საქმე №ას-1136-2018 9 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ქ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ხ-ის უფლებამონაცვლე ი. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ. ხ-მა (უფლებამონაცვლე _ ი. გ-ე, იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.03.2018წ. საოქმო განჩინება, შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ქ–იას (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ვ–ი ..-ის 403-ე კორპუსში მდებრე #... ბინის (შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელემ მესამე პირებისაგან ისესხა _ 30 000 აშშ დოლარი, გარდა ამისა, მოსარჩელისაგან თანხა ჰქონდა ნასესხები მოპასუხეს და იპოთეკით იყო დატვირთული დავის საგანი, თუმცა, რადგანაც მოპასუხემ თანხა ვერ დააბრუნა, უძრავი ქონება გადავიდა მოსარჩელის საკუთრებაში. ქონების გადაცემის შემდგომ მართალია, ბინით კვლავ მოპასუხე სარგებლობდა, თუმცა, რადგანაც ვერც მოსარჩელე ვერ აბრუნებს ვალს, ის იძულებულია, ქონების რეალიზაციის გზით შეასრულოს ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და კვალიფიციური შედავების ფარგლებში განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დადებული ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება მან იკისრა თავად და იხდის სარგებელს, გარდა ამისა, ბინა არაერთხელ იყო გამოყენებული უზრუნველყოფის საგნად და გადავიდა სხვადასხვა პირის საკუთრებაში, თუმცა, მოპასუხე ყოველთვის იყო და ამჟამად არის ქონების ფაქტობრივი მფლობელი. მოსარჩელის მიერ მესამე პირებთან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სარგებლის ნაწილში მოჩვენებით გარიგებას წარმოადგენს, რადგანაც გარიგების სუბიექტები არ არიან დაინტერესებული შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის შემცირებით, შეწყვეტით ან ხელშეკრულების პირობების დროულად შესრულებით. შესაგებლის თანახმად, მოპასუხეს აღძრული ჰქონდა სარჩელი მოსარჩელის მიერ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის (სარგებლის ნაწილში) მოთხოვნით და სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად შეჩერებულია მფლობელის სადავო ბინიდან გამოსახლების საკითხი. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად ეთქვა უარი სარჩელს დაკმაყოფილებაზე, თუმცა, დავა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია და მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ მოხდება მფლობელის გამოსახლება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს;
1.2.2. უძრავ ნივთს ფლობს მოპასუხე;
1.2.3. მოპასუხის მფლობელობა მოკლებულია სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე, ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი (ფაქტობრივი მესაკუთრის ინსტიტუტს სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს, არამედ, როდესაც საქმე ეხება უძრავ ნივთზე უფლებას, მისი ნამდვილობა დამოკიდებულია საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, რამდენადაც, სკ-ის 311.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რაც შეეხება მხარის განმარტებას, რომ იპოთეკარებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ვალდებულების შესრულებაზე, პალატა მას კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძვლად ვერ განიხილავს, რამდენადაც განსახილველი დავის საგანი მესაკუთრის სასარგებლოდ ნივთის ვინდიცირება და არა ფულადი ვალდებულების შესრულებაა, შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერის პირობებში არ არსებობს სარჩელის უარყოფის საფუძველი, მით უფრო, რომ მხარეთა რაიმე შეთანხმებას კასატორის მოწინააღმდეგე მხარე არ ადასტურებს) და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 07.08.2018წ. #27 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის, 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ქ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა. ქ–იას (პ/#0-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 07.08.2018წ. #27 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი