Facebook Twitter

საქმე №ას-940-2018 19 დეკემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ო." (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "მ." (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „მ–ი“-სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი ან პირველი კომპანია) და შპს „ო“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი ან მეორე კომპანია) შორის 2014 წლის 22 აგვისტოს დაიდო შეთანხმება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შეთანხმება ან ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა შემდეგი საქონელი: სამშენებლო ბეტონი B-25 - 500 კვ.მ; სამშენებლო ბეტონი B-22,5 - 50 კვ.მ; სამშენებლო ბეტონი W-8 - 8 კვ.მ; სამშენებლო ბეტონი -7,5 - 110 კვ.მ; ღორღი - ფრაქცია 5-40 მმ - 200 კვ.მ (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც სამშენებლო მასალები).

2. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის მიხედვით, გამყიდველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ნაკლიანი პროდუქციის შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების პროცესში დადგინდებოდა ასეთი ნაკლი. იმავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მყიდველი უფლებამოსილი იყო, შეემოწმებინა მიწოდებული პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა შეთანხმების პირობებთან და მოეთხოვა გამყიდველისათვის ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება. ხელშეკრულების 5.3. მუხლის მიხედვით, გამყიდველს მყიდველისთვის საქონელი შეკვეთაში მითითებული ხარისხისა და პირობების შესაბამისად უნდა მიეწოდებინა.

3. შეთანხმებით (პ. 4.2) მხარეებმა განსაზღვრეს ანგარიშსწორების წესი და პირობები, კერძოდ, სამშენებლო ბეტონის შემთხვევაში, ყოველი კონკრეტული მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების 100% წინასწარ უნდა დაფარულიყო, მყიდველის მიერ 4.2. პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის დაგვიანების შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0,2% ოდენობით.

4. მყიდველმა მანქანის მწარმოებელ კონცერნ „General Motors“- თან ურთიერთობის ფარგლებში, ამ უკანასკნელის წინაშე იკისრა ვალდებულება, 2015 წლის 8 თებერვლისათვის მოეწყო ავტომანქანების გასაყიდი სალონი. მოსარჩელის მიერ მიწოდებული სამშენებლო მასალები უნდა გამოყენებულიყო საძირკვლის ფილის მოსაწყობად.

5. მოსარჩელემ 2014 წლის 21 და 22 ოქტომბერს მოპასუხეს ჯამში 48 720 ლარის პროდუქცია მიაწოდა.

6. მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს, შესაბამისად, მყიდველმა ნასყიდობის საფასურის მხოლოდ ნაწილი - 17 506 ლარი აანაზღაურა.

7. 2014 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხემ წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ სტანდარტს (შესრულება იყო ნაკლიანი), კერძოდ, მყიდველის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბეტონის სიმტკიცე ვერ სცდებოდა 43%-ს (იხ. ს.ფ. 91-93). მოსარჩელეს განესაზღვრა ვადა ნაკლის აღმოსაფხვრელად, თუმცა ამ უკანასკნელმა მყიდველს პროდუქციის დამატებით მიწოდებაზე, უარი განუცხადა.

8. 2014 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა :

8.1. ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 31 214 ლარის ანაზღაურება;

8.2. პირგასამტეხლოს სახით დავალიანების 0,2%-ის ანაზღაურება, 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

8.3. პირგასამტეხლოს სახით, 62,42 ლარის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.4. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მან კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 2014 წლის 21 და 22 ოქტომბერს მოპასუხეს მიაწოდა 48 720 ლარის პროდუქცია (სამშენებლო მასალები), საიდანაც მყიდველმა პროდუქციის მხოლოდ ნაწილი აუნაზღაურა, შესაბამისად, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, ნასყიდობის საფასური სრულად აენაზღაურებინა და თანხის დაყოვნებისათვის ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოც გადაეხადა.

9. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ პროდუქციას ნივთობრივი ნაკლი ჰქონდა. მყიდველმა ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილი, მოსარჩელეს სახელშეკრულებო ვალდებულების არასათანადო შესრულების გამო, არ აუნაზღაურა. გამყიდველს უნდა უზრუნველეყო მხარეთა შორის შეთანხმებული ხარისხის პროდუქციის მყიდველისთვის ეტაპობრივად მიწოდება და ნაწილობრივი გადახდაც სწორედ აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად შესრულებასთან იყო დაკავშირებული. მოპასუხემ შეამოწმა ბეტონის ხარისხი და აღებული სინჯების საფუძველზე მე-7 დღეს ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა. სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამედიცინო და საექსპერტო ლიცენზირებული ლაბორატორიის ბეტონის საგამოცდო ოქმის მიხედვით, 17 ნიმუშის სიმტკიცე (კალსი) მერყეობდა 97.82 ერთეულიდან 2015.00 ერთეულამდე. მყიდველმა (მოპასუხემ) პროდუქციის საექსპერტო დასკვნის მიღებისთანავე შეატყობინა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი, როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ასევე - პირველადი დასკვნის შედეგად, არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ სტანდარტს, რის გამოც საფასურის გადახდის ვალდებულება მას ვერ დაეკისრებოდა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 31 214 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს სახით 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2014 წლის 17 დეკემბრამდე, არსებული დავალიანების (31 214 ლარის) - 0.05% -ის (15,60 ლარი), ჯამში - 873,99 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 28 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არსებული დავალიანების (31 214 ლარის) - 0.05% -ის (15,60 ლარის) ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 477-ე, 492-ე, 427-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ნაკლიანი შესრულების სამართლებრივი მოცემულობა გულისხმობს, როგორც ნივთის თვისებრივი შეუსაბამობის განსაზღვრას, ასევე, პროცედურულ ნაწილს, კერძოდ, მყიდველის უფლებას, განსაზღვროს სამოქალაქო წესრიგით სანქცირებული შედეგი, თუმცა, მყიდველის აღმჭურველი უფლება, როგორც მისი დაცვის საშუალება, უნდა განხორციელდეს ერთობლივად ყველა წინაპირობის დაცვით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის რეაგირება შემოიფარგლა მხოლოდ ნაკლზე მითითებით, არასრულყოფილად, რაც ნაკლოვანი შესრულების მოცემულობისას მყიდველის უფლების, როგორც მისი დაცვის საშუალების რეალიზებად ვერ შეფასდებოდა;

12.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები შესრულების პროპორციულობასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილი იყო ნაკლოვანი შესრულება, არ არსებობდა ძირითადი დავალიანების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი;

12.3. სააპელაციო პალატის დასკვნებით, იმ პირობებში, როდესაც არაჯეროვან შესრულებაზე მითითებას არ მოჰყოლია ფასის შემცირების მოთხოვნის უფლების სათანადო რეალიზება, არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უაარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

13.1. გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, მართალია, დაადგინეს ნაკლიანი საქონლის მიწოდების ფაქტი (დადგენილია, რომ მოსარჩელეს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია, რაც გამორიცხავდა სსკ-ის 477-ე და 487-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას), თუმცა, მიუხედავად ამისა, ნაკლის შედავების პროცედურული წესების განუხორციელებლობაზე მითითებით, სარჩელის ძირითადი მოთხოვნა ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდაზე მაინც დააკმაყოფილეს, რითაც შეცვალეს სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად არა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების (რაც არ დადასტურებულა), არამედ შედავების არაჯეროვნად განხორციელების ფაქტი დაუდეს;

13.2. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ ნაკლის არსებობის ფაქტის დადასტურება გავლენას ვერ მოახდენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

13.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდა სსკ-ის 492-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის აბსტრაქტულ შემადგენლობას, კერძოდ, მოპასუხეს განხორციელებული ჰქონდა შედავება ნაკლთან დაკავშირებით და მოთხოვნილი იყო მისი გამოსწორება, შესაბამისად, არ არსებობდა ზემოაღნიშნული მუხლის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული „ფასის შემცირების“ წინაპირობები, რაც დადგენილია ამავე მუხლის პირველი წინადადებით - „თუ მყიდველი არ ითხოვს ნაკლის გამოსწორებას ... მას შეუძლია, მოითხოვოს ფასის შემცირება“;

13.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. მას სსკ-ის 477.1, 477.2, 487-ე, 490-ე, 369-ე და 382-ე მუხლებით უნდა ეხელმძღვანელა;

13.5. არასწორია გასაჩივრებულ განჩინებებში განვითარებული მსჯელობა ნაკლთან დაკავშირებული შედავების უფლების განხორციელების თაობაზე. მოპასუხე არ იყო ვალდებული, ნაკლის მითითებასთან ერთად მოეთხოვა ფასის შემცირება, არამედ კასატორს (მყიდველს) უფლება ჰქონდა, პირველ რიგში, დაეფიქსირებინა ნაკლის არსებობა, უარი ეთქვა უხარისხო პროდუქციაზე, მოეთხოვა ნაკლის აღმოფხვრა და დაეყოვნებინა საფასურის გადახდა, რაც განახორციელა კიდეც.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უარყოფილ უნდა იქნეს.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და ასევე არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, გასაზიარებელია.

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) გამომდინარეობს.

17. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ უდავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ : მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება სხვადასხვა მარკის სამშენებლო ბეტონის მიწოდების თაობაზე. ყოველი კონკრეტული მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულების 100 % უნდა დაფარულიყო წინასწარ. 2014 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამში 48 720 ლარის პროდუქცია მიაწოდა, საიდანაც ამ უკანასკნელმა მხოლოდ 17 506 ლარი აანაზღაურა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,2 %-ის ოდენობით. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს, ანუ მიწოდებული სამშენებლო ბეტონის ფაქტობრივი თვისებრიობა არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო თვისებრიობას და აქედან გამომდინარე, სახეზე იყო ხარისხობრივი ნაკლი. აღნიშნულის თაობაზე 2014 წლის 29 ოქტომბერს მყიდველმა წერილობით აცნობა გამყიდველს და, განუსაზღვრა ვადა ნაკლის აღმოსაფხვრელად. მოსარჩელემ პროდუქციის დამატებით მიწოდებაზე უარი განაცხადა.

18. სსკ-ის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.

19. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ხარისხობრივი ნაკლის მქონე გვაროვნული ნივთი გადასცა, რის თაობაზეც, მყიდველმა გამყიდველს წარუდგინა პრეტენზია და მოითხოვა დამატებითი შესრულება, რაც სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გულისხმობდა ნასყიდობის საგნის შეცვლას. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ნაკლიანი პროდუქციის ნაცვლად, მოპასუხისათვის ახალი პროდუქცია არ მიუწოდებია.

20. საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისაგან მოეთხოვა ნასყიდობის საფასურის შემცირება.

20.1. კანონიდან გამომდინარე, ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი შესრულება (სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა და საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, გამყიდველმა უნდა შეცვალოს ეს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში). დამატებითი შესრულების მოთხოვნა უპირატესია სხვა მოთხოვნის უფლებებთან მიმართებით (იგულისხმება სსკ-ის 477-ე და 492-ე მუხლები - ფასის შემცირება, სსკ-ის 477-ე, 487-ე, 491-ე, 405.1-ე და 352.1-ე მუხლები - ხელშეკრულებიდან გასვლა, 477-ე, 494.1-ე, 394-ე.1-ე და 408.1-ე მუხლები - ზიანის ანაზღაურება). რადგანაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მყიდველმა გამყიდველს შესრულებულის ახლით შეცვლა მოსთხოვა, სსკ-ის 492-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურის შემცირების მოთხოვნის უფლებას იგი ვერ გამოიყენებდა.

20.2. აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, კერძოდ, როდესაც ნასყიდობის საგანს ხარისხობრივი ნაკლის მქონე გვაროვნული ნივთი წარმოადგენს, გამყიდველის ვალდებულება არა მისი გამოსწორება, არამედ მისი ახლით შეცვლაა. ამდენად, ნაკლიანი გვაროვნული ნივთის ნასყიდობისას მყიდველის მხრიდან ნასყიდობის საფასურის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად, აზრს მოკლებულია, ვინაიდან ნაკლიანი გვაროვნული ნივთი მთლიანად შეცვლას ექვემდებარება.

20.3. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხის მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელემ უხარისხო ნივთი არ შეცვალა ხარისხიანით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, და აქედან გამომდინარე, მოპასუხეს ნაკლიანი ნივთის (რომელიც შეცვლას ექვემდებარება) საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა.

21. ვინაიდან ნაკლიანი ნივთის ნასყიდობის გამო მყიდველს ნასყიდობის საფასურის გადახდა არ ევალება, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული საფასურის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

22. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული სასამართლო ხარჯის - 2 458.50 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს "ო-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „მ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „მ–ს“ (ს/კ ....) შპს „ო-ის“ (ს/კ ....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 458.50 (ორი ათას ოთხასორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი