17 იანვარი, 2019 წელი,
საქმე №ა-5261-შ-129-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “D. G.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #254-3/2017/15/3)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე #254-3/2017/15/3) ღია სააქციო საზოგადოება “გ–ის“ სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა შპს “D.G-ისათვის“ დავალიანების თანხის 17 961,60 აშშ დოლარის დაკისრებას საიდანაც ძირი თანხა არის 10 200 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 7 761,60 აშშ დოლარი, დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს “D.G.-ს“, სახელმწიფო ბაჟის სახით, რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 678 ბელორუსული რუბლის და 96 კაპიკის (რაც ეკვივალენტია 2 628,54 აშშ დოლარის) გადახდა დაეკისრა.
2. ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის საგადასახადო ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე #254-3/2017/15/3) სასამართლო ხარჯების - 5 678 ბელორუსული რუბლის და 96 კაპიკის (რაც ეკვივალენტია 2 628,54 აშშ დოლარის) ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების, სასამართლო ბრძანებისა და ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 3 ოქტომბერს ხოლო მისი აღსრულება ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, შპს “D.G-ს“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ბოლნისი, ...... და 2018 წლის 4 დეკემბერს ჩაჰბარდა.
6. შპს “D.G-ს“ კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ბელორუსიის რესპუბლიის გომელსკის ოლქის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე #254-3/2017/15/3) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე #254-3/2017/15/3) ღია სააქციო საზოგადოება “გ–ის“ სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა შპს “D.G-ისათვის“ დავალიანების თანხის 17 961,60 დოლარის დაკისრებას საიდანაც ძირი თანხა არის 10 200 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 7 761,60 აშშ დოლარი, დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს “D.G-ს“, სახელმწიფო ბაჟის სახით, რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 678 ბელორუსული რუბლის და 96 კაპიკის (რაც ეკვივალენტია 2 628,54 აშშ დოლარის) გადახდა დაეკისრა.
8. ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის საგადასახადო ინსპექციამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
9. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში 2018 წლის 3 ოქტომბრიდან და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დგინდება, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მაგრამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ის სასამართლო სხდომის თარიღზე ინფორმირებული იყო.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობით აღიარებს და აღასრულებს შემდგომ გადაწყვეტილებებს, გამოტანილთ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიალურ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (შემდგომ - გადაწყვეტილებებს), გარდა იმ შემთხვევებისა რომლებიც გათვალისწინებულია მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობებს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, გათვალისწინებულთ 51 მუხლში, განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ, პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 53-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
12. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #254-3/2017/15/3) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მინსკის კონვენციის 51-ე, 54-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #254-3/2017/15/3), რომლითაც შპს “D.G-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 5 678 ბელორუსული რუბლი და 96 კაპიკის (რაც ეკვივალენტია 2 628,54 აშშ დოლარის) გადახდა დაეკისრა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი