საქმე №ას-1428-2018 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ლ-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი) და ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2007 წლის 10 იანვარს დაიდო №6 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ფოთის თეატრის შენობის მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობა.
3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება და მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის დარჩენილი თანხა – 1000 ლარი არ გადაუხადა. აღნიშნული თანხა ინფლაციის 5%-ის გათვალისწინებით შეადგენს 1050 ლარს.
4. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით, რაც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, 1050 ლარის გათვალისწინებით 20748 ლარია, ძირითადი თანხა – 1050 ლარი და პირგასამტეხლო – 20748 ლარი, სულ – 21798 ლარი. ასევე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 1816.50 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 5 ივნისს დაიდო №--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება და მოსარჩელეს არ გადაუხადა შესრულებული სამუშაოსათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის დარჩენილი თანხა – 1000 ლარი, აღნიშნული თანხა ინფლაციის 5%-ის გათვალისწინებით შეადგენს 1050 ლარს. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით, რაც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, 1050 ლარის გათვალისწინებით, შეადგენს 766.50 ლარს. ძირითადი თანხა – 1050 ლარი და პირგასამტეხლო – 766 ლარი შეადგენს 1816.5 ლარს.
6. ამავდროულად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მას მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი 10740 ლარის ოდენობით, ინფლაციის 5%-ის გათვალისწინებით ზიანი შედგენს 11277 ლარს. მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ ასევე საავტორო უფლების დარღვევის გამო 21000 ლარის გადახდა.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მერიამ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმულია. დანარჩენ ნაწილში კი მოთხოვნები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარისა და საადვოკატო ხარჯის – 40 ლარის გადახდა, სარჩელი ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე; გაუქმდა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა, საავტორო უფლებების დარღვევიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების თაობაზე და, ამ ნაწილში, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელეს (შემსრულებელს) და ფოთის მუნიციპალიტეტს (დამკვეთს) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა შეედგინა 400-450 მაყურებელზე გათვლილი თეატრის შენობის საპროექტო დოკუმენტაცია.
11. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის მუნიციპალიტეტს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა 163 843 ლარი.
12. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური აპელანტისათვის უნდა გადაეხადა პროექტის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში კი, ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, დამკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პროექტის ღირებულების 1%-ის ოდენობით.
13. აპელანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა და 2007 წლის 1 აგვისტოს შემკვეთმა შესრულებული სამუშაო მიიღო.
14. 2007 წლის 10 იანვარს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სამშენებლო-სარემონტო-სარეკონსტრუქციო-საპროექტო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
15. ამ ხელშეკრულების თანახმად, აპელანტს თეატრის მშენებლობაზე უნდა ეწარმოებინა საავტორო ზედამხედველობა. სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 30920 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2009 წლის 20 დეკემბერს.
16. 2012 წლის 5 ივნისს მხარეთა შორის კვლავ დაიდო ხელშეკრულება.
17. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს უნდა შეედგინა ფოთის თეატრის 450-ადგილიანი დარბაზის 600 ადგილამდე გაზრდისა და შესაბამისი თანმდები ფუნქციების – თეატრის შიდა ინტერიერის გადაწყვეტის პროექტი. მასვე უნდა გაეწია პროექტის შესრულების ზედამხედველობა.
18. ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 100 000 ლარი.
19. ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება და, საბოლოოდ, სამუშაოს შესრულების ვადა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა.
20. არც ამ ხელშეკრულებითა და არც მასში შეტანილი ცვლილებებით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა.
21. აპელანტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა შემკვეთმა მას შეთანხმებულზე 1000 ლარით ნაკლები გადაუხადა.
22. ხელშეკრულებათა საფუძველზე შესრულებული ყველა პროექტის ავტორს წარმოადგენდა მოსარჩელის ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ.
24. შესაბამისად, გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც ფოთის მუნიციპალიტეტს აპელანტის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა, კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო პალატა მას ვერ შეამოწმებდა.
25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 129-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 2005 წლის 20 ოქტომბრისა და 2007 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნები მართებულად მიიჩნია ხანდაზმულად.
26. სააპელაციო პალატამ, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ არც მუნიციპალიტეტის მერია და არც მისი რომელიმე სამსახური იურიდიული პირი არ არის. სსკ-ის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირი თვითმმართველი ერთეულია. შესაბამისად, რეალურად ყველა ხელშეკრულება დაიდო ფოთის მუნიციპალიტეტსა და მოსარჩელეს შორის და ამ ვალდებულებათა შესრულებაზე პასუხისმგებელი არა რომელიმე ადმინისტრაციული ერთეული, არამედ მუნიციპალიტეტი იყო. ამგვარად, სარჩელი, არსებითად, მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ იყო აღძრული.
27. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტს მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი წარმოადგენს.
28. როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ორივე ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე სხდომებზე გამოცხადდა.
29. უდავოა, რომ ყველა ხელშეკრულების თანახმად, აპელანტს შემკვეთის სასარგებლოდ სამუშაო უნდა შეესრულებინა, ხოლო შემკვეთს შეთანხმებული საზღაური უნდა გადაეხადა.
30. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების, ხოლო მეორე მხარე შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულებას, ნარდობაა. ამრიგად, ნათელია, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება იყო დადებული.
31. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამივე ხელშეკრულება ერთი, საერთო სამართლებრივი ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი არ არის.
32. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, მხარეთა შორის დადებული ყველა ხელშეკრულება ერთ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა აშკარაა, რომ, თითოეულ შემთხვევაში, მხარეები სხვადასხვა არსებით პირობებზე იყვნენ შეთანხმებულნი. როგორც აღინიშნა, 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებით აპელანტს თეატრის შენობის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეედგინა; 2007 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებით უნდა განეხორციელებინა პროექტის შესრულებაზე ზედამხედველობა, ხოლო 2012 წლის 5 ივნისის ხელშეკრულებით უნდა შეედგინა უკვე არსებული ინტერიერის რეკონსტრუქციის პროექტი. აშკარაა, რომ აპელანტმა არა ერთი მთლიანი, არამედ რამდენიმე სამუშაო შეასრულა და ყოველი შესრულებული სამუშაოსათვის დამოუკიდებელი ანაზღაურება მიიღო.
33. აღნიშნულის გამო, შემკვეთის ანაზღაურების ვალდებულება თითოეული ხელშეკრულებიდან ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს.
34. სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს აპელანტისათვის საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა გადაეხადა. შესაბამისად, 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთს გადახდის ვალდებულება 2007 წლის 1 აგვისტოს, ხოლო 2007 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 2009 წლის 20 დეკემბერს წარმოეშვა.
35. ამიტომ, სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 130-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტს სარჩელი ანაზღაურების დაკისრების თაობაზე პირველ შემთხვევაში – 2010 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო მეორე შემთხვევაში 2012 წლის 20 დეკემბრამდე უნდა აღეძრა. ფაქტობრივად, სარჩელი 2015 წლის 28 მაისს აღიძრა. ეს კი ნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.
36. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებათა საფუძველზე, აპელანტს შემკვეთისათვის უძრავ ნივთზე უფლება კი არ უნდა გადაეცა, არამედ სამუშაო უნდა შეესრულებინა. შესაბამისად, ხელშეკრულების საგანი არა უძრავი ნივთი, არამედ შესასრულებელი სამუშაო – პროექტი და ზედამხედველობა იყო. ამიტომ, ამ სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის გამოყენება შეუძლებელია. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნა მაინც ხანდაზმული იქნებოდა.
37. სააპელაციო პალატის აზრით, რადგან ძირითადი მოთხოვნა ხანდაზმული იყო, სსკ-ის 145-ე მუხლის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია ხანდაზმულად აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც. მითუმეტეს, რომ 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულების გარდა, პირგასამტეხლოს არც-ერთი ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
38. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2005 წლის 20 ოქტომბრისა და 2007 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილი არ ყოფილა.
39. სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობას არა კრედიტორის მოთხოვნა, არამედ მოვალის მიერ ვალდებულების არსებობის აღიარება წყვეტს. აპელანტმა კი ვერ დაამტკიცა, რომ მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემდეგ, შემკვეთმა რაიმე ფორმით ვალდებულების არსებობა აღიარა და თანხის გადახდა იკისრა.
40. ამრიგად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2005 წლის 20 ოქტომბრისა და 2007 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების დაკისრების თაობაზე მართებულად არ დააკმაყოფილა.
41. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 5 ივნისის ხელშეკრულება პირგასამტეხლოს არ ითვალისწინებდა. ამიტომ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დაკისრების თაობაზე სასამართლომ აპელანტს უარი სავსებით სწორად უთხრა.
42. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ქონებრივი უფლებების გარდა, აპელანტს სარჩელი საავტორო უფლებების დარღვევის გამოც ჰქონდა აღძრული. აპელანტის განმარტებით, შესრულებული სამუშაოს მიღების შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარემ, ავტორის ნებართვის გარეშე, არქიტექტურულ ნაწარმოებში შეიტანა ცვლილება, რითაც იგი ხელყო და ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები დაარღვია.
43. „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, მუნიციპალიტეტს ნაწარმოებზე არაქონებრივი უფლებები არ ეკუთვნოდა და ნაწარმოების ავტორი უფლებამოსილი იყო, ნაწარმოებზე პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა მოეთხოვა, თუმცა, კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები.
44. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნაწარმოებები, რომლებსაც აპელანტი ხელყოფილად მიიჩნევს, მოსარჩელე საზოგადოების დირექტორმა შექმნა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწარმოებებზე არაქონებრივი უფლებები მას, როგორც ფიზიკურ პირს და არა მოსარჩელე შპს-ს გააჩნია. ეს კი ნიშნავს, რომ, სინამდვილეში ამ ნაწილში, მოთხოვნის უფლების მქონე პირი, ე.ი. სათანადო მოსარჩელე არა შპს, არამედ მისი დირექტორია.
45. სსსკ-ის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ შპს-ს არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლა შესთავაზა. სასამართლოს ამ შეთავაზებას შპს-ს დირექტორი დაეთანხმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი არ არის უფლებამოსილი, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე არასათანადო მხარე სათანადოთი შეეცვალა.
46. სსსკ-ის 380-382-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლში მხარეთა საპროცესო უფლებების რეალიზაცია მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ეს კი სამართალწარმოების შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპებს დაარღვევს. ამის გამო, საავტორო უფლებების დაცვის ნაწილში, საქმე საქალაქო სასამართლოს უნდა დაურუნდეს ხელახლა განსახილველად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
47. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, საავტორო უფლებების დარღვევიდან გამომდინარე, თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
48. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საავტორო უფლებების დაცვის ნაწილში მოთხოვნის უფლების მქონე პირად ჩათვალა არა შპს, არამედ მისი დირექტორი, როგორც ფიზიკური პირი.
49. სადავო ხელშეკრულებები დაიდო თვითმმართველ ქალაქ ფოთსა და მოსარჩელე შპს-ს შორის, შესაბამისად, კონტრაჰენტს წარმოადგენს იურიდიული და არა ფიზიკური პირი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სახელშეკრულებო ურთიერთობაშია იურიდიულ პირთან – შპს-სთან, შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულების ვალდებულება წარმოეშვა იურიდიულ პირს – შპს-ს.
50. სსკ-ის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებშიც (სსკ-ის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს – შემკვეთსა და მენარდეს გააჩნიათ.
51. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს პრინციპებს, რომ მხარეთა ნების ავტონომია გარანტირებულად დაცულია. მხარეებს შეუძლიათ, განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება, ისინი თავისუფლად განკარგავენ საკუთარ უფლებებს, შედიან ურთიერთობაში კონტრაჰენტთან და დებენ გარიგებებს. სამოქალაქო სამართალი არის მხარეთა თავისუფალი ნების სამართალი, მხარეები მაქსიმალურად თავისუფლად განაგებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს და ფარგლებს. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. განსახილველი სარჩელი ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას ემყარება, რომლის ფარგლებშიც, მენარდე მოითხოვს ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის შემკვეთისათვის დაკისრებას, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. მოხმობილი ნორმის თანახმად კი, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ კატეგორიის დავისათვის მენარდის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი.
52. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართა სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარემ, იურიდიულმა პირმა – შპს-მ, რომელთანაც თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიამ გააფორმა სადავო ნარდობის ხელშეკრულებები. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ფოთის თეატრის შიდა ინტერიერის პროექტის მომზადება და ზედამხედველობა. მოსარჩელეს დაევალა თეატრის შიდა ინტერიერის პროექტის მომზადება და ზედამხედველობა, ეს უკანასკნელი კი სადავოდ ხდის მერიის მხრიდან მასთან შეუთანხმებლად მოსარჩელის დაპროექტებული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მონუმენტის განთავსებას. თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დაპროექტებაზე მხარეები არ შეთანხმებულან. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და სცდება ხელშეკრულების ფარგლებს.
53. გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი შპს-ს დირექტორთან, როგორც ფიზიკურ პირთან რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობაში არასდროს ყოფილა, შესაბამისად, მას, როგორც ფიზიკურ პირს, სადავო ხელშეკრულებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართ საკუთარ თავზე, როგორც მხარეს, რაიმე ვალდებულება არ აუღია.
54. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელე საზოგადოების დირექტორი შპს-ს სახელით, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და უშუალოდ დირექტორს, როგორც ფიზიკურ პირს შორის რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას. მითითებულ გარემოებას ასევე არ ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რამდენადაც ისინი შედგენილია არა ფიზიკური პირის, არამედ მოსარჩელე შპს-ს სახელზე. შპს, როგორც იურიდიული პირი და შპს-ს დირექტორი, როგორც კერძო პირი, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სრულიად სხვადასხვა სუბიექტებია. შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარე არის მოსარჩელე საზოგადოება, რომელმაც მიმართა სასამართლოს, როგორც იურიდიულმა პირმა.
55. ამასთან, კასატორმა მიუთითა სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელე ითხოვდა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. მას არ აქვს მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არა აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმის დასადასტურებლად, რომ მას მიადგა მორალური ან მატერიალური ზიანი. ამასთან, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მორალურ ზიანთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იურიდიულ პირს და კანონით, ამ შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების შესაძლებლობა. შესაბამისად, დადგენილია, რომ ამ ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
56. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას საავტორო უფლების დარღვევის ნაწილში, საქალაქო სასამართლო განმარტა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-8 ნაწილების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა თეატრის მშენებლობის არქიტექტურული სამუშაოები და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება.
57. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ამ შემთხვევაში, შესრულებული არქიტექტურული ნაწარმოების საავტორო უფლება ეკუთვნის დამკვეთს – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოპასუხეს, როგორც თეატრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, ამავე თეატრის არქიტექტურული პროექტის საავტორო უფლების მესაკუთრეს ჰქონდა უფლება, განეთავსებინა მონუმენტი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხის ამ ქმედებით დამახინჯდა არქიტექტურული ნაწარმოები და შეილახა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია. ამ გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლოს საფუძვლიანად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, საავტორო უფლების დარღვევისათვის მოპასუხეებზე თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
58. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
59. მოსარჩელე კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე საქმეში არსებული მტკიცებულებები და სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ შეაფასა. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა მოცემულ საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
60. მოსარჩელის მითითებით, ქ. ფოთის სასამართლოში პროცესი წარიმართა და სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იქნა სსსკ-ის ნორმების უხეში დარღვევით. სასამართლო პროცესზე ქ.ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურს წარმომადგენლის სახით წარმოადგენდა არაუფლებამოსილი პირი, რომლის სახელზე აღნიშნული მოპასუხის მიერ წარმომადგენლობა სსსკ-ის 96-ე მუხლით დადგენილი წესით გაცემული არ იყო. აღნიშნული პირი მთელი სასამართლო წარმოების დროს იღებდა მონაწილეობას პროცესებში და მოსარჩელის არაერთგზის შუამდგომლობამ, სასამართლოს აღნიშნული პირი არ დაეშვა პროცესზე მონაწილეობის მისაღებად, არანაირი შედეგი არ გამოიღო. მეტიც, ზემოხსენებული საფუძვლით, იმდენად რამდენადაც მოპასუხის არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე ნიშნავდა მოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას და ამავე დროს ამას ასევე რეალურად და ფაქტობრივად ადგილი ქონდა, მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოპასუხე ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლომ მოთხოვნა სრულიად უკანონოდ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულით უხეშად დაირღვია სსსკ-ის 230-ე და 2321 მუხლის მოთხოვნები. ამდენად, ფაქტობრივად ამ ნაწილში აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, მოსარჩელემ გაასაჩივრა განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ.
61. მოსარჩელე კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სსსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებული იყო საქმის განხილვის მოსამზადებელ ან მთავარი სხდომის სტადიაზე არასათანადო მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით, თუკი იგი ამგვარ საჭიროებაში დარწმუნდებოდა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მოპასუხე მხარე ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური არასათანადო მოპასუხედ ჩათვალა აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მაშინ, როდესაც ეს უნდა გაეკეთებინა სასამართლო განხილვის ადრეულ სტადიებზე. ამით სამართლებრივად და ფაქტობრივად საქმეში მონაწილეობა მიაღებინა არასათანადო მოპასუხეს, ხოლო სათანადო მოპასუხეს არ მისცა პროცესზე მონაწილეობის საშუალება.
62. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 129-ე და 130-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ, 2007 წლის 10 იანვრის №6-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და მოსარჩელეს აღნიშნული ხელშეკრულებით თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წლის 30 დეკემბრიდან. საქმე იმაშია, რომ ამ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არასრულად და არასწორად არის მითითებული აღნიშნული ხელშეკრულების 2007 წლის 10 იანვრის 3--- ხელშეკრულების საგანი, კერძოდ, ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ეხებოდა უძრავ ნივთს – თეატრის ნაგებობისა და მშენებლობის არქიტექტურულ პროექტს. ამდენად, ხანდაზმულობის მომენტი უნდა გამოითვალოს სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სარჩელის შეტანამდე ხანდაზმულობა არ დარღვეულა. ამასთან, ფაქტობრივ უსწორობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ზემოხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა წარმოეშვა 2009 წლის 30 დეკემბრიდან. მოსარჩელე 30 დეკემბრის შემდეგ როგორც წერილობით, ასევე ზეპირსიტყვიერად არაერთხელ მიმართავდა მოპასუხეს, გადაეხადა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, რაზედაც მოპასუხე იძლეოდა თანხმობას და ითხოვდა დროს. შემდგომ მოპასუხე ქ. ფოთის მერების ხშირი ცვლილებების შედეგად მოსარჩელისათვის 2013 წელს გახდა ცნობილი, რომ მოპასუხე არ აპირებდა სადავო თანხის გადახდას. აღნიშნული გარემოებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს არ გაუშვია ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2013 წლიდან, რადაგან მოსარჩელემ სწორედ ამ წლიდან შეიტყო მოპასუხის მიერ მისი უფლების დარღვევის შესახებ.
63. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლები, მათ შორის, მე-3 მუხლი, 43-ე მუხლის მე-8 ნაწილი, როდესაც ჩათვალა, რომ შეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლება ეკუთვნის შემკვეთს. აღნიშნული კანონის თანახმად, შემკვეთს ეკუთვნის არა საავტორო, არამედ ქონებრივი უფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს კანონის ეს განმარტება არასწორია.
64. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 413-ე მუხლი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იურიდიულ პირს და მისთვის კანონი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ის 18-ე მუხლი, რომლის თანახმადაც პირს უფლება აქვს, დაიცვას თავისი პირადი არაქონებრივი უფლებები და მათ შორის საქმიანი რეპუტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსარჩელეს როგორც იურიდიულ პირს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
65. მოსარჩელე კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 394-ე და 629-ე მუხლები, ასევე, არ გამოიყენა კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა.
66. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით – მოპასუხე ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ამავე წლის 13 ნოემბრის განჩინებით კი – მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დადგინდა, რომ მოსარჩელე კასატორს სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობიდან – 2250 ლარიდან 300 ლარის გადახდის პირობებში დარჩენილი 1950 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
67. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
68. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელეს (შემსრულებელს) და ფოთის მუნიციპალიტეტს (დამკვეთს) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა შეედგინა 400-450 მაყურებელზე გათვლილი თეატრის შენობის საპროექტო დოკუმენტაცია.
69. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის მუნიციპალიტეტს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 163 843 ლარი.
70. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური აპელანტისათვის უნდა გადაეხადა პროექტის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში კი, ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, დამკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პროექტის ღირებულების 1%-ის ოდენობით.
71. აპელანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა და 2007 წლის 1 აგვისტოს შემკვეთმა შესრულებული სამუშაო მიიღო.
72. 2007 წლის 10 იანვარს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სამშენებლო-სარემონტო-სარეკონსტრუქციო-საპროექტო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
73. ამ ხელშეკრულების თანახმად, აპელანტს თეატრის მშენებლობაზე უნდა ეწარმოებინა საავტორო ზედამხედველობა. სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 30920 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2009 წლის 20 დეკემბერს.
74. 2012 წლის 5 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის მოსარჩელეს უნდა შეედგინა ფოთის თეატრის 450-ადგილიანი დარბაზის 600 ადგილამდე გაზრდისა და შესაბამისი თანმდები ფუნქციების – თეატრის შიდა ინტერიერის გადაწყვეტის პროექტი. მასვე უნდა გაეწია პროექტის შესრულების ზედამხედველობა.
75. ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 100 000 ლარი.
76. ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება და, საბოლოოდ, სამუშაოს შესრულების ვადა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა.
77. არც ამ ხელშეკრულებითა და არც მასში შეტანილი ცვლილებებით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა.
78. აპელანტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა შემკვეთმა მას შეთანხმებულზე 1000 ლარით ნაკლები გადაუხადა.
79. ხელშეკრულებათა საფუძველზე შესრულებული ყველა პროექტის ავტორს წარმოადგენდა მოსარჩელის ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი.
80. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხე კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების მხარედ მოსარჩელე შპს-ს დირექტორი, როგორც ფიზიკური პირი. მოპასუხეს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდა მოსარჩელე საზოგადოებასთან.
81. მოსარჩელე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა არაუფლებამოსილი პირი, რის გამოც მოპასუხე უნდა ჩათვლილიყო გამოუცხადებელ მხარედ და მის მიმართ მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება; სააპელაციო სასამართლოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უნდა გამოეთვალა უძრავ ნივთებზე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნისათვის განსაზღვრული წესით და ვადის ათვლა დაეწყო მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ 2013 წელს შეიტყო მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ; სააპელაციო სასამართლომ ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური არასათანადო მოპასუხედ ჩათვალა აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მაშინ, როდესაც აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სასამართლო განხილვის ადრეულ სტადიებზე; არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იურიდიულ პირს და მისთვის კანონი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს, მოსარჩელეს როგორც იურიდიულ პირს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
82. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
83. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
84. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
85. საკასაციო პალატა მოპასუხე კასატორის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობად ვერ მიიჩნევს მხარის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააბრუნა მოცემული საქმე პირველი ინსტანციის წესით განსახილველად და მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების მხარედ, მოსარჩელე საზოგადოების ნაცვლად, აღნიშნული შპს-ს დირექტორი ჩათვალა.
86. გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად საქმე დააბრუნა არა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის, არამედ მხოლოდ საავტორო უფლების დარღვევის ნაწილში. აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდევს არა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ მოთხოვა მოპასუხე მერიის მხრიდან ავტორის ნებართვის გარეშე, არქიტექტურულ ნაწარმოებში ცვლილების შეტანა, რის შედეგადაც შესაძლოა ხელყოფილ იქნა ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მითითებული მოთხოვნა არ შეიძლება მომდინარეობდეს შპს-საგან და, პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმ ინსტანციის სასამართლოს, რომელიც პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით უფლებამოსილია, გადაწყვეტოს სათანადო მხარის დავაში ჩაბმის საკითხი. მით უფრო, რომ, როგორც სააპელაციო პალატა უთითებს, მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა, შპს-ს ნაცვლად, სათანადო მოსარჩელედ საქმეში ჩაებას მისი დირექტორი, როგორც ფიზიკური პირი.
87. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოპასუხის მხრიდან არაუფლებამოსილი პირი.
88. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და მოსარჩელე კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტის გასაქარწყლებლად, რომ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე პროცესში მონაწილეობდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უფლებამოსილი წარმომადგენელი.
89. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე მართებულად განსაზღვრა მოპასუხე მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი სტატუსი, მისი სახელით სასამართლო დავაში მონაწილოებაზე უფლებამოსილების საკითხი და ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების მხარეს სწორედ მერია წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური სათანადო მხარედ მართებულად არ იქნა მიჩნეული.
90. ამასთან, საქმის განხილვის შედეგზე ზეგავლენას ვერ მოახდენს არასათანადო მოპასუხის საკითხის გადაწყვეტა საქმის განხილვის რომელ ეტაპზე განხორციელდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, რომ მოპასუხე – ქალაქ ფოთის მერია სასამართლო დავაში წარმოდგენილი იყო უფლებამოსილი პირების მიერ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებულები დაერთო საქმეს.
91. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მერიის წარმომადგენელი საქმის განხილვაში მონაწილეობდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღნიშნული გამორიცხავდა მხარის მიმართ სსსკ-ის XXVI თავის ამოქმედებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
92. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს მოსარჩელე კასატორის პოზიციას ვერც სასარჩელო მოთხოვნების ნაწილის ხანდაზმულობის შესახებ.
93. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).
94. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).
95. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
96. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მოძნაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოპსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20903 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
97. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასეე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობის შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
98. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
99. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს.( იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).
100. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.
101. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შემოწმებისას სააპელაციო პალატას სადავო ურთიერთობაზე უნდა გაევრცელებინა უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულებისათვის განსაზღვრული 6-წლიანი ვადა, ვინაიდან ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს ურთიერთუფლება-მოვალეობები წარმოეშვათ, შეეხებოდა მომსახურების გაწევას, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას და მენარდისათვის გასამრჯელოს გადახდას შესრულებული სამუშაოსათვის, რა შემთხვევაშიც მოქმედებს ზემოთ მითითებული ნორმით დადგენილი სასარჩელო მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
102. კასატორს დასაბუთებული შედავება არ დაუპირისპირებია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ გარემოებების საწინააღმდეგოდ, რომ, 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთს გადახდის ვალდებულება 2007 წლის 1 აგვისტოს, ხოლო 2007 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 2009 წლის 20 დეკემბერს წარმოეშვა.
103. შესაბამისად, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნები ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით უნდა წარედგინა პირველ შემთხვევაში – 2010 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო მეორე შემთხვევაში – 2012 წლის 20 დეკემბრამდე. მან კი სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2015 წლის 28 მაისს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
104. ამასთან, მოსარჩელე კასატორმა ვერც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა დაადასტურა.
105. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მოსარჩელის პრეტენზია იურიდიული პირიათვის შელახული საქმიანი რეპუტაციის საკომპენსაციოდ მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია, კონკრეტულად რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან საზოგადოების საქმიანი რეპუტაციის შელახვა და არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ მტკიცების სტანდარტს.
106. საკასაციო სასამართლო დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს მოსარჩელე კასატორის მითითებას სააპელაციო პალატის მიერ „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების განმარტებასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან მხარის მოსაზრება სათანადო დასაბუთებას არ შეიცავს.
107. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
108. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
109. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
110. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
111. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
112. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
113. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დადგინდა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობიდან – 2250 ლარიდან 300 ლარის გადახდის პირობებში დარჩენილი 1950 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
114. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 375 ლარის ანაზღაურება (2250-ის 30%=675), 300 ლარი კასატორმა გადაიხადა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ლ-ის“ საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ლ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 375 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი