საქმე №ას-1369-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.შ. (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.შ. (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და სამკვიდროს გაყოფა (ძირითადი სარჩელი), მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.შ. (შემდეგში: მოსარჩელე, მეუღლე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) და ს.შ. (შემდეგში: მამკვიდრებელი) იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1964 წლის 17 მარტიდან (ტ.1,ს.ფ. 15).
2. მოსარჩელესა და მამკვიდრებელს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 1965 წლის 13 იანვარს დაბადებული ხ.კ–ძე (შემდეგში:ქალიშვილი, მეორე მოპასუხე;ქორწინებამდელი გვარი - შ.) და 1974 წლის 08 აგვისტოს დაბადებული ი. შ. (შემდეგში: პირველი მოპასუხე, ვაჟი, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი; ტ.1,ს.ფ.17-18; ტ.2,ს.ფ.20).
3. მამკვიდრებელმა 1999 წლის 26 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით შეიძინა ქ.თბილისში, ....., საერთო ფართი - 235,21 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 204, 93 კვ.მ, დამხმარე ფართი - 30, 28 კვ.მ, სამეურნეო ფართი - 62, 93 კვ.მ, დამხმარე ნაგებობა - 26.07 კვ.მ. და აღირიცხა მის მესაკუთრედ (ტ.1,ს.ფ.19-27).
4. მამკვიდრებელმა, 2012 წლის 10 დეკემბერს, ასევე შეიძინა სატრანსპორტო საშუალება - HONDA CR-...., ფერი - რუხი 1/8, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N ......, 2005 წელს გამოშვებული(ტ.1,ს.ფ.30).
5. მამკვიდრებელმა 2011 წლის 22 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...., კორპუსი 7, ფართი 17.42 კვ.მ, ავტოფარეხი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .....(ტ.1,ს.ფ. 28-29).
6. მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშებზე, 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით, სს ,,ს.ბ–ში“ ირიცხება ნაშთი - 52 725.15 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 16 მარტის მდგომარეობით, სს ,,ლ.ბ–ში“ ირიცხება ნაშთი - 11 088.07 ლარი და 3439.28 აშშ დოლარი (ტ.1,ს.ფ. 49-50).
7. ქალიშვილის სახელზე, 2014 წლის 31 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ თბილისში, ....., ფართი 57.89 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..... (ტ.1,ს.ფ. 82-83).
8. მამკვიდრებელი 2014 წლის 18 მარტიდან, გარდაცვალებამდე - 2015 წლის 21 მაისამდე რეგისტრირებული იყო სწორედ ზემოხსენებულ მისამართზე (ტ.1,ს.ფ. 84).
9. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2015 წლის 20 მაისს (ტ.1,ს.ფ. 16). გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე - მ.შ–ი, შვილები - ი. შ. და ხ.კ–ძე.
10. მეუღლემ და შვილებმა, 2015 წლის 15 ივნისს მიმართეს ნოტარიუს დ.ფ–ძეს, 2015 წლის 18 მაისს გარდაცვლილის სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე დღეს გაიცა სამკვიდროს მიღების შესახებ განაცხადის წარდგენის შესახებ მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის №... (ტ.1,ს.ფ. 51-54).
11. ნოტარიუსმა, 2016 წლის 14 მარტს მიიღო დადგენილება, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ #160236701, რომლითაც განმცხადებლებს უარი ეთქვათ სანოტარო მოქმედების (სამკვიდრო მოწმობის გაცემა, საკუთრების მოწმობის გაცემა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე) შესრულებაზე (ტ.1,ს.ფ. 55-57).
12. სარჩელის საფუძვლები
12.1 მამკვიდრებლის მეუღლემ სარჩელი აღძრა შვილების წინააღმდეგ, მოითხოვა, გარდაცვლილი მეუღლის სახელზე რიცხული, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობა, ხოლო დარჩენილი ½ წილიდან 1/3 წილზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
12.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა.
13. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
13.1 შეგებებული სარჩელით მოსარჩელის (ვაჟის) მოთხოვნას აწ გარდაცვლილის მეუღლისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა წარმოადგენდა.
13.2 შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, მეუღლეებს შორის 2008 წლიდან არსებობდა უთანხმოება ქონების გაყოფის თაობაზე, ხოლო 2010 წლიდან ისინი ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობდნენ.
14. მოპასუხეების პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
14.1 მამკვიდრებლის ქალიშვილმა სარჩელი ცნო და დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
14.2 შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ (ვაჟმა) კი წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არასდროს უმუშავია, სადავო ქონება შეძენილია მამკვიდრებლის მატერიალური სახსრებით. მშობლებს შორის არსებობდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება არ გაიყოფოდა. შეგებებულმა მოსარჩელემ დამატებით წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში ასახულ გარემოებაზე მიუთითა და განმარტა, რომ მის დას (მამკვიდრებლის ქალიშვილს) სადავო ქონება გადაეცა საკუთრების უფლებით, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
15. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
15.1 მოსარჩელემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით, მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქორწინების დღიდან და მათ შორის მნიშვნელოვან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მამკვიდრებელმა ვაჟთან (შეგებებული მოსარჩელე) დაპირისპირების გამო შეიძინა უძრავი ქონება ქ. თბილისში, ......, სადაც მოსარჩელესთან ერთად გადავიდა და მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე.
16. მეორე მოპასუხის (ქალიშვილის) პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
16.1 მეორე მოპასუხემ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ვაჟი საერთოდ არ დასწრებია მამის დაკრძალვას, არ მიუღია მონაწილეობა თანმდევ რიტუალებში. მამკვიდრებელს უვლიდა და პატრონობდა მისი მეუღლე (თავდაპირველი მოსარჩელე), ქალიშვილთან ერთად, რის გამოც არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
17.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის მეუღლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის დანაშთი ქონების 2/3 წილის მესაკუთრედ, შემდეგ უძრავ ქონებებზე:
17.1.1 ქ. თბილისი, ....., ს/კ: .....;
17.1.2 ქ. თბილისი, ...... (ავტოფარეხი), ს/კ: .......
17.2. მოსარჩელეს მიეკუთვნა შემდეგი მოძრავი ქონება, კერძოდ:
17.2.1მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება - HONDA CR-.., ფერი - რუხი 1/8, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N ......, 2005 წელს გამოშვებული.
17.2.2 სს „ს.ბ–ში“ მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის, კერძოდ, 52 725.15 აშშ დოლარის 2/3 ნაწილის მესაკუთრე;
17.2.3 სს „ლ.ბ–ში“ მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის, კერძოდ, 3 439.28 აშშ დოლარის 2/3 ნაწილის მესაკუთრე;
17.2.4 სს „ლ.ბ–ში“ მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის, კერძოდ, 11 088,07 ლარის 2/3 ნაწილის მესაკუთრე;
17.3 მოსარჩელეს უარი ეთქვა შემდეგი უძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობაზე, კერძოდ:
17.3.1 ამბროლაურის რაიონი,...... ს/კ: .....;
17.3.2 ამბროლაურის რაიონი, ......, ს/კ: ......;
17.3.3 ამბროლაურის რაიონი, ....... ს/კ: .......;
17.3.4 ამბროლაურის რაიონი, ....., ს/კ: ........;
17.4 ვაჟის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
17.5 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1319-ე, 1306-ე, 1433-ე, 1336-ე, 1424-ე, 1421-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1341-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს (მამკვიდრებლის მეუღლეს) შორის არ არსებობდა რაიმე შეთანხმება ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრის შესახებ.
17.6 საქმის განხილვისას პირველ მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, რაც დაადასტურებდა მის მშობლებს შორის შეთანხმებას ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმზე, ხოლო მხარის ახსნა-განმარტება, რომელიც არ არის გამყარებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდიდა აღნიშნულ საკითხს, ობიექტურად ვერ იქნებოდა საკმარის მტკიცებულებად მიჩნეული.
17.7 სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის ის მტკიცება, რომ მამკვიდრებელსა და მის მეუღლეს (თავადპირველ მოსარჩელეს) შორის, ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
17.8 ზემოაღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის, აღნიშნულის საპირწონედ კი, თავდაპირველი მოსარჩელისა და მეორე მოპასუხის (ქალიშვილის) განმარტებები, აგრეთვე, მოწმეთა ჩვენებები, რომელთა დაინტერესება საქმეზე კონკრეტული შედეგისადმი არ იკვეთებოდა, ადასტურებს, რომ მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო საოჯახო საქმიანობას.
18 სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
18.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის სრულად უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
18.4 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სამკვიდროში შემავალი ქონება მეუღლეებს შორის უნდა განაწილებულიყო თანაბრად, ვინაიდან მათ შორის არსებობდა შეთანხმება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ, რომლის მიხედვითაც, განქორწინებისას თითოეულ მეუღლეს შეხვდებოდა მხოლოდ მის მიერ უშუალოდ შეძენილი ქონება;
18.5 ამასთან, მეუღლეებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და მათ ფაქტობრივად 1996 წლიდან ერთად არ უცხოვრიათ, 2010 წლიდან კი მამკვიდრებელი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა, განქორწინება ოფიციალურად არ მომხდარა.
19 სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
19.3 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
19.4 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
19.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა ფაქტობრივი გარემოება, არსებობდა თუ არა რაიმე სახის შეთანხმება მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. ასევე, შესაფასებელი იყო მეუღლეთა შორის ქორწინების ფაქტობრივ შეწყვეტასთან დაკავშირებული გარემოებები.
19.6 სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მეუღლეებს შორის მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. აპელანტს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ხოლო თავდაპირველი მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოწმეთა განმარტებების საფუძველზე დასტურდებოდა, რომ მეუღლეებს სანიმუშო ოჯახი ჰქონდათ.
19.7 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1341-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მეუღლეს ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
19.8 წინამდებარე შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ თავდაპირველ მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
19.9 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეუღლეები მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ ერთად და მათ შორის ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების გაყოფასთან დაკავშირებით რაიმე სპეციალურ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სსკ-ის 1158-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას ანუ, თითოეულს ეკუთვნის ½ - ½ წილი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გამოვლენილია მამკვიდრებლის სამკვიდროს მიმღები სამი პირველი რიგის მემკვიდრე (მეუღლე და ორი შვილი), მეუღლეს ასევე ეკუთვნის მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი.
20 საკასაციო საჩივრის საფუძვლები
20.3 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება, მისი გაუქმება, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
20.4 საკასაციო საჩივრის პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი).
21 საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
21.3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
22 სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23 საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
24 საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები# ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
25 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
26 საკსაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
27 წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მშობლებს სპეციალური შეთანხმება ჰქონდათ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების განაწილებასთან დაკავშირებით, რომელიც წილთა თანაბრობის პრინციპისგან განსხვავდებოდა. ამასთან, სამკვიდროს გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე პირველი მოპასუხის მშობლები უკვე აღარ იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
28 საკასაციო სასამართლო სსკ-ის 1341-ე მუხლის „სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ“ მოხმობით განმარტავს, რომ კასატორს, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, სადავოდ გამხდარი ფაქტების დამადასტურებელი არანაირი სახის მტკიცებულება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის არ წარუდგენია, რომელიც ობიექტურად სათანადოდ გამყარებული მტკიცებულებების გარეშე ვერ ჩაითვლება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად. ამასთან, თავდაპირველმა მოსარჩელემ სარწმუნოდ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მეუღლესთან, მისი გარდაცვალების მომენტამდე ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, ხოლო მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, ქალიშვილთან (მეორე მოპასუხესთან) ერთად გასწია მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები და მიიღო მონაწილეობა თანმდევ რიტუალებში.
29 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ ვითარებაში, როდესაც კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაამტკიცა მეუღლეთა შორის რაიმე განსხვავებული შეთანხმების არსებობა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების განაწილების თაობაზე, აგრეთვე, ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, მეუღლეთა შორის მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და დასკვნებს თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოსარჩელე წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის მესაკუთრეს, ამასთან, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი სამკვიდროს 1/3 ნაწილის კანონისმიერი, პირველი რიგის მემკვიდრეა, ორივე შვილთან ერთად (იხ. სსკ-ის 1158-ე მუხლი: „1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შრის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი“ ).
30 სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
31 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. შ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი. შ–ს (პ/ნ ....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით (საქმე № ას-1369-2018) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 30 %-ის 1800 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე