№ას-1370-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – გ.ა.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – თ.დ., დ.ლ–ძე, ნ.ბ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ა–მა (შემდეგში: მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა დ.ლ–ძის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), ნ.ბ–ისა (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და თ.დ–ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ქალაქ ხაშურში, ..... მდებარე უძრავ ქონებაზე - მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №...... (შემდეგში - ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობისა და ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
2. 2016 წლის 5 ოქტომბერს მესამე მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის, მ.ა–ისა და ნ.ჯ–ძის მიმართ (შემდეგში - შეგებებული სარჩელის მოპასუხეები) უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის გადაწყეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა, შეგებებული საჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა შეგებებული სარჩელის მოპასუხების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა შეგებებულ მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მე-4 და 102-ე მუხლები გამოიყენა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით, პელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით კი, მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 7 მარტს, 12:00 სთ-ზე. აღნიშნული სხდომა გადატანილ იქნა 2018 წლის 18 აპრილს, 16:00 სთ-ზე. დადგინდა, რომ მხარეებს სხდომის თაობაზე ეცნობოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6.2. 2018 წლის 18 აპრილს დანიშნულ სასამართლოს მთავარი სხდომა, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაიდო 2018 წლის 23 მაისს 16:00 სთ-ზე, მითითებულ დროს, სხვა სამოქალაქო საქმის განხილვის თანხვედრის გამო, სხდომა გადატანილ იქნა 2018 წლის 6 ივნისს, 16:00 სთ-ზე.
6.3. 2018 წლის 6 ივნისს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, იგი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულ იქნა 2018 წლის 26 აპრილს სატელეფონო შეტყობინებით (იხ. ტ. 3. ს.ფ. 73, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები). მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
7. სსსკ-ის 387-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387.1, 70-ე-78-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად უნდა შეფასებულიყო, ვინაიდან მისი განცხადების საფუძველზე 2018 წლის 18 აპრილს დანიშნული სხდომა ერთხელ უკვე გადაიდო და იგი კვლავ არ გამოცხადდა სხდომაზე, მის მიერ წარდგენილ განცხადებას არ ერთვოდა მტკიცებულება ავადმყოფობის შესახებაც, შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. მისი განმარტებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო ავადმყოფობის გამო, ამიტომაც ითხოვდა სხდომის გადადებას, მაგრამ, ჯანმრთელობის შესახებ ცნობის სასწრაფო წესით აუღებლობისა და წარუდგენლობის გამო, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. მოსარჩელემ კერძო საჩივარს დაურთო ჯანმრთელობის ცნობა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, ამასთან, მოსარჩელის მიერ სხდომის გადადების თაობაზე წარდგენილ შუამდგომლობას არ ერთვოდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.
12. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
13. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
14. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ დაადგენს, რომ, აპელანტისთვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უწყების ჩაბარების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
15. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ივნისს, 16:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე, აპელანტი არ გამოცხადდა. ასევე, დადგენილია, რომ იმავე დღეს მოსარჩელემ/აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით საქმის გადადების თაობაზე, განცხადებას არ ერთვოდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს (აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თავად მოხმობილი ნორმა საპატიო მიზეზად განიხილავს არა მხოლოდ ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შეუძლებლობას, არამედ იმ შემთხვევასაც, როდესაც პირი საერთოდ ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობას და ამას მოგვიანებით დაადასტურებს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დოკუმენტით. ამ მხრივ პალატა იზიარებს მოსარჩელის განმარტებას ფორმა #100/ა-ს დროულად მოუპოვებლობის შესახებ და ითვალისწინებს კერძო საჩივარზე დართულ სამედიცინო ცნობას, რომელიც გაცემულია 2018 წლის 27 ივლისს და ასახავს სააპელაციო სასამართლოს სხდომის დღეს არსებულ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას (ექიმთან მიმართვის თარიღი: 06.06.2018წ.). ცნობა დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით, ასევე, დაწესებულების ბეჭდით, ამასთანავე, ცნობის შინაარსით ირკვევა, რომ პაციენტს/აპელანტს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, სუნთქვის უკმარისობა, დიაგნოზი - არტერიული ჰიპერტეზია, ჰიპერტონული კრიზი, ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე. მართალია, სამედიცინო ცნობაში არ არის სასამართლოში გამოცხადების პირდაპირი აკრძალვა, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება, მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს (შდრ. სუსგ-ებები: №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი; №ას-187-179-2016, 6 მაისი, 2016 წელი), რამდენადაც სასამართლო ჯანმრთელობის ცნობას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105-ე მუხლით დადგენილი წესით;
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ა–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი