№ას-1146-1102-2016 25 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ი.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – კ.ჩ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 2 ივნისს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ...., ი.მ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) დაკბინა მეზობლის, კ.ჩ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე), აზიურმა ნაგაზმა.
2. 2013 წლის 2 ივნისს მოსარჩელეს, ძაღლის ნაკბენის გამო, მარცხენა მკლავზე გაუკეთეს ოპერაცია. ოპერაციისა და 10 დღის მკურნალობის ხარჯი მოპასუხემ გაიღო.
3. მოსარჩელე 2013 წლის 2 ივნისიდან მკურნალობდა შპს „ჯ.ჰ–ის“ ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, მარცხენა მხარის დიდი ზომის ნაფლეთოვანი ჭრილობების გამო. პაციენტი სარგებლობდა სადაზღვევო კომპანია „ა–ის“ კორპორაციული დაზღვევით და 2013 წლის 9 აგვისტომდე მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 602 ლარი, აქედან მოსარჩელემ 88.40 ლარი გადაიხადა (იხ. ს.ფ 104).
4. შპს „ჯ.ჰ–ის“ ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ჯანმრთელობის შესახებ #1756 ცნობის თანახმად (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა), მოსარჩელე 2013 წლის 2 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით მკურნალობდა ძაღლის დაკბენით გამოწვეულ ჭრილობაზე, 10 სექტემბრის ჩათვლით კი - იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
5. 2014 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ მიყენებული ზიანის, 3 500 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ცხოველმა მარცხენა მკლავსა და მთლიანად სხეულზე დაკბინა. მარცხენა მკლავზე გაუკეთდა ოპერაცია, სისტემატურად სჭირდება ძვირადღირებული მკურნალობა ხელის შენარჩუნების მიზნით. ტრანსპორტირების, წამლებისა და მკურნალობის ხარჯი მოპასუხემ ნაწილობრივ აუნაზღაურა. დაკბენის შემდეგ, მარცხენა იღლიის ფოსოში განუვითარდა ლიმფური კვანძი, გაუჩნდა სიმსივნური წამონაზარდი და დაუდგინდა დიაგნოზი - მარცხენა სარძევე ჯირკვლის კისტა. კვლავ სჭირდება ოპერაცია, სხივური მკურნალობა და მასაჟები.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის საავადმყოფოში ყოფნისა და შემდგომი მკურნალობის ყველა ხარჯი მან გაიღო, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებდა. რაც შეეხება შემდეგში სიმსივნურ დაავადებასთან დაკავშირებით გაწეულ სამედიცინო ხარჯს, მის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ეს ხარჯი ძაღლის დაკბენის გამო არ გაუღია.
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, განსახილველ საქმეზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ძაღლის დაკბენით გამოწვეული დაზიანებების, მოსარჩელის ამჟამინდელი მდგომარეობისა და საჭირო მკურნალობის, დაკბენის გამო სიმსივნის განვითარების შესაძლო რისკისა და სამკურნალო ხარჯის ოდენობის განსაზღვრის მიზნით. ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაევალა, რომელმაც შეასრულა სასამართლო განჩინებით განსაზღვრული ვალდებულება და მოამზადა #004025315 დასკვნა, თუმცა არ მიუღია საექპერტო მომსახურების საფასური, რომლის გადახდაც მოსარჩელეს დაევალა სასამართლოს განჩინებით, ამიტომ დასკვნა სასამართლოში არ გადაგზავნილა.
8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს, ზიანის - 742,92 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; სარჩელი ზიანის დარჩენილი თანხის, 2 758 ლარის, ანაზღაურების ნაწილში უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 408-ე, 992-ე, 1003-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ-ის, 46-ე, 55-ე და 169-ე მუხლები გამოიყენა.
8.1. რაიონულმა სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ექიმთან ვიზიტის, ჭრილობის შეხვევის, პოსტოპერაციული ჭრილობის დამუშავებისა და მედიკამენტების შეძენისათვის 2013 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, საერთო ჯამში დახარჯულია, 742,92 ლარი, დასტურდებოდა მის მიერ წარმოდგენილი სალარო აპარატის ჩეკებით, რომელთა გასაქარწყლებლად მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია.
8.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, დაკბენის გამო სიმსივნის განვითარებასთან დაკავშირებით და განმარტა, მართალია, მოსარჩელემ წარადგინა მტკიცებულებები, რომ მკურნალობდა ონკოლოგიურ დაავადებაზე, მაგრამ ვერ დაადასტურა, ეს დაავადება ძაღლის მიერ მიყენებული დაზიანების შედეგია.
8.3. სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან, მოსარჩელემ არ აანაზღაურა ექსპერტიზის ხარჯი, რაც სასამართლოსთვის დასკვნის გადაგზავნაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, მოპასუხის პოზიცია, რომ ონკოლოგიური დაავადება ძაღლის დაკბენისაგან არ განვითარებულა, ჩაითვალა დადასტურებულად და, შესაბამისად, მკურნალობის ხარჯის ანაზღაურებაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
9.აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. აპელანტის მტკიცებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, თითქოსდა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით დაინიშნა, რომლის ღირებულებაც შემდგომში არ გადაიხადა, რის გამოც დასკვნა საქმეში არ დევს, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა საქმის განხილვაზე. რეალურად, სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა ექსპერტიზა, შესაბამისად, ხარჯები სასამართლოს უნდა გაეწია და დასკვნაც გამოეთხოვა. ასეთ შემთხვევაში, ხარჯების გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს არ გააჩნდა.
9.2. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ მოპასუხემ მხოლოდ მკურნალობის 10 დღის ხარჯი გადაიხადა, ხოლო მკურნალობა 4 თვეზე მეტხანს და ამჟამადაც გრძელდება.
9.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რითაც ნაწილობრივ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მოსარჩელის ონკოლოგიური დაავადება (მარცხენა სარძევე ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნი) გამოიწვია თუ არა მოპასუხის ძაღლის დაკბენამ. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, 2013 წლის 3 ივლისის ჯანმრთლობის შესახებ ცნობისა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა) და ეროვნული სკრინინგცენტრის მიერ 2011 წლის 17 მარტს მოსარჩელისათვის ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასების საფუძველზე, პალატა მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, ჯერ კიდევ 2013 წლის 2 ივნისამდე (მოპასუხის ცხოველის მიერ ზიანის მიყენებამდე), ორივე მკერდში აღენიშნებოდა სარძევე ჯირკვლებში მოცულობითი წარმონაქმნი.
10.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა სათანადო, მტკიცებულება (სამედიცინო დასკვნა), რაც დაადასტურებდა ძაღლის ნაკბენის საფუძველზე, მარცხენა სარძევე ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნის ჩამოყალიბებას, რის გარეშეც მის მოთხოვნას, დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია.
10.3. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად აისახა ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით საპროცესო მოქმედებები და განმარტა, სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერიდან ირკვეოდა, რომ მოცემულ დავაზე, მართალია, ექსპერტიზა სასამართლოს ინიციატივით დანიშნა, თუმცა, ხარჯების გადახდა მთლიანად მოსარჩელეს დაეკისრა. პალატამ აღნიშნა, მიუხედავად სსსკ-ის 52-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევისა, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება არ გამოტანილა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
11.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, კერძოდ, მან მართლაც მოითხოვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, ძაღლის დაკბენის გამო მიღებული დაზიანების დანახარჯების შესახებ, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ამის შემდეგ კი, სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა ექსპერტიზა და, ბუნებრივია, თანხის გადახდაც მას ევალებოდა, ამან კი, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საქმის შედეგზე. მოპასუხემ მხოლოდ 10 დღის ხარჯი აუნაზღაურა, მკურნალობა კი, გაგრძელდა 4 თვეზე მეტხანს და ფაქტობრივად დღესაც გრძელდება, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ წარადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სარჩელი უარყოფილ იქნა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად აისახა ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებები, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ, სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. სსსკ-ის 219-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული სსკ-ის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება, განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხდებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას). განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე იშუამდგომლა ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, ისე, რომ არ დაუსაბუთებია, თუ რა საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობის წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
17. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მოსაზრებების განხილვის შემდგომ განსახილველ დავაზე დანიშნა ექსპერტიზა და მოსარჩელის მიერ, ექსპერტიზის ჩატარებაზე შუამდგომლობის გათვალისწინებით, ექსპერტიზიც ხარჯიც მას დააკისრა (იხ. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნისა და საქმისწარმოების შეჩერების შესახებ, ს.ფ. 138-140). ამასთან, ის ფაქტი, რომ ასეთი შუამდგომლობა მოსარჩელეს მართლაც ჰქონდა, თავად კასატორიც ადასტურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ექსპერტიზა თავისი ინიციატივით არ დაუნიშნავს.
18. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეს, ჯერ კიდევ, 2013 წლის 2 ივნისამდე (მოპასუხის ცხოველის მიერ ზიანის მიყენებამდე), ორივე მკერდში აღენიშნებოდა სარძევე ჯირკვლებში მოცულობითი წარმონაქმნი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (2013 წლის 3 ივლისის ჯანმრთლობის შესახებ ცნობა/სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა და ეროვნული სკრინინგცენტრის მიერ 2011 წლის 17 მარტს მოსარჩელისათვის ჩატარებული კვლევა) არ დასტურდება, რომ ონკოლოგიური დაავადება გამოწვეულია (მარცხენა სარძევე ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნი) მოპასუხის ძაღლის ნაკბენით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, ძაღლის ნაკბენსა და მოსარჩელის ონკოლოგიურ დაავადებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არ იკვეთება.
19. რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას, რომ 4 თვეზე მეტ ხანს მკურნალობდა და ამჟამადაც აგრძელებს, მაგრამ მოპასუხემ მხოლოდ 10 დღის ხარჯი აუნაზღაურა, თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, მკურნალობის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც ვერ წარადგინა და ამიტომაც სარჩელი უარყოფილ იქნა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხარეებს მოეთხოვებათ საკუთარი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ თითოეულმა მათგანმა სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მკურნალობის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: #ას-540-513-2014, 2015 წლის 16 იანვრის განჩინება; #ას-1262-1184-2015, 2016 წლის 12 თებერვლის განჩინება; ,#ას-903-865-2014, 2015 წლის 22 ივლისის განჩინება).
21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი