საქმე №ას-1463-2018 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – ა. ჯ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მეორე კასატორი – შპს „თ-ია“ (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 20 აგვისტოს N03.08.15 განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე დაინიშნა კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის N16.25.383 განკარგულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე -მერი) 2016 წლის 26 აპრილის N10-2/21455 სამსახურებრივი ბარათის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის N10-38/21454 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ა. ჯ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან პირველი კასატორი ან დირექტორი) გათავისუფლდა შპს „თ-იის“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია ან მეორე კასატორი ან დამსაქმებელი) გენერალური დირექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა ახალი გენერალური დირექტორი.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა დამსაქმებლისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
4. ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის N16.25.383 განკარგულების პირველი პუნქტის ბათილად ცნობა დასაქმებულის მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
5. ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის N16.25.383 განკარგულების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა მოპასუხე კომპანიის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან;
6. გ)მოსარჩელის აღდგენა მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე;
7. დ) მოპასუხე კომპანიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 28 აპრილიდან სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს (4 800 ლარი) ოდენობით იძულებითი მოცდენის ყოველი თვისთვის.
8. ე) მოპასუხე კომპანიისათვის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურება მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
9. ვ) მოპასუხე კომპანიისათვის გენერალური დირექტორის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს (4 800 ლარი) გამოუყენებელი შვებულების (24 სამუშაო დღე) სახით დაკისრება;
10. ზ) მოპასუხე კომპანიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2016 წლის 28 აპრილიდან სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე კვარტალური პრემიის/სახელფასო დანამატის (4 800 ლარი) ოდენობით იძულებით მოცდენის ყოველი 3-თვიანი პერიოდისათვის.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის N16.25.383 განკარგულების პირველი პუნქტის მოსარჩელის მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის N16.25.383 განკარგულების მე-2 პუნქტი მოპასუხე კომპანიის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან, არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნა მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა დაეკისროს მოპასუხე კომპანიას მოსარჩელისათვის განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 28 აპრილიდან სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს (4 800 ლარი) ოდენობით იძულებითი მოცდენის ყოველი თვისთვის, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე კომპანიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა ზიანის ანაზღაურება კომპანიის გენერალური დირექტორის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოპასუხე კომპანიას დაეკისრა დირექტორის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ერთი თვის თანამდებობრივი სარგო (4 800 ლარი) გამოუყენებელი შვებულების (24 სამუშაო დღე) სახით. მოსარჩელის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ 2016 წლის 28 აპრილიდან სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე კვარტალური პრემიის/სახელფასო დანამატის (4 800 ლარი) ოდენობით იძულებით მოცდენის ყოველი 3 თვიანი პერიოდისთვის - არ დაკმაყოფილდა.
12. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით: მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით ორივე სააპელაციო საჩივარი უარყოფილი იქნა.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ:1,2-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კომპანიის წესდების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტით გენერალურ დირექტორს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოების პარტნიორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 8.4 პუნქტიც განსაზღვრავს, რომ გენერალურ დირექტორთან ხელშეკრულებას დებს საზოგადოების პარტნიორი. იგივე წესი არის განსაზღვრული კომპანიის დირექტორატის დებულების 3.2. პუნქტის შესაბამისად.
16. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, კომპანიის ერთადერთ, 100% წილის მფლობელ აქციონერს წარმოადგენს ქ. თბილისის მერია, რომელმაც მიიღო კომპანიის გენერალურ დირექტორად მოსარჩელის დანიშვნის გადაწყვეტილება და რომელიც ამ სტატუსით დარეგისტრირდა რეესტრში.
17. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 01/07/2009წ. N01-15/45 ბრძანებით კომპანიის გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 4 800 ლარით ყოველთვიურად (დარიცხული ხელფასი) და ყოველკვარტალური დანამატით ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (4 800 ლარი).
18. კომპანიის 03/09/2015 წლის N160 ბრძანებით ასევე დამტკიცდა საშტატო განრიგის ძირითადი პარამეტრები დანართი N1-ის მიხედვით, რომლის შესაბამისადაც გენერალური დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 4 800 ლარს.
19. მოსარჩელის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული ოდენობებით ხელფასისა და დანამატების დარიცხვა დასტურდება კომპანიის მთ. ბუღალტრის მიერ გაცემული ინფორმაციით და მოსარჩელის საბანკო ამონაწერით.
20. დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აპრილის N10-38/21454 მოხსენებითი ბარათით, რომელიც მიმართული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერისადმი, დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა კომპანიაში განახორციელა შემდეგი საკითხების შესწავლა:
21. -კომპანიის მიერ მეტროს მოძრავი შემადგენლობის ვაგონების მოდერნიზაციის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული SPA160007385 ელექტრონული ტენდერი;
22. -„ჭ-ის გამზირი - კ-ის“ საბაგირო გზის რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესახებ გამოცხადებული SPA150006262 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;
23. -„ჭ-ის გამზირი - კ-ის“ საბაგირო გზის რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული SP... ელექტრონული ტენდერი;
24. - კომპანიის მიერ სარეკლამო მომსახურების განხორციელების პროცესი;
25. -იჯარით გაცემული ფართების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მართვის ღონისძიებები;
26. -ქ. თბილისში მეტროსადგურ „ს-სა“ და კახეთის გზატკეცილს შორის მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში (საკადასტრო კოდი 01.00.073) არსებული 1432.98 კვ.მ. ფართიდან 150 კვ.მ. ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) გაცემის საკითხი;
27. - კომპანიის მიერ 2015 წელს წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა;
28. - კომპანიის მიერ 2015 წელს გაწეული სამივლინებო ხარჯების ადეკვატურობა;
29. - კომპანიის გენერალური დირექტორის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
30. უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შემოწმების შედეგად ინსპექტირების ჯგუფმა 2016 წლის 26 აპრილის შეადგინა მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით, კომპანიის მართვაში გამოვლენილია მნიშვნელოვანი დარღვევა - ნაკლოვანებები, როგორიცაა ჩატარებული ტენდერების არარაციონალურობა და კონკრეტულ პრეტენდენტებზე მორგება, იჯარით გაცემული ფართებისა და რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების არაეფექტური მართვა, ბუღალტრული აღრიცხვის შეუსაბამობები, მივლინების შედეგად დადგენილ ნორმაზე მეტი ხარჯების გაწევა, კომპანიის გენერალური დირექტორის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და სხვ. შესაბამისად, ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობითა და წესდებით დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც უარყოფითად აისახება საწარმოს საქმიანობაზე.
31. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის N16.25.383 განკარგულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე -მერი) 2016 წლის 26 აპრილის N10-2/21455 სამსახურებრივი ბარათის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის N10-38/21454 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დარეგისტრირდა.
32. კომპანიის ახალი გენერალური დირექტორის 06/06/2016 წლის წერილით დასტურდება, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურებადი და/ან ანაზღაურების გარეშე შვებულებით მოსარჩელეს არ უსარგებლია.
33. სასამართლოში საქმის განხილვის დროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარმომადგენელმა წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტაცია და ინსპექტირების მასალები მოსარჩელის მხრიდან არსებული დარღვევების დასამტკიცებლად: „ჭ-ის გამზირი - კ-ის“ საბაგირო გზის რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაცია, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, კომისიის ოქმი, მიმოწერა, ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შპს „ბაგირმშენთან“ და შპს „რ–თან“, ანგარიშ - ფაქტურები, მიღება - ჩაბარების აქტები, საბანკო გარანტია და ასევე ექსპერტიზის დასკვნები. მათ შორის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.07.2015წ. N1004771315 დასკვნაზე, რომელშიც დასკვნის სახით მითითებულია, რომ შპს „რ–ის“ მიერ წარმოდგენილ ვაკის პარკი - კ-ის სამგზავრო კიდული ბაგირის გზის ქვედა და ზედა სადგურების, ბაქნებისა და პანდუსების გამაგრების კონსტრუქციულ კორექტირებულ პროექტს გააჩნია ტექნიკური ხარვეზები და შეუსაბამოებები, ასევე ექსპერტის მოსაზრებით, სასურველი იქნებოდა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოუვლელი, 50-60 წლის წინ აშენებული მძიმე რკინა ბეტონის კონსტრუქციები შეცვლილიყო მსუბუქი, თანამედროვე კონსტრუქციებით. შემდგომ დასკვნებშიც, ექსპერტი გარკვეულ რეკომენდაციებზე მიუთითებს; სატენდერო დოკუმენტაცია მეტროს მოძრავი შემადგენლობის ვაგონების მოდერნიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები სს „ე-ის ს-ო ქ-ის თბილისის ფ-ან“. რაც შეეხება სადავოდ გამხდარ სარეკლამო და საიჯარო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნულზეც მოპასუხემ წარმოადგინა სარეკლამო მომსახურების დებულება, შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება - ჩაბარების აქტები, იჯარის ხელშეკრულება და ღირებულებასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნები.
34. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა 2018 წლის 4 მაისის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის #43.09.847 განკარგულების პირველი პუნქტი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის სხდომის ოქმი, 11:3632; 11:40:35). შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 04.05.2018 წლის სხდომის ოქმი, 11:46:10).
35. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად უნდა მოწესრიგებულიყო ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით (შემდეგში: სპეციალური კანონი).
36. სპეციალური კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 46-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
37. სპეციალური კანონის 47-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით.
38. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
39. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემული დავის განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს შრომის კოდექსის ნორმები.
40. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მეწარმეთა შესახებ ზემოთ მითითებული ნორმებისა და კომპანიის წესდების საფუძველზე პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, მათ უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოსთხოვონ დირექტორს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და მნიშვნელოვანი საფუძვლის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაოდან.
41. საზოგადოების დირექტორობიდან პირის გათავისუფლებისას შრომის კოდექსის ნორმები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან ამ თანამდებობის პირთა გათავისუფლებაში დაყოვნებამ, მათი უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ასეთ ვითარებაში, შრომის სამართლის იმ ნორმების გამოყენება, რომლებიც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს განსაზღვრავს (წინასწარი გაფრთხილება გათავისუფლების თაობაზე და სხვა) მიზანშეუწონელია. დირექტორის თანამდებობის თავისებურების გათვალისწინებით, მათი მუშა-მოსამსახურეებთან გათანაბრება გაუმართლებელია. საზოგადოებას და დირექტორს შორის შრომითი ურთიერთობა მხოლოდ სპეციალური კანონით დადგენილი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.
42. შრომის კანონთა კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორისა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობა, ხოლო დირექტორსა და საწარმოს პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარმეთა შესახებ კანონით.
43. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, ეს არის სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება სპეციალური კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სპეციალური კანონით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე №3კ/259 -01, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის განჩინება საქმეზე № ას-68-767-03;)
44. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო საზოგადოების დირექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობა, ასევე, საწარმოს დირექტორის გათავისუფლების თაობაზე პარტნიორის მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
45. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მოპასუხე კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ქ. თბილისის, მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის განკარგულებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტებს.
46. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი აუდიტის დასკვნისა და მხარეთა შორის არსებული მიმოწერების (წერილების) შეფასების საფუძველზე დასტურდებოდა აუდიტის დასკვნით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
47. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ შედგენილ იქნა 2016 წლის 26 აპრილის მოხსენებითი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის მართვაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა - ნაკლოვანებები, როგორიცაა ჩატარებული ტენდერების არარაციონალურობა და კონკრეტულ პრეტენდენტებზე მორგება, იჯარით გაცემული ფართებისა და რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების არაეფექტური მართვა, ბუღალტრული აღრიცხვის შეუსაბამობები, მივლინების შედეგად დადგენილ ნორმაზე მეტი ხარჯების გაწევა, შპს „თ-იის“ გენერალური დირექტორის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და სხვ. შესაბამისად, ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ა. ჯ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობითა და წესდებით დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც უარყოფითად აისახება საწარმოს საქმიანობაზე.
48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
49. სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისაგან. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას მის გადაწყვეტილებაში, რაც გაზიარებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ. სუს #ას-649-616-2014).
50. სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის შრომით უფლებებში აღდგენის მატერიალურ სამართლებრივ საშუალებას. ასეთ შემთხვევაში მთელი იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის დასაქმებულს უნაზღაურდება მიუღებელი ხელფასი. განსახილველ შემთხვევაში რადგან გათავისუფლება მოხდა კანონიერად, არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
51. ამასთან პალატამ მიიჩნია, რომ საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორს შორის ურთიერთობა უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთნდობას. დირექტორსა და პარტნიორს შორის უთანხმოების შემთხვევაში სამეწარმეო უნარ -ჩვევებით აღჭურვილი საზოგადოების ხელმძღვანელთანაც კი, შრომითი ურთიერთობის გაგრძელება გაუმართლებელია.
52. მეწარმეთა შესახებ კანონის 47-ე მუხლისა და კომპანიის წესდების 8.2. პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც საწარმოს ერთადერთი პარტნიორი და საზოგადოების მმართველობითი ორგანო, უფლებამოსილი იყო გენერალურ დირექტორად მოსარჩელის როგორც დანიშვნაზე, ისე გათავისუფლებაზე.
53. ვინაიდან, სპეცილაური საქართველოს კანონის 46.4 მუხლის თანახმად პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, ისეთი მნიშვნელოვანი საფუძველი, როგორიც დირექტორის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულება საკმარისს წარმოადგენდა პარტნიორის მიერ დირექტორის სამუშაოდან განთავისუფლებისათვის.
54. კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის შრომით უფლებებში აღდგენის მატერიალურ სამართლებრივ საშუალებას. ასეთ შემთხვევაში, მთელი იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის დასაქმებულს უნაზღაურდება მიუღებელი ხელფასი. განსახილველ შემთხვევაში, რადგან გათავისუფლება მოხდა კანონიერად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
55. კომპენსაციას რაც შეეხება, ამ ნაწილში, მოთხოვნა საფუძვლიანად იქნა მიჩნეული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ იყო შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულება გათავისუფლების თაობაზე.
56. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა მიეღო ორი თვის კომპენსაცია და შვებულება, რადგან მოპასუხე მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის საპირისპიროდ, მათ შორის, გათავისუფლებამდე წერილობითი შეტყობინების დამადასტურებელი და ა.შ. რაც შეეხება შვებულების საკითხს, საქმეში წარმოდგენილი ახალი გენერალური დირექტორის პასუხის მიხედვით დადასტურებული იყო, რომ მოსარჩელეს არ უსარგებლია შვებულებით.
57. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ორი მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის უარყოფა.
58. პირველი კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ძირითადად ეფუძნება მსგავი დავების სამართლებრივი შეფასების თაობაზე არსებულ სასამართლო პარაქტიკას.
59. პირველი კასატორის მოსაზრებით, დაუდგენელია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელეობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წარდგენილი მოხსნებითი ბარათი კი, მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას.
60. პირველ კასატორს უმართებულოდ მიაჩნია სასამართლოს იმგვარი შეფასება, თითქოს პარტნიორის/საწარმოს გადაწყვეტილების მართლზომიერება პარტნიორის მიმართ არ შეიძლება დაექვემდებაროს შემოწმებას კანონიერების კუთხით.
61. მეორე საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ არასწორად მიაკუთვნა მოსარჩელეს კომპენსაცია. ამ თვალსაზრისით, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ დავა მოწესრიგდა სპეციალური კანონით, ხოლო კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსით. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტის მიხედვით ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე. ამ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტობინება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის მიყენების ფაქტი.
62. მეორე კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 709-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებდა უფლებამოსლებას დავალების სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, ხოლო დავალების სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. იმავდროულად, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის სამსახურებრივი ბარათი. აღნიშნულ დასაკვნაში მითითებულ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისას კი ირკვეოდა, რომ მოსარჩელე არღვევდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომელიც უარყოფითად აისახა საწარმოს საქმიანობაზე და საწარმოს მიაყენა ზიანი. აღნიშნული კი, გამორიცხავს კომპენსაციის დაკისრების მართლზომიერებას.
სამოტივაციო ნაწილი:
63. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
64. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
65. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებს და მიუთითთებს მსგავსი კატეგორიის დავაზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით (იხ., სუსგ №ას-23-23-2016, 09 მარტი, 2016 წელი; 2001 წლის 30 მარტის განჩინება №3კ/259-01, 2003 წლის 26 ივნისის განჩინება № ას-68-767-03) დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. ეს არის თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება მეწარმეთა კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს მეწარმეთა კანონით.
66. რაც შეეხება პირველი კასატორის პრეტენზიას, რომელიც შეეხება მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლების არარსებობას, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
67. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
68. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
69. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
70. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
71. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
72. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.
73. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).
74. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ფაქტობრივ საფუძვლად დაედო 2016 წლის 26 აპრილის N10-38/21454 მოხსენებითი ბარათი, რომელიც მიმართული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერისადმი; დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა კომპანიაში განახორციელა შემდეგი საკითხების შესწავლა: -კომპანიის მიერ მეტროს მოძრავი შემადგენლობის ვაგონების მოდერნიზაციის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული SPA160007385 ელექტრონული ტენდერი; -„ჭ-ის გამზირი - კ-ის“ საბაგირო გზის რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესახებ გამოცხადებული SPA150006262 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;-„ჭ-ის გამზირი - კ-ის“ საბაგირო გზის რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული SP... ელექტრონული ტენდერი;- კომპანიის მიერ სარეკლამო მომსახურების განხორციელების პროცესი; -იჯარით გაცემული ფართების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მართვის ღონისძიებები; -ქ. თბილისში მეტროსადგურ „ს-სა“ და კახეთის გზატკეცილს შორის მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში (საკადასტრო კოდი 01.00.073) არსებული 1432.98 კვ.მ. ფართიდან 150 კვ.მ. ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) გაცემის საკითხი; - კომპანიის მიერ 2015 წელს წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა; - კომპანიის მიერ 2015 წელს გაწეული სამივლინებო ხარჯების ადეკვატურობა; - კომპანიის გენერალური დირექტორის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
75. უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შემოწმების შედეგად ინსპექტირების ჯგუფმა 2016 წლის 26 აპრილის შეადგინა მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით, კომპანიის მართვაში გამოვლენილია მნიშვნელოვანი დარღვევა - ნაკლოვანებები, როგორიცაა ჩატარებული ტენდერების არარაციონალურობა და კონკრეტულ პრეტენდენტებზე მორგება, იჯარით გაცემული ფართებისა და რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების არაეფექტური მართვა, ბუღალტრული აღრიცხვის შეუსაბამობები, მივლინების შედეგად დადგენილ ნორმაზე მეტი ხარჯების გაწევა, კომპანიის გენერალური დირექტორის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და სხვ. ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობითა და წესდებით დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც უარყოფითად აისახება საწარმოს საქმიანობაზე.
76. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საწინააღმდეგოდ პირველმა კასატორმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ ყველა ფაქტს, საკმარისად ადასტურებდა დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას და ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც როგორც ამ განჩინების პ-66-შია აღნიშნული არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის; არამედ, ეს არის თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც ვრცელდება სპეციალური კანონის მოთხოვნები და რეგულაციები, რომელიც აკისრებს დირექტორს კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით განახორციელოს საზოგადოების საქმეების გაძღოლა [სპეციალური კანონის მე-9 მუხლი]. აქედან გამომდინარე, დირექტორის მიერ საწარმოს პარტნიორებთან შეუსაბამობასა და დაპირისპირებაში ყოფნა კანონთან და ბუნებრივია, პარტნიორებთან შეუსაბამოდ მიიჩნევა. სწორედ დირექტორის უნარ-ჩვევებსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ კი, პარტნიორებს უფლება აქვთ გაათავისუფლონ დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ამ შემთხვევეაზე, შრომის კოდექსის მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს (შდრ: იხ., სუსგ №ას-23-23-2016, 09 მარტი, 2016 წელი, პ-67).
77. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის (დირექტორს) შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება [შდრ: №ას-895-845-2015, 29 იანვარი, 2016 წელი, პ-27 რომელშიც, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და, შესაბამისად, მითითებულ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, მიზანშეწონილად მიიჩნია გამოყენებულიყო დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709-ე და 710-ემუხლები]. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასმართლოს მითითებას, რომ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს ხელეწიფებოდათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია [სსკ-ის 720-ე მუხლი].
78. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველმა კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია.
79. რაც შეეხება მეორე საკასაციო საჩივარს, სადაც მეორე კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას სშკ-ის გამოყენებისა და მის საფუძველზე მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიკუთვნებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაერთ საქმეში საქმეში, პალატამ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და აღდგენის პროცედურული საკითხების მოსაწესრიგებლად სშკ-ის ნორმებს მაინც მიმართა და მისი გამოყენების უკიდურესი აუცილებლობა იმით დაააბუთა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა არის სამეწარმეო და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან წესრიგდება სპეციალური კანონის საფუძველზე. სპეციალური მე–9 მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად კი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარომოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით, მხოლოდ ის საკითხები, რაც არ არის მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, საზოგადოების წესდებით, ან თავად დირექტორთან/სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი (მაგ. სოციალური გარანტიები, ანაზღაურებადი შვებულება და ა.შ.) (იხ., სუსგ №ას-23-23-2016, 09 მარტი, 2016 წელი, პ-61).
80. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის სშკ-ის ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში მოპასუხეს სწორად დაეკისრა მოსარჩელიათვის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დარღვევის გამო, ზიანის ანაზღაურება კომპანიის გენერალური დირექტორის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აგრეთვე, დირექტორის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ერთი თვის თანამდებობრივი სარგო (4 800 ლარი) გამოუყენებელი შვებულების (24 სამუშაო დღე) სახით (იხ., ამ განჩინების პ-11).
81. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
82. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
83. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასათან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელიც მითითებულია წინამდებარე განჩინებაში.
84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
85. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „თ-იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
3. კასატორ ა. ჯ-ეს უკან დაუბრუნდეს ე. შ-ის მიერ 2018 წლის 18 ივლისს საგადახდო დავალებით N12 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. კასატორ შპს „თ-იას“ უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 02 ოქტომბერს საგადახდო დავალებით N508 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (720 ლარი) - 504 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე