Facebook Twitter

საქმე №ას-1742-2018 27 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ. ხ–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2017 წლის 13 ივნისიდან ყოველთვიური სარჩოს – 720 ლარის გადახდა, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, ასევე, 2006 წლის მაისიდან 2017 წლის ივნისამდე მიუღებელი სარჩოს სხვაობის – 41 581.20 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე დაწესებულებაში მუშაობდა სადგურის მორიგედ. 2002 წლის 15 დეკემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად მან მიიღო სხეულის დაზიანება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, 2004 წლის 17 მარტიდან მოსარჩელემ მიიღო ყოველთვიური სარჩო შრომითი დასახიჩრების გამო, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია მოსარჩელის თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასი.

4. მოსარჩელემ სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, რის შესახებაც პასუხი არ მიუღია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, სარჩელი დაკმაყოფილდა. 2007 წლის 13 აპრილის სააღსრულებო ფურცლით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს გადახდა 233,20 ლარის ოდენობით. სარჩოს გადახდევინება დაიწყო 2004 წლის 17 მარტიდან. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 2 მაისის წერილი №0-----ის საფუძველზე მოვალეს მიეცა წინადადება დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც დღემდე ხორციელდება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხემ მოსარჩელეს სარჩო უნდა უხადოს მუდმივად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენამდე.

7. მოსარჩელის განმარტებით, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განესაზღვრა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი – მნიშვნელოვანი. შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი – შრომითი დასახიჩრება. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგინდა უვადოდ. შრომითი დასახიჩრების მიღების თარიღია 2002 წლის 15 დეკემბერი. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი 80%-ია.

8. მოსარჩელის მითითებით, 2006 წლის მაისიდან 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით სადგურის მორიგის ხელფასი იყო 430 ლარი. მოსარჩელე ყოველთვიურად სარჩოს სახით იღებდა 233.2 ლარს, ნაცვლად 344 ლარისა. დროის მითითებულ მონაკვეთში მან ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 110.80 ლარი (430 - 233.2) და შესაბამისად, 110.8 ლარი X31=3434.80 ლარი.

9. 2008 წლის იანვრიდან 2011 წლის მარტამდე სადგურის მორიგის ხელფასი იყო 566 ლარი. დროის მითითებულ მონაკვეთში მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 219.6 ლარი (452.8-233.2) და შესაბამისად, 219.6 ლარიX25 =5490 ლარი.

10. 2011 წლის მარტიდან 2012 წლის ოქტომბრის სადგურის მორიგის ხელფასი იყო 700 ლარი. დროის ამ მონაკვეთში მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 326.8 ლარი (560-233.2 ). შესაბამისად, 326.8 ლარი X 18 თვეზე = 5882.4 ლარს.

11. 2012 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისამდე სადგურის მორიგის ხელფასი არის 900 ლარი. დროის მითითებულ მონაკვეთში მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 486.8 ლარი (720-233.2) და შესაბამისად, 486.8 ლარი X 55 თვეზე=26 774 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 2006 წლის მაისიდან 2017 წლის ივნისამდე, სულ – 41 581.2 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 408-ე მუხლი არ აწესრიგებს სარჩოს გადაანგარიშების წესს. მოცემულ ურთიერთობებს შეეხება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი.“

13. მოპასუხემ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელე დაბადებულია 1959 წელს და დღევანდელი კანონმდებლობითაც საპენსიო ასაკად დადგენილია 65 წელი. შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ იგი ვერ იმუშავებდა მოპასუხე ორგანიზაციის სადგურის მორიგის თანამდებობაზე.

14. ამასთან, მოპასუხის საზოგადოების 2015 წლის 13 აგვისტოს №1---- დადგენილებით დამტკიცდა ინსტრუქცია იმ პროფესიებზე და თანამდებობებზე, რომელთა საქმიანობა უშუალოდ დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან, თანამდებობების ჩამონათვალში მითითებულია დისპეტჩერულ-ოპერატიულ ჯგუფი, სადაც აღნიშნულია სადგურის მორიგე, რა თანამდებობაზეც მუშაობდა მოსარჩელე.

15. მოპასუხის საზოგადოების დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 18 სექტემბრის №9--- დადგენილებით დამტკიცდა ინსტრუქცია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასასაქმებელთა და დასაქმებულთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. აღნიშნული ინსტრუქციის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ დასაქმებული მემანქანეთა ჯგუფის მუშაკები პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას გადიან 45 წლიდან 50 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ, შემდეგ წელიწადში ერთხელ. აქედან გამომდინარე, სადგურის მორიგის თანამდებობაზე მუშაობა მოითხოვს კარგ ფიზიკურ მონაცემებს და ჯანმრთელობას, რაც რეგულირდება ზემოხსენებული ინსტრუქციით და როგორც წესით, აღნიშნულ თანამდებობაზე საპენსიო ასაკს მიღწეული პერსონალი არ მუშაობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურება 2014 წლის ივნისიდან 2017 წლის ივნისამდე პერიოდში 17 524.8 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, ასევე, 2017 წლის ივნისიდან 2024 წლის აპრილამდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა 720 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, ხოლო სარჩელი 2006 წლის მაისიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში სარჩოს სხვაობის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე მუხლით და განმარტა აღნიშნული ნორმა იცავს პირის პირად და პიროვნულ უფლებებს, მათ შორის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

19. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

20. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების მიღებაზე იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. აღნიშნული კი, გულისხმობს პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად.

21. ხაზგასასმელია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა სარჩოს დაწესება, არამედ უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა წარმოდგენილ იქნა მოცემულ კონტექსტში, ვინაიდან, საწარმოს ბრალეულობის საკითხის განხილვა ხდება სარჩოს დაწესებისას და არა უკვე დაწესებული სარჩოს აღდგენის ან გადაანგარიშებისას.

22. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის სარჩოს 233.2 ლარის ოდენობით. მოქმედი სადგურის მორიგის ხელფასი 2004 წლიდან იზრდებოდა პერიოდულობით: 2004 წელს შეადგენდა 220 ლარს, 2005 წელს – 290 ლარს, 2006 წლის მაისიდან – 430 ლარს, 2007 წლიდან – 430 ლარს, 2008-2010 წლებში – 566 ლარს, 2011 წლის მარტიდან – 700 ლარს, 2012 წლის ოქტომბრიდან – 900 ლარს, 2017 წლის ივნისიდან დღემდე – 900 ლარს.

23. 2004 წლის 17 მარტიდან მიღებულ სარჩოს - 233.2 ლარისა და პროფესიული შრომის უნარის ხარისხის 80%-ით დაკარგვის გამო, 2006 წლის მაისიდან 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით გაზრდილი ხელფასის – 430 ლარის გათვალისწინებით მისაღებ თანხებს შორის სხვაობა 3434.80 ლარია. 2008 წლის იანვრიდან 2011 წლის მარტამდე სადგურის მორიგის ხელფასი იყო 566 ლარი, შესაბამისად, მისაღებ თანხებს შორის სხვაობა 5490 ლარია. 2011 წლის მარტიდან 2012 წლის ოქტომბრის სადგურის მორიგის ხელფასი იყო 700 ლარი, შესაბამისად, მისაღებ თანხებს შორის სხვაობა 5882.4 ლარია. 2012 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისამდე სადგურის მორიგის ხელფასი არის 900 ლარი, შესაბამისად, მისაღებ თანხებს შორის სხვაობა 26 774 ლარია.

24. მოსარჩელის პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი არის 80% და შეადგენს 720 ლარს. 2012 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისამდე მოსარჩელე ყოველთვიურად სარჩოს სახით იღებდა 233.2 ლარს, ნაცვლად 720 ლარისა. დროის მითითებულ მონაკვეთში მან ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 486.8 ლარი (720-233.2) და შესაბამისად, 486.8 ლარი X 55 თვეზე=26 774 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 2006 წლის მაისიდან 2017 წლის ივნისამდე, სულ 41 581.2 ლარი.

25. ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა სარჩოს გადაანგარიშების შედეგად მიღებული სხვაობისა და შესაბამისი ოდენობის მოთხოვნის უფლება თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მიუთითა წარმოდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაც მართებულად იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნაწილობრივ გაზიარებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2006 წლის მაისიდან 2017 წლის ივნისამდე მიუღებელი სარჩოს სხვაობის – 41 581.20 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე 24 056.2 ლარის ნაწილში ხანდაზმულია. შესაბამისად, 17 524,8 ლარის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და 24 056.2 ლარის გადახდაზე მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

27. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმები არ აწესრიგებს სარჩოს დანიშვნის წესს. სამოქალაქო კოდექსში სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს 408-ე მუხლის მეორე ნაწილი და ამავე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება მსგავს შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან იგი წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს, რომელიც, უშუალოდ შეეხება სხეულის დაზიანების ფაქტს და, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგენს კომპენსაციის პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილი პირდაპირ ადგენს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ზოგადად მიუთითებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაზე, ხოლო მისი მეორე ნაწილი გამომდინარეობს პირველი ნაწილისგან და აზუსტებს მას, ანუ ადგენს სხეულის დაზიანების შემთხვევაში მდგომარეობის აღდგენის მეთოდს.

28. მუშაკის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სარჩოს დანიშვნა უვადოდ არაეფექტური და არაზუსტი გადაწყვეტაა პრობლემისა, ვინაიდან, წინასწარ ზუსტად განსაზღვრა მიუღებელი შემოსავლისა მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლებელია და ამასთან, საგულისხმოა, რომ მტკიცების სირთულის თვალსაზრისით, მოდავე მხარეებისათვის თანაბარმნიშვნელოვანია. კანონი ლოგიკურად დარჩა საკითხის მოწესრიგების იმგვარ ფორმაზე, როგორიცაა სარჩოს დანიშვნა იმ ოდენობიდან, რაც დაზარალებული იღებდა ხელფასს ზიანის მიყენების დროს და მას ეს სარჩო ერიცხება ცხოვრების ბოლომდე. როგორც ჩანს, აღნიშნული მოწესრიგების ,,ხარვეზიანობის" სავარაუდოობისა და საეჭვოობის „საკომპენსაციოდ“ კანონი ითვალისწინებს სარჩოს გადახდას სტაბილურად ფიქსირებული ოდენობით მთელი ცხოვრების მანძილზე. კანონმდებელმა ამ გზით, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის ფონზე მათი უფლებებისა და ინტერესების შეჯერების საფუძველზე მოაწესრიგა აღნიშნული საკითხი, რაც სავსებით ლოგიკურია ზოგად-სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნულ შემთხვევაში, ორივე მხარის უფლებების მოსალოდნელი შეზღუდვა დაყვანილია მინიმალურ დონეზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნომინალურ დონეზეც კი ვერ ასაბუთებს მოთხოვნას, რაც სარჩელის შინაარსს ფორმალური თვალსაზრისით შეავსებდა. აღნიშნული განპირობებულია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სათანადო კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის, ისე შესაბამისი ზოგადი სამართლებრივი პრინციპის არარსებობით.

29. ამასთან, მოსარჩელის მიერ მითითებულ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით დამატებით კასატორმა განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო ან სსკ-ით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთლობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე.

30. ზემოაღნიშნული გარემოებები ნათელს ხდის, რომ პირვანდელი მდგომარეობა მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნის ლოგიკიდან გამომდინარე, მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს. სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესი გამომდინარეობს ერთ-ერთი ფუძემდებლური შეჯიბრებითობის პრინციპიდან.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის სარჩოს 233.2 ლარის ოდენობით. მოქმედი სადგურის მორიგის ხელფასი 2004 წლიდან იზრდებოდა პერიოდულობით: 2004 წელს შეადგენდა 220 ლარს, 2005 წელს – 290 ლარს, 2006 წლის მაისიდან – 430 ლარს, 2007 წლიდან – 430 ლარს, 2008-2010 წლებში – 566 ლარს, 2011 წლის მარტიდან – 700 ლარს, 2012 წლის ოქტომბრიდან – 900 ლარს, 2017 წლის ივნისიდან დღემდე – 900 ლარს.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

36. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

37. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მუშაკის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო, შრომის უნარის დაკარგვის საფუძველზე დანიშნული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება იმავე თანამდებობაზე გაზრდილი ხელფასის შესაბამისად.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადად დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნებსა და ზიანის ანაზღაურების არსს, რაც მისი შეხედულებით მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს. ასეთ დროს კი, მხედველობაშია მისაღები ის მიუღებელი შემოსვალი, რომელიც დაზარალებულის მიმართ არ დადგებოდა, რომ არა განხორციელებული დელიქტი (სსკ-ის 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლები).

39. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია სსკ-ის 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.

40. ვინაიდან, დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ ვალდებულების მოცულობაზე – მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერებაზე.

41. საკასაციო პალატა მოიხმობს სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციას („იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“) და აღნიშნავს, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე.

42. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანსაც დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის – დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის წარმოუშობლობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილიც იმაზე მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (დისპოზიცია: "თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით").

43. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება. დიდი ალბათობით პირი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. სხვა სამოქალაქო საქმეშიც, რომელშიც აგრეთვე შესაფასებელი იყო სარჩოს გადანგარიშების წინაპირობები, საკასაციო პალატამ გამოიკვლია წარმოშობილი იყო თუ არა დაზარალებულისათვის მოქმედი მუშაკის ხელფასის მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სუსგ №ას-1220-1145-2015, 3 ივნისი, 2016 წელი).

44. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების თაობაზე შეესაბამება საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას მსგავსი კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით.

45. შესაბამისად, დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მოსაზრება, რომ მოსარჩელისათვის დანიშნული სარჩო იმავე თანამდებობაზე არსებული გაზრდილი ხელფასის პროპორციულად გადაანგარიშებას არ ექვემდებარეობდა.

46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 5 ნოემბერს №-... საგადახდო დავალებით გადახდილი 1168,32 ლარის 70% – 817,82 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 5 ნოემბერს №-... საგადახდო დავალებით გადახდილი 1168,32 ლარის 70% – 817,82 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი