საქმე №ას-1465-2018 21 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. თ-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, 2015 წლის 18 ნოემბრის №-... საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის 2017 წლის 3 მარტიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს შესასრულებელი ვალდებულების – 10983.78 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო №----- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის სახით გაიცა 11 000 აშშ დოლარი. აღნიშნული სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის მეგობრის (შემდგომ – მოსარჩელის მეგობარი) უძრავი ქონება. სესხის თანხით ისარგებლა მოსარჩელის მეგობარმა, რომელმაც იმავე დღეს გააფორმა №----- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იმავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან 17 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხაზე.
3. ორივე ხელშეკრულების დადების საფუძველი იყო მოპასუხის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ შეუძლია 50 000 ლარზე მეტი ოდენობის სესხი გასცეს ერთ პიროვნებაზე, ამიტომ მოსარჩელის მეგობარს შესთავაზეს თანამონაწილის ჩართვა და მის სახელზე სესხის გაცემა უძრავი ქონებით მისი უზრუნველყოფის პირობებში.
4. იპოთეკის ხელშეკრულების 3.2.9 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. 2017 წლის 2 მარტამდე მოსარჩელის მეგობარი კეთილსინდისიერად იხდიდა ორივე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით დადგენილ ვადებში სარგებელს. 2017 წლის 2 მარტს ფინანსური პრობლემების გამო მან ვერ მოახერხა დარიცხული სარგებლის გადახდა, რის შედეგადაც ორივე ხელშეკრულებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაირიცხა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 0.5%-ს ოდენობით.
6. 2017 წლის 20 აპრილს მოსარჩელის მეგობარმა მიიღო კერძო აღმასრულებლის 2017 წლის 11 აპრილის წინადადება, სადაც მითითებულია, რომ წარმოებაშია ნოტარიუსის 2017 წლის 7 აპრილის №-.. სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაიცა №-... სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების აღსასრულებლად. მოსარჩელეს დაეკისრა თანხის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს – 2888.90 აშშ დოლარისა და 125.54 ლარის, ძირითადი თანხის – 16993.52 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის – 535.29 აშშ დოლარის გადახდა. კერძო აღმასრულებლის წინადადებაში მითითებული იყო, რომ მოვალის მიერ ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით, რაზეც 2017 წლის 5 მაისს მოსარჩელის მეგობარმა შეიტანა სასამართლოში სარჩელი. აღნიშნული სასარჩელო განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, ამასთან, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სესხის ხელშეკრულებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 2017 წლის 20 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 6041 აშშ დოლარს. სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო 0.5% არის შეუსაბამოდ მაღალი. კრედიტორის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ძირითად თანხასთან მიმართებით თანაზომიერი და გონივრული არ არის, ვინაიდან, არ იძლევა ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით და სამართლიანად მიიჩნია ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს 0.41%-ით განსაზღვრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 3 მარტიდან, რა დროიდანაც წარმოიშვა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
11. 2015 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №-... ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა სესხი – 11 000 აშშ დოლარი 10 წლის ვადით, წლიური 60% სარგებლის დარიცხვით.
12. ხელშეკრულების 2.4 მუხლის თანახმად, განისაზღვრა პირგასამტეხლო – დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
13. 2015 წლის 18 ნოემბერს №-... მხარეთა შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის მეგობრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
14. აღნიშნული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №-... ხელშეკრულება.
15. დავალიანების შესახებ №----- ცნობის თანახმად, მხარეთა შორის დადებული №----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკრედიტო ორგანიზაციის წინაშე მოსარჩელის დავალიანებამ შეადგინა 15249.75 აშშ დოლარი, სადაც სესხის ძირი თანხაა 10983.78 აშშ დოლარი, რომელსაც 2017 წლის 2 მარტიდან ერიცხება სარგებელი 1%-ის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 2 მარტიდან ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,5%-ის ოდენობით.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 317-ე, 327-ე მუხლის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად. მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო, მსესხებელმა ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას არ შეასრულა და მის მიმართ წარმოიქმნა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
17. სსკ-ის 623-ე, 624-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების თანხა შეადგენს 15249.75 აშშ დოლარს, სადაც სესხის ძირი თანხაა 10983.78 აშშ დოლარი, 2017 წლის 2 მარტიდან ერიცხება სარგებელი 1%-ს ოდენობით და ამავე პერიოდიდან სესხს ერიცხება პირგასამტეხლო –ყოველდღიურად – 0,5%.
18. სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
19. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე დღეში 0.41%-ის ფარგლებში პირგასამტეხლოს არაგონივრულად შეფასების დაუშვებლობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის პოზიცია, რომ ზემოხსენებული ცვლილებით – სსკ-ის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილით განისაზღვრა ფინანსური სანქციის ოდენობა წლიური 150%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად 0.41%-ს გულისხმობს და აღნიშნულმა ნორმამ ახალი რეალობა შექმნა პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერების დასადგენად (იხ. სააპელაციო საჩივარი). აპელანტის ზემოაღნიშნული პოზიციის საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაწესდა საკანონმდებლო შეზღუდვა, კერძოდ, მაქსიმალური ზღვარი სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ჯამური ოდენობის განსაზღვრის მიმართ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 150 პროცენტის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს გამსესხებლისათვის დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კრძალავს ნებისმიერი ფინანსური სანქციის განსაზღვრას ჯამურად სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150 პროცენტზე მეტი ოდენობით.
21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შინაარსი არ წარმოადგენს სასამართლოსთვის ამავე კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილების ფარგლების განმსაზღვრელ ნორმას, რადგან 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო პირგასამტეხლოს შეამცირებს თუ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, აღნიშნული კი უნდა დადგინდეს განსახილველი დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი, ის უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 0.05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 3 მარტიდან, ანუ, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის დღიდან.
23. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს 0,27%-მდე შემცირება შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სამოქალაქო კოდექსში ბოლოს შესული ცვლილება ახალ რეალობას ადგენს პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერების დასადგენად. ამ ცვლილებამდე კანონმდებლობაში არ დადგენილა პირგასამტეხლოს ოდენობის ზღვრული ფარგლები. აღნიშნული ცვლილებით ფინანსური სანქციის ოდენობა განისაზღვრა ყოველდღიურად 0,27%-ით.
26. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 0,05%-ის ზემოთ სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელია, თუმცა არ დაუსაბუთებია თავისი მოსაზრების მართებულობა.
27. კასატორმა აღნიშნა, რომ მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეესაბამება სსკ-ის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დადგენილ ახალ რეალობას.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 3 მარტიდან, რა დროიდანაც წარმოიშვა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
31. 2015 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №-... ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა სესხი – 11 000 აშშ დოლარი 10 წლის ვადით, წლიური 60% სარგებლის დარიცხვით.
32. ხელშეკრულების 2.4 მუხლის თანახმად, განისაზღვრა პირგასამტეხლო – დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
33. 2015 წლის 18 ნოემბერს №-... მხარეთა შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის მეგობრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
34. აღნიშნული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა 2015 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №-... ხელშეკრულება.
35. დავალიანების შესახებ №-... ცნობის თანახმად, მხარეთა შორის დადებული №-... სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკრედიტო ორგანიზაციის წინაშე მოსარჩელის დავალიანებამ შეადგინა 15249.75 აშშ დოლარი, სადაც სესხის ძირი თანხაა 10983.78 აშშ დოლარი, რომელსაც 2017 წლის 2 მარტიდან ერიცხება სარგებელი 1%-ის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 2 მარტიდან ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,5%-ის ოდენობით.
36. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად განსაზღვრა, რადგან იგი სსკ-ის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
39. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
41. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
42. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
44. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
45. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
46. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
47. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
48. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
49. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
50. საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენას, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას უნდა ესარგებლა სსკ-ის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.
51. როგორც ზემოთ მოყვანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკიდან ირკვევა, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სსკ-ის 420-ე მუხლში მოცემული დანაწესით. გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული სამართლებრივი მსჯელობა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას, ამდენად, კასატორის დასახელებული არგუმენტი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
52. რაც შეეხება სსკ-ის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილს, აღნიშნული ნორმა აწესებს პირგასამტეხლოს დასაშვებ მაქსიმალურ ოდენობას და მასში დაწესებული მოცულობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს კომპეტენციას არ ცვლის.
53. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
54. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
56. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
58. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ბ–ის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს №-... საგადახდო დავალებით გადახდილი 655 ლარის 70% – 458,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ბ–ის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს №-... საგადახდო დავალებით გადახდილი 655 ლარის 70% – 458,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე