საქმე №ას-438-410-2017 30 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. წ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2017 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ბ. წ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ს-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, საჩივრის ავტორი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, საინფორმაციო საშუალებების: „კ-ის“, „მ-ის“, „პ-ისა“ და სააგენტო „პ-ის“ მეშვეობით მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების პირადად უარყოფა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე წარმატებული ქართველი ბიზნესმენია, ამჟამად შპს „ვ-ის“, სს „ვ“ და სს „რ-ის“ პარტნიორია. 2013 წლიდან მოპასუხე საკუთარი გამოსვლებით სისტემატურად ესხმის თავს მოსარჩელეს და ადანაშაულებს შპს „თ-ის“ აქციების წართმევაში. პირველი სატელევიზიო გამოსვლა იყო მ-ის ეთერში ჯ. ბ-ასთან ერთად. 2013 წლის 26 ივნისს „პ-ის“ პრესკლუბში მოპასუხემ კვლავ დაადასტურა სხვა დროსაც გაჟღერებული ფაქტი მოსარჩელის მიერ აქციების ძალის გამოყენებით წართმევის თაობაზე. ტელეკომპანია კ-ის ეთერში, დ. ა-ას გადაცემაში მოპასუხემ მოსარჩელე მოიხსენია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენად, კერძოდ, განცხადების თანახმად, მ. ს–ის პრეზიდენტობის დროს მოსარჩელე სარგებლობდა პრივილეგიებით და მოპასუხეს აქციები ხელისუფლების დახმარებით დაათმობინა. რეალურად არსებული ფაქტები კი, მეტყველებს საპირისპიროზე: მ. ს–ის ხელისუფლების პერიოდში მოსარჩელე იყო რეპრესირებული, რასაც თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ 2004 წელს დააკავეს სრულიად აბსურდული ბრალდებით და ციხეში ზეწოლით აიძულეს აქციების 42% ეჩუქებინა სახლმწიფოსათვის. მოპასუხე, მართალია, სწორედ მ. ს–ის მმართველობის დროს მინისტრ დ. კ–ის დახმარებით აქციების წართმევაში ადანაშაულებს მოსარჩელეს, თუმცა, სინამდვილეში სს „ვ-ის“ აქციების 25,817881% მან ვ. ჭ–ისაგან, ხოლო 25,817895% _ დ. ა–ისაგან შეიძინა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. გარდა ღია ეთერში გავრცელებული ინფორმაციისა, მოპასუხე მოსარჩელის მხრიდან აქიების ძალის გამოყენებით წართმევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საწარმოს მუშებისადმი გაგზავნილ ღია წერილშიც და აღნიშნავს, რომ სწორედ მათი დახმარებით ეცდება ქონების დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2005 წლის 28 ივნისს „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაგან პირდაპირი მიყიდვის წესით შპს „თ-მა“ (ამ კომპანიაში მოპასუხის მეუღლეს ეკუთვნოდა 50%-იანი წილი და სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე, ეს ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას) 6 000 000 აშშ დოლარად შეიძინა სს „ე-ის“ აქციათა 51,635%. 2008 წლის 8 სექტემბერს თავდაცვის ყოფილი მინისტრის _ დ.კ–ის სახელით მოპასუხეს დაუკავშირდა ფინანსური პოლიციის უფროსი დ.ქ-ე და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გ.ა-ე, რომლებმაც მოსთხოვეს სს „ე-ის“ აქციების გადაფორმება საზოგადოების მეორე აქციონერის, დ.კ–ის მეგობარ ი.წ-ის მამის _ მოსარჩელის სახელზე. მოპასუხე არ დაეთანხმა მოთხოვნას, რის შემდგომაც მის მიმართ დაიწყო მუქარა, არაერთხელ დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში, ძალადობდნენ მის მიმართ, რაც ძირითადად პოლიციის უფროსის კაბინეტში ხდებოდა. ძალადობაში მონაწილეობდა ვინმე ვ. კ–ი, ამ პროცესს ყოველთვის ესწრებოდა მოსარჩელე. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა სს „ე-ის“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამკვეთის _ სს „ს-ის“ გენერალური დირექტორის _ ი.ე-ას განზრახი მოქმედება, რომელიც მიმართული იყო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებისგან. სარგებლობდა რა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მხარდაჭერით, არღვევდა ვალდებულებებს კომპანიის წინაშე. სს „ს-ის“ დავალიანებამ 40 000 000 ლარს მიაღწია და კომპანია გაკოტრების რისკის წინაშე აღმოჩნდა. ხსენებულ პირთა ერთობლივმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ უცხოური კომპანიის _ „ჩ–ის“ წარმომადგენელ ვ.ჭ–ს, გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ დაუბრუნებდა შპს „ჯ-ს“, გადაეცა სს „ე-ის“ აქციათა 25,8%. ვ.ჭ–ის წინაშე ვალდებულება შპს „ჯ-მა“ 2008 წლის 17 სექტემბრისთვის შეასრულა, თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო ვ.ჭ–ისაგან აქციების დაბრუნების პროცესი დროში გაიწელა და აქციათა მესაკუთრედ კვლავ ვ.ჭ–ი რჩებოდა, ამიტომაც ხელშეკრულებას ხელი უშუალოდ მესაკუთრედ რეგისტრირებულმა პირმა მოაწერა, თუმცა, აქციების ნასყიდობის თანხა ჩაერიცხა შპს „ჯ-ს“. ხსენებული ფაქტების შესწავლის მიზნით მოპასუხემ მიმართა საგამოძიებო ორგანოს და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა შემდეგი სახით: „2013 წლის 26 ივნისს „პ-ის“ პრეს-კლუბში, 2013 წლის 1 ივლისს გადაცემა „ს-ში“ და „თ-აში“, გაზეთ „ვ-იის“ 2013 წლის 28-30 ივნისის 72-ე გამოცემაში გამოქვეყნებული განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ: „იძულებით მიმიყვანეს ქ-ის კაბინეტში, მომთხოვეს გადამეფორმებინა წილები ბ. წ-ისათვის, რომელიც იქვე იმყოფებოდა“; „პირველივე დღიდან, ტერორის დაწყებიდან, ყველაფერს ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა უშუალოდ ბ. წ-ი. ის იყო უშუალო მონაწილე ყველა ამ ძალადობრივი აქტისა, ის იყო დამკვეთი“; „ჩვენ ძალადობით ბანდიტებმა წაგვართვეს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, შემსრულებელი იყო კ–ი, კოორდანიტორი, დამკვეთი ბ. წ-ი“; „ერთი განუყოფელია კ–ი და წ-ი.“; „15 მილიონი მოვახმარეთ ბ. წ-ის ძველი დანაშაულის დაფარვას“; „ბანდიტი წ-ი ავტომატებით შემომივარდა ოჯახში, გამძარცვა და წაიღო ჩემი ქონება“; „კაბინეტში (სადაც იგი არანებაყოფლობით იმყოფებოდა) დამხვდა ბ. წ-ი“; „მისი ინიცირებული და მისი დაკვეთილი ღონისძიებაა, იგი განაგებდა და იძლეოდა განკარგულებებს როცა მიმიყვანეს კაბინეტში“; „ეს იყო მისი წამოწყებული საქმე, ქ-ე ხელმძღვანელობდა, გვერდს უმშვენებდა ბ. წ-ი“; „2008 წლის 8 სექტემბერს შეიარაღებული ბანდიტები მომადგნენ და ფინანსურ პოლიციაში, მაშინდელი უფროსის დ. ქ-ის კაბინეტში დამიბარეს. იქ ბ. წ-ი დამხვდა, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა“, ასევე, „პროკურატურაში შევიტანე სარჩელი, რომლითაც ფინანსური მაქინაციების გამოძიებას კი არა, ბანდიტებისა და მოძალადე მკვლელების დასჯას ვითხოვ. ესენი არიან, კონკრეტულად ბ. წ-ი“. დაევალა ა– ს-ეს სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალებების, კერძოდ, ტელეკომპანიების: „კ-ის“, „მ-ის“, სააგენტო „პ-ის“ და გაზეთ „ვ-იის“ მეშვეობით;
5.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება ძირითადად ემყარება სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, ამ პირობებში სასამართლომ გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დასაბუთებულად ჩათვალა და დადასტურებულად მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, პალატის შეფასებით, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. სააპელაციო პალატის შეფასებებსა და დასკვნებს არ ეთანხმება კასატორი და მოითხოვს საქმის ხელახლა განსახილველად იმავე ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას.
2. საკასაციო განხილვის ფარგლები (საკასაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები):
2.1. კასატორი სააპელაციო სასამართლოს შეფასებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების არსებობის თაობაზე ძირითადად იმ საფუძვლით არ ეთანხმება, რომ მან, როგორც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, წარადგინა სააპელაციო შესაგებელი და არ დაეთანხმა მოთხოვნას, 2016 წლის 19 ოქტომბრის სხდომის თაობაზე უწყება მას გაეგზავნა რეგისტრირებულ მისამართზე და ჩაბარდა ადრესატის ხანდაზმულ დედას, დანიშნულ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა. 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მხარისათვის უცნობი იყო საქმის განხილვის თაობაზე, მას უწყება არ ჩაბარებია არც პირადად და არც მოგვიანებით არ გადასცემია. საქმის განხილვის შესახებ მას მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარებით ეცნობა. მხარის განმარტებით, უწყების ჩაუბარებლობის საფუძველს წარმოადგენდა მის მიერ ამ პერიოდში საარჩევნო კამპანიით დაკავება (მხარე მონაწილეობას იღებდა საპარლამენტი არჩევნებში), რის გამოც დროის უმეტესი ნაწილი რეგისტრირებულ მისამართზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, წარმომადგენლისათვისაც უცნობი იყო სასამართლო სხდომის დანიშვნის ფაქტი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები, რამდენადაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინააღმდეგ, უწყების მეორე ეგზემპლარზე არ არის აღნიშნული სად იყო წასული ადრესატი და როდის ვარაუდობდნენ მის დაბრუნებას. საგულისხმოა, რომ უწყება არ გაგზავნია მხარის წარმომადგენელს, რაც მეტად ეფექტური გზაა სამართალწარმოებისას პრობლემების თავიდან აცილებისათვის, ხოლო უწყების მიმღები პირისათვის არავის აუხსნია ამ დოკუმენტის ადრესატისათვის გადაცემის აუცილებლობის შესახებ;
2.2. აღსანიშნია ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა არის სასამართლოს ვარაუდი, რომ გამოუცხადებელი მხარე დავის მიმართ ინტერესს არ იჩენს. ამგვარი ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა, რადგანაც არც ერთი სხდომა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამო არ გადადებულა, იგი უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობდა საქმის განხილვაში. ამდენად, სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
3.1. ვიდრე საკასაციო პრეტენზიების საფუძვლიანობის კვლევას შეუდგებოდეს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე თეორიულ საკითხზე: წინამდებარე დავის განსახილველად დაშვების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილი (არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე) და მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს (გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე), შესაბამისად, პრეტენზიათა საფუძვლიანობა, ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა) დისპოზიციის გათვალისწინებით, შემოწმდება, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობების არსებობის, ისე _ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით.
3.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
3.2.2. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები).
3.2.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, რადგანაც 2016 წლის 19 ოქტომბერს, 10:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო შესაგებელში მითთებულ მისამართზე უწყება გაეგზავნა ფოსტით (იხ. სსკ-ის 73.1. მუხლი) და ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, დედას, რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, მხარის ჯეროვან ინფორმირებად განიხილება და სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას, შეუდგეს საქმის განხილვას. მხოლოდ ის გარემოება, რომ უწყების მეორე ეგზემპლარზე, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის მითითებული ადრესატის არყოფნის თაობაზე, არ შეიძლება მის არაინფორმირებულად მიჩნევას დაედოს საფუძვლად, რამდენადაც საკასაციო საჩივრით იგი ადასტურებს არა ქვეყნის ან რეგიონის დატოვებას, არამედ, მიუთითებს საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე და საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მხარე ამ კამპანიას აწარმოებდა ქ.თბილისში, მ------ისა და გ-–----ის საარჩევნო ოლქში. პალატა ასევე ხაზგასმით არ იზიარებს მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უწყება უნდა ჩაბარებოდა წარმომადგენელს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი (მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს) სასამართლოს ამგვარ ვალდებულებას არ უდგენს, შესაბამისად, ნორმის სუბიექტთაგან ერთ-ერთის (მათ შორის ამ კოდექსის 74-ე მუხლის სუბიექტის) ინფორმირება სრულად შეესაბამება კანონის ნებას.
3.2.4. უარსაყოფია კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ გააჩნდა ვარაუდის საფუძველი მის მიერ დავის მიმართ ინტერესის დაკარგვისა. იმ პირობებში, როდესაც მხარე, ჯეროვნადაა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და არასაპატიოდ არ ცხადდება სხდომაზე, სწორედ რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების თაობაზე საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზეც, კერძოდ, მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის). საბოლოოდ საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალურ-პროცესუალურ საფუძველს.
3.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.3.1. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი ზემოხსენებულ წინაპირობებთან ერთად დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 387-ე მუხლების დისპოზიციიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას დადგენილად მიიჩნევა სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტები და აპელანტის ახსნა-განმარტება, რომელთა სუბსუმირება მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმასთან სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს. ამასთანავე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სახეზეა მტკიცების ტვირთის კონკურენცია: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს დიფამაციური სარჩელების განხილვის მტკიცების ტვირთს, რომელიც სიტყვის თავისუფლების საყოველთაო იდეის გათვალისწინებით, მეტად ორიენტირებულია ამ უფლების დაცვაზე, ვიდრე შეზღუდვაზე, შესაბამისად, სტანდარტი ითვალისწინებს შეზღუდვის უტყუარ მტკიცებულებებზე დამყარებას, ხოლო მტკიცების ტვირთს აკისრებს შეზღუდვის ინიციატორს (მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაძლევს კანონით დაკისრებულ ზემოხსენებულ ვალდებულებას, ბუნებრივია, მათი გაქარწყლების საშუალება სადავო განმცხადების ავტორს ეძლევა, საქმეზე _ „McVicar“ ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ მე-10 მუხლთან პრინციპულად შეუთავსებელი არ იყო ცილისწამების საქმეებზე მოპასუხისათვის დიფამაციური განცხადებების სიმართლის მტკიცების დაკისრება), თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე არ ცხადდება საქმის განხილვაზე, მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის დებულება, რომ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მხრიდან შემდეგი განცხადებების გავრცელების ფაქტი:
- 2013 წლის 26 ივნისს „პ-ის“ პრეს კლუბში ა. ს-ემ ჩაატარა პრესკონფერენცია. ინტერვიუს მესამე წუთზე მან განაცხადა: „იძულებით მიმიყვანეს ქ-ის კაბინეტში, მომთხოვეს გადამეფორმებინა წილები ბ. წ-ისათვის, რომელიც იქვე იმყოფებოდა“. სამ წუთსა და 40 წამზე მოპასუხემ განაცხადა: „პირველივე დღიდან, ტერორის დაწყებიდან, ყველაფერს ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა უშუალოდ ბ. წ-ი. ის იყო უშუალო მონაწილე ყველა ამ ძალადობრივი აქტისა, ის იყო დამკვეთი“. 6 წუთსა და 45 წამზე: „ჩვენ ძალადობით ბანდიტებმა წაგვართვეს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, შემსრულებელი იყო კ–ი, კოორდანიტორი, დამკვეთი ბ- წ-ი“. მე-16 წუთზე: „ერთი განუყოფელია კ–ი და წ-ი“, მე-16 წუთსა და 45 წამზე: „15 მილიონი მოვახმარეთ ბ. წ-ის ძველი დანაშაულის დაფარვას“, 21 წუთსა და 45 წამზე მოპასუხემ განაცხადა: „ბანდიტი წ-ი ავტომატებით შემომივარდა ოჯახში გამძარცვა და წაიღო ჩემი ქონება“.
- იმავე შინაარსის განცხადებები გააკეთა ა. ს-ემ 2013 წლის 1 ივლისს გადაცემა „ს-ში“, გადაცემის 8 წუთსა და 49 წამზე მოპასუხემ მასზე ძალადობის განმახორციელებელთა შორის მოპასუხე მოიაზრა, განაცხადა, რომ „კაბინეტში (სადაც იგი არანებაყოფლობით იმყოფებოდა) დამხვდა ბ. წ-ი“, ასევე 14 წუთსა და 13 წამზე „მისი ინიცირებული და მისი დაკვეთილი ღონისძიებაა, იგი განაგებდა და იძლეოდა განკარგულებებს როცა მიმიყვანეს კაბინეტში“.
- „თ-აში“ ინტერვიუს მე-20 წუთზე მოპასუხემ განაცხადა: „ეს იყო მისი წამოწყებული საქმე, ქ-ე ხელმძღვანელობდა, გვერდს უმშვენებდა ბ. წ-ი“.
- გაზეთ „ვ-იის“ 2013 წლის 28-30 ივნისის №72 გამოცემის მე-7 გვერდზე განთავსებულ ინტერვიუში ა. ს-ე აცხადებს: „2008 წლის 8 სექტემბერს შეიარაღებული ბანდიტები მომადგნენ და ფინანსურ პოლიციაში, მაშინდელი უფროსის დ. ქ-ის კაბინეტში დამიბარეს. იქ ბ. წ-ი დამხვდა, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა“, ასევე „პროკურატურაში შევიტანე სარჩელი, რომლითაც ფინანსური მაქინაციების გამოძიებას კი არა ბანდიტებისა და მოძალადე მკვლელების დასჯას ვითხოვ. ესენი არიან, კონკრეტულად ბ. წ-ი“.
3.3.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ მოსარჩელე წარმოადგენს კერძო პირს („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში _ კანონის) პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი), შესაბამისად, მისი ინიციატივით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა უნდა ექცეოდეს კანონის მე-13 მუხლის ფარგლებში (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა). მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შინაარსის სწორად განსაზღვრისათვის მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კანონში გადმოცემული „ცილისწამების“ ცნების დეფინიცია (იხ. კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი: ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება), ასევე, როგორც ეროვნული, ისე _ ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. მაგ: Steel and Morris v. the United Kingdom; Lingens v. Austria; სუსგ-ებები: №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი; №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი; №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1011-972-2016, 26 ივლისი, 2017 წელი) „აზრისა“ და „ფაქტის“ გამოჯვნის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ დადასტურებულად მიჩნეული მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებები ერთობლიობაში წარმოადგენს კანონის მე-13 მუხლით დაცული სფეროში ჩარევას, რომელიც სცდება გამოხატვის თავისუფლებას, წარმოადგენს „ფაქტს“ და არა „აზრს“, ლახავს პირის ევროკონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ რეპუტაციის უფლებას და არ ასახავს რეალობას, არღვევს მოსარჩელის დაცულ უფლებას და გავლენას ახდენს მის პატივსა და ღირსებაზე, რაც დიფამაციური სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
3.3.3. საკასაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს გავრცელებული ცნობების უარყოფა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლები. 2004 წლის 16 ივლისამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. 2004 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2004 წლის 16 ივლისიდან, ახლებურად მოწესრიგდა მე-18 მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა და ნორმის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია, სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნორმებთან ერთად, შესაძლებელი გახდა სპეციალური კანონით - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა როგორც დაცვის მექანიზმები, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ამდენად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სარჩელის მოთხოვნას შეიძლება წარმოადგენდეს არა ცნობის უარყოფა, არამედ, ცნობის გამოქვეყნება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა, რადგანაც კასატორს ამ მხრივ არა თუ დასაბუთებული პრეტენზია, შედავებაც კი არ აქვს წარმოდგენილი, პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ გარემოებას საფუძვლად ვერ დაუდებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმებას, გარდა ამისა, თუკი კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეეშლება ხსენებული საპროცესო დარღვევის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ამავე კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების წესის განსაზღვრის კონტექსტში გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს კვლევის საგანი შეიძლება გახდეს.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივი დასაბუთება:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს, რომლის წინააღმდეგაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული შედავება არ წარმოდგენილა კასატორის მხრიდან. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
5. სასამართლო ხარჯები:
რადგანაც წინამდებარე განჩინებით კასატორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, ხოლო, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2017 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე