობაზე (სკ-ის 355-ე მუხლი: ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით), ამასთანავე, ვინაიდან კასატორი ვალდებულების დარღვევის, ასევე, დამატებითი ვადის დაწესების საკითხზე შედავებას არ გამოთქვამს, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, მხარეთა რესტიტუციის წინაპირობების არსებობის თაობაზე, რადგანაც, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

1.3.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია ხელშეკრულებიდან გასვლისა და საავანსო ანგარიშსწორების გზით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ სარჩელში მითითებული ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რის გამოც, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეს 185 063,83 ლარის, ისევე, როგორც გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მიზნით მის მიერ გაწეული ხარჯის _ 100 ლარის კრედიტორის სასარგებლოდ გადახდა (ეს უკანასკნელი, სსსკ-ის 37.3 მუხლის თანახმად, წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯს და მისი ანაზღაურება ხდება ამავე კოდექსის 53-ე მუხლის ფარგლებში).

1.4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას, რადგანაც მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა.

2. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან, წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობის კასატორის მიერ გაწეული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად კი, ხსენებული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 407-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. შპს „ს-ოს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მოწინააღდეგე მხარისათვის მიწოდებული საქონლის ზედნადებების ანგარიში 1 (ერთი) ფურცლად, სასაქონლო ზედნადებები 13 (ცამეტი) ფურცლად, ფარმაცევტული პროდუქციის სერიის აღრიცხვის სპეციალური ფორმა 1 (ერთი) ფურცლად, აუდიტორული დასკვნა ხუთი (ხუთი) ფურცლად (ტ. III, ს.ფ.171-191), 30.05.2018წ. განცხადებაზე დართული „საერთო გაზეთის“ 28.02.2018წ. მე-7 ნომერი 8 (რვა) ფურცლად, 11.10.2018წ. განცხადებაზე დართული აუდიტორული დასკვნა 5 (ხუთი) ფურცლად და სამედიცინო გაზეთი „მედეა და მედიცინა“ 12 (2 ეგზემპლარი, სულ თორმეტი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი