Facebook Twitter

საქმე №ას-1416-2018 14 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ნ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ყ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ხ. ყ-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ნ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ნ. ნ-ეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ნ. ნ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, კერძოდ 3 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება, ხოლო გადავადებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვადის გაგრძელება ხარვეზის შევსებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. ნ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 (შვიდი) დღით.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, კერძოდ 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება 14 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ. ნ--ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 2 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, კერძოდ 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა დარჩენილი ნაწილის გადახდისათვის ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 10 დღით გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ. ნ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 2 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, კერძოდ 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა დარჩენილი ნაწილის გადახდისათვის ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 10 დღით გაგრძელება. შუამდგომლობაში კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მის მარწმუნებელს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა და დღეისათვის არ აქვს სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის შესაძლებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა ობიექტური გარემოებების არსებობისას. კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, უნდა დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია შეავსოს ხარვეზი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ისე, რომ მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია კასატორის ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 5 ნოემბრის, 2018 წლის 22 ნოემბრის და 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებებით, იმსჯელა კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობებზე და კასატორს სამჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. ამასთან, 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით კასატორს განემარტა, რომ, თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად და დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა.

ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4 000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ნ-ეს (პ/ნ 0-...) დაუბრუნდეს მ. შ-ს (პ/ნ 6-...) მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარი, ლ. ხ-ს (პ/ნ 0-...) მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარი და ლ. რ-ს მიერ 2019 წლის 4 იანვარს საგადახდო დავალებით 7447342120 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური