Facebook Twitter

საქმე №ას-1808-2018 28 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ვ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. ვ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. ვ–ს სს„თ-ის“ სასარგებლოდ №2-.. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების – 171,37 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 84,06 ლარი, პროცენტი – 4,58 ლარი, ჯარიმა – 82,58 ლარი და დაზღვევა 0,15 თეთრი; ნ. ვ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 84,06 ლარზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1,26 ლარს; ნ. ვ-ს სს „თ-ის“ სასარგებლოდ №2--... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების – 9952,19 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 9200 აშშ დოლარი, პროცენტი – 474,73 აშშ დოლარი, ჯარიმა – 256,46 დოლარი და დაზღვევა – 23 აშშ დოლარი; ნ. ვ–ს სს „თ-ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 9200 აშშ დოლარზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, წლიური 14,95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 114,61 აშშ დოლარს; ნ. ვ-ს სს „თ-ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 9200 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 46 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 აშშ დოლარს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ნ. ვ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების 1.1; 1,2; 1.4; 1.5; და მე-2 პუნქტები. სს ,,თ- ის“ სასარჩელო მოთხოვნა, №2-... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 171,37 ლარის და 2016 წლის 20 ივლისიდან – ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, ძირ თანხაზე - 84,06 ლარზედ წლიური 18% სარგებლის (ყოველთვიურად 1.26 ლარი) ნ. ვ–ისთვის დაკისრების თობაზე არ დაკმაყოფილდა. ნ. ვ-ს დაეკისრა სს ,,თ-ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან – ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე №2--... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნარჩენ დავალიანების ძირ თანხაზე წლიური 14.95%-ის გადახდა. ნ. ვ-ს დაეკისრა სს ,,თ- ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან – ვალდებულების სრულ შესრულებამდე №2-... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 9200 აშშ დოლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 46 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არა უმეტეს 500 აშშ დოლარს. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 10,08 ლარის, აგრეთვე 162,54 აშშ დოლარის ეკვივალენტი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სს „თ-ის“ წარმომადგენელ თ. ფ-ეს, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2018 წლის 12 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელ თ. ფ-ეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2018 წლის 12 დეკემბვერს. (იხ. ს.ფ.99). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 13 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი