Facebook Twitter

საქმე №ას-1190-1110-2017 11 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ც-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ა–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მარწმუნებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ც-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან რწმუნებული) მიმართ მოპასუხისათვის 10 668,53 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის 2011 წლის 17 ოქტომბერს დაიდო ავიაბილეთების რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულება და სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 10 668,53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 4 413,93 ლარი, ხოლო საურავი _ 6 254,6 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას დავალიანება არ გააჩნია, შესაგებლის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებული ქ.ჭიათურაში ყიდდა ავიანილეთებს. მასთან ერთად მუშაობდა ი. ც-ე, რომელმაც 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან მოპასუხის თანხმობით დამოუკიდებლად განაგრძო თანამშრომლობა მოსარჩელესთან, ის სარგებლობდა რწმუნებულის ანგარიშითა და სოციალური ქსელით _ „სკაიპით“. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის მარტის ბოლოდან შეწყდა ყოველგვარი ურთიერთბა და დაცალა საოფისე ფართი, ხოლო ი. ც-ემ, რწმუნებულის თანხმობით განაგრძო ხსენებული საქმიანობა, მან დამოუკიდებლად მოიძია ფართიც. მოპასუხემ მარწმუნებლის ბუღალტერს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ი. ც-ესთან გაფორმების შესახებ, რასაც დაეთანხმა ეს უკანასკნელი, ამ დროიდან მოყოლებული სწორედ ი.ც-ე რიცხავდა ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებულ თანხას მოსარჩელესთან საკუთარი ანგარიშის გამოყენებით, შესაბამისად, მოპასუხისათვის გაურკვეველია რა ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს მარწმუნებელი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 311,35 ლარის გადახდა საიდანაც 4 413,93 ლარი წარმოადგენდა დავალიანების თანხას, ხოლო 897,42 ლარი _ საურავს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პრეტენზიათა გათვალისწინებით შემოწმების საგანი იქნება სააპელაციო პალატის მხრიდან დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის სისწორე, რამდენადაც კასატორი პრეტენზიას ძირითადად სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არასწორი გამოკვლევა-შეფასების კუთხით გამოთქვამს.

1.2. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. 2011 წლის 17 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა ავიაბილეთების ბლანკებს ან ელექტრონულ ვერსიას ავიაგადაზიდვების სარეალიზაციოდ. მოპასუხემ აიღო ვალდებულება, გაეყიდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ გაცემული ბლანკები (ხელშეკრულების 2.2. მუხლი), ხოლო მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების #1 დანართში მოცემული ოდენობის შესაბამისად გადაეხადა მოპასუხისათვის საკომისიო. ხელშეკრულების 4.3 პუნქტით, მოპასუხე ვალდებული იყო, ყოველი დეკადის დამთავრების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი დღის ვადაში, შეეტანა მარწმუნებლის სალაროში ავიაგადაზიდვების რეალიზაციიდან ამონაგები ნაღდი ფულით ან გადარიცხვით, კუთვნილი საკომისიო თანხის გამოკლებით. ხელშეკრულების 4.4. პუნქტის მიხედვით, თანხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, რწმუნებულს დაეკისრებოდა გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ;

1.2.2. 2014 წლის 15 მაისამდე მოსარჩელის ანგარიშზე გაყიდული ავიაბილეთების ღირებულება ირიცხებოდა მოპასუხის ანგარიშიდან, ხოლო, შემდგომ _ ინდ.მეწარმე ი. ც-ის ანგარიშიდან;

1.2.3. საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ თანახმად, რწმუნებულს მარწმუნებლის მიმართ, რეალიზებული ბილეთების დავალიანება წარმოეშვა 2014 წლის 20 თებერვლიდან და 2014 წლის ბოლოსათვის შეადგინა 4 258.25 ლარი, რასაც 2015 წლის 8 მარტამდე დაერიცხა პირგასამტეხლო 6 410.18 ლარის ოდენობით. მოპასუხეს, დავალიანების ოდენობა სადავოდ არ გაუხდია;

1.2.4. მოპასუხის განმარტებით, ი. ც-ე მუშაობდა მასთან, მისივე თანხმობით. ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, იგი შეუთანხმდა შპს მოსარჩელის ბუღალტერს და არა დირექტორს;

1.2.5. მოპასუხის მიერ წარდგენილ სოციალურ ქსელ „სკაიპით“ მიმოწერებში ი-ს სახელით 2014 წლის 8 ნოემბერს დაფიქსირებულია შემდეგი: „მე თვითონ მოვდივარ ნ., უნდა გამოვასწორო ყველაფერი, თან ჩამოვალ, გადაფორმება მინდა, ნ-ს პრობლემას უქმნი...“. მიმოწერებში ნ-ს მისამართით, ნ-ს სახელით დაფიქსირებულია შემდეგი: „... მე მაქვს მაგის ყველა საბუთიო და დამირეკოს და რა ჭირდება მითხრასო“. ამ მიმოწერის განხორციელების თარიღი ამონაწერში არ ფიქსირდება;

1.2.6. სააპელაციო სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ნ. კ-ემ აჩვენა, რომ იგი დასაქმებულია მოსარჩელე კომპანიაში დირექტორის თანაშემწედ, საწარმოში ბუღალტრად არ უმუშავია. მისი სამუშაო მოვალეობაა საწარმოს დირექტორისათვის ინფორმაციის მიწოდება და დირექტორის დავალებების შესრულება. სატელეფონო საუბრისას აპელანტს განუმარტა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე პირადად ეცნობებინა დირექტორისათვის, რომლის ტელეფონი დაფიქსირებული იყო ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების შეწყვეტა მის (მოწმე) უფლებამოსილებას არ შეადგენდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხეს ჰყავდა დამხმარე, თუმცა, დამხმარე არ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს.

1.3. საკასაციო განხილვის ფარგლები (საკასაციო საჩივრის საფუძვლები):

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის მიზნებისათვის კანონდარღვევად განიხილება სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი მოძიება ან მისი არასწორი გამოყენება ან/და განმარტება. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. როგორც ითქვა, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ იგი მიღებულია საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით, რასაც შედეგად მისთვის თანხის არასწორად დაკისრება მოჰყვა, კერძოდ, საკასაციო საჩივრის მიხედვით:

1.3.1. სასამართლომ საარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები, როდესაც დაადგინა, რომ კასატორი მოსარჩელე კომპანიის დირექტორთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, ასევე არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამასთანავე, არ გამოიყენა ამავე კოდექსის 115-ე მუხლი;

1.3.2. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად არ გაიზიარეს მოპასუხის განმარტება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მან აცნობა კომპანიის ბუღალტერს (რომელმაც მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ იყო დირექტორის თანაშემწე) და მისგან მიიღო თანხმობა, ეს გარემოება დასტურდება მათ შორის სოციალური ქსელის მიმოწერიდანაც. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ კასატორს საქმიანი ურთიერთობა მხოლოდ ამ პირთან ჰქონდა, რომელიც წყვეტდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს და მისი უფლებამოსილების ფარგლები ვერ იქნებოდა ცნობილი რწმუნებულისათვის. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი ვალდებულება დირექტორისათვის ინფორმაციის მიწოდება იყო. ვინაიდან ამ საკითხზე არც დირექტორს გამოუთქვამს პროტესტი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მესამე პირის მიერ საქმიანობის გაგრძელებაზე, გასაზიარებელია ამ მხრივ მოპასუხის მიერ გამოთქმული მოსაზრებები;

1.3.3. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც კომპანიას თანხას არა მოპასუხე, არამედ ი. ც-ე ურიცხავდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსარჩელე დაეთანხმა საქმიანობის ი. ც-ის მიერ გაგრძელებას, თავად საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ რწმუნებულის მიერ ბოლო გადარიცხვა შესრულებულია 2014 წლის 27 მარტს.

1.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის შედავებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები (საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი).

1.4.1. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორი შეფასება მისცეს მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობას, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა მოსარჩელის სახელითა და მის ხარჯზე ავიაბილეთების რეალიზაცია, რომლის ფარგელბშიც იგი იღებდა ანაზღაურებას. ამგვარი შეთანხმება კი, სამართლებრივი ბუნებით ყველაზე ახლოს სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულებასთან დგას (იხ. სკ-ის 709-ე და 710.1 მუხლები), სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში მოითხოვს მარწმუნებელი რწმუნებულისათვის მინდობილი მოქმედების შედეგად მიღებულის დაკისრებას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.

1.4.2. მოცემული ნორმის თანახმად, სარჩელის წარმატებულობისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შორის უნდა არსებობდეს დავალების სამართლებრივი ურთიერთობა; რწმუნებულს უნდა ჰქონდეს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი მოქმედება; მარწმუნებელს არ უნდა ჰქონდეს მისთვის განკუთვნილი შესრულება მიღებული. პირველი ორი ფაქტის მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მარწმუნებელს, ხოლო მესამე ფაქტისა _ რწმუნებულს (დამატებით იხ. სკ-ის 429-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა დავალების ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მინდობილი მოქმედების შესრულების ფაქტის მტკიცებით ასევე, საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ამონაწერი და ამ ამონაწერის საფუძველზე შედგენილი აუდიტორული გაანგარიშება. მოპასუხემ მოთხოვნას დაუპირისპირა მისი განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი და აღნიშნა, რომ მან დავალების ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად, ხოლო მის ნაცვლად მარწმუნებელმა ურთიერთობა გააგრძელა სხვა პირთან (მოპასუხის ყოფილ დამხმარესთან), შესაბამისად, მას, როგორც რწმუნებულს დავალიანება არ გააჩნია, გარდა ამისა, მხარემ სადავო გახადა დავალიანების მტკიცების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხსენებული მტკიცებულებების შეფასების კანონიერება;

1.4.3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის შესაგებლის არსებითი ხასიათიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, შეწყდა თუ არა მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. დასახელებული ნორმით რეგულირებულია რა დავალების შეწყვეტის შესაძლებლობის საკითხი, იგი არ იძლევა ამომწურავ პასუხს ამ ინსტიტუტის გამოყენებისათვის. ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება იყოს როგორც მხარეთა ორმხრივი შეთანხმების, ისე _ ერთ-ერთი მხარის მიერ ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგი (იხ. სკ-ის 50-ე მუხლი), ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, ცალმხრივი ნება ნამდვილად ჩაითვლება, როდესაც იგი არა მარწმუნებელი საწარმოს რომელიმე პირს, არამედ _ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს მიუვა (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატას მოწმის ჩვენება არ შეუფასებია ჯეროვნად (სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით), კერძოდ, მოწმე ადასტურებს, რომ მის წინაშე ნამდვილად გამოხატა ნება კასატორმა და ამასთანავე, მოწმის ვალდებულებას წარმოადგენდა დირექტორის ინფორმირება, რომლის თანაშემწეც არის თავად მოწმე.

1.4.4. საკასაციო პალატის მოსაზრებით, უნდა შეფასდეს ის გარემოებაც, რომ შესაგებელში, სოციალურ ქსელ „სკაიპსა“ და საბანკო ამონაწერში მითითებული ი. ც-ის მიერ მოსარჩელე კომპანიის წინაშე გარკვეული შესრულება ხომ არ ქმნის იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ რწმუნებულის ნება მართლაც მიუვიდა მარწმუენებელს, რაც დავალების შეწყვეტილად მიჩნევის საფუძველია. ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე კვლევას. საპირისპირო ვითარებაშიც კი, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებში მოხსენიებული ი. ც-ე მართლაც ახორციელებდა გარკვეულ იურიდიულ მოქმედებებს. მოპასუხე განმარტავს, რომ ი.ც-ე წარმოადგენდა მის დამხმარეს. არც მოსარჩელეს მიუთითებია და არც სასამართლოებს არ დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დავალების ხელშეკრულება მინდობილი მოქმედების გადანდობას კრძალავს, შესაბამისად, უნდა შეფასდეს სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დავალების შესრულების გადანდობა, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, რწმუნებულის პასუხისმგებლობის საკითხიც განსხვავებულია (თუ ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე პირისათვის, მაშინ რწმუნებული პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის გადანდობისას და ამ პირის შერჩევაში).

1.4.5. პალატა ასევე იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტების არასრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს, როგორც საქმეში წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაზე, ისე _ საბუღალტრო პროგრამა ორისის ამონაწერსა და მოსარჩელის მიერვე წარდგენილ კომპანიის საბანკო ამონაწერზე: აუდიტორული დასკვნის თანახმად, რწმუნებულის დავალიანების დადგენის მიზნით, მან იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებითა და საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ამონაწერით. კვლევის შედეგად აუდიტორმა დაადგინა, რომ მოპასუხეს დავალიანება წარმოეშვა 2014 წლის 20 თებერვლიდან 2014 წლის ბოლომდე. საბუღალტრო პროგრამის ამონაწერის სახით წარმოდგენილ ცხრილში მითითებულია გარკვეული ბრუნვა კომპანიის ანგარიშებზე. რაც შეეხება საბანკო ამონაწერს, მასში ნათლადაა მითთებული, რომ 2014 წლის 26 თებერვლიდან 2014 წლის 27 მარტის ჩათვლით მოსარჩელის ანგარიშზე თანხა შეჰქონდა ინდ.მეწარმე ნ. ც-ეს, ხოლო, 2014 წლის 27 აპრილიდან ყველა გადახდა ნაწარმოები აქვს ინდ მეწარმე ი. ც-ეს. ხსენებული ფაქტები არ არის შეფასებული ერთობლიობაში და არ არის გამოკვლეული შესაგებელში მოპასუხის მიერ გამოთქმული შედავების საფუძვლიანობა (მის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, კომპანიისა და ინდ.მეწარმე ი. ც-ის სამართლებრივი კავშირი, დავალიანების წარმოშობის პერიოდი, დავალიანების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი და სხვა), რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე საკითხია.

1.5. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინება და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა). სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად უნდა დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და განსაზღვროს უფლების საკითხი.

2. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი