Facebook Twitter

საქმე №ას-1022-2018 21 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „... ბ-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 2011 წლის 15 დეკემბრის №1126099-1447243 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების გადახდა 3882,62 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 2644,95 აშშ დოლარი, პროცენტი - 705,97 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500 აშშ დოლარი, დაზღვევა - 31,70 აშშ დოლარი. მოპასუხეს დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან) 2011 წლის 15 დეკემბრის №1126099-1447243 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე, 2644,95 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35,26 აშშ დოლარს. მოპასუხეს 2012 წლის 9 ნოემბრის №2267282-2220284 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების გადახდა 2645,86 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1834,38 აშშ დოლარი, პროცენტი - 489,65 აშშ დოლარი, ჯარიმა - 300 და დაზღვევა - 21,83 აშშ დოლარი. მოპასუხეს დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან) 2012 წლის 9 ნოემბრის №2267282-2220284 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე, 1834,38 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 24,45 აშშ დოლარს. მოპასუხეს 2013 წლის 11 თებერვლის №2267282-2288597 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების გადახდა 1585,48 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1166,94 აშშ დოლარი, პროცენტი - 214,04 აშშ დოლარი, ჯარიმა - 200 და დაზღვევა - 4,50 აშშ დოლარი. მოპასუხეს დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან) 2013 წლის 11 თებერვლის №2267282-2288597 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე, 1166,94 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 15,55 აშშ დოლარს.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, ამასთან, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების კვალობაზე, აპელანტს უნდა განესაზღვრა დავის საგნის ზუსტი ღირებულება და უნდა წარედგინა მისი 4 პროცენტის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 117 ლარის გათვალისწინებით. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღე. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა, რომელმაც მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 34 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თხოვნით არ მიუმართავს, რის გამოც სააპელაციო პალატა უფლებამოსილი არ იყო თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება.

9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

9.1. სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულებად მითითებული იყო 3897 ლარი. დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა იმის მიხედვით, თუ რა ნაწილში ასაჩივრებდა მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღნიშნულის შესაბამისად შეჯამდა თანხა პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში;

9.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ არის უსაფუძვლო, რამდენადაც სააპელაციო საჩივარში ნათლად ჩანდა თუ რა ნაწილში და რა მოცულობით ასაჩივრებდა აპელანტი გადაწყვეტილებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

13. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც სააპელაციო საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 117 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 154).

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, ამასთან, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების კვალობაზე, აპელანტს უნდა განესაზღვრა დავის საგნის ზუსტი ღირებულება და უნდა წარედგინა მისი 4 პროცენტის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 117 ლარის გათვალისწინებით. ამავე განჩინებით, მხარეს განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის უარყოფითი შედეგების თაობაზე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 159-161).

16. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში აპელანტმა სააპელაციო პალატაში წარადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 34 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 166-167).

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 170-172).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს იმ მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

19. ამასთან, ცხადია, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, § 57, 28 მაისი, 1985 წელი). სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისთვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (იხ. Weissman and Others v. Romania, №63945/00, §34, 35, 24 მაისი, 2006 წელი). ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა. უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობის გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (იხ. საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ, №38736/04, §41, 30 იანვარი, 2008 წელი).

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო საჩივრიდან ირკვეოდა თუ რა ნაწილში ასაჩივრებდა აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

21. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარში სააპელაციო მოთხოვნა არასწორად აქვს ჩამოყალიბებული, ასევე არასწორად აქვს გამოთვლილი საჩივრის ფასი, სააპელაციო საჩივარში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების გრაფა) მოცემული მსჯელობიდან ირკვევა, რომ აპელანტის მოთხოვნაა: 1) სასამართლომ შეამციროს მისთვის პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 1000 აშშ დოლარი 500 აშშ დოლარამდე და 2) არ დაკმაყოფილდეს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში.

22. ამდენად, სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 500 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 13 თებერვლიდან) 2011 წლის 15 დეკემბრის (№1126099-1447243), 2012 წლის 9 ნოემბრისა (№2267282-2220284) და 2013 წლის 11 თებერვლის (№2267282-2288597) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირ თანხებზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16% სარგებლის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 75.26 აშშ დოლარს (35.26 აშშ დოლარს + 24.45 აშშ დოლარი + 15.55 აშშ დოლარი).

23. აპელანტმა ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 34 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განცხადებიდან ირკვევა, რომ მან სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 34 ლარის გადახდა მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდად (იხ. ტ. 1. ს.ფ. 166). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, რადგან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში მითითებული არ ყოფილა აპელანტის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და აპელანტს თავად უნდა განესაზღვრა იგი, ამ უკანასკნელს, მისი არასწორად განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა მისცემოდა შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, კერძოდ, სასამართლოს, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრიდან ირკვეოდა დავის საგნის ღირებულება, აპელანტისათვის უნდა განემარტა თუ რა ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა იყო საჭირო ხარვეზის სრულად შევსებისათვის.

24. როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 500 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 2017 წლის 13 თებერვლიდან ყოველთვიურად 75.26 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, თუკი მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხას დავიანგარიშებთ 2017 წლის 13 თებერვლიდან სააპელაციო საჩივრის შეტანამდე, 2018 წლის 11 მაისამდე (სააპელაციო საჩივრის ფოსტით გაგზავნის თარიღი) პერიოდში, ამ ნაწილში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 1128.9 აშშ დოლარით (75.26 აშშ დოლარი X 15 თვეზე). ამგვარად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არის 1628.9 აშშ დოლარი (1128.9 აშშ დოლარს + 500 აშშ დოლარი), რაც სააპელაციო საჩივრის შეტანისას არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით შეადგენს 3991.62 ლარს.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 159.66 ლარს (3991.62 ლარი X 4%).

26. როგორც აღინიშნა, აპელანტმა სააპელაციო საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 117 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კი სასამართლოში დამატებით წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 34 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ანუ საერთო ჯამში აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 151 ლარი და, საბოლოოდ, 159.66 ლარიდან მას გადასახდელი დარჩა მხოლოდ 8.66 ლარი. ამ პირობებში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, იყო არაპროპორციული საშუალება, რომელიც არ შეესაბამებოდა დასახულ მიზანს - სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთის მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორეს მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის - დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. მ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე მ. მ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე