Facebook Twitter

საქმე №ას-1240-2018 19 დეკემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.დ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.მ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.დ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) და ზ.ქ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი კრედიტორი ან გამსესხებელი) შორის 2012 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც პირველი ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ თავდაპირველი კრედიტორისაგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე მუხლი).

2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - საერთო თანხის 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე (იხ. ტ. І, ს.ფ.16-19), (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).

3. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული კასპის რაიონის, სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლი, ს/კ-ით .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება, უძრავი ნივთი ან იპოთეკის საგანი), (სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლები).

4. მოსარჩელემ და თავდაპირველმა კრედიტორმა 2015 წლის 6 აგვისტოს ცვლილება შეიტანეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სესხის დაბრუნების ვადად 2015 წლის 6 ნოემბერი განსაზღვრეს (იხ. ტ. І, ს.ფ 20-22).

5. კრედიტორის საბანკო ანგარიშზე მსესხებელი პერიოდულად რიცხავდა თანხებს მესამე პირების მეშვეობით. გადარიცხული თანხების ჯამურმა ოდენობამ 12 000 აშშ დოლარი შეადგინა.

6. თავდაპირველმა კრედიტორმა 2016 წლის 19 თებერვალს მოსარჩელის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ს.მ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) დაუთმო (სსკ-ის 198-ე-199-ე მუხლები).

7. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა არ გადაუხდია.

8. 2016 წლის 11 ივლისს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარება და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობის შეწყვეტილად ცნობა, ასევე, ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 7 ივნისს გაცემული N.... სააღსრულებო ფურცლის გაუქმება მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გამსესხებელს ეტაპობრივად უხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, როგორც გადარიცხვით ისე პირადად (ხელზე) გადაცემით. მოსარჩელის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თანხას ამ უკანასკნელის ნაცვლად მისი ოჯახის წევრები იხდიდნენ. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების სრულად შესრულება ვერ შეძლო, შესაბამისად, იმისათვის, რომ მის მიერ გადახდილი თანხები სესხის ძირითად თანხაში ჩათვლილიყო, მხარეებმა პირველი ხელშეკრულების ვადა გააგრძელეს და სესხის დაბრუნების ვადად 2015 წლის 6 ნოემბერი განსაზღვრეს. საბანკო გადარიცხვებისა და გადახდილი თანხების შეჯამების შედეგად გაირკვა, რომ მოსარჩელემ, კრედიტორის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება სრულად შეასრულა. ამდენად, მოპასუხეს არ ჰქონდა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

9. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ დაარღვია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამასთან, თვეების განმავლობაში ამ უკანასკნელს არ მოუთხოვია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეჩერება, მას არც იმ გარემოებაზე მიუთითებია, რომ დავალიანება სრულად დაფარა, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი კანონიერი იყო და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 199-ე, 317-ე, 623-ე, 403-ე და 427-ე მუხლები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ 2012 წლის 5 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. პალატის მოსაზრებით, 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათ შორის სასესხო ურთიერთობა 2012 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით გრძელდებოდა 2013 წლის 5 მარტის შემდეგაც. მხარეებმა ახალი ხელშეკრულებით ცვლილება შეიტანეს მხოლოდ ვადაში, ხოლო შეთანხმების სხვა დებულებები (მათ შორის - სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა) იგივე დატოვეს. ამდენად, აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დადგენილი იყო, რომ თავდაპირველი ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით სამი თვის შემდეგ გაგრძელდა უვადოდ, შესაბამისად, გაგრძელდა სესხზე სარგებლის დარიცხვაც;

12.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნებოდა მოსარჩელის მტკიცება, რომ 2012 წლის 5 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2013 წლის 5 მარტს ამოიწურა და მას შემდეგ მას სარგებლის გადახდა არ ეკისრებოდა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხები მაინც ვერ განიხილებოდა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების დაფარვად, რადგანაც 2013 წლის 6 მარტიდან მოსარჩელის სესხის დავალიანებას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო საერთო თანხის 0.3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სარგებელზე საგრძნობლად მეტ დავალიანებას წარმოუქმნიდა მსესხებელს (თვიური 9%). ამდენად, უსაფუძვლო იყო აპელანტის მტკიცება, რომ მან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა;

12.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ გარდა საბანკო გადარიცხვით გადახდილი 12000 აშშ დოლარისა, მას დამატებით 2000 აშშ დოლარი ჰქონდა მოპასუხისათვის გადაცემული, ვინაიდან, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102.3 მუხლი).

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

13.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ გამსესხებლისათვის ეტაპობრივად გადახდილი 12 000 აშშ დოლარით, სესხის ძირითადი დავალიანება არ დაფარულა.

13.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ მან გამსესხებელს ხელზე 2000 აშშ დოლარი გადასცა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ :

16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 7 ივნისს გაცემული N .. სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და აქედან გამომდინარე, მოვალის მიმართ არსებული დავალიანებისგან გათავისუფლებაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები (სსკ-ის 427-ე მუხლი : ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

17.1. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, სახეზე უნდა იყოს შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულატიურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).

17.2. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2012 წლის 5 დეკემბერს თავდაპირველმა კრედიტორმა მოსარჩელეს 3 თვის ვადით 10 000 აშშ დოლარი ასესხა, ყოველთვიური 5% - იანი სარგებლის დარიცხვით; ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა ან დარღვევისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, საერთო თანხის 0.3 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელემ და თავდაპირველმა კრედიტორმა 2015 წლის 6 აგვისტოს ცვლილება შეიტანეს პირველ ხელშეკრულებაში და სესხის დაბრუნების ვადად 2015 წლის 6 ნოემბერი განსაზღვრეს, ხელშეკრულების სხვა პუნქტები კი, დარჩა უცვლელად.

17.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მის მიერ გადახდილი 12 000 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებით მხარეებმა დაადასტურეს მათ შორის აღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით სასესხო ურთიერთობის არსებობა 2012 წლის 5 დეკემბრიდან 2015 წლის 6 ნოემბრამდე, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს ევალებოდა სესხის პროცენტის გადახდა, ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სასესხო ურთიერთობის მთლიან პერიოდზე შეადგენს 17 500 აშშ დოლარს (35*500=17500). ამდენად, მხარის მიერ გადახდილი თანხა მასზე დარიცხულ პროცენტზე ნაკლებია, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტობრივ გარემოებას.

18. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მხრიდან კრედიტორისთვის დამატებით 2000 აშშ დოლარის ხელზე გადაცემას დაადასტურებდა.

19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა შესრულების საფუძველზე ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი (სსკ-ის 427-ე მუხლი).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).

21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი