საქმე №ას-1520-2018 28 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შუახევის მუნიციპალიტეტის მერია (მეორე მოსარჩელე, პირველ სარჩელში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (პირველი მოსარჩელე, მეორე სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ა-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 5439.84 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 8 აგვისტოს სსიპ „თვითმმართველი ერთეული შუახევის მუნიციპალიტეტისა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა წყალსადენი სისტემის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5439,84 ლარი.
3. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდი.
4. ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლის მიხედვით, შესრულებული სამუშაოებისთვის ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ეტაპობრივად შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. ასევე საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. 2016 წლის 6 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 100%-ით და შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 5439,84 ლარი. ამავე მიღება-ჩაბარების აქტით შემსყიდველმა ჩაიბარა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო და რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
6. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მოსარჩელემ ხელშეკრულების შესაბამისად შემსყიდველს 2016 წლის 8 სექტემბერს გაუგზავნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მოითხოვა შემსყიდველისაგან ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხის ანაზღაურება. შუახევის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ სრულდება დღემდე და ის ნებაყოფლობით არ იხდის თანხას, მიუხედავად მრავალგზის სიტყვიერი და წერილობითი მოთხოვნისა, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ შემსყიდველი ნებაყოფლობით არ აპირებს მომავალშიც თანხის ანაზღაურებას.
მოპასუხის, დამოუკიდებელი მოსარჩელის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა 2016 წლის 15 აპრილიდან შუახევის მუნიციპალიტეტსა და მოსარჩელეს შორის 2015 წლის 10 დეკემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით (ერთ დღეში 47,43 ლარი) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
8. 2015 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელესთან დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №----1 ხელშეკრულება, რომლითაც გათვალიწინებული იყო წყალსადენი სისტემის მშენებლობა 94860 ლარის ღირებულებით.
9. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 1 აპრილამდე.
10. 2016 წლის 3 მარტის შეთანხმებით გამგეობამ გაითვალისწინა შემსრულებლის თხოვნა და სამუშაოების დასრულების ვადა გაუგრძელა 2016 წლის 15 აპრილამდე.
11. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე დასტურდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ.
12. შემსრულებელმა 2016 წლის 4 მაისს წარმოადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2016 წლის 24 აპრილს გაცემული №00239971 საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელშეკრულების ღირებულებაზე 572,12 ლარით ნაკლები იყო, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 94860 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, მოსარჩელემ შეასრულა 94287,88 ლარის ღირებულების სამუშაოები.
13. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებამდე შემსყიდველი უფლებამოსილია, შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს მიღება-ჩაბარება, ხოლო 5.5 პუნქტის მიხედვით, თუ საექსპერტო დასკვნით შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მოცულობა და რაოდენობა არ შეესაბამება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ან ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა შესრულებული სამუშაოები შეაფასა წუნით, მაშინ სამუშაოები არ ჩაითვლება დასრულებულად წუნდების აღმოფხვრამდე და, შესაბამისად, არ მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. აღნიშნულის გამო, ხელშეკრულების 5.5 პუნქტიდან გამომდინარე, სამუშაოები არ ჩაითვალა დასრულებულად 9.1 პუნქტის შესაბამისად კი, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 7588,8 ლარის ოდენობით, რომელიც მას გაექვითა სხვა, ასევე, 2016 წლის 8 აგვისტოს მასთან დადებული №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მისი დაკისრების დღისათვის, მაგრამ ვინაიდან, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი შეტყობინებების მიუხედავად, შემსრულებლის მიერ ნაკლი დღემდე არ აღმოფხვრილა, მისი დაკისრება უნდა მოხდეს აღმოფხვრის დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, ერთი დღისათვის შეადგენს 47,43 ლარს 2017 წლის 17 მარტის მდგომარეობით კი არის 15936,5 ლარი.
14. თავის მხრივ, მოსარჩელემ მოპასუხის სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
15. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ამჟამად მერიას) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის 2016 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებეული სამუშაობისათვის ასანაზღაურებელი თანხის – 5439.84 ლარის გადახდა, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად მერია) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა მათ შორის 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს – 1593.65 ლარისა და შეუსრულებელი სამუშაოს – 572.12 ლარის გადახდა, ვალდებულების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე გამოიქვითა მოსარჩელის დაკისრებული თანხა – 2165.77 ლარი და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას საბოლოოდ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3274.07 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, მოსარჩელისთვის შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი პირგასამტეხლოს – 15936,5 ლარის სრულად დაკისრება და მხარეთა ვალდებულებების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე, საბოლოოდ, მოსარჩელისთვის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 10496,66 ლარის გადახდის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მისთვის შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს – 1593.65 ლარისა და შეუსრულებელი სამუშაოს – 572.12 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს – 15936,5 ლარის გონივრულობა და სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით, მისი შემცირების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა.
19. სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება.
20. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
21. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.
22. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ.
23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელითა და საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 15 936,5 ლარი დაანგარიშებულ იქნა, 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან – 94 860 ლარიდან, 2016 წლის 15 აპრილიდან – 2017 წლის 17 მარტამდე პერიოდზე, სულ – 338 დღეზე.
24. სააპელაციო პალატამ მიუთითა მსგავსი კატეგორიის დავებზე (სუსგ №ას-164-160-2016 28.07.2016წ.) საქართველოს უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
25. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულ იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მენარდემ – მოსარჩელემ 94 860 ლარის ღირებულების სამუშაოდან 572.12 ლარით ნაკლები სამუშაო შეასრულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულ იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მენარდემ – მოსარჩელემ 94 860 ლარის ღირებულების სამუშაოდან 572.12 ლარით ნაკლები სამუშაო შეასრულა.
28. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია.
29. საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, გონივრული ოდენობად უნდა განისაზღვროს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების – 572.12 ლარის 0,05%, რაც შეადგენს 0,286 ლარს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი მთელი პერიოდისათვის (338 დღე) – 96,68 ლარს.
30. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობის მიუხედავად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს – 1593.65 ლარის დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ აღარ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაკისრებულ 1593.65 ლარზე მეტი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორმა მიიჩნია, რომ მხარეთა შორის პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე შეთანხმება მოხდა №-1 ხელშეკრულების 9.1 პუნქტით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,05% ოდენობით არის გონივრული, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს. თანხის მოცულობის გაზრდა გამოწვეულია არა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს, არამედ მოსარჩელის მიერ ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ვალდებულების შეუსრულებლობით.
33. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, 417-ე და 418-ე მუხლები და არასწორად განმარტა 420-ე მუხლი.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
38. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
39. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ დაარღვია მხარეთა შორის 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები, რის შედეგადაც მას დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
40. საკასაციო საჩივრით მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა სამართლიანი და გასაჩივრებული განჩინებით არასწორად შემცირდა.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
42. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
43. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
45. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
46. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
47. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
48. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
49. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
50. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკიდან ირკვევა, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სსკ-ის 420-ე მუხლში მოცემული დანაწესით.
52. გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული სამართლებრივი მსჯელობა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას, ამდენად, კასატორის დასახელებული არგუმენტი, რომ მხარეები სარგებლობენ ნების ავტონომიით და თანხმდებიან მათთვის მისაღებ ხელშეკრულების პირობებზე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
53. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
54. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
56. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი