Facebook Twitter

საქმე №ას-1339-1259-2017 30 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ე, გ. მ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოსარჩელე _ ი. ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ. მ-ემ, გ. მ–მა და ი. ბ–მა (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარეები, ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვეს:

i დამსაქმებლის 2014 წლის 29 აგვისტოს #34/კ ბრძანების (სსიპ _ გ-ის ადმინისტრაციის (სამსახური) უფროსის _ პირველი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობა;

ii პირველი მოსარჩელის აღდგენა ტოლფას (ტოლფასზე დაბალ) თანამდებობაზე (სსიპ გ-ის მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე);

iii 2014 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიური ხელფასის _ 2 195 ლარის დაკისრება პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ;

iv დამსაქმებლის 2014 წლის 29 აგვისტოს #36/კ ბრძანების (სსიპ _ გ-ის ეკონომიკური სამმართველოს უფროსის _ მეორე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობა;

v მეორე მოსარჩელის სსიპ გ-ის ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენა;

vi 2014 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიური ხელფასის _ 1 785 ლარის დაკისრება მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ;

vii დამსაქმებლის 2014 წლის 29 აგვისტოს #32/კ ბრძანების (სსიპ _ გ-ის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის _ მესამე მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის „შენიშვნის“ გამოყენების შესახებ) ბათილად ცნობა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელეები დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ განუსაზღვრელი ვადით, ისინი კეთლსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ შრომით მოვალეობებს, რის გამოც მოპასუხე სისტემატურად იყენებდა წახალისების ზომებს. 2014 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის აუდიტის წლიური გეგმის ფარგლებში ჩატარდა ცენტრის შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი. მოპასუხე არ დაეთანხმა აუდიტის ანგარიშის პროექტში მითითებულ ხარვეზებს, რის შესახებაც წარადგინა საკუთარი მოსაზრებები და შესაბამისი დოკუმენტაცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნაწილობრივ გაიზიარა ცენტრის მოსაზრებები, რის გათვალისწინებითაც შედგა შიდა აუდიტის ანგარიში, როგორც სამომავლო მუშაობის გაუმჯობესებისკენ მიმართული, სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელშიც რაიმე მინიშნება ამა თუ იმ პირის (მათ შორის _ მოსარჩელეების) მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე არ ყოფილა. პირველი და მეორე მოსარჩელის განმარტებით, მათ შრომითი მოვალეობები უხეშად არ დაურღვევიათ, ამასთან, მათი რომელიმე ქმედებით მოპასუხეს არ მიდგომია ზიანი. მესამე მოსარჩელის განმარტებით კი, მას შრომითი ვალდებულებები საერთოდ არ დაურღვევია. დისციპლინური პასუხისმგებლობის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებით დამსაქმებელმა დაარღვია დასაქმებულთა შრომითი უფლებები და მიაყენა მათ ზიანი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის 2014 წლის ყოველწლიური გეგმის შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ცენტრში ჩაატარა შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი. აუდიტორული ანგარიშის პროექტი მოსაზრებებისათვის გაეგზავნა ცენტრს, რომელმაც, მიცემულ ვადაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაუგზავნა საკუთარი მოსაზრებები აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით. აუდიტის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, შემოწმების პროცესში გამოიკვეთა სისტემური ხასიათის დარღვევები (სამსახურების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების არაკომპეტენტურად და არათანმიმდევრულად განხორციელება). შემოწმებულ პერიოდში (2012-2013 წლები) აღმოჩენილი ძირითადი დარღვევები (შესყიდვების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საქმიანობის სფეროში) წარმოადგენდა ცენტრის ადმინისტრაციის (სამსახური) უფროსის თანამდებობაზე დასაქმებული, პირველი მოსარჩელის მიერ, მასზე დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევით განხორციელებული მოქმედების შედეგს. ამასთან, ანგარიშში მითითებული ძირითადი დარღვევები _ შესყიდვების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში, წარმოადგენდა ცენტრის ეკონომიკური სამმართველოს (რომელიც ექვემდებარებოდა ადმინისტრაციას) უფროსის თანამდებობაზე დასაქმებული მეორე მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის დარღვევით განხორციელებული მოქმედების შედეგს. ცენტრის ერთ-ერთი ფუნქციაა საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რაც ასევე, შეიძლება განხორციელდეს დაჩქარებული წესით, რაც შესაბამისად, ჩვეულებრივ მომსახურებაზე მეტი ღირს. რიგ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნის მიუხედავად, გაწეულია ჩვეულებრივი მომსახურება, ასეთ დროს, ცენტრი, იურიდიული სამსახურის უფროსის _ მესამე მოსარჩელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, განმცხადებელს უბრუნებდა დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილ თანხას. აღნიშნულ შემთხვევაში, დარღვეულია ცენტრის დებულების მოთხოვნები, (თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს და საკითხის გარკვევას ახდენს ცენტრის მონიტორინგის სამსახური, ხოლო ცენტრის იურიდიული სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა და აღნიშნული სამსახურის რეკომენდაცია თანხის უკან დაბრუნების თაობაზე სცილდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს). პირველმა და მეორე მოსარჩელემ უხეშად დაარღვიეს ვალდებულება, ხოლო მესამე მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევა შედარებით მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით:

i პირველი მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2014 წლის 29 აგვისტოს #34/კ ბრძანება და პირველი მოსარჩელე აღდგენილ იქნა ტოლფას (ტოლფასზე დაბალ) თანამდებობაზე _ სსიპ გ-ის მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, დამსაქმებელს მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის სახით მიყენებული ზიანის (2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური ხელფასის _ 2 195 ლარის (დარიცხული), ხოლო, 2015 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე _ ყოველთვიურად 1 785 ლარის (დარიცხული)) ანაზღაურება;

ii მეორე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2014 წლის 29 აგვისტოს #36/კ ბრძანება და მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ გ-ის ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, დამსაქმებელს მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის სახით მიყენებული ზიანის (2014 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასის _ 1 785 ლარის (დარიცხული)) ანაზღაურება;

iii მესამე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე, საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილისა და 3 ივლისის საოქმო განჩინებების გაუქმება და დამსაქმებლის შუამდგომლობების დაკმაყოფილება (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების ჩაბმა; მტკიცებულების _ ცენტრის საკონკურსო საატესტაციო კომისიის სხდომის 16.03.2016წ. #8 ოქმის საქმისათვის დართვა).

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე, მისი წინმსწრები საოქმო განჩინებები დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა:

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, უარყოფით შემთხვევაში, ასევე ის, არსებობს თუ არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობები. ამ თვალსაზრისით ქვემდგომმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ნების გამოვლენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ემთხვეოდა ერთმანეთს და დამსაქმებელმა გადააჭარბა შრომის სამართალში დამკვიდრებულ თანაზომიერების პრინციპს, რაც ბრძანების ბათილობაზე მიუთითებდა, ხოლო, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თვალსაზრისით, სარჩელის წარმატებას ვერ შეაფერხებდა სხვა პირთა დასაქმება თანამდებობაზე, ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირველი და მეორე მოსარჩელის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება დამსაქმებლის მხრიდან შედავებულია სრულად.

1.1.1. საკასაციო განხილვის ფარგლები (საკასაციო საჩივრის საფუძვლები):

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის მიზნებისათვის კანონდარღვევად განიხილება სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი მოძიება ან მისი არასწორი გამოყენება ან/და განმარტება. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. თავის მხრივ, განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ საკასაციო საჩივრის წარმატებას თავად კასატორის მიერ ზემოხსენებულ საფუძვლებზე მითითება და ამ გზით საკასაციო შედავებათა დასაბუთება განაპირობებს. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პრეტენზიათა ფარგლებში პალატის მსჯელობის საგანი იქნება კასატორის შემდეგი შედავებების საფუძვლიანობა:

- სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, კერძოდ, არ ირკვევა, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ აპელანტის პრეტენზიები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს (საქმე #ას-450-429-2015), ასევე, ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს. აპელანტის პრეტენზიების შეფასების სანაცვლოდ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ გადაცდომების არსებობა, რომლებსაც მოპასუხე ედავება მოსარჩელეს ან არ დასტურდება, ან ტექნიკური ხასიათის შეცდომა იყო და ცენტრის მიმართ ზიანი არ გამოუწვევია. ამ შემთხვევაში, სასამართლოს არ უხელმძღვანელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 105-ე მუხლის მოთხოვნებით, მან ასევე დაარღვია ამავე კოდექსის 377-ე მუხლის წინაპირობები, რადგანაც გაუგებარია, რატომ არ ივარაუდა სასამართლომ, რომ დასაქმებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევას. შრომითი ურთიერთობის დარღვევის ხარისხზე მსჯელობისას, საინტერესოა, თუკი დასაქმებულები არ ეთანხებოდნენ შესაბამისობის აუდიტის შედეგებს, რატომ არ გაასაჩივრეს იგი ადმინისტრაციული წესით;

- შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მოსარჩელეების მიერ დაკავებული პოზიცია მენეჯერული თანამდებობაა და მას შესაბამისი პასუხისმგებლობა ახლავს, ამ საკითხის შეფასებას ორივე ინსტანციის სასამართლომ გვერდი აუარა. გარდა ამისა, მხარეთა გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა აუდიტის შემოწმების შედეგები, რომელმაც დარღვევები აღმოაჩინა ცენტრის 2012-2013 წლების საქმიანობაში, რომელიც სწორედ ის პერიოდია, როდესაც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებული სადავო პოზიციებზე. ხაზგასასმელია ისიც, რომ აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევები უკავშირდებოდა სახელმწიფო თანხების არასწორ ხარჯვას, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, ხელშეკრულების დადებას კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის უგულებელყოფით, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცენტრისათვის ფინანსური ზარალის მიყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გამოყენების საშიშროება, რაც შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევასა და ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. ამ საკითხების კვლევას არ შეიცავს სასამართლოს მსჯელობა, მან არასწორად არ დაადგინა, რომ სამსახურიდან მოსარჩელეთა გათავისუფლების წინაპირობა არა მოვალეობის დარღვევა, არამედ _ უხეში დარღვევა იყო. სწორედ აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა მოსარჩელეების მიერ შრომითი პირობების, განაწესისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ქცევის სტანდარტის დარღვევა, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას აქარწყლებს და ერთმნიშვნელოვნად უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ამ შედეგების შესწავლით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევაში ცენტრს ადგებოდა ზიანი, ხოლო რიგ შემთხვევაში _ არსებობდა ზიანის დადგომის საფრთხე. სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც ის იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ შრომითი შინაგანაწესით დამსაქმებელს შეეძლო, დისციპლინური ღონისძიების ნაკლებად მძიმე ზომის გამოყენება და გათავისუფლებით უხეშად დაირღვა დასაქმებულთა უფლებები, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა შესწავლა-გამოკვლევის დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები), ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგანაც ცენტრის მხრიდან დაცულია "Ultima Ratio-ს" პრინციპი. შესყიდვების განხორციელება, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ერთ-ერთი საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რომელიც სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების ხარჯვას მოიაზრებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ ჩადენილი თითოეული დარღვევა საყოველთაოდ აღიარებული მოვალეობის უხეში დარღვევაა;

- სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 249-ე მუხლების მოთხოვნებს;

- მოსარჩელეთა მიმართ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოყენებულ იქნა იმიტომ, რომ სხვა სახის სანქციის გატარება იქნებოდა უშედეგო და სხვა დასაქმებულებსაც არ შეუქმნიდა უკეთესი მუშაობის მოტივაციას, მათი არგათავისუფლების შემთხვევაში, აუდიტორის მიერ დაფიქსირებული საფრთხის კვლავ გამეორების საშიშროებას შექმნიდა. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც ვერ მიუთითა სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის ვერც ერთ წინაპირობაზე, გარდა ამისა, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი. თავად გადაწყვეტილებითაა დადგენილი ის გარემოება, რომ ეკონომიკური სამმართველო, რომლის უფროსადაც მუშაობდა მეორე მოსარჩელე, შედიოდა ადმინისტრაციის სამსახურის ფუნქციაში. დასაქმებულის გათავისუფლების შემდგომ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის #165/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ამავე მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის #89/ნ ბრძანებაში, გაუქმდა ცენტრის ადმინისტრაცია და ჩამოყალიბდა ახალი სამმართველოები, მათ შორის - ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო; შესყიდვების სამმართველო; მატერიალური რესურსების სამმართველო; საქმისწარმოებისა და მომსახურების სამმართველო, ასევე, განისაზღვრა თითოეული სამმართველოს ფუნქცია. 2016 წლის 29 დეკემბრის #175/ნ ბრძანებით კვლავ ცვლილება შევიდა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 14 სექტემბრის #89/ნ ბრძანებაში და განსხვავებულად მოწესრიგდა ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციები, რაც ადასტურებს იმას, რომ ეკონომიკური სამმართველოსა და ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციები განსხვავდება ერთმანეთისაგან და სასამართლომ არასწორად მიიჩნია ისინი ტოლფას თანამდებობებად, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან (სუსგ #ას-450-429-2015), ისევე, როგორც სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსის თანამდებობის მიჩნევა ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის ტოლფას თანამდებობად (თანახმად, ცენტრის დებულების ძველი, ასევე, მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლისა);

- გარდა იმისა, რომ არ არსებობს მოსარჩელეთა მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულის ტოლფასი თანამდებობები, არც დასაქმებულთა აღდგენის სხვა წინაპირობაა სახეზე, სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ ორივე თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნული არიან სხვა პირები და სარჩელის დაკმაყოფილებით ირღვევა ამ პირთა უფლებები. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს (#ას-450-429-2015), სადაც აღნიშნულია, რომ გათავისუფლებული პირის აღდგენით არ უნდა შეილახოს იმ პირთა უფლებები, რომლებიც ლეგიტიმურად იკავებენ თანამდებობას. კასატორი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელთან შრომითი ურთიერთობა ასევე რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ეს უკანასკნელი კი, ადგენს კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეზე #ას-354-339-2016. ამ განმარტებათა წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის შრომის კოდექსთან;

- სააპელაციო პალატამ, იძულებითი განაცდურის დაკისრების საკითხზე მსჯელობისას, დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების, ასევე, შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. იძულებითი განაცდურის დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს დამსაქმებლის ბრალეული განზრახვა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა, რადგანაც შრომითი ურთიერთობა მოსარჩელეებთან შეწყდა კანონის მოთხოვნათა დაცვით;

- სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლი, როდესაც გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინების დასაბუთება და უარი განაცხადა საქმეში მესამე პირის ჩაბმაზე, ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული სასამართლო ხელმისაწვდომობის პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, როდესაც მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენით შეილახა ამავე თანამდებობაზე კანონიერად დანიშნული პირის ინტერესები, მით უფრო დაუსაბუთებელია ამ ნაწილში გადაწყვეტილება. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 3 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვების ნაწილშიც, რომელითაც მხარეს უარი ეთქვა ცენტრის 2015 წლის 16 მარტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის #8 ოქმის დართვაზე. გაუგებარია, თუკი სასამართლოსათვის ცნობილი იყო სხვა პირთა სადავო თანამდებობებზე დანიშვნა, რატომ არ გამოიკვლია და შეაფასა ეს საკითხი, მით უფრო, როდესაც შრომის კოდექსის 38-ე მუხლი ცალსახად აწესებს პირთა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის საფუძვლებს. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი, რომელიც შრომითი დავის განხილვისათვის ადგენს 1-თვიან ვადას. საქმის განხილვის ვადის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ადგება გამოუსწორებელი ზიანი.

- შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის განმარტების თაობაზე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელსაც არ შეესაბამება გასაჩივრებული განჩინება (სუსგ-ებები: #ას-570-545-2016; #ას-951-901-2015; #ას-931-881-2015; #ას-1083-1020-2015). საგულისხმოა, რომ 2014 წლიდან ორივე პირი დასაქმებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პირველი მოსარჩელე ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსია, ხოლო მეორე _ ფინანსური სამსახურის უფროსი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ შემოსავალს. მიუხედავად ამისა, ისინი ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას იმ მოტივით, რომ მათ მიადგათ ზიანი, რაც უარყოფითად აისახა მათ საბანკო ვალდებულებებზეც.

1.2. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. პირველ მოსარჩელეს 2010 წლის 4 ნოემბრიდან 2012 წლის 3 იანვრამდე ეკავა ცენტრის სტრატეგიული განვითარებისა და მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა, 2012 წლის 3 იანვრიდან კი, განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული იყო ცენტრის ადმინისტრაციის (სამსახური) უფროსის თანამდებობაზე. გ. მ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა შეადგენდა 2 195 ლარს (ცენტრის ადმინისტრაციის (სამსახური) ფუნქციებში შედიოდა: ცენტრის ბიუჯეტის პროექტისა და შესყიდვების გეგმის შემუშავება; ცენტრის მიმდინარე ფინანსური საქმიანობის წარმართვა, მათ შორის, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურების მიღებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა; ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ბალანსის შედგენა; შესყიდვების ორგანიზება; ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსის შეფასება და მათი გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; ცენტრის საკომუნიკაციო და ელექტრონული ტექნოლოგიების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა; ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის განხორციელება; ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში სახელშეკრულებო საფუძველზე სპეციალისტების მოწვევისა და გათავისუფლების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა; ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; ცენტრის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება; კორესპონდენციებზე პასუხების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი; დოკუმენტაციის არქივის წარმოება; საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვა; ცენტრის ვებგვერდის მენეჯმენტის განხორციელება). ადმინისტრაციის (სამსახური) დაქვემდებარებაში თავდაპირველად იყო ორი სამმართველო: საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველო და ეკონომიკური სამმართველო (2013 წლის 13 ივნისიდან, ასევე, შესყიდვებისა და მატერიალური რესურსების სამმართველო, იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #220/ნ ბრძანება „ს-ის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გ-ის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის #89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“);

1.2.2. 2012 წლის 3 იანვრიდან, განუსაზღვრელი ვადით მეორე მოსარჩელე დასაქმებული იყო ცენტრის ეკონომიკური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1 785 ლარს (სსიპ გ-ის ეკონომიკური სამმართველოს ფუნქციებში შედიოდა: ცენტრის ბიუჯეტის პროექტისა და შესყიდვების გეგმის შემუშავება; ცენტრის მიმდინარე ფინანსურ საქმიანობის წარმართვა, მათ შორის, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურების მიღებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა; ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ბალანსის შედგენა; შესყიდვების ორგანიზება; ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსის შეფასება და მათი გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება);

1.2.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის #1145 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის აუდიტის წლიური გეგმის საფუძველზე, 2014 წლის 25 აპრილიდან 2014 წლის 17 ივნისამდე, მოპასუხე ორგანიზაციაში ჩატარდა ცენტრის შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი. აუდიტმა შეისწავლა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. აუდიტის მოქმედების სფეროებში (11 სფერო) შევიდა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, საბანკო ოპერაციების წარმოების და სხვა საკითხები.

შიდა აუდიტის 12 ძირითად დარღვევას შორის მითითებულია, რომ:

- (4) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვის საგნის მოცულობის შემცირებისას არ ხორციელდება შესყიდვის საწყისი ღირებულების შემცირება, ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიები წარდგენილია ვადების გაუთვალისწინებლად, რიგ ხელშეკრულებებში ბუნდოვანია შესყიდვის საგანი. ხელშეკრულების პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრება ხორციელდება არასრულად;

- ვადების გადაცდომით (8) მოქალაქეთათვის დოკუმენტაციის აპოსტილით დამოწმებისა და ნამდვილობის დადასტურების შემთხვევებში, თანხები დაბრუნებულია კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით და სხვ.

აუდიტის ძირითადი რეკომენდაციებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

- (4) ხელშეკრულების გაფორმება მოხდეს შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხელშეკრულების საგნის მოცულობის შემცირებისას მოხდეს სახელშეკრულებო ფასის კორექტირება. პირგასამტეხლოს დაკისრება განხორციელდეს ხელშეკრულების შესაბამისად;

- (5) ცენტრის შესაბამისმა სამსახურმა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

- (6) თანხების დაბრუნება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

- (8) ცენტრმა ბუღალტრულ პროგრამაში გატარებები შესაბამისობაში მოიყვანოს პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან;

- ბუღალტრული აღრიცხვა განხორციელდეს მეტი ყურადღებით;

- (11) ხელშეკრულებების რეგისტრაციისას მეტი ყურადღება დაეთმოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეკვიზიტების სწორად დასმას და სხვ.

აუდიტის შედეგებში, შესყიდვებთან დაკავშირებით ხაზგასმულია შემდეგი:

- ცენტრის მიერ, 2012 წლის 10 ივლისს, შპს „ზ-ასთან“ #133 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (კლიპის დამზადება) გაფორმებისას, დაირღვა შესყიდვების პრინციპები: ქრონომეტრაჟის შემცირებასთან ერთად უნდა შემცირებულიყო სახელშეკრულებო ღირებულებაც. ამასთან, განხორციელდა ცენტრის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა;

- ცენტრის მიერ 2012 წლის 10 ივლისს, შპს „ზ-ასთან“ #134 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (კლიპის დამზადება) გაფორმებისას, დარღვეულია შესყიდვების პრინციპები: სცენარის შემცირებასთან ერთად უნდა შემცირებულიყო სახელშეკრულებო ღირებულებაც. ამასთან, განხორციელდა ცენტრის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა;

- ცენტრის მიერ რიგი ხელშეკრულებების (სს „ჰ-სთან“ 2012 წლის 10 იანვარს გაფორმებული #9 და 2012 წლის 20 თებერვალს გაფორმებული #36 ხელშეკრულებები) გაფორმებისას, მოთხოვნილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მცირეა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვილ ვადაზე. ცენტრის მიერ უნდა მომხდარიყო პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;

- 2012 წლის 20 იანვარს შპს „ვ-თან“ გაფორმებული #17 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია განსხვავებული მომსახურება და ერთეულის ფასები;

- 2012 წლის 21 აგვისტოს შპს „გ-სთან“ გაფორმებული #154 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში არ არის დაკონკრეტებული ხელშეკრულების საგანი;

- 2012 წლის 18 ივნისს, შპს „პ-სთან“ გაფორმებული #119 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, მიმწოდებელს მიწოდება უნდა განეხორციელებია 2012 წლის 29 ივნისის ჩათვლით. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 2 ივლისს - ვადის დარღვევით. ხელშეკრულების თანახმად, მომწოდებელს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო - 195 ლარის ოდენობით, ხოლო ცენტრის მიერ დაეკისრა 130 ლარი;

- 2012 წლის 18 ივნისს, შპს „პ-სთან“ გაფორმებული #120 ხელშეკრულებით მოწოდება უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 29 ივნისის ჩათვლით. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2012 წლის 3 ივლისს - ვადის დარღვევით. მიმწოდებელს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 2 860 ლარის ოდენობით, ხოლო ცენტრის მიერ დაეკისრა 2 145 ლარი.

აუდიტის შედეგებში, ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი:

- შვიდ შემთხვევაში, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების შევსება განხორციელებულია არასწორად;

- ხუთ შემთხვევაში, აპოსტილით დამოწმებისა და მობილობის პროცესის ადმინისტრირების მომსახურებისათვის, მოქალაქეთათვის დასაბრუნებელი თანხები დაბრუნებულია დაგვიანებით;

- ერთ შემთხვევაში, დასაქმებულს ჩაერიცხა ნაკლები ოდენობის ხელფასი, რაც განაპირობა ცენტრში ბუღალტერის მიერ ადრინდელი (და არა ახალი) შრომითი ხელშეკრულების გამოყენებამ;

- 2012 წელს, ცენტრის მიერ სავიზიტო ბარათების შეძენა ხარჯად იქნა აღიარებული სასაქონლო ზედნადების გარეშე;

- ოთხ შემთხვევაში, ცენტრის მიერ საბუღალტრო პროგრამა „ორისიში“ გატარებები არ შეესაბამებოდა სააღრიცხვო დოკუმენტაციას, რაც იწვევს პროგრამულ ცდომილებას;

- არის შემთხვევა, როდესაც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფორმა, რომელიც ხელმოწერილია შესაბამისი თანამშრომლის მიერ, არ იძლევა ინფორმაციას, თუ რა ტიპის სამუშაო შეასრულა კონკრეტულმა თანამშრომელმა;

აუდიტის შედეგებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი:

- ცენტრის მიერ რამდენიმე ხელშეკრულებას არასწორად აქვს მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

- ცენტრის მიერ ერთ შემთხვევაში, შეთანხმებაში არასწორად არის მითითებული გასაუქმებელი ხელშეკრულების ნომერი;

- სამ შემთხვევაში, შრომის ხელშეკრულებებს არ აქვთ დასმული სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებული შრომითი ხელშეკრულების ნომრები;

1.2.4. სსიპ გ-ის 2014 წლის 29 აგვისტოს #34/კ ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა) საფუძველზე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან შრომითი ურთიერთობა შეწყდა პირველ მოსარჩელესთან. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების თანახმად, ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა აუდიტის 2014 წლის 7 აგვისტოს ანგარიშში აღმოჩენილი ძირითადი დარღვევები: დარღვევები შესყიდვების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, ასევე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საქმიანობის სფეროში, რაც მიჩნეულ იქნა დასაქმებულისათვის დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევით განხორციელებული მოქმედების შედეგად;

1.2.5. სსიპ გ-ის 2014 წლის 29 აგვისტოს #36/კ ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა) საფუძველზე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მეორე მოსარჩელესთან. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების თანახმად, ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა აუდიტის 2014 წლის 7 აგვისტოს ანგარიშში აღმოჩენილი ძირითადი დარღვევები: დარღვევები შესყიდვების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში, რაც მიჩნეულ იქნა დასაქმებულისათვის დაკისრებული მოვალეობის დარღვევით განხორციელებული მოქმედების შედეგად;

1.2.6. დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა დასაქმებულთა მხრიდან მოვალეობის იმგვარი დარღვევა, რაც გამართლებულს გახდიდა მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას:

- 2012 წლის 10 ივლისს მოპასუხესა და შპს „ზ-ას“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #133 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც სარეკლამო, პროპაგანდული და საინფორმაციო ფილმებისა და ვიდეოჩანაწერების წარმოების შესყიდვა წარმოადგენდა. ქრონომეტრაჟი განისაზღვრა 60 წამიდან 80 წამამდე. ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულება შეადგენდა 28 980 ლარს. საერთო ღირებულება მოიცავდა მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით. ამასთან, მიმწოდებელს მომსახურების მიწოდება უნდა უზრუნველყო არაუგვიანეს 2012 წლის 20 ივლისამდე. სსიპ გ-ის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა დირექტორის პირველმა მოადგილე პ. წ-ამ. 2012 წლის 16 ივლისს მითითებულ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, ქრონომეტრაში შემცირდა 50 წამიდან 55 წამამდე. აღნიშნულ გარიგებას სსიპ გ-ის მხრიდან, ასევე, ხელს აწერს დირექტორის პირველი მოადგილე პ. წ-ა. 2012 წლის 16 ივლისს სსიპ გ-სა და შპს „ზ-ას“ შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც დგინდება, რომ სსიპ გ-ის „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრეინინგების“ ქვეპროგრამის ხელმძღვანელმა ც. დ–მა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #133 ხელშეკრულების პირობების თანახმად, ჩაიბარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეკლამო ფილმი, რომლის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 28 980 ლარს. 2012 წლის 16 ივლისს სსიპ გ-სა (წარმოდგენილი მისი დირექტორის ა. ს-ის სახით) და ც. დ–ს შორის დადებული #365/შ შრომითი ხელშეკრულების პირობებით დგინდება, რომ ხელშეკრულებით ც. დ–ს დაევალა „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრეინინგების“ პროექტის მართვა და ადმინისტრირება შესაბამისი ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ. ხელშეკრულება მოქმედებდა 2012 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. 2012 წლის 16 ივლისს ც. დ–ის, როგორც „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრეინინგების“ ქვეპროგრამის ხელმძღვანელის მიერ სსიპ გ-ის დირექტორის სახელზე შედგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი. დოკუმენტის შემდგენი აღნიშნავს, რომ შპს „ზ-ამ“ დაასრულა პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ქვეპროგრამის სარეკლამო კლიპის გადაღება, რომლის მონტაჟიც განხორციელდა რეჟისორებთან და მემონტაჟეებთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კლიპის გაშვება ტელეეთერში დაკავშირებული იყო სოლიდურ თანხებთან, მოხდა ქრონომეტრაჟის დაახლოებით 50-55 წამამდე შემცირება. სცენარის დეტალების ცვლილება დანართის სახით გაეგზავნა ადრესატს და ეთხოვა, დაევალებინა ცენტრის ეკონომიკური სამმართველოსათვის 2012 წლის 10 ივლისის #133 სახელმწიფო შესყიდდვების ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამდენად, კლიპის ქრონომეტრაჟის შემცირება განხორციელდა კლიპის ტელეეთერში განთავსების სოლიდური თანხების დაზოგვის მიზნით. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მოსარჩელეთა, არამედ სხვა უფლებამოსილ პირთა მიერ;

- 2012 წლის 10 ივლისს სსიპ გ-სა და შპს „ზ-ას“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #134 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ცენტრის „ს-ზე-ს“ პროგრამის ასიგნებების ფარგლებში სარეკლამო, პროპაგანდული და საინფორმაციო ფილმებისა და ვიდეოჩანაწერების წარმოების შესყიდვა, რომელთა ქრონომეტრაჟი განისაზღვრა 50 წამიდან 1 წუთამდე. ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულება შეადგენდა 33 270 ლარს. საერთო ღირებულება მოიცავდა მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით. ამასთან, მიმწოდებელს მომსახურების მიწოდება უნდა უზრუნველეყო არაუგვიანეს 2012 წლის 20 ივლისამდე. სსიპ გ-ის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა დირექტორის პირველმა მოადგილემ პ. წ-ამ. 2012 წლის 16 ივლისს მითითებულ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, ქრონომეტრაჟი განისაზღვრა 50 წამით. აღნიშნულ გარიგებას სსიპ გ-ის მხრიდან, ასევე, ხელს აწერს დირექტორის პირველი მოადგილე პ. წ-ა. 2012 წლის 20 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით არ მომხდარა დასამზადებელი კლიპის ქრონომეტრაჟის შემცირება, შეიცვალა კლიპის სცენარი და მზა კლიპის ქრონომეტრაჟმა შეადგინა 50 წამი, რაც ისედაც გათვალისწინებული იყო თავდაპირველი ხელშეკრულებით, რომლის მიხედვით, მიმწოდებელს გააჩნდა უფლება, დაემზადებინა 50 წამიდან 1 წუთამდე ქრონომეტრაჟის კლიპი, შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება ვერ შემცირდებოდა. ამასთან, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მოსარჩელეთა, არამედ სხვა უფლებამოსილ პირთა მიერ;

- 2012 წლის 10 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #9 ხელშეკრულების მიხედვით, სს „ჰ-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში _ 2012 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „ჰ-ს“ მოვალეობის სათანადო შესრულების მიზნით, 2012 წლის 9 იანვარს გაცემული იქნა საბანკო გარანტია #65626-1467199, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 9 იანვარიდან 2012 წლის 25 თებერვალის ჩათვლით. 2012 წლის 20 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #36 ხელშეკრულების პირობების მიხედვით სს „ჰ-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში _ 2012 წლის 12 მარტის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „ჰ-ს“ მოვალეობის სათანადო შესრულების მიზნით 2012 წლის 17 თებერვალს გაცემული იქნა საბანკო გარანტია #1093891-2082110, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 17 თებერვლიდან 2012 წლის 25 მარტის ჩათვლით, ამდენად, ორივე შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ, თუმცა, მოცემული არ გულისხმობდა, რომ აღნიშნული განხორციელდა ტენდერში სს „ჰ-ს“ გამარჯვებულად გამოცხადებამდე. სსიპ გ-ის მიერ აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით 2014 წლის 15 ივლისს მომზადებული მოსაზრებების მიხედვით, დგინდება, რომ სს „ჰ.“ ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის დროს უკვე გამოვლენილი იყო გამარჯვებულად და გადასული იყო ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, ამდენად, ცენტრის მიერ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით, 2012 წლის 10 იანვარსა და 2012 წლის 20 თებერვალს, სს „ჰ-სთან“ გაფორმებული #9 და #36 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ვერ მოხდებოდა მიმწოდებლის დისკვალიფიკაცია, ვინაიდან დისკვალიფიკაცია ხდება პრეტედენტის შერჩევა-შეფასების ეტაპზე. ამასთან, უდავოა, რომ სსიპ გ-ის მიერ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით 2012 წლის 10 იანვარსა და 2012 წლის 20 თებერვალს, სს „ჰ-სთან“ გაფორმებული #9 და #36 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „ჰ-მ“ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, შესაბამისად, დამსაქმებლისათვის რაიმე უარყოფითი შედეგი არ დამდგარა;

- 2012 წლის 20 იანვარს სსიპ გ-სა და შპს „ვ-ს“ შორის გაფორმდა #17 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა სსიპ გ-ის კომპიუტერული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და შეკეთებასთან (კარტრიჯების დამუხტვა) დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულება შეადგენდა 4 980 ლარს. მომსახურების დასახელება და ერთეულის ფასი მიეთითა დანართ #1-ში. დანართი #1-ის მიხედვით Canon 728, Hp 278, Hp 436A, Hp 1010, OKI 2200, HP 7075 ერთეულის დამუხტვის ფასი შეადგენდა 15 ლარს, ერთეულის აღდგენის ფასი - 15 ლარს, CE20 A (321A, 322A, 323A) ერთეულის დამუხტვის ფასი შეადგენდა 55 ლარს, ხოლო ერთეულის აღდგენის ფასი - 0 ლარს. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას გაღებულ იქნა უფრო ნაკლები თანხა, ვიდრე ეს დანართი #1-ით იყო გათვალისწინებული, ასევე, 2012 წლის 10 აგვისტოს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 1 ერთეული Canon 728 რაკელის შეცვლა დაჯდა 10 ლარი. ამდენად, არ დარღვეულა ხელშეკრულების მოთხოვნები და თანხების ხარჯვაც ხორციელდებოდა რაციონალური პრინციპის გათვალისწინებით: მიღება-ჩაბარების აქტებში ფიქსირდებოდა პრინტერის მოდელები, რომლებშიც თავსებადი იყო ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებული კარტრიჯები, რომელთა დამუხტვის ღირებულება დანართში მითითებული ერთეული ღირებულების ანალოგიურია. ამასთან, ხელშეკრულებით კარტრიჯის აღდგენის ერთეულის ფასად განისაზღვრა თანხის მაქსიმალური ოდენობა (15 ლარი), რაც დასჭირდებოდა ერთი ერთეული კარტრიჯის სრულ აღდგენას. იმის გათვალისწინებით, რომ რიგ შემთხვევებში აღდგენას ექვემდებარებოდა კარტრიჯის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული მექანიზმი (რაც წინასწარ, ხელშეკრულებით ვერ იქნებოდა გათვალისწინებული), მიღება-ჩაბარების აქტებში ფიქსირდებოდა ამ კონკრეტული დეტალის აღდგენა/გამოცვლის ღირებულება, რაც შესაბამისად ნაკლები იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულებაზე, შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა აწესებს შეზღუდვებს ფასების ზრდაზე (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) და არა ფასების შემცირებაზე;

- სსიპ გ-ის მიერ 2012 წლის 21 აგვისტოს, შპს „გ-თან“ #154 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებისას, არ დარღვეულა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები: ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლი შეეხება ხელშეკრულების საგანს, რომლის 2.1. პუნქტი ზოგადად განმარტავს შესყიდვების საგანს და ასახელებს კლასიფიკატორის (CPV) კოდს, ხოლო 2.2. პუნქტი აკონკრეტებს ხელშეკრულების საგანს შემდეგნაირად: „2.2. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ძალებით, ექვსკაციანი მუსიკოსთა ჯგუფითა და საკრავი ინსტრუმენტებით უზრუნველყოს კონცერტის ორგანიზება და გამართვა“;

- სსიპ გ-ის მიერ, შპს „პ-სთან“ 2012 წლის 18 ივნისს გაფორმებული #119 ხელშეკრულების მიხედვით შპს „პ-ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2012 წლის 29 ივნისის ჩათვლით, ამავე საწარმოსთან 2012 წლის 18 ივნისს გაფორმებული #120 ხელშეკრულების პირობების თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ასევე 2012 წლის 29 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების (#119 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13 000 ლარის, ხოლო, #120 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 143 000 ლარის) 0.5%-ის ოდენობით. #119 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შპს „პ-მ“ შეასრულა 2012 წლის 2 ივლისს და მას დაეკისრა პირგასამტეხლო 130 ლარის ოდენობით (2 დღე ვადაგადაცილების გამო), ხოლო 120 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება შესრულებულ იქნა 2012 წლის 3 ივლისს და პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 145 ლარი (3 დღე ვადაგადაცილების გამო), თანახმად სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ამდენად, #119 და #120 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შესრულების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 29 ივნისი, ამ დროის შემდეგ კი, ყოველი დღე ვალდებულების შესრულებამდე ითვლება ვადაგადაცილებულად. ვინაიდან, ერთ შემთხვევაში, ვალდებულება შესრულდა 2012 წლის 2 ივლისს _ 2 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ 2012 წლის 3 ივლისს, 3 კალენდარული დღის გადაცილებით, მიმწოდებელს სწორედ დაეკისრა პირგასამტეხლო და ამით არ დარღვეულა ხელშეკრულების მოთხოვნები;

- საბუღალტრო სამსახურის მიერ დეკლარაციებში ხელფასების გაცემის თარიღად შემოსავლების სამსახურის პორტალზე საშემოსავლო გადასახადის ასახვის თარიღის მითითება, ნაცვლად გადარიცხვის თარიღის მითითებისა, განპირობებული იყო, ზოგჯერ, ცენტრის მიერ დღის მეორე ნახევარში ხელფასისა და შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გადახდის განხორციელების დროს, საშემოსავლო გადასახადის შემოსავლების სამსახურის პორტალზე მომდევნო სამუშაო დღეს ასახვის გამო, საურავების დარიცხვის თავიდან ასაცილებლად;

- ოთხ შემთხვევაში დადგინდა, აპოსტილით დამოწმებისა და მობილობის პროცესის ადმინისტრირების მომსახურებისათვის, მოქალაქეთათვის თანხების დაბრუნების დაგვიანება, რაც, თავის მხრივ, რამდენიმე გარემოებით (განცხადების განხილვა რამდენიმე სამსახურში, მოქალაქეების მიერ მოთხოვნის არასწორად ჩამოყალიბება, განცხადებაზე აუცილებელი დოკუმენტაციის დაურთველობა და სხვ) იყო განპირობებული;

- „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 2012 წლის 12 თებერვლის #01-280; 2011 წლის 19 დეკემბრის #02-9060; 2012 წლის 17 იანვრის #02-208; 2012 წლის 14 მარტის #02-1677 წერილების თანახმად, აპოსტილით დამოწმებისა და მობილობის პროცესის ადმინისტრირების მომსახურებისათვის, მოქალაქეთათვის თანხების დაბრუნების დაგვიანება გამოწვეული იყო რამდენიმე გარემოებით: „განცხადების განხილვა რამდენიმე სამსახურში, მოქალაქეების მიერ მოთხოვნის არასწორად ჩამოყალიბება, განცხადებაზე აუცილებელი დოკუმენტაციის დაურთველობა და სხვ.“. აღნიშნული დგინდება, სსიპ გ-ის მიერ აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით 2014 წლის 15 ივლისს მომზადებული მოსაზრებებით, ასევე მოხსენებითი ბარათებით;

- სსიპ გ-სა და გ. კ-ეს შორის 2012 წლის 2 აპრილის გაფორმდა #725/შ შრომითი ხელშეკულება, რომლის 3.1 პუნქტით გ. კ-ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 850 ლარის ოდენობით. #1198/შ შეთანხმებით შევიდა ცვლილება ხსენებულ ხელშეკრულებაში და გ. კ-ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1 000 ლარით. #1531/შ შეთანხმებით კვლავ შევიდა ცვლილება ზემოაღნიშნულ ხელშკრულებაში და გ. კ-ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1 300 ლარით, ამასთან, #1198/შ და #1531/შ გარიგებები დათარიღებულია ერთი და იმავე თარიღით - 2012 წლის 3 სექტემბრით. აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით, 2012 წლის 3 სექტემბერს აღრიცხულია გ. კ-ესთან გაფორმებული მხოლოდ #1198/შ გარიგება, ხოლო, #1531/შ გარიგების აღრიცხვა განხორციელებულია 2012 წლის 2 ოქტომბერს, ამდენად, #1531/შ გარიგებაზე შეცდომითაა მითითებული თარიღი - 2013 წლის 3 სექტემბერი, ნაცვლად 2013 წლის 2 ოქტომბრისა, შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ხელფასის ოდენობა 1 300 ლარი დასაქმებულს ჩაერიცხებოდა მხოლოდ ამ შეთანხმების დადების შემდეგ პერიოდში. მითითებული გარემოება, ასევე, დასტურდება იმით, რომ გ. კ-ეს არ მოუთხოვია მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება;

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლიდან გამომდინარე, სავიზიტო ბარათების შეძენის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მის ხარჯად აღიარების საფუძველს;

- ოთხ შემთხვევაში ცენტრის მიერ საბუღალტრო პროგრამა „ორისიში“ გატარებების შეუსაბამობა სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან, არის მექანიკური შეცდომა, რომელიც არსებით გავლენას არ ახდენს შედეგებზე, ისევე, როგორც რამდენიმე ხელშეკრულებაში სარეგისტრაციო ნომერის არასწორად მინიჭება (ერთ შემთხვევაში, შეთანხმებაში არასწორად არის მითითებული გასაუქმებელი ხელშეკრულების ნომერი; სამ შემთხვევაში შრომით ხელშეკრულებებს არ აქვთ დასმული სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებული შრომითი ხელშეკრულების ნომრები), წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომებს;

- ნოემბერში გაცემული ზეგანაკვეთური სამუშაოს ფორმები არ იძლევა ინფორმაციას, თუ რა ტიპის სამუშაო შეასრულა კონკრეტულმა თანამშრომელმა და ისინი ხელმოწერილია შესაბამისი თანამშრომლის მიერ (რასაც მოსარჩელე მხარე ხსნის ტექნიკური ხარვეზითა და გაუგებრობით);

- დადგინდა ორი შემთხვევა (#22884, 21.01.2012 და #13469, 10.09.2012 წერილები), როდესაც კორესპონდენციების შესრულება განხორციელდა დაგვიანებით;

1.2.7. იმ დისციპლინურ გადაცდომას, რომელსაც დამსაქმებელი ედავება მოსარჩელეებს ან ადგილი არ ჰქონია, ან არ გამოუწვევია მოპასუხის მიმართ რაიმე სახის ზიანი, ან წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას. ამასთან, მოპასუხის შინაგანაწესი დასაქმებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა არაერთ ზომას (შენიშვნა; გაფრთხილება; ხელფასის დაკავება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით) ადგენს;

1.2.8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბერის #165/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა „ს-ის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გ-ის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის #89/ნ ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. ცვლილებები განიცადეს სსიპ გ-ის სტრუქტურულმა ერთეულებმა: გაუქმდა ცენტრის ადმინისტრაცია (სამსახური), რომელსაც გათავისუფლებამდე ხელმძღვანელობდა პირველი მოსარჩელე და დაიყო ოთხ სამმართველოდ: ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო; შესყიდვების სამმართველო; მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო; საქმისწარმოებისა და მომსახურების სამმართველო (განყოფილება). ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ადმინისტრაციის (სამსახური) უფროსის თანამდებობა, მასთან ფუნქციურად ყველაზე ახლომდგომ - ტოლფას (გარკვეულწილად ტოლფასზე დაბალ) თანამდებობას წარმოადგენს მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსის თანამდებობა, რომელშიც შედის სამეურნეო სამსახური და სადაც შრომის ანაზღაურება შეადგენს 1 785 ლარს (დარიცხული).

მატერიალური რესურსების სამმართველოს ფუნქციებად განისაზღვრა:

ა) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაგეგმვა, მომარაგება, შენახვა, მოვლა და განახლება;

ბ) საწყობში არსებული მარაგების მართვა;

გ) ცენტრის ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;

დ) საკომუნიკაციო და ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

მოქმედი რედაქციით აღნიშნული სამმართველოს ფუნქციებში შედის:

ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ცენტრის შიდა საქმიანობის მომწესრიგებელი აქტების შესაბამისად, ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაგეგმვა, მომარაგება, შენახვა, განაწილება, აღრიცხვა, მოვლა და განახლება;

ბ) საწყობის მართვა;

გ) ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;

დ) ცენტრის ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, ასევე, მძღოლების მიერ საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების მონიტორინგი;

ე) საკომუნიკაციო და ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ვ) ცენტრის უძრავი ქონების მოვლა-პატრონობა;

ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დამუშავებული/წარმოებული ინფორმაციის მიწოდება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის;

თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრში შემოსულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირება და შესაბამის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება და კონსულტაციების გაწევა;

კ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) ცენტრის ფუნქციებიდან და მიზნებიდან გამომდინარე ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება;

ნ) ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

1.2.9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბერის #165/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებში შედიოდა:

ა) ცენტრის მიმდინარე ფინანსური საქმიანობის წარმართვა;

ბ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;

გ) ცენტრის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;

დ) ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ბალანსის შედგენა;

ე) ცენტრის პროექტების წინასწარი ფინანსური ანალიზი;

ვ) ცენტრის ფინანსური ანგარიშების მომზადება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ქონების მიღება/გაცემასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა.

მოქმედი რედაქციის ამ სამმართველოს ფუნქციებში შედის:

ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრის მიმდინარე ფინანსური საქმიანობის წარმართვა;

ბ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;

გ) ცენტრის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;

დ) ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ბალანსის შედგენა;

ე) ცენტრის პროექტების წინასწარი ფინანსური ანალიზი;

ვ) ცენტრის მომსახურების საფასურების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) ცენტრის ფინანსური ანგარიშების მომზადება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად ქონების მიღება/გაცემასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დამუშავებული/წარმოებული ინფორმაციის მიწოდება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლი პირისათვის;

კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრში შემოსულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება;

ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირება და შესაბამის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება და კონსულტაციების გაწევა;

მ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

ნ) ცენტრის ფუნქციებიდან და მიზნებიდან გამომდინარე ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება;

პ) ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

მართალია, სამმართველოს დაემატა რიგი ფუნქციები, მაგალითად, ცენტრის ფუნქციებიდან და მიზნებიდან გამომდინარე ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირება და შესაბამის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება და კონსულტაციების გაწევა, თუმცა, სახეზე არ არის არსობრივი ცვლილება, შესაბამისად, თავისი ფუნქციებითა და უფლებამოსილებით, ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო არის მანამდე არსებული ეკონომიკური სამმართველო, რომელსაც მხოლოდ სახელწოდება შეეცვალა და რომელსაც გათავისუფლებამდე ხელმძღვანელობდა მეორე მოსარჩელე

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო სასამართლო, უპირველესად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სწორად იქნა გამოკვლეული/შეფასებული დავის ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოს დასკვნები, რომლებიც შეეხება გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებათა კანონიერების საკითხს, სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა შესწავლა-გამოკვლევის პრინციპს (სსსკ-ის 105-ე მუხლი: სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ პირველ და მეორე მოსარჩელესთან უვადო შრომითი ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა დამსაქმებელმა სადავო ბრძანებების გამოცემით, ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, თავის მხრივ, დამსაქმებელი ცალმხრივი ნების ფაქტობრივ საფუძვლად იშველიებს ცენტრში ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის შედეგებს, რომლითაც გამოვლენილ იქნა გარკვეული დარღვევები იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელეები ახორციელებდნენ უფლებამოსილებებს. სასამართლო შეფასების თავისუფალი სტანდარტით ადგენს თავად ამ დარღვევათა სიმძიმეს, მის ნეგატიურ შედეგებსა და თანაზომიერებას დასაქმებულის გადაცდომასა და დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანს შორის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასაქმებულთა მხრიდან მართალაც ჰქონდა მოვალეობათა დარღვევას ადგილი, თუმცა, უდავოა, რომ ამას ცენტრისათვის რაიმე ზიანის მიყენება არ გამოუწვევია. ის ფაქტი, ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების წესით გაასაჩივრეს თუ არა აუდიტორული კვლევის შედეგები მოსარჩელეებმა, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ვერ გახდება, უფრო მეტიც, კასატორი, მართალია, არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს დარღვევათა არაარსებითი ხასიათისა და ზიანის არარსეობის თაობაზე, თუმცა, რაიმე არგუმენტი, რაც მის პოზიციას გაამართლებდა ფორმალური თვალსაზრისით მაინც არ არის საკასაციო საჩივარში ასახული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად მოშლა დასაქმებულის მხრიდან მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების მოტივით დასაშვებია არა დამსაქმებლის თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შედეგად, არამედ, იგი უკიდურეს სახეს უნდა წარმოადგენდეს და ჩადენილი გადაცდომის ადეკვატურ სხვა დისციპლინურ პასუხისმგებლობას არ უნდა ადგენდეს შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები. ამ მხრივ, სავსებით დაუსაბუთებელია კასატორის პოზიცია, თითქოს, არსებობდა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საფრთხე და ნაკლები სიმძიმის სანქციის გამოყენების შემთხვევაში მოხდებოდა სხვა მოხელეთა წახალისება, არაჯეროვნად შეესრულებინათ საკუთარი მოვალეობები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილითა და 115-ე მუხლით განსაზღვრული უფლების გამოყენების მართლზომიერების პრინციპები და გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, რადგანაც თანამედროვე ცივილიზაციის ეპოქაში არ შეიძლება დამსაქმებელმა შრომითი დისციპლინა ინდივიდუალური დასაქმების სამაგალითო დასჯაზე დაამყაროს, არამედ მას ევალება მენეჯერული მართვა განახორციელოს კანონით გარანტირებული პრინციპების გათვალისწინებით. რაც შეეხება სახელმწიფო ხარჯების განკარგვის რაციონალურობას, თუკი გამოკვლევის შედეგად დადგებოდა შესაბამისი საფრთხის რეალურად არსებობის საფუძველი, ბუნებრივია, განსხვავებული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ მოსარჩელეებს. სადავო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების შესაფასებლად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს შრომის კანონმდებლობისათვის დამახასიათებელი პრინციპებით, როგორიცაა მხარეთა თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა (იხ. შკ-ის მე-2 მუხლი), ასევე, ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დამსაქმებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და თანამედროვე ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების შესწავლის საფუძველზე ასკვნის, რომ სწორად ორგანიზებული და ფუნქციონირებადი საჯარო სამსახური არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისა და ეფექტური მმართველობის განხორციელების წინაპირობა. ამგვარი სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია სამართლებრივი და ინსტიტუციონალური გარემოს გაუმჯობესების, მიკერძოებულობის, არაეთიკური ქცევისა და დისკრეციის არ დაშვების გარეშე. საზოგადოების თანამონაწილეობის ხარისხი და მასშტაბი მმართველობის განხორციელებაში დიდწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოსადმი, მისი ინსტიტუტებისადმი ნდობის, რწმენის ხარისხზე. მოსახლეობის ნდობის კოეფიციენტს კი, რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, გამჭვირვალობა, კანონიერება, პროფესიონალიზმის დაფასება, ხელშეწყობა, წახალისება, ობიექტურობა და ა.შ (იხ. სუსგ ბს-463-451(კ-13), 18 თებერვალი, 2014 წელი).

1.3.2. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი და მეორე მოსარჩელის მხრიდან არ დგინდება შორომითი მოვალეობის არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც რაიმე ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ცენტრის ქონებრივ მდგომარეობაზე ან საქმიან რეპუტაციაზე, პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მხრიდან უხეშადაა დარღვეული უფლების განხორციელების სტანდარტი, მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის მე-2 მუხლის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 8.3. და 115-ე მუხლების მოთხოვნებს და როგორც მართლსაწინააღდეგო, ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია.

1.3.3. რაც შეეხება ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს, მას შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი აწესრიგებს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ პირველი და მეორე მოსარჩელეების მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, ცენტრში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა, თუმცა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული თანამდებობები იყო მათ მიერ ადრე დაკავებული თანამდებობების ტოლფასი, რაც პირთა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, გარდა ამისა, არსებობდა იძულებითი განაცდური ანაზღაურებისათვის შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა _ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი არამართლოზმიერი ნების შედეგად დასაქმებულთა იძულებით მოცდენა. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს ხსენებულ მსჯელობას რამდენიმე მიმართებულებით:

- სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ადრე არსებული და რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული თანამდებობების ტოლფასოვნება;

- არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ტოლფასად მიჩნეულ თანამდებობებზე კონკურსის წესით დასაქმებული არიან სხვა პირები;

- არ არსებობდა განაცდურის დაკისრების წინაპირობა, რადგანაც შრომითი ურთიერთობა შეწყდა მართლზომიერად, ხოლო საქმის განხილვა გაჭიანურდა და დაკისრებული განაცდური ზიანს მიაყენებს ცენტრის ინტერესებს.

1.3.4. საკასაციო პალატა, ბრძანებათა ბათილობის თანმდევ შედეგებთან მიმართებით, ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პოზიციას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის (საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა) კონტექსტში შეფასებას აძლევს იმ საოქმო განჩინებებსაც, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები ცენტრის საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის საქმისათვის დართვისა და მესამე პირად სადავო პოზიციებზე დანიშნულ პირთა ჩაბმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც კონკურსის ჩატარება, ისე _ სადავო პოზიციებზე პირთა დასაქმება მხარეთა შორის სადავო არ არის, რის გამოც გამართლებულია სასამართლოს უარი მხარეთა შორის უდავო გარემოების სამტკიცებლად კონკრეტული დოკუმენტის მიღებაზე (იხ. სამოტივაციო ნაწილ პ.პ. 1.3.7.). რაც შეეხება მესამე პირის საქმეში ჩაბმის საკითხს, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე-90-ე მუხლებით მოწესრიგებულია დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმის ინსტიტუტი და საპროცესო მოქმედების განხორციელების წინაპირობას მისაღები გადაწყვეტილების შესაძლო გავლენა წარმოადგენს ამ პირის უფლებაზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმართული არ იყო უშუალოდ იმ პირების უფლებების მიმართ, რომლებიც კონკურსის წესით დასაქმდნენ სადავო პოზიციებზე, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ფორმალური თვალსაზრისითაც არ არსებობდა მათი საქმეში მესამე პირად მოწვევის საფუძველი, თუმცა, საკასაციო პალატის მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული ქვემდგომი სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 61.1 მუხლზე (უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან) და განჩინებაში განვითარებული მსჯელობა, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლის ნების ბათილობა მის შემდგომ გამოვლენილ ყველა ნებას იურიდიულ საფუძველს აცლის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლისა (კანონიერად დასაქმებული პირის უფლებრივ მდგომაროებაზე საკასაციო სასამართლო ვრცლად იმსჯელებს ქვემოთ, იხ. პ.პ. 1.3.7.-1.3.8.), თუმცა, ზემოხსენებულის მიუხედავად, კასატორის მხრიდან დასაბუთებული შედავება იქნა წარმოდგენილი შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის განმარტების კანონიერებასთან, ასევე, უდავოდ მიჩნეული ფაქტებისათვის (სხვა პირთა დასაქმება) შეფასების მიუცემლობასთან მიმართებით (იხ. სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები).

1.3.5. განაცდურის ანაზღაურების საკითხს, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში, უდავოა, რომ დამსაქმებელმა გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და კანონსაწინააღმდეგოდ გაათავისუფლა დასაქმებულები სამსახურიდან, შესაბამისად, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია დასაქმებულთა იძულებითი მოცდენა, რაც ზოგადად განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის წარმატებაზე მიუთითებს. ამ მხრივ, მართალია, საკმაოდ გაჭიანურდა სამართალწარმოება, თუმცა საპროცესო ვადების დარღვევა (სსსკ-ის 59-ე მუხლი) არ წარმოადგენს იმგვარ დარღვევას, რაც გადაწყვეტილების გაუქმებას დაედებოდა საფუძლად, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. გარდა ამისა, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქმის განხილვის გაჭიანურებას ობიექტური საფუძველი გააჩნდა (მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვა), ამასთანავე, საგულისხმოა, რომ დამსაქმებლის მიერ საკუთარი მენეჯერული უფლებების მართლზომიერად განკარგვის შემთხვევაში, ცენტრს დასაქმებულთათვის ხელფასის ანაზღაურება მაინც მოუწევდა იმავე ოდენობით, რაც გასაჩივრებული განჩინებით აქვს დაკისრებული, ხოლო, წარმოშობილი დანაკლისი, მისი არამართლზომიერი ქმედების პირდაპირი და უშუალო შედეგია.

1.3.6. მოცემულ შემთხვევაში, როგორც სამუშაოზე აღდგენა, ისე _ განაცდურის ანაზღაურების საკითხი, უპირველესად უნდა შეფასდეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონტექსტში. მითითებული ნორმის თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ №ას-931-881-2015, 29 იანვარი, 2016 წელი) საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში [სშკ-ის 38.8] მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ № ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).

1.3.7. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სსიპ გ-ში დასაქმებულთა მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობები აღარ არსებობს, რადგანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია (იხ. სამოტივაციო ნაწიის 1.2.9. პ.პ.), რაც შეეხება სასამართლოთა მიერ ტოლფასად მიჩნეულ თანამდებობებს, უდავოა ისიც, რომ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ პოზიციებზე სხვა პირები არიან დანიშნული კონკურსის წესით და მათ გააჩნიათ შრომითი ურთიერთობის დაცვის ლეგიტიმური საფუძველი, უფრო მეტიც, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, არამართლზომიერად გათავისუფლებული პირის იმ თანამდებობაზე აღდგენა, სადაც სხვა პირი უკვე შრომით ურთიერთობაში იმყოფება, უკანონოს გახდის დამსაქმებლის იმ გადაწყვეტილებასაც, რომელიც ახალი დასაქმებულის გათავისუფლებას გამოიწვევს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაქმებულთა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობები (სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდიანრე, სასამართლო შეფასების გარეშე ტოვებს კასატორის იმ არგუმენტებს, რომლებიც თანამდებობათა ტოლფასოვნებას ეძღვნება). ამდენად, ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, პირთა დარღვეული უფლების აღდგენა დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების გზით უნდა განხორციელდეს. არც მოქმედი შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით:

- კომპანიის ლიკვიდურობა;

- პირის შანსები შრომის ბაზარზე;

- პირის სოციალური მდგომარეობა;

- დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა;

- პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში;

- სამუშაო სტაჟი;

- დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა;

- პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან.

1.3.8. მოცემულ შემთხვევში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან საკუთარ უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტს, იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ და შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით, ასევე, საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს, დამსაქმებლის დაფინანსების წყაროს და რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულთა აღდგენა ამავე სამსახურში, მიიჩნევს, რომ კომპენსაციის გონივრული ოდენობა გათავისუფლებიდან საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდით უნდა განისაზღვროს.

1.3.9. დადგენილია, რომ პირველი მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა თვეში 2 195 ლარს (დარიცხული), ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბებულ იმ თანამებობაზე, რომელიც ქვემდგომ სასამართლოთა მიერ გ.მ----ის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფასად იქნა მიჩნეული _ 1 785 ლარს (დარიცხული), რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, მის მიერ როგორც ადრე დაკავებული, ისე _ რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1 785 ლარს (დარიცხული), ამდენად, კომპენსაციის ოდენობაც, შესაბამისად უნდა იქნას გამოანგარიშებული. საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამი თვის ხელფასის დამსაქმებლისათვის მიკუთვნების ნაწილში მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუმცა, რადგანაც საქმეში ამ განჩინების რეალურად აღსრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, პალატა ამ ოდენობით თანხას ვერ იანგარიშებს (გამოქვითვის თვალსაზრისით) კომპენსაციის განსაზღვრისას. მიუხედავად ამისა, თუკი საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მოვალე (კასატორი) დაამტკიცებს სამი თვის ხელფასის ოდენობით თანხის კასატორებისათვის გადაცემის ფაქტს, ბუნებრივია, ამ ნაწილში მისი ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)), შეწყდება და არ იარსებობს ამ თანხის განმეორებით დაკისრების საფუძველი. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში ვერ მიიღებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები დასაქმდნენ სხვა სამსახურში და ბიუჯეტიდან ეძლევათ ხელფასი, ვინაიდან ამგვარი ფაქტობრივი გარემოებები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის საგანი არ გამხდარა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მიიღოს და/ან თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, არამედ, იგი გადაწყვეტილების სამართლებრივ შემოწმებას ახორციელებს საქმეში უკვე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სხდომის ოქმებში ასახული მოსაზრებების გათვალისწინებით.

1.4. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას პირველი და მეორე მოსარჩელის მიმართ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში, რაც შეეხება მათ ტოლფას თანამდებობებზე აღდგენასა და დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრებას, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა: იმ პირობებში, როდესაც დასტურდება მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე სხვა პირთა კონკურსის წესით დაკავება, კასატორს, დასაქმებულების სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს კომპენსაცია გათავისუფლების დღიდან საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანამდე მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობის გათვალისწინებით (შესაძლო გადახდილი სამი თვის ხელფასის გათვალისწინებით).

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

09.03.2018წ. #ა-1126-18 განცხადებას კასატორმა დაურთო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2017წ. #ბს-250-248(2კ-16) გადაწყვეტილების ასლი და იშუამდგომლა მისი საქმისათვის დართვის თაობაზე. პალატა არ იზიარებს ხსენებულ შუამდგომლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104.1 მუხლის შესაბამისად (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ), მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს დამსაქმებელს, რამდენადაც ამავე კოდექსის 407.1 მუხლიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), როგორც ზემოთ ითქვა, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს და შეფასება მისცეს ახალ მტკიცებულებებს, გარდა ამისა, თავად გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მას არაფერი საერთო განსახილველ საქმესთან არ გააჩნია, იგი ემყარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და პირის კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს, შესაბამისად, ამ მტკიცებულების გაზიარება მოკლებულია ყოფელგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლიანობას.

3. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით პრაქტიკულად დაკმაყოფილდა პირველი და მეორე მოსარჩელის მოთხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც), პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს მათ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100-100 ლარის ანაზღაურება, გარდა ამისა, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობას საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაწეული ადვოკატის მომსახურებისა და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საქმის სირთულის, დავის საგნის ღირებულების, ასევე, პროცესის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ კასატორს გ.მ-ისა და გ.მ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 200-200 ლარის ანაზღაურება (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. ECHR: „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“; „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“; ასევე, სუსგ-ებები: №ას-330-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი; №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი), რაც შეეხება კასატორის მიერ გაწეულ ხარჯებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ეს თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 407-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2., 1.3., 2.2., 2.3., მე-4 და მე-5 პუნქტები და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. გ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

3.1. სსიპ გ-ს (ს/კ #2-...) გ. მ-ის (პ/#0-...) სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა (2014 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით) 83 750 ლარის ოდენობით, რომელსაც უნდა გამოაკლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები.

4. გ. მ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

4.1. სსიპ გ-ს (ს/კ #2-...) გ. მ–ის (პ/#0-...) სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა (2014 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით) 82 110 ლარის ოდენობით, რომელსაც უნდა გამოაკლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები.

5. სსიპ გ-ს (ს/კ #2-...) გ. მ–ისა (პ/#0-...) და გ. მ-ის (პ/#0-...) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის _ 100-100 (სულ _ 200) ლარის ლარის ანაზღაურება.

6. გ. მ-ისა და გ. მ–ის შუამდგომლობა პროცესის ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

6.1. სსიპ გ-ს (ს/კ #2-...) გ. მ-ისა (პ/#0-...) და გ. მ-ის (პ/#0-...) სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოებისათვის გაწეული ხარჯის სახით 200-200 (სულ _ 400) ლარის გადახდა.

7. სსიპ გ-ს დაუბრუნდეს 09.03.2018წ #ა-1126-18 განცხადებაზე დართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2017წ. #ბს-250-248(2კ-16) გადაწყვეტილების ასლი 36 (ოცდათექვსმეტი) ფურცლად.

8. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე