Facebook Twitter

საქმე №ას-970-2018 6 ნოემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ი. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ი., ე.ი., ვ.ი. (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ი–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), სარჩელი მოპასუხე ბ.რ–ის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოსათვის წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, ასევე, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრისავტორი. ამასთანავე, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 732 ლარის გადახდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხარვეზის თაობაზე განჩინება ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 70-78), 2018 წლის 10 მაისს (ტ.3,ს.ფ. 9). აპელანტისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 11 მაისს და ამოიწურა იმავე წლის 21 მაისს, იმის გათვალისწინებით რომ 20 მაისი უქმე იყო (იხ. სსსკ-ის 61-ე მუხლი). საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აპელანტი 2018 წლის 24 თებერვალს თავის ტვინის ინფარქტით მოთავსდა სამკურნალო სტაციონარში, რის გამოც არ შეეძლო ხარვეზის აღმოფხვრა (ტ.3,ს.ფ.15; 19-21).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის თაობაზე განჩინება 2018 წლის 10 მაისს ჩაბარდა აპელანტის რძალს - ა.დ–ს. ხარვეზის აღმოფხვრის ვადაში, 2018 წლის 21 მაისამდე, აპელანტს სასამართლოსთვის არც რაიმე დოკუმენტი წარუდგენია, არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

15. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტს ხარვეზის ჩაბარების დროისათვის ტვინის ინფარქტი ჰქონდა მიღებული და მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, აღნიშნულის დასტურად კი უთითებს, კერძო საჩივარზე დართულ ცნობებზე, რომელთაგან ერთში აღნიშნულია, რომ პაციენტი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 24 თებერვალს და გაეწერა 2018 წლის14 მარტს, ე.ი. მანამდე, ვიდრე სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდებოდა ხარვეზი (იხ. 2018 წლის 27 აპრილის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე). მეორე ცნობა კი გაცემულია 2018 წლის 28 ივნისს, ანუ მას შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და სათანადო წესით ჩაბარდა ადრესატს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ი–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე