Facebook Twitter

საქმე №ას-1250-2018 21 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. დ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ. მ–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. დ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, აღიკვეთოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მოპასუხის მიერ საკუთრების ხელყოფა და სხვაგვარი ხელშეშლა, აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობა, რაც გამოიხატება მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ხილის და კაკლის მოსავლის მითვისებასა და ამავე ტერიტორიის მის მიერ საქონლისათვის საძოვრად გამოყენებაში.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე წლების განმავლობაში უკანონოდ ხელს უშლის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, თავად იყენებს ნაკვეთს და იღებს ხეხილის მოსავალს, მანვე მოშალა ნაკვეთის ღობე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადებით მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და აღნიშნულის თაობაზე არსებობს შესაბამის დოკუმენტი. მოპასუხე მე-2 ჯგუფის ინვალიდია, რაც დასტურდება ცნობით ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ. სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, მოპასუხე მაინც ვერ შეძლებდა ფიზიკურად რაიმე ხელშეშლის განხორციელებას, რადგან არის მძიმე ავადმყოფი და უჭირს გადაადგილება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1680 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი. ამავე სოფელში მოსარჩელის მეზობლად ცხოვრობს მოპასუხე.

7. მოპასუხის მხრიდან საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა პოლიციის ადგილობრივ ორგანოს, თუმცა, ხელშეშლის ფაქტის (ფაქტების) დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. მეტიც, რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად, პოლიციის ადგილობრივი ორგანოს 2017 წლის 7 მარტის №546460 წერილით დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილებაში მოსარჩელის განცხადებებთან დაკავშირებით მოპასუხის გაფრთხილების ოქმები არ არსებობს.

8. როგორც აღინიშნა, წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა, აღიკვეთოს მის საკუთებაში არსებულ უძრავ ნივთზე მოპასუხის მიერ საკუთრების ხელყოფა და სხვაგვარი ხელშეშლა, კერძოდ, აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობა, რაც გამოიხატება ამ ნაკვეთზე არსებული ხილისა და კაკლის მოსავლის მითვისებასა და ტერიტორიის საქონლის საძოვრად გამოყენებაში.

9. მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობდა და განმარტავდა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მოსარჩელემ ანალოგიური მოთხოვნით არაერთხელ მიმართა პოლიციას, თუმცა, მისი მხრიდან რაიმე დარღვევა არ დაფიქსირებულა. ამასთან, არის მძიმე ავადმყოფი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი და სურვილიც რომ ჰქონდეს, ვერ შეძლებს სხვისი ქონებით სარგებლობას და რაიმე ხელშეშლას.

10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნების უშუალო სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 172-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით.

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკუთრება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. საკუთრების შინაარსში მოიაზრება ნივთის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება. შესაბამისად, მხოლოდ მესაკუთრეს აქვს ერთდროულად ნივთის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობა. არავის აქვს უფლება, კანონიერი საფუძველის გარეშე, ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. სწორედ მესაკუთრეს აქვს ამ ქონების თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება. სხვა ნებისმიერი პირი, ვინც ამ ქონებით ისარგებლებს ან დაეუფლება მას, ამისათვის დასჭირდება მოსარჩელის თანხმობა. სხვა ნებისმიერი დაუფლება და სარგებლობა იქნება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ქონების ფლობა.

12. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილიდან. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის კი საჭიროა დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირის (პირთა) გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთი ფაქტი იარსებებს, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.

13. განსახილველ სარჩელზე მოსარჩელე მოითხოვს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, ამდენად, სარჩელი წარმოადგენს ნეგატორულ (და არა ვინდიკაციურ) სარჩელს და სამართლებრივი საკითხები გამომდინარეობს სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან. შესაბამისად, სასარჩელო წარმოებისას მოსარჩელეს ეკისრებოდა მოპასუხისგან მომდინარე ხელშეშლის არსებობის მტკიცების ტვირთი.

14. „ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას... ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას ...

15. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი“ (ქეთევან ქოჩაშვილი, მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში, გვ. 175-176).

16. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

17. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

18. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ნეგატორულ მოთხოვნაზე სასარჩელო წარმოებისას, მოპასუხისაგან მომდინარე ხელშეშლის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. ამასთან, მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელემ ნეგატორულ მოთხოვნასთან მიმართებით სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა მოპასუხის მხრიდან. ეს გარემოება კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი წინაპირობაა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

21. კასატორმა მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სადავო უფლებების დარღვევას ადასტურებს. მოსარჩელის მიმართ დაირღვა საკუთრების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

22. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოსარჩელეს, რადგან მოპასუხესაც გააჩნდა ვალდებულება, შესაგებელთან ერთად წარედგინა სასამართლოსათვის მტკიცებულებები, რაც მას არ განუხორციელებია.

23. კასატორის მითითებით, მისი ქონებით სხვა პირმა არ უნდა ისარგებლოს მხოლოდ იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ კასატორის ნაკვეთი არ იყო შემოღობილი და მან ვერ წარადგინა ოქმები პოლიციიდან. აღსანიშნავია, რომ კასატორმა მიმართა პოლიციას, თუმცა საკუთარი უფლებების დაცვას ვერ მიაღწია. გაურკვეველია, რატომ მიანიჭა სასამართლომ გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიციის ოქმების წარმოდგენას მაშინ, როცა მოსარჩელემ წარადგინა გამოკითხვის ოქმები, პროკურატურისათვის მიმართვის წერილები, ცხელ ხაზზე მის მიერ დატოვებულ იქნა არაერთი შეტყობინება. უდავოა, რომ ქონების გამოყენება ხდება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ.

24. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხეს გადაადგილება არ შეუძლია, ხოლო მოსარჩელე ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პირია. ფაქტობრივად, მოპასუხე ემუქრება და ავიწროებს მოსარჩელეს.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1680 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი. ამავე სოფელში მოსარჩელის მეზობლად ცხოვრობს მოპასუხე.

28. მოპასუხის მხრიდან საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა პოლიციის ადგილობრივ ორგანოს, თუმცა, ხელშეშლის ფაქტის (ფაქტების) დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

29. მეტიც, რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად, პოლიციის ადგილობრივი ორგანოს 2017 წლის 7 მარტის №546460 წერილით დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილებაში მოსარჩელის განცხადებებთან დაკავშირებით მოპასუხის გაფრთხილების ოქმები არ არსებობს.

30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად არასწორად არ ჩათვალა.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

34. მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების მართლზომიერებას.

35. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ 12.02.2016 საქმე №ას-1041-998-2016 გადაწყვეტილება, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016 განჩინება).

36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა. გასაჩივრებული განჩინებით კი დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის ფაქტი არ დადასტურდა.

37. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატას მოსარჩელისათვის სარჩელში დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა არ უნდა მოეთხოვა, რადგან სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

38. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რასაც კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ ბედს. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელის ზეპირი განმარტება და სადავო ურთიერთობის მისეული შეფასება საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები თუ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მტკიცებულება.

39. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მოპასუხის მხრიდან მისი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ობიექტურად ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელება, თუმცა საკუთარი განმარტების, სამართალდამცავი ორგანოებისათვის მოსარჩელის მიმართვის ფაქტის გარდა, მხარემ სხვა მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა. სააპელაციო პალატამ პოლიციის მიერ შედგენილ აქტებზე ყურადღება გაამახვილა იმის გამო, რომ ამგვარი მტკიცებულებით დადასტურდებოდა დაუინტერესებელი მხარის – სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება მოსარჩელის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლასთან დაკავშირებით. ამგვარი სახის მტკიცებულების მოპოვება მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოპასუხის მხრიდან უკანონო მოქმედების არსებობის პირობებში.

40. ამდენად, მოცემულ ეტაპზე მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლის ფაქტის არსებობა მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაამტკიცა, რაც ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მართებულად ვერ გახდა.

41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

44. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე