Facebook Twitter

საქმე №ას-1071-991-2017 26 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ზ-ე, მ. ბ-ე (მოპასუხე)

კასატორები – ი. ზ-ე, მ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რომლის დაკმაყოფილებაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი განაცხადა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, პირველი კასატორი, კრედიტორი ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ზ-ისა და მ. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, მეორე კასატორები, მოვალეები, ი.ზ-ე ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი ან პირველი მოპასუხე, ხოლო მ.ბ-ე _ თავდები ან მეორე მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის დავალიანების _ 48 032,99 აშშ დოლარის, 2014 წლის 16 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 22 200 აშშ დოლარის ყოველთვიური 4%-ის _ 1 168 აშშ დოლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით სესხის სარგებლის _ 1 168 აშშ დოლარის 4%-ის _ 46,72 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქ.ბათუმში, კ-ას ქ#10-ში მდებარე 76,20 კვ.მ #10 ბინისა და ამავე მისამართზე მდებარე 15,55 კვ.მ #10 ბინის (შემდგომში _ იპოთეკის საგანი ან უძრავი ქონება) რეალიზაცია.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 27 აპრილს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის გაფორმდა #35679 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა 12 თვის ვადით პირველ მოპასუხეს ასესხა 30 000 აშშ დოლარი ყოველთვიური 4%-ის ოდენობით სარგებლის გადახდის პირობით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 4%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკითა და ამავე დღეს მეორე მოპასუხესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრო ვალდებულება და 2014 წლის 16 იანვრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება შემდეგი ოდენობით: სესხის ძირი თანხა: 29 200 აშშ დოლარი (მას გადახდილი აქვს 800 აშშ დოლარი), სარგებელი _ 14 976,85 აშშ დოლარი (დარიცხული სარგებელი შეადგენს 23 776,85 აშშ დოლარს, საიდანაც გადახდილია 8 800 აშშ დოლარი), პირგასამტეხლო _ 3 856,14 აშშ დოლრი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. პირველმა მოპასუხემ სარჩელის არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სესხის სარგებელი განისაზღვრა 4%-ით, თუმცა, იგი შეთანხმებული იყო კლებადი გრაფიკით და სარგებლის საერთო ოდენობა შეადგენდა 8 358,78 აშშ დოლარს. გაურკვეველია, რომელი პროგრამითა და რა მეთოდით იანგარიშა მოსარჩელემ დავალიანების ოდენობა, რადგანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია სარგებლის ჯამური ოდენობა, რაც მსესხებლმა სრულად გადაიხადა, მას მთლიანობაში გადახდილი აქვს 9 600 აშშ დოლარი, საიდანაც 8 358,78 აშშ დოლარით სრულად დაიფარა სესხის სარგებელი, ხოლო 1 241,22 აშშ დოლარით _ ძირი თანხა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სესხის ვადის გასვლის შემდგომ სარგებლის გადახდის შესაძლებლობას, შესაბამისად, 2014 წლის 16 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პროცენტის გადახდის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ასევე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება 2014 წლის 16 იანვრიდან პირგასამტეხლოს პროგრამულად დარიცხვის თაობაზე. იპოთეკის ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგაა ვალდებული მსესხებელი გადაიხადოს ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 4% და პირგასამტეხლო პროცენტის სარგებლის 4% სესხის ძირ თანხაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გამსესხებელმა სარჩელი 2014 წლის 25 იანვარს აღძრა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით მსესხებელს დავალიანება ექნება 2014 წლის 16 იანვრის მონაცემებით. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ხსენებული დათქმა შემთხვევით ხასიათს არ ატარებდა, არამედ, მიმართული იყო იმისკენ, რომ კრედიტორს არ გაეჭიანურებინა სარჩელის სასამართლოში აღძვრა და ამ გზით არ გაეზარდა მისაღები თანხის ოდენობა, შესაბამისად, თუკი მას ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის შემდგომ სურდა სარგებლის მიღება, მას სარჩელი დროულად უნდა აღეძრა სასამართლოში. მოპასუხის განმარტებით, ის მზადაა, დავალიანება _ 28 758,78 აშშ დოლარი გადაუხადოს გამსესხებელს, თუმცა, კრედიტორი შესრულების მიღებაზე აცხადებს უარს, რადგანაც წინააღმდეგია ეს თანხა ჩაითვალოს ძირი თანხის ანგარიშში იმ ვალდებულების შესრულების გარეშე, რომელიც, მისი მოსაზრებით, გააჩნია მსესხებელს სარგებლისა და პირგასამტეხლოს სახით;

2.2. მეორე მოპასუხემ სარჩელი 29 200 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, ხოლო, დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა: გამსესხებლის განმარტებით, ვალდებულების შესრულება მოპასუხეებმა 2013 წლის 9 სექტემბრიდან შეწყვიტეს, გარდა ამისა, ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილის _ გადახდის გრაფიკის თანახმად, სარგებლის ოდენობა სულ 8 358 აშშ დოლარს შეადგენს. სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა კი 14 976 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო _ 3 856 აშშ დოლარია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, გარდა ამისა, მოსარჩელე აღიარებს, რომ გადახდილია 8 800 აშშ დოლარი, რაც იმას ნიშანვს, რომ სარგებლის გადახდის ნაწილში ვალდებულება სრულადაა შესრულებული და აღარ არსებობს მისი დაკისრების წინაპირობა, ისევე, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა, რადგანაც ეს უკანასკნელი სწორედ პროცენტიდან იანგარიშებოდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელსა და თავდებს კრედიტორის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის _ 28 758,78 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანების ამოღება განხორციელდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით, ასევე, განაწილდა პროცესის ხარჯები.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამსესხებელმა, მოითხოვა მათი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ, საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და კრედიტორის სარჩელი სესხის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა, მსესხებელსა და თავდებს, მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრათ 441,22 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც, მსესხებელს 2014 წლის 5 თებერვლიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისრა ყოველთვიურად 1 168 აშშ დოლარის გადახდა. ამ თანხიდან 800 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად თავდებს დაეკისრა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით მსესხებელს აპელანტის სასარგებლოდ 2014 წლის 5 თებერვლიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისრა ყოველდღიურად 0,23 აშშ დოლარის გადახდა.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა კასატორმა (გამსესხებელი) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მეორემ (მსესხებელი და თავდები) _ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რომლის დაკმაყოფილებაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი განაცხადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კრედიტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხოლო მოვალეების პრეტენზია გასაზიარებელია შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სესხის ძირი თანხის, სარგებლისა და ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება. ამ თვალსაზრისით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც კრედიტორს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. გამსესხებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას არ ეთანხმება მოთხოვნის მოცულობაში, რაც შეეხება მსესხებელსა და თავდებს, ისინი ძირითადად სადავოდ ხდიან იმ გარემოებას, რომ არ არსებობდა ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდგომ სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

2. საკასაციო განაცხადთა მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), სასამართლოს შეფასების საგანი იქნება კასატორთა შემდეგი პრეტენზიები:

(პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები)

2.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ შეაფასა სესხის ხელშეკრულების 2.5. პუნქტის დებულება, რომლის თანახმადაც, მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდის შემთხვევაში სესხით სარგებლობის ვადა არის ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ამ დებულების თანახმად, თუკი მსესხებელი გადაიხდის მხოლოდ სესხის პროცენტს, მაშინ სესხით სარგებლობის ვადა შეადგენს არა 12 თვეს, არამედ განისაზღვრება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებამდე და მოპასუხეს სარგებელი უნდა დაკისრებოდა არა სარჩელის აღძვრის შემდგომ პერიოდში, არამედ _ სარჩელის აღძვრამდეც და ეს თანხა შეადგენს 14 976,85 აშშ დოლარს. სასამართლოს დასკვნით მსესხებელმა მხოლოდ ორი მეთოდით _ ხელშეკრულების 2.12.2 და 2.12.3 პუნქტებით იხელმძღვანელა, რაც გამორიცხავდა ამავე ხელშეკრულების 2.5. პუნქტის გამოყენების შესაძლებლობას, რაც არასწორია. ძირი თანხა შემცირდა მხოლოდ ერთხელ, ამის შემდგომ მოვალე იხდიდა მხოლოდ სარგებელს, რაც სწორედ ხელშეკრულების 2.5. პუნქტის მოქმედებაზე მიუთითებს. ამასთანავე, დადგენილია, რომ 12 თვის ვადაში მსესხებელს სესხი არ გადაუხდია, არამედ, აგრძელებდა მხოლოდ სარგებლის გადახდას, შესაბამისად, მას სადავო თანხა არა მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდგომ, არამედ, სარჩელის აღძვრამდეც უნდა დაკისრებოდა;

2.2. სასამართლომ არასწორად არ დაადგინა ის გარემოება, რომ სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 3 856,14 აშშ დოლარს, ამ ნაწილში გადაწყვეტილება ბუნდოვანია და გაურკვეველია, რატომ არ დააკისრა სასამართლომ ვალდებულ პირს ამ პერიოდის პირგასამტეხლო;

2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულიად უკანონოდ შემცირდა პირგასამტეხლო 4% 0,02%-მდე, რეალურად გამოდის, რომ პირგასამტეხლო შემცირებულ იქნა 200-ჯერ, მით უფრო იმ შემთხვევაში, რომ პირგასამტეხლო ერიცხებოდა არა ძირს, არამედ _ საპროცენტო სარგებელს;

2.4. სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ მხარეები როგორც სარგებლის, ისე _ პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმდნენ სარჩელის შეტანის შემთხვევაში და ამ პირობებში საერთოდ არ დაეკისრა ვალდებულ პირს სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის თანხა, გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლები.

(მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები)

2.5. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით დაადგინა, რომ ძირი თანხის სახით მსესხებლის დავალიანება შეადგენდა 29 200 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხსენებული დოკუმენტი არ წარმოადგენს საბანკო ამონაწერს, არამედ, მოსარჩეოლის მიერ შექმნილი წერილობითი მტკიცებულებაა, რომელიც გამსესხბლის სალაროში მსესხებლის მიერ შეტანილი თანხის ოდენობას ასახავს. ამ მტკიცებულებით მოსარჩელეს შეტანილი თანხებიდან 800 აშშ დოლარი დაფიქსირებული აქვს, როგორც სესხის ძირის დაფარვა, ხოლო 8 800 აშშ დოლარი _ როგორც სარგებლის დაფარვა, ამდენად, დგინდება, რომ მსესხებელს ჯამში გადახდილი აქვს 9 600 აშშ დოლარი, 800 აშშ დოლარი და 5 600 აშშ დოლარი შეიტანა ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ხოლო დარჩენილი 3 200 აშშ დოლარი _ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. ამ თანხის გადახდას ადასტურებს თავად მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებაც, თუმცა, სარჩელშივე მითითებული დავალიანების ოდენობა წარმოადგენს კრედიტორის ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია გამსესხებლის პოზიცია იმ კუთხით, რომ ის თავად ადასტურებს მსესხებლის მხრიდან სესხის ძირის _ 800 აშშ დოლარისა და სარგებლის _ 8 800 აშშ დოლარის დაფარვის ფაქტს, ხოლო სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ ხელშეკრულების მოქმედების დროისათვის გადახდილი იყო 5 600 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი მხოლოდ 800 დოლარი, ხოლო სარგებელი _ 4 800 აშშ დოლარი იყო. ფაქტობრივად სააპელაციო პალატამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე კასატორს არ ჩაუთვალა გადახდილად 800 აშშ დოლარი, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხეებისათვის დამატებით 441,22 აშშ დოლარის (ძირი) უკანონოდ დაკისრება;

2.6. სააპელაციო პალატამ იპოთეკის ხელშეკრულების 5.3. პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის წარდგენის დღიდან არასწორად განსაზღვრა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანებული ძირი თანხის, მისი შესაბამისი პროცენტისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმას, რომ მსესხებელს ეკისრება სარჩელის აღძვრის შემდგომ სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუმცა, თავადვე ადასტურებს, რომ სესხის თანხა შეადგენდა 30 000 აშშ დოლარს, ხოლო სარგებელი _ 8 358,78 აშშ დოლარს. გარდა ამისა, ვინაიდან სარჩელის შეტანისას მსესხებლის მიერ გადახდილი იყო 9 600 აშშ დოლარი (საიდანაც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადასახდელ საპროცენტო სარგებელს შეადგენდა 8 358,78 აშშ დოლარი) საპროცენტო სარგებლის ზემოთ გადახდილი თანხა _ 1 241,22 აშშ დოლარი (9 600-8 358,78) მოსარჩელისათვის დაბრუნებულ სესხის ძირ თანხას წარმოადგენს, სარჩელის აღძვრის დროისათვის ძირი თანხის დავალიანება სწორედ 28 758,78 აშშ დოლარი იყო (30 000-1 241,22) და არა 29 200 აშშ დოლარი, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა;

2.7. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სესხის დაუბრუნებლობა კრედიტორის მიზეზით იყო გამოწვეული. ამ მხრივ პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლზე და, ვინაიდან მსესხებელს თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე არ განუთავსებია, ფულადი ვალდებულება შესრულებულად, ხოლო ამ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაში კრედიტორის ბრალეულობა არასწორად არ მიიჩნია დადგენილად. გარდა ამისა, პალატამ არასწორად გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მოვალის მხრიდან შესრულება არაჯეროვნად იყო შეთავაზებული. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა შემდეგი გარემოება _ ჯერ კიდევ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მსესხებელი აღნიშნავდა, რომ მზად იყო გადაეხადა დავალინების (ძირი) დარჩენილი ნაწილი და ვალდებულების შესრულებას აფერხებდა კრედიტორი, რადგან იგი წინააღმდეგი იყო გადასახდელი თანხა ძირის ანგარიშში ჩაეთვალა, შესაბამისად, მოითხოვდა ამ თანხის გაქვითვას იმ სარგებელსა და პირგასამტეხლოში, რომელიც მოვალეს გადახდილი აქვს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მსესხებელმა განმარტა, რომ ვალდებულების შესრულებას კრედიტორის საბანკო რეკვიზიტებს უქონლობა აფერხებდა, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა მოსამართლის შეკითხვაზე განმარტა, რომ საბანკო რეკვიზიტების გადასცემდა მაგრამ, გადახდილ თანხას ჩაუთვლიდა თუ არა გამსესხებელი ძირის დავალინების ანგარიშში, შესათანხმებელი იყო კომპანიის ხელმძღვანელთან. მსესხებლის მხრიდან ეცნობა სასამართლოს ისიც, რომ საქმის განხილვის დაწყებამდე მან მიმართა კრედიტორს, თუმცა, გამსესხებლის შეხედულებით, თანხის გადახდის შემთხვევაში დაიფარებოდა ჯერ სარგებლისა და პირგასამტეხლოს დავალიანება, ხოლო შემდეგ ძირი. მოპასუხე მოითხოვდა ძირის დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემას და რაც შეეხებოდა სარგებელსა და პირგასამტეხლოს, თანახმა იყო დავის გაგრძელებაზე. მიუხედავად არაერთი მსგავსი მცდელობისა, კრედიტორთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ამავე სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეს დაერთო წერილობითი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც სს „საქართველოს ბანკში“ მსესხებელს ვალდებულების შესრულებისათვის საკმარისი თანხა აქვს განთავსებული. დარჩენილი ვალდებულების შესრულების მზაობას მოვალე გამოთქვამდა სააპელაციო შესაგებელსა და თავდაპირველად წარდგენილი საკასაციო საჩივრით. წერილობითი მიმართვის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები ერთვის საკასაციო საჩივარს, თუმცა, მოსარჩელემ კვლავ უარი განაცხადა შესრულების მიღებაზე. ამ ფაქტების შეფასების მიზნით, სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 390-ე, 391-ე, 392-ე და 394-ე მუხლები და არასწორად არ დაადგინა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა, როგორც სარჩელის წარდგენამდე, ისე _ შემდგომ პერიოდში გამოწვეულია კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადაგადაცილებით. საპროცესო დარღვევაზე მიუთითებს სააპელაციო პალატის ის მსჯელობაც, რომ დასაბრუნებელი სესხის ძირი შეადგენდა 29 200 აშშ დოლარს, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ გადასახდელი თანხა 28 758,78 აშშ დოლარია. გარდა ამისა, პალატამ დაადგინა, რომ სარჩელის შეტანამდე მსესხებელს არც სარგებლის და არც პირგასამტეხლოს დავალიანება არ ეკისრებოდა, შესაბამისად, გაურკვეველია რატომ არ შეფასდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეთა განმარტება, რომ სარჩელის აღძვრის წინაპირობა გახდა მოსარჩელის უარი სესხის ძირის მიღებაზე საპროცენტო სარგებლის გადაუხდელობის მოტივით (მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ვალდებულ პირს გადასახდელი ჰქონდა როგორც ძირი, ისე _ სარგებელი და პირგასამტეხლო და ხელშეკრულების მიხედვით მოვალეს ჯერ სარგებელი, შემდგომ პირგასამტეხლო და ბოლოს ძირი უნდა დაეფარა). სააპელაციო პალატამ, როგორც ითქვა, დაადგინა, რომ მოპასუხეებს საპროცენტო სარგებლის დავალიანება არ ჰქონდათ, შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობს სააპელაციო პალატა, როდესაც აცხადებს, რომ მსესხებელს კრედიტორისათვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულება არ შეუთავაზებია;

2.8. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლი, როდესაც აღნიშნა, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განუთავსებლობა მოვალეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებდა, ის ფაქტი, რომ კრედიტორი აყოვნებდა შესრულების მიღებას და უარს აცხადებდა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 430-ე და 433-ე მუხლებით.

3. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

კასატორებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალის მქონედ მიიჩნევა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2012 წლის 27 აპრილს, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა #35679 სესხის ხელშეკრულება 30 000 აშშ დოლარზე, 12 თვის ვადით, ყოველთვიური 4%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 4%-ით. ხელშეკრულების 2.5, 2.12-2.13 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ სესხის დაფარვის წესებზე (პირველი მეთოდის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კლებადი გრაფიკის მიხედვით, 12 თვის ვადაში, ძირისა და პროცენტის დაფარვა თანდათან, რომლის მიხედვითაც, ყოველი თვის 26 რიცხვში მსესხებელს უნდა გადაეხადა 3 196.57 აშშ დოლარი (2.3, 2.8, 2.12.1 პუნქტი); მეორე მეთოდის შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის გადახდა ყოველთვიურად, ძირი თანხისა კი მსესხებლის შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 12 თვის ვადაში (2.12.2 პუნქტი); მესამე მეთოდის შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის გადახდა ხდება ყოველთვიურად, ძირი თანხისა კი, ერთიანად ნებისმიერ დროს, მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 12 თვის ვადაში (2.12.3 პუნქტი). მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მსესხებელს უფლება ჰქონდა ერთდროულად, სამივე მეთოდით ესარგებლა და ეცვალა ისინი (2.13 პუნქტი)). ნებისმიერი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, სესხი სრულად უნდა გადახდილიყო 12 თვის ვადაში, 2013 წლის 27 აპრილამდე, ხოლო, მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდის შეთხვევაში, ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებამდე (2.5. პუნქტი);

3.2. 2012 წლის 17 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა #665 და #667 იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც მთლიანობაში 30 000 აშშ დოლარის (26000+4000) უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა იპოთეკის საგანი. ხელშეკრულებების 5.3. პუნქტების თანახმად, „მესაკუთრე“, შემდგომში წოდებული, როგორც „მსესხებელი“ სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის 4% და პირგასამტეხლო, საპროცენტო სარგებლის 4% სესხის ძირ თანხაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

3.3. 2012 წლის 27 აპრილს კრედიტორსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, მსესხებლის მიერ ხელშერულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებაზე (თავდებობა შეეხებოდა სესხის ძირის, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებას). თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით;

3.4. 2012 წლის 27 აპრილის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებელმა კრედიტორის სასარგებლოდ გადაიხადა 9 600 აშშ დოლარი, სულ განხორციელებულია 6 გადახდა 17 თვეში, 2013 წლის 9 სექტემბრამდე, აქედან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 12 თვეში (2013 წლის 27 აპრილამდე) ნაცვლად სესხის სრულად დაფარვისა, გადახდილია მხოლოდ 5 600 აშშ დოლარი, საიდანაც 800 აშშ დოლარი გადახდილია ძირი თანხის ანგარიშში, ხოლო 4 800 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის სახით. ამასთან, გადახდები განხორციელებულია არა ყოველთვიურად, არამედ 4-ჯერ;

3.5. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი ძირი თანხა მსესხებელს სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე არ განუთავსებია.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

4.1. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას პალატა აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის (საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. 2. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. 3. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი) კონტექსტში და მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა, ხოლო მეორე კასატორთა მოსაზრებები გაზიარებას ექვემდებარება. დავის სწორად გადაწყვეტისათვის ცენტრალური მნიშვნელობისაა მხარეთა ნამდვილი ნების განსაზღვრა (წერილობით ფორმულირებული ნების განმარტება), გადახდის წესზე შეთანხმების ფაქტის მტკიცების ტვირთის განაწილება და ფაქტობრივად განხორციელებული შესრულების თაობაზე საქმეში არსებული მასალების ანალიზი იძლევა თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას. უდავოა, რომ სამართალურთიერთობის სუბიექტებს წარმოადგენენ გამსესხებელი (საკრედიტო ორგანიზაცია) და მსესხებელი, ასევე, თავდები (ფიზიკური პირები), ხოლო ვალდებულების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) წარმოადგენს. სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა ასევე შეათანხმეს, რომ სესხი იყო სარგებლიანი (სკ-ის 625-ე მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით): სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი) _ ძირი თანხის ყოველთვიური 4%, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვალეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო _ საპროცენტო სარგებლის 4%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (სკ-ის 417-ე მუხლი: პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის). გარდა ამისა, უდავოა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ე.წ პროცენტის პროცენტზე შეთანხმებას (სკ-ის 403-ე მუხლი: მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში). კრედიტორის განმარტებით, მოვალემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მან გადაიხადა გარკვეული თანხა, საიდანაც გაიქვითა სესხის ძირი _ 800 აშშ დოლარი და სარგებელი _ 8 800 აშშ დოლარი. ამ ფაქტებსა და სარჩელზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკს უკავშირებს გამსესხებელი მოთხოვნის არსებობას, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებას მას წარმოუშობს იპოთეკის ხელშეკრულბის 5.3. მუხლის დებულება. რაც შეეხება განხორციელებულ შესრულებას, იმ პირობებში, როდესაც მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს გადახდის რამდენიმე წესი და ამ წესიდან შესრულების არჩევის უფლება გააჩნდა მოვალეს, კრედიტორი მიიჩნევს, რომ გადახდა მხოლოდ ერთხელ შეეხო ძირის დაფარვას, დანარჩენ შემთხვევაში მოვალე იხდიდა მხოლოდ სარგებელს. მსესხებელი არ დაეთანხმა მოსარჩელის ამ განმარტებებს იმ საფუძვლით, რომ მან სესხის ძირისა და სარგებლის ერთობლივი დაფარვის მეთოდი აირჩია, მისი მხრიდან დაფარულია სახელშეკრულებო სარგებლის დავალიანება სრულად, რის გამოც გაუმართლებელია ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომი პერიოდის სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნა, რაც შეეხება ძირს, როგორც მოვალემ, ისე _ სოლიდარულმა თავდებმა თანხმობა განაცხადეს მის დაფარვაზე, თუმცა თანხის მიღებას აჭიანურებს კრედიტორი.

4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოვალე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მან აირჩია სესხის მხოლოდ პროცენტის დაფარვის პრინციპი, ამგვარი შეთანხმების არსებობის მტკიცების ტვირთი ფაქტის მიმთითებელ მხარეს უნდა დაეკისროს. თავის მხრივ, ეს ფაქტი უნდა დადასტურდეს განკუთვნადი მტკიცებულებით _ წერილობითი შეთანხმებით, რამდენადაც თავად სესხის ხელშეკრულება წერილობითი ფორმითაა დადებული და სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, მისი დაზუსტება, ასევე, ცვლილებების შეტანა და სხვა ამავე ფორმის დაცვას საჭიროებს. ამგვარი მტკიცებულება, უდავოა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ რომც გაიზიაროს პირველი კასატორის ის ძირითადი არგუმენტი, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, მოვალეს სარგებლის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომაც, ეს პრეტენზია, ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის გამო, პალატის მხრიდან უარყოფილია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრა წარმოადგენს პირის უფლებას და არა ვალდებულებას და მისი რეალიზაცია, უფლების არსიდან გამომდინარე, ამ პირის ნებაზეა დამოკიდებული. იპოთეკის ხელშეკრულების 5.3. პუნქტის დათქმა (ვალდებულების დარღვევის შემდგომ მოვალე გადაიხდის სარგებელს _ 4%-სა და პირგასამტეხლოს _ სარგებლის 4%-ს) არ შეიძლება იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებად იქნეს მიჩნეული, რადგანაც, ხელშეკრულების ამ პუნქტის ანალიზით დასტურდება, რომ სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა დამოკიდებულია პირობის დადგომაზე _ სარჩელის აღძვრაზე, ხოლო, სარჩელის აღძვრა, როგორც უკვე ითქვა მხარის ნება-სურვილია და სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად (ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია) ამგვარი პირობა ბათილია.

4.3. საკასაციო პალატა მიუბრუნდება მოვალის მხრიდან განხორციელებული გადახდების საკითხს. მხარეთა შორის უდავოა, რომ მსესხებელმა, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ისე _ მისი ვადის გასვლის შემდეგ გარკვეული ვალდებულება შეასრულა. მოსარჩელე სარჩელით ადასტურებს და მის მიერვე წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით დგინდება, რომ კრედიტორმა გადახდილი თანხიდან ნაწილი სესხის ძირში, ხოლო ნაწილი _ სარგებლის დაფარვაში გაუქვითა მსესხებელს, შესაბამისად, გასაზიარებელია მეორე კასატორთა პოზიცია, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ სესხის ძირისა და სარგებლის ერთობლივ დაფარვაზე კლებადი გრაფიკით, რაც იპოთეკის ხელშეკრულების 1.12.1. პუნქტის თანახმად, გამსესხებელთან შეთანხმებული გრაფიკით უნდა განხორციელებულიყო (საგულისხმოა, რომ სესხის ხელშეკრულებას ერთვის სწორედ მხარეთა მიერ ხელმოწერილი გრაფიკი, რომლის თანახმადაც, მოვალემ სესხი პროცენტთან ერთად უნდა დაფაროს). ამ შეთანხმების შემდგომი შეცვლის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, როგორც ზემოთ ითქვა, საქმეში არ არის წარმოდგენილი. სარჩელზე დართული, მხარეთა მიერ ხელმოწერილი სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, 2012 წლის 26 მაისიდან 2013 წლის 26 აპრილის ჩათვლით მსესხებელს გამსესხებლისათვის უნდა დაებრუნებინა 30 000 აშშ დოლარი და 8 358,78 აშშ დოლარი, რომელთაგან პირველი სესხის ძირს, ხოლო მეორე _ სარგებელს შეადგენდა. სარჩელზე დართული მსესხებლის მიერ განხორცილებული გადახდების დამადასტურებელი მტკიცებულებით ირკვევა, რომ 2012 წლის 27 აპრილიდან 2013 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით მოვალემ სულ 9 600 აშშ დოლარი გადაიხდა. იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 38 358,78 აშშ დოლარი, მის მიერ განხორციელებული შესრულებიდან გამომდინარე ამ თანხების სხვაობა შეადგენს 28 758,78 აშშ დოლარს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა ამ თანხის (ძირი) ოდენობა და ამ ნაწილში მეორე კასატორთა პოზიცია დასაბუთებულია (საგულისხმოა ის გარემოება, რომ 28 758,78 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოვალეებმა მოთხოვნა ცნეს, რაც პირველი ინტანციის სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილებულია. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და სსსკ-ის 264-ე მუხლის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში).

4.4. პალატა ასევე ითვალისწინებს მოვალეთა პრეტენზიას ვალდებულების შესრულების მიღებაში გამსესხებლის ბრალეულობის თაობაზე. მხარეთა შორის სადავო არაა და სააპელაციო პალატამაც დაადგინა ის გარემოება, რომ მოვალემ ზემოხსენებული ოდენობით შესრულება შესთავაზა კრედიტორს, თუმცა, იმ მოტივით, რომ დავალიანება 28 758,78 აშშ დოლარს აღემატებოდა (პროცენტი და პირგასამტეხლო), მან უარი განაცხადა თანხის მიღებაზე. სააპელაციო სასამართლომ ამ ფაქტის შეფასებისას არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლით და რადგანაც შესრულება არ განხორციელდა დეპონირებით, არ შეაფასა ვალდებულების დარღვევაში მხარეთა ბრალის საკითხი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-6 კარი ადგენს ვალდებულების შეწყვეტის წესს და ერთ-ერთ სახედ სწორედ დეპონირებას განიხილავს, თუმცა სამართლებრივი ურთიერთობის ზემოხსენებული ნორმით რეგულირებისათვის მოვალეს, ვალდებულების დეპონირების გზით შეწყვეტის ფაქტზე წარდგენილი უნდა ჰქონდეს არსებითი შესაგებელი. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის წინაპირობებეის არსებობა სადავო არაა, არამედ, მოპასუხეს სურს იმის მტკიცება, რომ კრედიტორმა უარი განაცხადა შესრულების მიღებაზე, რაც მსესხბელის შემდგომ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. საკასაციო პალატა იზიარებს ხსენებულ პრეტენზიას, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია) მართლაც იკვეთება კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადაგადაცილების ფაქტი, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე (მას აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება) მას დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას უსპობს.

4.5. სასამართლოს მოსაზრებით, უარყოფას ექვემდებარება პირველი კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს არა თუ ოდენობის, არამედ მისი საერთოდ დაკისრების თაობაზე. მართალია, საქმეში წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა, რომ მოვალე გადახდას ახორციელებდა არაჯეროვნად, შეთანხმებული გრაფიკის დარღვევით (იხ. სკ-ის 361.2. მუხლი: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), რაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი წინაპირობაა, თუმცა, მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილებისათვის გამსესხებლის სარჩელი ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით არ არის გამართული, კერძოდ, იგი არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში პალატას მხედველობაში აქვს შესაგებელში მოპასუხეთა მიერ გამოთქმული შედავება, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ემყარება გაურკვეველ გამოთვლას. თავად სარჩელის შესწავლით ირკვევა, რომ მხარე პირგასამტეხოს დაკისრებას უკავშირებს სესხის ხელშეკრულების 2.7. პუნქტს, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლო სესხის სარგებლის 4%-ს შეადგენს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მოვალე ვალდებულებას ნაწილობრივ ასრულებდა, მოსარჩელეს არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის შესაბამისი სარგებლის ოდენობა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა 2014 წლის 22 მაისს და გამსესხებელს ამ დროის ჩათვლით სარჩელი არ დაუზუსტებია, ხოლო მთავარი სხდომის დანიშვნის შემდეგ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული), ეს უფლება შეეზღუდა, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის საკმარისი საფუძველია.

5. ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და რადგანაც არ არსებობს საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების წინაპირობები, მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა: ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-4 პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამსესხებლის მიერ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილ სესხის ძირი თანხის დარჩენილი ნაწილის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებას ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

6. სასამართლო ხარჯები:

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

6.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მორე კასატორების მიერ გაღებული ხარჯები შეადგენს შემდეგს: ი.ზ-ის მიერ თავდაპირველად წარდგენილ საკასაციო საჩივარზე გადახდილ იქნა 2 378,90 ლარი, ხოლო წინამდებარე საკასაციო საჩივარზე ი.ზ-ემ და მ.ბ-ემ გადაიხადეს 6 000 ლარი. ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მეორე საკასაციო საჩივარი, პალატა მიიჩნევს, რომ გამსესხებელს კასატორთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხსენებული თანხის ანაზღაურება სრულად.

6.3. რაც შეეხება პირველი კასატორის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გაღებულ ხარჯს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ი. ზ-ისა და მ. ბ--ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ს“ უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ს“ (ს/კ #2-..) ი. ზ-ის (პ/#6-...) სასარგებლოდ პროცესის ხარჯის სახით დაეკისროს 2 378,90 ლარის, ხოლო, ი. ზ-ისა (პ/#6-..) და მ. ბ-ის (პ/#6-...) სასარგებლოდ _ 6 000 ლარის გადახდა.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი