საქმე №ას-1402-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ყ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ''ბ.'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ქ.გ–ძისა (შემდეგში: მოპასუხე) და ლ.ყ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 372-ე, 229-ე მუხლები, 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები).
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმავე სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით განისაზღვრა სასამართლოს მთავარი სხდომის თარიღი, რომლის თაობაზეც, სატელეფონო აქტის მეშვეობით, 2018 წლის 25 აპრილს ეცნობა ადრესატს. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეს არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობებია.
5. აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპიდან შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
5.1 საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა სხდომაზე, რადგან შეექმენა მოულოდნელი და გადაუდებელი ჯანმრთელობის პრობლემა (აწუხებდა მწვავე ტკივილები სრულად თავის და სახის არეში, რაც გამოიხატა საუბრის შეზღუდვაში, ამასთან გადაუდებელი დახმარებისა და დანიშნული მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ვერ შეძლო ფეხზე დგომა და გადაადგილება, რაც გამორიცხავდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, მით უფრო საუბარს), რასაც ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წინასწარ, სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინება იქნებოდა შეუძლებელი.
5.2 მთავარ სხდომამდე, მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მთავარი სხდომისათვის მოსარჩელეს მორიგების აქტი უნდა წარედგინა.
5.3 ზემოაღნიშნულთან ერთად, მიმდინარე დავაზე, მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ ურთიერთობაში ძირითად მსესხებელს წარმოადგენს არა უშუალოდ აპელანტი, არამედ, მოპასუხე ქ.გ–ძე, რომლის მიმართაც მიმდინარეობის სისხლის სამართლებრივი დევნა მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.
6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა აპელანტს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სსსკ-ის 215-ე მესამე ნაწილის მოთხოვნას, რომლითაც დადგენილია: „ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.
9. საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტის მიხედვით ირკვევა, რომ 2016 წლის 25 აპრილს სასამართლო მოხელემ სასამართლო სხდომის თაობაზე შეატყობინა აპელანტს და მიუთითა შესაბამისი სხდომის თარიღი და დრო (ტ.2,ს.ფ. 79). ამდენად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტს, სათანადო წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე, დადგენილია შესაბამისი მტკიცებულებით და ამაზე კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს.
10. წინამდებარე შემთხვევაში, საკასაციო სასამრთლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რამდენად საკმარისად ვარგისი მტკიცებულება აქვს კერძო საჩივრის ავტორს წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც შეიძლება დადგინდეს, ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, აპელანტს გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებზე, ამასთან, მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ ცნობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, სააპელაციო სხდომის დღეს, აპელანტმა მწვავე ტკივილებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, შეზღუდული ჰქონდა პირის გაღება (ტრიზმი), აღენიშნებოდა: სახის ასიმეტრია, ტემპერეტურა 380 C, მტკივნეული ლიმფური კვანძების გადიდება და ა.შ. (იხ. ცნობა - ტ.2, ს.ფ.96-97), რის გამოც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული მანიპულაცია.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი ცნობისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წინამდებარე შემთხვევაში აპელანტს ობიექტური საფუძველი ჰქონდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის, ამასთან, თავად ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას, სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.
13. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე (ნორმის დეფინიცია იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტში) მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია, გამყარებულია სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებით, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, აპელანტის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ყ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ლ.ყ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე