საქმე №ას-1555-1475-2017 9 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „უ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (მოსარჩელე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი _ სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „უ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა: 1. შპს „უ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „უ-ისათვის“ დამატებით 9 074,08 ლარის დაკისრება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში _ მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო/საკასაციო საჩივრის ავტორი, კრედიტორი ან მყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „უ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან გამყიდველი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს _ 16 635,81 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 12 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #4-- ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 137 486 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფარმაცეპტული პროდუქცია მიეწოდებინა ეტაპობრივად: პირველად _ მთლიანი რაოდენობის 50% ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში, ხოლო მეორედ ტესტების დარჩენილი რაოდენობის 50%-ის მიწოდება _ 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. მოპასუხემ პირველი ეტაპით განსაზღვრული პროდუქცია მოსარჩელეს მიაწოდა 2015 წლის 30 ნოემბერს, შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 80 დღე, ხოლო მეორე ეტაპით განსაზღვრული პროდუქცია ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არ წარმოუდგენია, ვადაგადაცილებამ შეადგინა დამატებით 31 დღე, ჯამში- 111 დღე. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების გადაცილების შემთხვევაში მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების საერთო ღირებულების _ 137 486 ლარის 0,1% შეადგენს 137,486 ლარს, შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო, პირგასამტეხლომ შეადგინა 15 260,95 ლარი. მიწოდებული პროდუქციის ღირებულება არ შეესაბამებოდა შემყიდველის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, კერძოდ, პროდუქციის ხარისხის მაჩვენებელი (სენსიტიურობა და სპეციფიურობა) არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რის გამოც, ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით _ 1374.86 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საქონლის მიწოდება განხორციელდა ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.7 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემძენს 85 499,98 ლარის პროდუქცია მიაწოდა, ხოლო 22 დეკემბრამდე _ დარჩენილი, 51 746,04 ლარის ღირებულების საქონელი.ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში ვალდებულებების შესრულების პერიოდი ჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება. გამყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით პროდუქცია შეუკვეთა მწარმოებელ კომპანიას „C-ს“. მწარმოებელმა შეკვეთის მიღებისთანავე დაიწყო პროდუქციის დამზადება. პროდუქციის დასამზადებლად ერთ-ერთ კომპონენტს მწარმოებელი იღებდა ჩინეთიდან. ჩინეთის რესპუბლიკის, ტიანძინის რეგიონში მდებარე ქიმიურ ქარხანაში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო პროდუქციის დასამზადებლად აუცილებელი კომპონენტის დამზადება-მიწოდება ხანგრძლივად შეფერხდა. მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპს და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს შეუსრულებელი ვალდებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, ამასთან, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა მოპასუხეს შეუსაბამოდ და არაგონივრულად მიაჩნია. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ იქნა აივ ტესტის ნაწილში შემდეგი მახასიათებლები: სენსიტიურობა 99,99%, სპეციფიურობა - 99,88%. ტენდერის მიმდინარეობისას მოპასუხემ ატვირთა პროდუქციის ბროშურა, რომელშიც მოცემული იყო მწარმოებლის პროდუქციის მახასიათებლები შემდეგი ფორმატით: სენსიტიურობა 99,9%, სპეციფიურობა - 99,8%. შერჩევა-შეფასების ეტაპზე შემსყიდველმა ორგანიზაციამ მოითხოვა სენსიტიურობის და სპეციფიურობის დაზუსტება მეასედებით, რაც შესრულდა და სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების სტადიაზე მოვალემ ატვირთა მწარმოებლის წერილი, რომლითაც მწარმოებელმა მისაწოდებელი პროდუქციის პარამეტრები დააზუსტა მეასედების ჩათვლით. შესაბამისად, მიწოდება ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად განხორციელდა, რაც მიღება-ჩაბარების აქტებითა და მწარმოებლის მიერ გაგზავნილი სტანდარტული ბროშურებით დასტურდება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 7 561.73 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის მოთხოვნა 9 074.08 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
4.2. სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მოსარჩელემაც, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
6.2. საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა კრედიტორმა, რომლითაც მოითხოვა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოვალისათვის დამატებით 9 074,08 ლარის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო/შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ძირითადი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 12 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა ფარმაცევტული პროდუქტები ხელშეკრულებაზე თანდართული ფასების ცხრილის შესაბამისად. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 137 486 ლარს, მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის მიხედვით, საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად: პირველი ეტაპი _ მთლიანი რაოდენობის 50% ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში, მეორე ეტაპი _ ტესტების დარჩენილი რაოდენობის 50%-ის მიწოდება არა უგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრისა. მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ (ნაწილობრივ) შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე დაუძლეველი ძალა, რომლის წარმოშობაზე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ და რომლის არსებობის ან წარმოშობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ შეეძლოთ სცოდნოდათ. 11.7. პუნქტით დადგინდა, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულებების შესრულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ამ გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, მისაწოდებელი საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ ინფორმაციას;
1.2.2. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, პირველ ეტაპზე - 2015 წლის 12 სექტემბრამდე მოპასუხეს უნდა მიეწოდებინა 68 743 ლარის ღირებულების 20 498 ერთეული საქონელი. (სულ მისაწოდებელი 137 486 ლარის ღირებულების 40 996 ერთეული საქონლის 50%). მეორე დარჩენილი ეტაპის მიწოდება უნდა განეხორციელებინა 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. მოპასუხემ შემსყიდველს 17 ნოემბერსა და 30 ნოემბერს მიაწოდა ჯამში 85 449.98 ლარის ღირებულების 25 480 ერთეული საქონელი. 1 დეკემბერსა და 22 დეკემბერს, ჯამში 51 746.04 ლარის ღირებულების 15 430 ერთეული საქონელი. ამდენად, სულ 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შპს „უ-მა“ მყიდველს მიაწოდა 137 196.02 ლარის ღირებულების 40 910 ერთეული საქონელი;
1.2.3. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების გადაცდენის ან მიმწოდებლის მიერ პირობების გაუარესების შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ამავე მუხლის 10.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით;
1.2.4. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ფორს-მაჟორული გარემოების არსებობა, რამაც მიწოდების ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შეჩერება გამოიწვია. ამგვარ გარემოებად ვალდებული პირი ასახელებს მოსარჩელისათვის მისაწოდებელი პროდუქციის მწარმოებლის მიერ პროდუქციის დამზადების შეფერხებას, რაც გამოიწვია ერთ-ერთი კომპონენტის მიმღები ჩინური კომპანიის ქიმიურ ქარხანაში აფეთქებამ. ფორ-მაჟორის დასადასტურებლად კი, წარდგენილია 2015 წლის 21 ოქტომბრის შეტყობინება, რომლითაც „C-ის“ გენერალური მენეჯერი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ატყობინებს, რომ მოპასუხისათვის მათ მიერ ინ ვიტრო დიაგნოსტირებისათვის სწრაფი ტესტების მიწოდების შეფერხებაზე ის იღებს პასუხისგებლობას. შეტყობინებაში მითითებულია, რომ შეფერხების მიზეზია უბედური შემთხვევა, რომელიც შეემთხვა ამ კომპანიის მიმწოდებელს, ქიმიური პროდუქტების აფეთქებით. ელექტრონული ფოსტის 2015 წლის 22 ოქტომბრის წერილიდან დგინდება, რომ მოპასუხე არკვევდა მწარმოებელი კომპანიიდან პროდუქციის მიღების საკითხს. მან წარადგინა წერილებიც, რომლითაც მოსარჩელეს აცნობა პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ დგინდება, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებასა და მწარმოებლის მიერ პროდუქციის შეფერხების გამო მოსარჩელისათვის 12 სექტემბრამდე მიწოდების ვადის დარღვევას შორის კავშირი, რადგანაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, კონკრეტულად როდის მიმართა მწარმოებელ კომპანიას მოვალემ მოსარჩელისათვის გადასაცემი პროდუქციის დამზადების მოთხოვნით;
1.2.5. მოსარჩელემ ვერ დაამტკივა მოპასუხის მხრიდან ნივთობრივი ნაკლის მოქნე ნივთის გადაცემის ფაქტი (სკ-ის 488-ე (1) მუხლი). ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ მისაწოდებელი აივ ტესტის სენსიტიურობა უნდა ყოფილიყო 99,99%, ხოლო სპეციფიურობა - 99.88%. მოსარჩელე პროდუქციის ხარისხის ზემოაღნიშნული მაჩვენებლების შეთანხმებულ პირობებთან შეუსაბამობის გამო, მიუთითებს მიწოდებული საქონლის უხარისხობაზე. საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების აქტები, რომლებიც ხელმოწერილია ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ, არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას, მიწოდებული საქონლის უხარისხობის დასადასტურებლად, რადგან მიწოდებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის მაჩვენებლების განსაზღვრა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ დასადგენი საკითხია. რაც შეეხება ინსპექტირების აქტებზე ხელმომწერ პირებს, გარდა იმისა, რომ ისინი მოსარჩელის მხარეს წარმოადგენენ, არ დგინდება მათი კვალიფიკაცია შესაბამის დარგში, ასევე გარემოებები, რის საფუძველზეც მათ ასეთი დასკვნა გააკეთეს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ძირითადი საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება მხარის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. კასატორმა ჯეროვნად შეასრულა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება და შეუკვეთა პროდუქცია მწარმოებელ კომპანიას, რომლის დამზადებაც მწარმოებელმა დაიწყო შეკვეთის მიღებისთანავე, თუმცა, რადგანაც პროდუქციის ერთ-ერთ კომპონენტს იგი იღებდა ჩინეთიდან, სადაც მოხდა ძლიერი აფეთქება, შეფერხდა ვალდებულების შესრულება. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფორს-მაჟორულ სიტუაციას, რაც ათავისუფლებს კასატორს პასუხისმგებლობისაგან, რომლისთვისაც შეუძლებელია წინასწარ ყოფილიყო განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილი. ფორს-მაჟორის შეტყობისთანავე მოვალემ მიიღო ყველა ზომა მდგომარეობის გამოსასწორებლად, მან პარალელურ რეჟიმში მიმართა რუმინეთში საქართველოს საკონსულოს და სთხოვა ამ პროცესში ჩართვა, სწორედ საკონსულოსთან ერთობლივი მოქმედების შედეგად მოხერხდა ვალდებულების შესრულების გაგრძელება, გარდა ამისა, მოპასუხე მჭიდროდ თანამშრომლობდა მოსარჩელესთან და აწვდიდა ინფორმაციას არსებული მდგომარეობის თაობაზე. სწორედ მოსარჩელემ შესთავაზა მოვალეს ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევა, შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა;
1.4.2. სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 50%-მდე, თუმცა აღნიშნული არასწორია, რადგანაც მისი დაანგარიშება მოხდა არა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებით, არამედ, მისი მთლიანი ღირებულებიდან, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების 11.1 პუნქტს, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 427-ე მუხლებსა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილს.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და, საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მხრიდან შეჯიბრებითობის პრინციპში ჩარევა მნიშვნელოვან დარღვევად განიხილება, რადგანაც სამოქალაქო სამართალწარმოება ამავდროულად მხარეთა თანასწორობის საწყისებზე ხორციელდება (იხ. სსსკ-ის მე-5 მუხლი). სასამართლოს ფუნქციას შეჯიბრებითობის იმგვარად წარმართვა წარმოადგენს, რომლის შედეგადაც მხარეებს საპროცესო თავდაცვის თანაბარი შესაძლებლობა ექნებათ. ამ ფარგლებში სასამართლო, სადავო ფაქტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მტკიცების საგანს და საპროცესო თუ მატერიალური კანონმდებლობის დანაწესებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ანაწილებს მტკიცების ტვირთს. საკასაციო პალატა ძირითადი საკასაციო საჩივრის ფარგლებში აღნიშნავს, რომ მხარის მოთხოვნა მიმართულია სარჩელის უარყოფისკენ, შესაბამისად, საკასაციო პრეტენზიათა გათვალისწინებით, ამოწმებს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას თითოეულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში.
1.5.2. მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენდა. ამ მხრივ, როგორც აღინიშნა, მოპასუხემ გადააცილა შესრულების ვადას, ხოლო ნაკლიანი ნივთის მიწოდების ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. თავის მხრივ, უდავოა, რომ საქმეში არსებული ხელშეკრულებით მხარეები ვადის დარღვევის შემთხვევაში შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, რომელიც ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ით განისაზღვრებოდა და უკვე განხორციელებული შესრულების ღირებულება მხედველობაში არ მიიღებოდა. მოპასუხეს სურს ფორს-მაჟორული გარემოების არსებობაზე მითითებით თავიდან აიცილოს ვალდებულების შესრულება, თუმცა საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ვალდებულების შესრულების კონკრეტულ მონაკვეთში ფორს-მაჟორის არსებობის გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ დგინდება, თუ როდის შეუდგა ვალდებული პირი ნაკისრი მოვალეობის შესრულებას, ამ მხრივ, არც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას. უდავოა, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით განსაზღვრული შესრულების ვადის გადაცილება, ამასთანავე, მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ამართლებს სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლი, რომლის თანახმადაც მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში კასატორი აღნიშნავს, რომ კრედიტორმა განუსაზღვრა მას დამატებითი შესრულების ვადაც, თუმცა, რომელ მტკიცებულებას ემყარება მხარის ეს პოზიცია, გაურკვეველია.
1.5.3. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა.
1.5.4. რაც შეეხება მხარის განმარტებას, რომ პირგასამტეხლო სასამართლოს უნდა ეანგარიშა არა ხელშეკრულების ღირებულებიდან, არამედ შესრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან, აღნიშნული რომც გავიზიაროთ, მაინც არ იარსებებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს არა პირგასამტეხლოს კალკულაციის, არამედ ამ თანხის შესაბამისობის დადგენა ვალდებულების დარღვევის, კრედიტორის მოლოდინისა და მოვალის ინტერესებთან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შეამცირა პირგასამტეხლოს განაკვეთი 50%-მდე და 7 561.73 ლარით განსაზღვრა იგი. საკასაციო პალატა ეთანხმება შემცირებულ ოდენობას და მიიჩნევს, რომ იგი დარღვევის ადეკვატურია, შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც როგორც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების, ისე _ პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოვალის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. შეგებებული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის ბოლო წინადადებით კი, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კასატორი უარს იტყვის თავის საკასაციო საჩივარზე ან საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარიც იმავე სამართლებრივი ბედის მატარებელი გახდება. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც ძირითადი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, შეგებებული საკასაციო საჩივარიც, მისი პროცესუალური ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვებას ექვემდებარება (იხ. სუსგ. №ას-127-470-07, 30 აპრილი, 2007 წელი).
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ შპს „უ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ვ. ც-ის მიერ 18.12.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 378,10 ლარის 70% _ 264,67 ლარი, ხოლო, სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს _ მის მიერ 06.02.2018წ. #01637 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 453,70 ლარის 70% _ 317,59 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე, 391-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „უ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ შპს „უ-ს“ (ს/კ #4-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან („სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვ. ც-ის მიერ 18.12.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 378,10 ლარის 70% _ 264,67 ლარი.
4. კასატორ სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (ს/კ #2-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან („სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.02.2018წ. #01637 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 453,70 ლარის 70% _ 317,59 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი