ბს-1289-132-კს-04 29 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 26 სექტემბერს რ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2002წ. 2 ივნისის არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მოსარჩელე დაინიშნა ახალციხის რაიონის გამგებლად, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 16 სექტემბრის ¹1141 განკარგულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის საფუძველზე. მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება მიიჩნია უკანონოდ და აღნიშნა, რომ დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის გასარკვევად და მისთვის საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების ასლის გადაცემის თხოვნით 2003წ. 19 და 22 სექტემბერს მიმართა საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურს, საიდანაც პასუხი ვერ მიიღო.
მოსარჩელის განმარტებით, დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოხდა საავადმყოფო ფურცელზე მისი ყოფნის პერიოდში, რის შესახებაც ინფორმირებული იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე 2002წ. 2 ივნისს დაინიშნა ახალციხის რაიონის გამგებლად, მან აღნიშნული დღიდანვე დაიწყო ბრძოლა კორუფციის, ბიუჯეტიდან თანხების უკანონო გადინების, კონტრაბანდისა და სხვა დანაშაულთა წინააღმდეგ. მოსარჩელემ აღნიშნული დარღვევების ფაქტების შესახებ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოსა და პროკურატურას, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც მათ თაობაზე აცნობა გენერალურ პროკურატურას და სახელმწიფო კანცელარიას, მაგრამ ვერც აღნიშნული უწყებებიდან მიიღო პასუხი.
სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ 2003წ. აგვისტოს ბოლოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად სამცხე-ჯავახეთის მხარეში დაინიშნა გ. კ-ა, რომელმაც თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღესვე მოსთხოვა მოსარჩელეს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ ხსენებული სახელმწიფო რწმუნებული და ახალციხის რაიონის პროკურორი ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით ცდილობდნენ მოსარჩელის რეპუტაციის შელახვას, არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციით შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გადაუმოწმებლად მოაწერა ხელი განკარგულებას დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გაუქმება და თანამდებობაზე მისი აღდგენა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 დეკემბრის განჩინებით რ. ს-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე რ. ს-ის სარჩელისა გამო განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინებით რ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის განჩინებით, სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, მოსარჩელე რ. ს-ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმის გამო, რომ მისი სარჩელი განსახილველად არ ექვემდებარებოდა სასამართლო უწყებას. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნული განჩინება დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
რაიონის გამგებლის გათავისუფლების შესახებ დავა ზოგადად არ წარმოადგენდა სასამართლო უწყების ქვემდებარე სასარჩელო საქმეს, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულება თავისი ბუნებით კი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მაგრამ არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს ცალმხრივი ნების გამოვლენად. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რაიონის გამგებლის თანამდებობაზე პირის დანიშვნა არ წარმოადგენდა შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ გარიგებას, როგორც ამას ითვალისწინებდა მოქმედი კანონმდებლობა;
საქართველოს პრეზიდენტი რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავდა და ამ თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე;
რაიონის გამგებლის თანამდებობა არ წარმოადგენდა რიგით საჯარო თანამდებობას, არამედ იგი იყო პოლიტიკური თანამდებობა და საქართველოს პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის განჩინებაზე რ. ს-ემ თბილისის საოლქო სასამართლოში წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს შემდეგ საფუძვლებზე:
1. არასწორია სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულება, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საერთოდ არ არის სასამართლოს ქვემდებარე, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის მიხედვით, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე;
2. რ. ს-ის სარჩელის საგანს წარმოადგენს არა რაიონის გამგებლის თანამდებობიდან ან მანამდე არჩეული საკრებულოს წევრობიდან მისი გათავისუფლება არაუფლებამოსილი პირის მიერ, არამედ სწორედ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საფუძველი, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლითაა მოტივირებული და, შესაბამისად, რაიონის გამგებლის თანამდებობიდან პირის ვადამდე გათავისუფლების დროს მოქმედებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მითუმეტეს, თუ იგი რაიონის გამგებლის თანამდებობიდან სწორედ აღნიშნული კანონის საფუძველზეა ვადამდე გათავისუფლებული;
3. როდესაც სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ რაიონის გამგებლის თანამდებობა იყო პოლიტიკური თანამდებობა და პრეზიდენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამით სასამართლო კოლეგიამ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ რაიონის გამგებლის თანამდებობიდან რ. ს-ის გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური მოტივით და არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის საფუძველზე, როგორც ეს არის მითითებული საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულებაში, თუმცა აღნიშნული შეფასების გაკეთებისას სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე პირის გათავისუფლების მოტივი ფორმალურად მაინც არ შეიძლება იყოს პოლიტიკური;
4. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში, რომელშიც მოცემულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩამონათვალი, არ არის მითითებული რაიონის გამგებელზე, ხოლო აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გამგეობა და საკრებულო წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად;
5. გაუგებარია ის გარემოება, რომ საოლქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო რ. ს-ის სარჩელი, კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ კი, ფაქტობრივად, განიხილა იგი, ხოლო აღნიშნული სარჩელის სასამართლოში შეტანიდან ერთი წელი დასჭირდა იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოს განსჯადი იყო ხსენებული სარჩელი და ბოლოს აღმოჩნდა, რომ იგი არ ექვემდებარებოდა სასამართლო განხილვას;
6. სასამართლო კოლეგიამ არ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლებით და იმ შემთხვევაში, თუ რ. ს-ის სარჩელის განხილვა არ შედიოდა საერთო სასამართლოების კომპეტენციაში, სასამართლო კოლეგიას უნდა მიეთითებინა იმ დაწესებულებაზე, ვისთვისაც შეეძლო რ. ს-ეს მიემართა თავისი სარჩელით ან აღენიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება არც ერთ სასამართლო ან სახელმწიფო დაწესებულებაში არ საჩივრდებოდა;
7. თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტითა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 ოქტომბრის განჩინებით რ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს, ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობის პირებს კონსიტუციითა და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, რაიონის გამგებელს საკრებულოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ რაიონის გამგებლის გათავისუფლების შესახებ დავა ზოგადად არ წარმოადგენს სასამართლო უწყების ქვემდებარე სასარჩელო საქმეს, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულება თავისი ბუნებით კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მაგრამ არ შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს ცალმხრივი ნების გამოვლენად, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რაიონის გამგებლის თანამდებობაზე პირის დანიშვნა არ წარმოადგენს შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ გარიგებას, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი შრომის კანონმდებლობა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რაიონის გამგებლის თანამდებობიდან პირის გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულება სამართლებრივად არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტსა და რაიონის გამგებელს შორის ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე, მაგრამ აღნიშნულ ქვეპუნქტში ზოგადად მითითებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებისა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში კონკრეტიზირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ისინი, სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებიან გასაჩივრებას სასამართლო უწყებაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება სახელმწიფოში საშინაო პოლიტიკის წარმართვის მიზნით, პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშნოს და თანამდებობებიდან გაათავისუფლოს შესაბამისი თანამდებობების პირები, მათ, შორის, რაიონების გამგებლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებისა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში კონკრეტიზირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების დაშვება შეზღუდავდა სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის განხორციელების საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და რ. ს-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.