საქმე №ას-722-722-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები – ი. და მ. გ-ები
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. და მ. გ-ებმა საჩივრით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბ. კ-ის მიმართ და მოითხოვეს 2008 წლის 20 თებერვლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, ამასთანავე, მოითხოვეს, ხსენებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე ბ.კ-ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლზე (ს/კ #03....) ყადაღის დადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე (#03.... უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება).
სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს ი. და მ. გ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, მხარეთა საჩივრის მოტივები და მიიჩნევს, რომ ი. და მ. გ-ების საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის/განცხადების განხილვის პროცესში მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობა, რომელიც დავის საგნის შენარჩუნებას ემსახურება. საკითხის სწორად შეფასების მიზნით, პალატა მიიჩნევს, რომ უპირველესად შეფასება უნდა მიეცეს თავად ამ მოთხოვნას, წარმოადგენს თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებას, ან ხომ არ არსებობს რაიმე სპეციალური წარმოების სახე, რაც მხარის ამ მოთხოვნას დაარეგულირებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. და მ. გ-ები მოითხოვენ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც განიკარგა უძრავი ქონება და სწორედ ამ ქონებაზე პრეტენზიას აცხადებენ მხარეები. საკითხის გადაწყვეტამდე კი, სურთ ყადაღის დადების გზით შეინარჩუნონ უძრავი ნივთი. მართალია, ერთი შეხედვით, მსგავსი საპროცესო მოქმედება სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და გარკვეულწილად წააგავს კიდევაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის ობიექტს, თუმცა, თავად გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც ითხოვს მხარე და რომლითაც განსაზღვრულია დავის საგანზე ერთ-ერთი მხარის უფლება, მიღებულია საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, შესაბამისად, უპირველესად მხარის მოთხოვნა უნდა შემოწმდეს სპეციალური კანონის _ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. ხენებული ნორმატიული აქტის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ფარგლებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ერთადერთი საპროცესო საშუალებაა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება. ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელი განსაზღვრავს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, რაც შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმებას დაედოს საფუძვლად, მე-3 პუნქტით დადგენილია ამ მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, ხოლო მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა (ამავე კანონის 45.3. მუხლი: თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებულ სასამართლოში (მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი) წარდგენილია საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ან შეტანილია შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობით, უფლება აქვს, არაუმეტეს 30 დღით გადადოს გადაწყვეტილების გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა). რაც შეეხება განხილვის პროცედურულ წესს, აღნიშნული მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35624 მუხლით, რომლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადით, რათა არბიტრაჟს მიეცეს შესაძლებლობა, განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საარბიტრაჟო წარმოების, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული წყაროს მიმართ კანონმდებელმა დაადგინა რა რეგულაციის განსხვავებული და სპეციალური მატერიალური საფუძვლები, ამ პროცესში საერთო სასამართლოთა როლი უკიდურესად შეზღუდულია. დავის მოგვარების ალტერნატიული წყაროს გამოყენება წარმოადგენს რა მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების საგანს, ისინი თავადვე ხდებიან იმ შესაძლო რისკების მატარებელი, რაც საარბიტრაჟო წარმოებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, საარბიტრაჟო განხილვის საგანთან საერთო სასამართლოების სამართლებრივი ზედამხედველობა მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით დაიშვება, რასაც ადასტურებს თავად „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2. მუხლისა (დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული) და სამოქალაქო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილის (არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში) შინაარსი.
საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ იმ პირობებში, როდესაც მაია და ია გახოკიძეებს სურთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება და საკითხის გადაწყვეტამდე დავის საგნის შენარჩუნება, მათი შუამდგომლობა გაგებული უნდა იქნეს, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და არა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის უზრუნველყოფა, ამასთან, რადგანაც არც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის შესაბამისად, მაია და ია გახოკიძეების საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 35624 მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. და მ. გ-ების საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი