საქმე №ას-1872-2018 14 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა(ა)იპ „ს-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ლ. ნ-ე (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ა(ა)იპ „ხ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად; ა(ა)იპ „ს-ს“ (ს/კ 4-...) დაუბრუნდა მის მიერ 2018 წლის 14 დეკემბრის N01873 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1012 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
2019 წლის 10 იანვარს ა(ა)იპ „ს-ის“ დირექტორმა გ. ჭ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ განჩინებაში შეცდომითაა მითითებული, რომ ა(ა)იპ „ს-ს“ უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 14 დეკემბრის N01873 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1012 ლარი, ვინაიდან აღნიშნული თანხა ორგანიზაციის მიერ გადახდილია სხვა საკასაციო საჩივარზე (კერძოდ, ს...“-ს საჩივარზე, რომლის უფლებამონაცვლეცაა განმცხადებელი, მოწინააღმდეგე მხარეები ბ. მ-ა და დ. გ-ი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ს-ის“ წარმომადგენლის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ს-ის“ დირექტორის მომართვაში, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი (ტ. 1, ს.ფ. 232-233), არაა მითითებული თუ კონკრეტულად რომელი საკასაციო საჩივრის განხილვისათვის იყო წარმოდგენილი ბაჟის ქვითარი. ამასთან, განცხადებაზე თანდართულ 2018 წლის 14 დეკემბრის N01873 საგადახდო მოთხოვნით დასტურდება, რომ ა(ა)იპ „ს-ის“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე, თუმცა არაა დაკონკრეტებული, რომელ საკასაციო საჩივარზეა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა და არც საკასაციო სასამართლოს ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი განკუთვნილი იყო საკასაციო სასამართლოში განსახილველი სხვა საქმისათვის. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხარეს მთლიანად დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1012 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ „ს-ის“ წარმომადგენლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ნ. ბაქაქური