Facebook Twitter

საქმე №ას-1206-2018 19 დეკემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ.კ.კ.“ (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ქ.კ.კ.“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი, სამინისტრო, შემკვეთი ან შემსყიდველი) და შპს „ქ.კ.კ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი, კომპანია ან მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ # 844 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს სამინისტროსა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება უნდა უზრუნველეყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).

2. ხელშეკრულების 15.1. პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად ან უხარისხოდ შესრულებისათვის (მათ შორის, მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯარით გათვალისწინებული ნორმების არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა) განისაზღვრა პირგასამტეხლო (ჯარიმის სახით) 10 000 ლარი (სსკ-ის, 417-ე-418-ე მუხლები). ხელშეკრულების # 5 დანართის მიხედვით, საწარმო ვალდებული იყო, კვებითი მომსახურებისას დაეცვა საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური, კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39).

3. სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველომ 2015 წლის 6, 13, 20, 21, 23, 28 იანვარს, ასევე, იმავე წლის 3 თებერვალსა და 16 მარტს შეამოწმა მომსახურების სხვადასხვა ობიექტები (სასადილო და სასადილოების საწყობები). შემოწმებით გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათის დარღვევები, საახელდობრ : ზოგიერთ შემთხვევაში, სასადილოს სამრეცხაოში, ცხელ (სამზარეულოში) და ბოსტნეულის დასამუშავებელ საამქროებში დაზიანებული (ამოტეხილი) იყო მეტლახი, მწყობრიდან იყო გამოსული ელექტროღუმელი, პურის კარადაში პურთან ერთად დაფიქსირდა ტარაკნები, საწყობში ინახებოდა ორი ყუთი თევზი ქართული მარკირებით, რომელსაც არ გააჩნდა მწარმოებლის მარკირება, ფირმის წარმომადგენელმა ვერ წარმოადგინა წარმოშობისა და ხარისხის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, მენიუ არ იყო შეთანხმებული ნაწილის მეთაურთან, საყინულე კონტეინერ-მაცივარში ერთად ინახებოდა ხორცი, კარაქი, თევზი და შოკოლადის კანფეტი ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით, ბურღულის საწყობში აღმოჩნდა ორი პაკეტი მოყავისფრო ფხვნილი 3 - კილოგრამიანი დაფასოებით, სასადილოში აღმოჩნდა კაკაო, სათანადო მარკირების გარეშე, წარწერით შპს ,,დაფნა’’ (09.2014 - 09.2015), რომელზეც მენეჯერმა ვერ წარადგინა ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასადილოს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის ფაიფურის ჭურჭელი, კედლებიდან ჩამოცვენილი იყო კაფელი, დაზიანებული იყო ასევე მეტლახი, ამასთან, ვერც გამწოვი სისტემა ახდენდა სათანადო აერაციას, რის გამოც დანესტიანებული (დაობებული) იყო კედელი და ჭერი, სასადილო დარბაზში არ მუშაობდა ცხელი კერძების გაცემის ხაზი, სასადილოში მომრავლებული იყო ჩიტები, ტარაკნები და კატები, ბოსტნეულის დასამუშავებელ ოთახში დაზიანებული იყო იატაკი და არ ფუნქციონირებდა წყლის დამწრეტი ტრაპი, სასადილოს არ გააჩნდა ცხელი და ცივი სასმელების ჩამოსასხმელი აპარატი, სასაწყობე მეურნეობა განთავსებული იყო სასადილოს სარდაფში, სადაც ვერ ხერხდებოდა პროდუქტის შენახვისათვის სათანადო პირობების დაცვა, სასადილოს ცხელ საამქროში ხორცისა და თევზის დასამუშავებელ ოთახებში დაზიანებული და შესაცვლელი იყო კაფელი და მეტლახი, კედლებზე აცვენილი და დაობებული იყო საღებავი, მოსაწყობი იყო სასაწყობე მეურნეობაც, ბოსტნეულის საწყობი განთავსებული იყო ამორტიზირებულ შენობაში, საწყობის შემოწმებისას დაფიქსირდა 5 ყუთი გაყინული თევზი სკუმბრია, რომელსაც არ გააჩნდა მწარმოებლის მარკირება, ყუთებზე დატანილი იყო ეტიკეტი ქართული ანოტაციით, თუმცა მოპასუხის წარმომადგენელმა შემოწმების პროცესში ვერ წარმოადგინა წარმოშობისა და ხარისხის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, გარდა აღნიშნულისა, ცხელ საამქროში გამწოვი სისტემა დაბალი სიმძლავრის გამო ვერ ახდენდა ორთქლის სრულად გაწოვას.

4. 2015 წლის 4 მარტს შედგა № 844-1, № 844-2, № 844-3, № 844-4, № 844-5, № 844-6, № 844-7, №844-8, № 844-9 აქტები, რომელთა თანახმადაც, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის, ჯამში 90 000 ლარის, გადახდა დაეკისრა. მოპასუხემ დაკისრებული თანხა არ გადაიხადა.

5. 2016 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელემ ამ განჩინების 3-4 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს - 90 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ის დარიცხულ ჯარიმას არ ანაზღაურებს.

6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემოწმების აქტებში მითითებული გარემოებები უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ დაურღვევია, გარდა ამისა, სამინისტროს მიერ კომპანიისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და ეწინააღმდეგებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით არსებულ სასამართლო პრაქტიკას.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 6500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 115-ე, 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე-418-ე, 420-ე და 629-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.7. პუნქტი, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, # 844-7 აქტიდან გამომდინარე ჯარიმის სახით 500 ლარი დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ კომპანიისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა გონივრული იყო და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი;

9.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, N 844-7 აქტის ფარგლებში კომპანიისათვის დარიცხული პირგასამტეხლო არ იყო მართლზომიერი, ვინაიდან ხსენებული აქტით განსაზღვრული დარღვევა მოპასუხეს არ ჩაუდენია. პალატამ ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტზე მიუთითა (შემსყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებელი სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარითა და სამზარეულო მოწყობილობა დანადგარებით) და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით დასტურდებოდა, რომ კომპანიამ სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა წერილობით, სადაც აღნიშნა, რომ აქტებში მითითებული ინფრასტრუქტურული თუ ტექნიკური საკითხების გამოსწორება წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულებას, რაც დადგენილი იყო, რომ მან არ შეასრულა, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სამზარეულოს იმგვარად უზრუნველყოფდა, როგორც ეს სამხედრო მოსამსახურეთა კვებისათვის იყო აუცილებელი, სასადილოში ჩიტები ვერ შეფრინდებოდნენ.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

10.1. მოსარჩელის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს, გარდა ამისა, მათ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას არ გამოუკვლევიათ საქმის ის გარემოებები, რაც შესაძლოა, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი გამხდარიყო.

10.2. მოპასუხის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. ის ხარვეზები, რომლებიც სასამართლოებმა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მიიჩნიეს, სამინისტროსათვის ზიანის მომტანი არ ყოფილა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრისა და იმავე წლის 4 ოქტომბრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, რადგანაც ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

15. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის პრეტენზიას, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია და, შესაბამისად, არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, სახელდობრ :

15.1. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი"(შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).

15.2. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულების 15.1. პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად ან უხარისხოდ შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ კომპანიამ მომსახურების გაწევისას დაარღვია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გახდა, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა კი, გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

16. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, მართებულად იხელმძღვანელეს სსკ-ის 420-ე მუხლით და კანონიერად შეამცირეს სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა.

16.1. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

16.2. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

16.3. ამრიგად, სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

17. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები : №ას-197-197-2018, 04.05.2018; №ას-170-165-2016, 14.06.2016; №ას-800-756-2015, 22.09.2015).

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძვლები.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი, ხოლო პირველი კასატორი (სამინისტრო) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ.კ.კ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ქ.კ.კ–ას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს ს.ქ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 27.09.2018 წ.) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი