საქმე №ას-1198-2018 19 დეკემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ფ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. ბათუმში, .... მდებარე 502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით № .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება) ნ.ფ–ასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) და გ.ა–ძის თანასაკუთრებას წარმოადგენს (იხ. ს.ფ. 32-33; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. ქ. ბათუმში, ..... მდებარე 408 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 315,87 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ს/კ-ით № ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე უძრავი ქონება ან მოპასუხის საკუთრება) ი.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებაა (იხ. ს.ფ. 37-38; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
3. მოსარჩელისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ესაზღვრება, კერძოდ, მოპასუხის საცხოვრებელი სახლის კედელი, რომელზეც კარისა და ფანჯრის ღიობებია, ესაზღვრება მოსარჩელის კუთვნილ მიწის თავისუფალ ნაწილს, სადაც ნაგებობა განთავსებული არ არის.
4. 2017 წლის 24 თებერვალს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებული შენობის ფასადის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობილი კარისა და ფანჯრის ღიობების ამოშენების დავალდებულების, ასევე წყალსარინელის ისე მოწყობის მოთხოვნით, რომ წვიმის წყალს არ ედინა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხემ სამეზობლო საზღვრიდან 0.5 მეტრში, საცხოვრებელ სახლს მიაშენა დამატებითი ფართი, რომელსაც ამავე მხარეს დაუტოვა კარი და ფანჯარა. ღიობებთან დაკავშირებით მოსარჩელემ პროტესტი დროულად გამოხატა და დაიწყო დავა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხემ საჯარო რეესტრში მაინც მოახერხა უკანონოდ ნაწარმოები მშენებლობის დარეგისტრირება. მოპასუხე ვალდებული იყო სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი ღიობები ამოეშენებინა, რადგანაც ღიობების არაკანონიერად მოწყობით ილახებოდა მისი უფლებები, გარდა ამისა, მოპასუხე ვალდებული იყო წყალსარინელი სხვაგვარად მოეწყო, რათა წვიმის წყალს არ ედინა მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე.
5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, 2017 წლის 7 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებად დაირეგისტრირა. საცხოვრებელ სახლში მას შიდა სარემონტო სამუშაოების გარდა, სხვა ტიპის სამუშაოები არ უწარმოებია, კერძოდ, არც ფართი მიუშენებია სახლისთვის და არც ღიობები მოუწყვია, საცხოვრებელი სახლის გარეგნული სახე დარჩა ისეთივე, როგორიც დარეგისტრირებამდე იყო. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის საზღვარზე მოსარჩელეს არ გააჩნდა რაიმე შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ამ უკანასკნელს მომიჯნავედ მდებარე სახლის ღიობები ხელს ვერ შეუშლიდა. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მას წყალსარინელიც სათანადოდ ჰქონდა მოწყობილი, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წყალი არ გაედინებოდა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც, უსაფუძვლო იყო.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობის ფასადზე, სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარისა და ფანჯრის ამოშენება დაევალა. მასვე დაევალა წყალსარინელის ისე მოწყობა, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აღკვეთილიყო წყლის გადინება. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 174-ე-175-ე მუხლები, ასევე, ,,დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილება გამოიყენა.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალი გადაწყვეტილების მიღებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ფასადზე, სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარისა და ფანჯრის ამოშენება დაევალა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8.1. სააპელაციო პალატის დასკვნებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც კარისა და ფანჯრის ღიობები ემსახურება განათებასა და ჰაერგამტარობას, ასევე ეზოში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, რაც ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მოხმარებად განიხილება, ამასთან, ღიობების გასწვრივ, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე თავისუფალი სივრცეა და მასზე რაიმე ნაგებობა განთავსებული არ არის, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არსებითი ზემოქმედებისა და ხელყოფის ფაქტი არ დასტურდებოდა, რაც შეიძლება განათების, ინსოლაციისა და გადაადგილების დანიშნულებით არსებული მოხმარების აღკვეთის საფუძველი გამხდარიყო. ამდენად, მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების თვალსაზრისით, არ არსებობდა დავის გადასაწყვეტად, სსკ-ის 176-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა და უპირატესობა მოპასუხის ინტერესს უნდა მინიჭებოდა;
8.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ განახორციელა საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, ვერ დაამტკიცა მისი საკუთრების დაუშვებელი ხელყოფის ფაქტი. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესის უპირატესობა არ გამოიკვეთა, ღიობების გაუქმების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და ის არასწორად დაკმაყოფილდა;
8.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხის სახლი ერთსართულიანია და მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობის შემთხვევაში, ე.წ. „ჩაუხედავობის“ თვალსაზრისით, სადავო კარისა და ფანჯრის ღიობებიდან მეზობლის მიწის ნაკვეთზე არსებითი ხასიათის დაუშვებელ ზემოქმედებას ადგილი ვერ ექნებოდა.
8.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო, მოცემული დავის გადაწყვეტისას ,,დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის # 59 დადგენილების გამოყენებით, გასცდა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების ჩარჩოს.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
9.1. სააპელაციო პალატის დასკვნები სამართლებრივად დაუსაბუთებელია. მან არ გაითვალისწინა ,,დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის # 59 დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მიჯნის ზონაში დაუშვებელია ობიექტის განთავსება. პალატამ უგულებელყო ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ ხსენებული რეგულაციით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, შეილახა მოსარჩელის უფლებები;
9.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 176-ე მუხლი. პალატამ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების კარისა და ფანჯრის ღიობები არ ხელყოფდა მოსარჩელის უფლებებს, ვინაიდან ის უზრუნველყოფდა მოპასუხის საცხოვრებელი სახლის განათებასა და ჰაერგამტარობას, ასევე ეზოში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას;
9.3. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ როგორც „ჩაუხედავობის“, ასევე, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის კარისა და ფანჯრის ღიობების ამოშენება.
9.4. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობის შემთხვევაში, სადავო კარის ღიობიდან ზემოქმედება ვეღარ განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობაც კი არ ანიჭებს მოპასუხეს უფლებას, რომ მიჯნის ზონაში არსებულ კედელში ჰქონდეს ღიობები.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სამეზობლო საზღვრის მხარეს მოპასუხის კუთვნილ შენობაზე არსებული ღიობების ამოშენების დავალდებულების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 176-ე (მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა) მუხლი.
13.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 176-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, „მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა“. 176-ე მუხლი, შესაძლებელია ითქვას, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების მომწესრიგებელ 175-ე მუხლზე მაღლაც დგას იმ კონტექსტში, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან, განსახილველ შემთხვევაში, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა“ (შდრ. სუსგ # ას-413-396-2016, 15.07.2016).
14. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები წარმოადგენენ მომიჯნავედ მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეებს; მოპასუხის საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია, რომელსაც სასაზღვრო მიჯნის მხარეს გააჩნია ერთი კარისა და ერთი ფანჯრის ღიობი, რაც მიჯნიდან 0,5 მეტრის მანძილით არის დაშორებული; ფანჯრის ღიობი დაბურული მინისაა და ემსახურება განათებასა და ჰაერგამტარობას, კარის ღიობი კი, დახურულია და უზრუნველყოფს შენობიდან ეზოში თავისუფალ გადაადგილებას; სადავო ღიობების მქონე კედელი ესაზღვრება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაგებობისაგან თავისუფალ ნაწილს.
14.1. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სარჩელის საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ სადავო ღიობებით ილახება მოსარჩელის საკუთრების უფლება იმ კუთხით, რომ ის ვერ ახერხებს უძრავი ქონებით თავისუფლად სარგებლობას.
14.2. სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
14.3. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე სადავო ღიობების არსებობით მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებითი ხასიათის ზემოქმედება, რაც ამ უკანასკნელისთვის საკუთრებით სარგებლობის უფლების დაუშვებელ და აშკარა ხელყოფას გამოიწვევდა, არ ხორციელდება და მხოლოდ ის ფაქტი, რომ სადავო ღიობებიდან (რომლებიც პირველ სართულზე მდებარეობს) შესაძლებელია მოსარჩელის ეზოში „ყურება“, არ ქმნის მათი ამოქოლვის დავალდებულების საკმარის საფუძველს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც, მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი ფუნქცია მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებისთვის.
15. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში არარელევანტურია ,,დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილების გამოყენება, ვინაიდან აღნიშნული აქტი საჯარო-სამართლებრივი ხასიათისაა და განსახილველი კერძო-სამართლებრივი დავის მოსაწესრიგებლად არ გამოდგება.
16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა საკუთრებით სარგებლობის უფლების დაუშვებელი და აშკარა ხელყოფის ფაქტის არსებობა.
17. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა, შემდეგი: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. სრულიად ცხად წარმოდგენას ქმნის სიტყვები: „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები : № ას-368-352-2016, 21.10.16; : № ას-413-396-2016, 15.07.2016).
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილებბის დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ფ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი