Facebook Twitter

საქმე №ას-1800-2018 25 იანვარი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „ჰ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ც., ნ.მ., ნ.ბ., ს.ს., ნ.გ.,დ.ს., ე.გ., მ.მ., ქ.ა., ქ.გ., ნ.ჯ., ა.ბ., გ.გ., ი.კ., მ.ჯ.,მ.ჩ., თ.გ., ნ.ც., მ.გ., მ.ბ., გ.თ., ს.ხ., თ.ფ., ნ.ს., ლ.ფ., თ.ჯ., ე.დ., მ.ს.ა, გ.ბ., ა.ფ., თ.კ., ლ.ტ.-გ., ა.ა., ვ.გ. (მოსარჩელეები)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების, კომპენსაციისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით მოსარჩელეთა განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს „ჰ.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, განმცხადებელი ან კომპანია) მისი კუთვნილი უძრავი ქონებების: 1) მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ..... /კ ..... დაზუსტებული ფართობი 14 329.00 კვ.მ. და 2) მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ......., საკადასტრო კოდი: ...... დაზუსტებული ფართობი 9 558.00 კვ.მ. 3) მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, .... საკადასტრო კოდი: ..... დაზუსტებული ფართობი 6 463 კვ.მ. - გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვა აეკრძალა.

2. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა და მოსარჩელეთა განცხადების, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განჩინება, ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული პირველი და მესამე ქონების (ს/კ ..... და ს/კ ......) ნაწილში გაუქმდა, ხოლო მეორე ქონების (ს/კ ......) ნაწილში, დაუსაბუთებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა.

4. ამ განჩინების მესამე პუნქტში დასახელებული განჩინება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს და მათი განცხადების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა.

6. 2017 წლის 20 ივნისს მოსარჩელეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებით ხელახლა მიმართეს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა საჩივარზე წარმოება შეწყდა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ამ განჩინების 1-3 პუნქტები).

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაეკისრა.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

14. ამ განჩინების მე-13 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა კომპანიამ მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით კომპანიის კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

17. 2019 წლის 8 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიამ და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.

18. განმცხადებლის განმარტებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სასარჩელო მოთხოვნის არათანაზომიერია და მხარეთა უფლებების დისბალანსს იწვევს, რის გამოც განმცხადებელს ზიანი ადგება. კომპანიის განცხადებით მასზე დაკისრებული თანხა დაახლოებით 300 000 ლარია, ის კეთილსინდისიერი კონტრაჰენტია, რომელიც მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მან სს „საპარტნიორო ფონდის“ წინაშე არსებული რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის დავალიანება სრულად დაფარა. მოპასუხის განმარტებით, მას პრობლემები ექმნება ინვესტორებთან, რადგან მის კუთვნილ უძრავ ქონებას ყადაღა ადევს, რის გამოც კომპანიის ლიკვიდურობა საფრთხეში დგას.

19. განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 1961-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ყადაღადადებული ქონების ღირებულება სარჩელის ფასს არსებითად არ უნდა აღემატებოდეს. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მას უძრავი ქონების გარდა, 1 316 732 ლარის ღირებულების სამედიცინო პრეპარატები გააჩნია, რომელზეც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაა შესაძლებელი. კომპანია მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სამედიცინო პრეპარატების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის გამოყენება შეიძლება, რის გამოც არ არსებობს რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების დაყადაღების აუცილებლობა.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა და უძრავი ქონების ნაცვლად სამედიცინო პრეპარატებზე ყადაღის დადება მოითხოვა (მედიკამენტების ნუსხა დანართის სახით განცხადებას თან ერთვის).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოპასუხის განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

21. საკასაციო სასამართლო მოპასუხის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზეა წარმოდგენილი, სსსკ-ის 196-ე მუხლს მოიხმობს, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016 წ.).

22. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით (იხ. მე-16 პუნქტი), ხოლო საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, ამდენად, იგი იურიდიულ ძალას იძენს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე (სსსკ-ის 264.3-ე მუხლი).

23. სსსკ-ის 1961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებისათვის სხვა ქონება (35 დასახელების სამედიცინო პრეპარატი) შესთავაზა და სანაცვლოდ მის კუთვნილ სამ უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა მოითხოვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თავდაპირველად მოპასუხის კუთვნილ სამ უძრავ ქონებაზე იყო გამოყენებული, თუმცა, განმცხადებლის საჩივრის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 15 მაისის განჩინებით ორ უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა და მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე დარჩა შეზღუდვა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ძალაში დარჩა (იხ. ამ განჩინების მე-3 და მე-10 პუნქტები).

24. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღინისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე და მიუთითა: „მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ბალანსის გონივრულად შეფასებისას, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია გადაწყვეტილების აღსრულებადობა, რაც რეალური უნდა იყოს. მოპასუხის შეთავაზება ეხება არა არსებულ ფაქტს - სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანას, არამედ მომავალ მოქმედებას, რაც უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“ (სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.). სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე „სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით“ (სუსგ # ას 1165-1095-2015, 25.11.2015წ.).

25. საკასაციო სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზნიდან გამომდინარე (სსსკ-ის 191-ე მუხლი), განმარტავს, რომ სამედიცინო პრეპარატი სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ნივთია, რომელსაც განსაკუთრებული შენახვის წესი, ფორმა და ვადა აქვს. იმისათვის, რომ სამედიცინო პრეპერატს ყადაღა დაედოს, უნდა მოხდეს მისი აღწერა, ამოღება და მესაკუთრისათვის ხელმიუწვდომლად განთავსება, რაც დიდ ხარჯებთან და პერიოდთან იქნება დაკავშირებული, ამასთან, აღნიშნული მოქმედება სამომავლოა, რის გამოც საფრთხე შეექმნება გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს ეწინააღმდეგება.

26. საკასაციო სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამედიცინო პრეპარატებზე გამოყენებას, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე მოსარჩელეთა წინაშე არსებულ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ შეასრულებს, დღის წესრიგში უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის საკითხი დადგება. იქედან გამომდინარე, რომ სამედიცინო პრეპარატზე შესაძლოა სახელმწიფო კონტროლი შეიცვალოს, გამკაცრდეს, ან ცალკეული პრეპარატი გამოყენებიდან იქნეს ამოღებული, ან მედიკამენტს გამოყენების ვადა გაუვიდეს (მით უმეტეს, როცა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხანდაზმულობის ვადა 10 წელს შეადგენს) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება საფრთხის ქვეშ დადგება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო გაუმართლებლად მიიჩნევს მოსარჩელეთა ინტერესის საფრთხის ქვეშ დაყენებას იმ პირობებში, როცა მოპასუხის მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის ფასის ადექვატურია.

27. საკასაციო სასამართლო აქვე იმასაც მიუთითებს, რომ როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, ის როგორც კეთილსინდისიერი კონტრაჰენტი ეჭვქვეშ არ დააყენებს მოსარჩელეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, აქედან გამომდინარე კი, ვინაიდან საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მოვალეს შეუძლია ვალდებულება შეასრულოს და სარჩელის უზრუნველყოფის ტვირთისგან სრულად გათავისუფლდეს.

28. ზემოაღნიშნული მოტივაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის განცხადების დასაბუთებულობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები შეუსრულებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 196-ე, 1961-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ჰ.ჯ–ას“ განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე