25 დეკემბერი, 2018 წელი, საქმე № ას-1754-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - რ.დ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.დ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, რ.დ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ი.დ–თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შეგებებული სარჩელის ავტორი, მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2007 წლის 8 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას, დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოპასუხე ძირითადი მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილების, ე. და ა. დ–ბის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც არასრულწლოვნები ან ბავშვები) სასარგებლოდ, ალიმენტის, 350-350 ლარის დაკისრებას მოითხოვდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძირითად მოსარჩელეს, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტის, 180-180 ლარის გადახდა დაეკისრა, 2018 წლის 22 მაისიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძირითადმა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ყოველთვიური ალიმენტის ოდენობად, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, მხოლოდ 100 ლარის განსაზღვრის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო, შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით :
3.1. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ - 160 (80+80) ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა, კერძოდ, მან თითოეული არასრულოწლოვანი შვილისათვის ალიმენტის ოდენობად 180 ლარის ნაცვლად 100 ლარის განსაზღვრა მოითხოვა;
3.2. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და 365-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატებოდა (160X12=1920), რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ძირითადმა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 2000 ლარზე ნაკლები იყო, მან უგულებელყო ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძირითად მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ყოველთვიურად ალიმენტის სახით 180-180 ლარის, სულ 360 ლარის გადახდა დეკისრა, შესაბამისად, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 1 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა 4320 ლარს (360*12=4320) შეადგენდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
8. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
9. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, მოცემული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
10. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. დავის საგნის ღირებულება კი, როგორც უკვე აღინიშნა, დგინდება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლის პრეტენზია გააჩნია მხარეს (სსსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 წინადადება).
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, ძირითად მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 180-180 ლარის, ჯამში 360 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე დადგენილია, რომ აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, 160 (80+80) ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა, კერძოდ, მან თითოეული შვილისათვის ალიმენტის სახით 180 ლარის ნაცვლად 100 ლარის განსაზღვრა მოითხოვა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის ფასი განსახილველ შემთხვევაში, 1920 (160X12) ლარს შეადგენდა, რაც 2000 ლარზე ნაკლებია და სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
12. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა), (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).
13. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018; №ას-718-718-2018, 20.09.2018; Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).
14. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.დ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი