Facebook Twitter

№ას-1047-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ვ.ჟ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ა(ა)იპ „ხ.დ.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.ჟ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ „ხ.დ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 32-ე, 37-ე, და 38-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ევროპის სოციალური ქარტია გამოიყენა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 14 ივნისს, 11:00 სთ-ზე, დადგინდა, რომ მხარეებს სხდომის თაობაზე ეცნობოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

5.2. 2018 წლის 14 ივნისს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, აპელანტს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა 2018 წლის 19 მაისს (იხ. ს.ფ. 206, 209, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).

6. სსსკ-ის 387-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387.1, 70-ე-78-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. მისი განმარტებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2018 წლის 14 ივნისს, 12:00 საათზე, მისი წარმომადგენელი უნდა გამოცხადებულიყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულ სხდომაზე. აღნიშნულის შესახებ მან სააპელაციო პალატას 2018 წლის 12 ივნისს აცნობა და, სსსკ-ის 216-ე მუხლის საფუძველზე, 2018 წლის 14 ივნისს დანიშნული სხდომის გადადების თაობაზე იშუამდგომლა. მიუხედავად იმისა, რომ მან შუამდგომლობას დაურთო ადვოკატის ორდერი, სააპელაციო სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ ყოფილა განპირობებული საპატიო მიზეზით; ამასთან, სასამართლოს არც უმსჯელია, თუ რატომ არ გაიზიარა წარდგენილი განცხადება. მოსარჩელემ კერძო საჩივარს დაურთო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მისი წარმომადგენელი 2018 წლის 14 ივნისს, 12:00 სთ-ზე იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სისიხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის ადვოკატის სტატუსით (იხ. ცნობა ს.ფ. 246).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

10. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.

11. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

13. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ დაადგენს, რომ, აპელანტისთვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უწყების ჩაბარების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

14. სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

15. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე, აპელანტი არ გამოცხადდა. ასევე, დადგენილია, რომ იმავე წლის 12 ივნისს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და საქმის გადადების თაობაზე იმ მოტივით იშუამდგომლა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, 12:00 საათზე, მონაწილეობას იღებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში. განცხადებას შუამდგომლობის ავტორმა დაურთო ორდერი.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროული გამოცხადებისათვის, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელი სადავო პერიოდში (2018 წლის 14 ივნისს) მონაწილეობას იღებდა სხვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმის განხილვაში (იხ. პ. 8), შესაბამისად, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას, იმავდროულად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო, ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინასწარ შეატყობინა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, სასამართლომ კი, საერთოდ არ იმსჯელა წარდგენილ შუამდგომლობაზე. ამდენად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-853-797-2017, 28.07.2017; №ას-955-917-2014, 24.07.2015; №ას-187-179-2016, 06.05.2016).

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ჟ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი