Facebook Twitter

საქმე №ას-1339-1259-2017 8 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ. მ-აძე, გ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

თავდაპირველი თანამოსარჩელე _ ი. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პროცესის ხარჯების ანაზღაურება

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ. მ-აძემ, გ. მ-მა და ი. ბ-მა (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, კერძო საჩივრის ავტორები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორთა მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვეს: პირველი და მეორე მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო მესამე მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე დამსაქმებლის ბრძანებების ბათილად ცნობა, პირველი და მეორე მოსარჩელეების ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2014 წლის 29 აგვისტოს #34/კ ბრძანება და პირველი მოსარჩელე აღდგენილ იქნა ტოლფას (ტოლფასზე დაბალ) თანამდებობაზე, დამსაქმებელს მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება; მეორე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2014 წლის 29 აგვისტოს #36/კ ბრძანება და მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნა ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, დამსაქმებელს მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება; მესამე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით პირველ და მეორე მოსარჩელეს უარი ეთქვათ იურიდიული მომსახურების ხარჯების ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს პირველმა და მეორე მოსარჩელემ, მოითოხვეს მისი გაუქმება და პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ძისა და გ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და ამ გზით პროცესის ხარჯების წაგებული მხარისათვის დაკისრების წინაპირობების არსებობა.

1.3. გასაჩივრებული განჩინებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს სასამართლომ საფუძვლად შემდეგი მსჯელობა დაუდო: სამოქალაქო კოდექსით, აღიარებულია ყოველი პირის უფლება, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამდენად, მხარესა და მის წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი). ამასთანავე, საგულისხმოა, რომ 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. შესაბამისად, დავალების ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, კანონმდებელმა წაგებულ მხარეს დააკისრა მხოლოდ იმ ხარჯის ანაზღაურება, რაც მეორე მხარემ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გასწია. ამასთან, გაწეულ ხარჯში უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ უკვე გაწეული ხარჯი, არამედ ის ხარჯი რაც მხარემ უნდა გაიღოს მომავალში წარმომადგენელთან დადებული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო პალატის დასკვნით, მითითებული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება, რაც პირდაპირ ვალდებულებას წარმოუშობს მხარეს, მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცების მიზნით, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 83-ე მუხლები). შესაბამისად, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მხარემ მოცემული უნდა დაამტკიცოს ან გადახდის (გადარიცხვის) დამადასტურებელი დოკუმენტით ან დავალების ხელშეკრულებით, რაც ადასტურებს ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში, კი, მხარეს არ წარმოუდგენია მოცემული სახის მტკიცებულებები.

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ მხოლოდ მტკიცებულებათა წარუდგენლობა, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, როგორც იურიდიული მომსახურების ხარჯის გაწევა, ისე _ გარკვეული მატერიალური სახსრების განკარგვა (საფოსტო კომუნიკაცია სასამართლოსთან, საქმის მასალების გადაღება, საპროცესო დოკუმენტების მომზადება, უფლების ადვოკატის მეშვეობით დაცვა და სხვა), პრეზუმირებულს ხდის მხარის მხრიდან გარკვეული დანახარჯების არსებობას და სასამართლომ გონივრულობის სტანდარტით უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ამგვარი მიდგომა დამკვიდრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით: ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მხარეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმეტი არ ჰქონდა წარდგენილი, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ არსებობდა მოგებული მხარის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზრაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).

1.5. მიუხედავად ზემოხსენებულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება, დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

1.6. საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ 2017 წლის 11 ივლისის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა შემაჯამებელი სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდნენ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები და მათი წარმომადგენელი. უდავოა, რომ სააპელაციო პასუხში მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვდა პროცესის გარეშე ხარჯების ანაზღაურებას, ამასთანავე, 2017 წლის 11 ივლისის სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობაზე არ უმსჯელია, ხოლო მოსარჩელეებმა სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თხოვნით პირველად 2017 წლის 8 აგვისტოს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან თითქმის ერთი თვის შემდგომ მიმართეს, ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს არათუ საკუთარი ინიციატივით არ უნდა ემსჯელა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ემსჯელა განცხადების განუხილველად დატოვებაზე, რადგანაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

1.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ძისა და გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი