საქმე №ას-1326-2018 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ს-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. ს-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მამკვიდრებელ მამკვიდრებელ გ. ს-ის (შემდგომ – მამკვიდებელი) მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით №2-... სამოქალაქო საქმეზე დამტკიცდა მორიგების აქტი მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილ მამკვიდრებელს შორის, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელისათვის გადაეხადა 3000 ლარი, 20 თვის განმავლობაში.
3. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებიდან მამკვიდრებელმა მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ 1000 ლარი.
4. 2013 წლის 20 თებერვალს მამკვიდრებელი გარდაიცვალა. მის პირველი რიგის მემკვიდრედ სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა მოპასუხე, რომელმაც მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება 2015 წლის 5 თებერვალს დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია მამკვიდრებლის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
5. მოსარჩელის მითითებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის ნოემბრის ბოლოს), დადგენილია, რომ მოპასუხე არის მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე, შესაბამისად, ხანდაზმულობის 6-თვიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის დეკემბრიდან და მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. მისი განმარტებით, მართალია, მოპასუხის მამკვიდრებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა 3000 ლარის გადახდის ვალდებულება, თუმცა შესაძლოა, მან სიცოცხლეში სრულად დაფარა დავალიანება.
7. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 18 თებერვალს. სამკვიდრო გაიხსნა 2013 წლის 18 თებერვალს. მამკვიდრებელს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა; შვილი, და მეუღლე – მოპასუხე.
8. მოპასუხემ სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში განცხადებით მიმართა ნოტარიუსს, რითაც მიიღო კუთვნილი სამკვიდრო ქონების წილი. ამდენად, თუ მოსარჩელეს ვალდებულების შესრულება უნდა მოეთხოვა ყველა მემკვიდრის მიმართ თანაბრად.
9. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო იმავე დღეს. შესაბამისად, მას მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეებისათვის უნდა მიემართა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში 2013 წლის 18 აგვისტომდე. ამდენად, მოსარჩელემ გაუშვა მოთხოვნის წარდგენის 6-თვიანი ვადა, რაც იწვევს მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 666,67 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაცო სასამართლომ დაადგინა, რომ მამკვიდრებელი იყო მოსარჩელის ყოფილი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილის მამა.
13. მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მამკვიდრებელთან, რომელსაც, მოპასუხის გარდა, დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა და შვილი (მოსარჩელესთან საერთო შვილი).
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის №2-... საოქმო განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის, რომლის თანახმად მამკვიდრებელმა ვალდებულება იკისრა, მოსარჩელისათვის გადაეხადა 3000 ლარს, 20 თვის განმავლობაში.
15. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების იძულებითი აღსრულებისათვის 2012 წლის 12 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
16. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 18 თებერვალს, რის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა იმავე დღეს – 2013 წლის 18 თებერვალს.
17. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1-... წლის გადაწყვეტილებით მოპასუხე ცნობილი იქნა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
18. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №1-... საფუძველზე, მოპასუხემ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების – საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილი.
19. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სსკ-ის 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა.
20. შესაბამისად, მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის მხრიდან მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების ზუსტი თარიღი.
21. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა.
22. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს.
23. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის – მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
24. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-143-136-2010).
25. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, ამავე ნორმის მიხედვით, კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. ამდენად, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არ არის. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ასევე, უნდა იცოდნენ იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა.
26. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში უნდა წარუდგინონ. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადის ბოლო დღეს, ან კრედიტორისათვის არაა ცნობილი იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც მემკვიდრის მიერ ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას ადასტურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. ასეთ შემთხვევაში, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-303-285-2014). ამასთან, 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია განიმარტოს ისიც, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო და ასეთ ვითარებაში, მოთხოვნის წარმოშობის დროს (სამკვიდროს გახსნას, მამკვიდრებლის გარდაცვალებას) მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის ცნობილი და განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე.
27. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხემ გარდაცვლილი მეუღლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2013 წლის 13 აგვისტოს, თუმცა ნოტარიუსის 2013 წლის 14 თებერვლის დადგენილებით მას უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, საბოლოოდ კი, მხოლოდ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1-... წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იგი ცნობილ იქნა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ.
28. ამავდროულად, დადგენილია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის სამკვიდროდან მიკუთვნებული ხსენებული 1/3 წილის რეალურად გამოყოფისათვის მოპასუხემ კვლავ აღძრა სარჩელი მამკვიდრებლის დედისა და შვილის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოში, რომლის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აღნიშნულ დავაზე მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.
29. ამდენად, მოხმობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მამკვიდრებლის მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების თაობაზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედგინა მემკვიდრეთა ვინაობა და განესაზღვრა სარჩელზე პასუხისმგებელ მოპასუხეთა წრე ვარაუდით, ვიდრე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდოდა.
30. სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1336-ე მუხლის თანახმად, 1421-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე არის მოვალის – მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე და იგი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1-... წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა ცნობილი მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ.
31. ამავდროულად, ხსენებული 1/3 წილის რეალურად გამოყოფის თაობაზე აღძრული დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით, რომელიც დამტკიცდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით.
32. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მოპასუხეს მამკვიდრებლის კრედიტორის – მოსარჩელის წინაშე ეკისრებოდა 3000 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც ნაწილი – 1000 ლარი გადაუხადა სიცოცხლეში, ხოლო დარჩენილი თანხა არ გადაუხდია. ამასთან, დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ მამკვიდრებელს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, და მოპასუხემ მიიღო მთლიანი სამკვიდრო ქონების მხოლოდ 1/3 წილი, რაც შეეხება დანარჩენ მემკვიდრეებს, მათ მიერ სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი სასამართლოსთვის უცნობია და ამასთან, მათ წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა არ წარდგენილა, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია, დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორი მიღებული აქტივის ფარგლებში კუთვნილი წილის პროპორციულად, ანუ იგი ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს აწ გარდაცვლილ მეუღლისგან დარჩენილი დავალიანების – 2000 ლარის 1/3 ნაწილი, რაც შეადგენს 666,67 ლარს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
33. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
34. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის სასარგებლოდ ტენდენციურია.
35. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა და არ დაასაბუთა მის მიერ სასამართლოში წარდგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რაც ნათლად ამტკიცებდა მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღებას, როგორც ნოტარიუსისათვის მიმართვით, ასევე, ფაქტობრივი ფლობით, რაც გამოიხატებოდა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან მისი კუთვნილი ავტომობილის ფლობით.
36. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ არ დაეყრდნო ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2014 წლის 9 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას საქმეზე №1-..., რომლითაც დადგენილი იყო მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების ზუსტი თარიღი, ფაქტობრივად, ეს იყო ნოტარიუსისათვის მიმართვის თარიღი – 2013 წლის 13 აგვისტო, საიდანაც ნამდვილად გასული იყო სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის 6-თვიანი ვადა და თავის დროზე ეს ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელემ სადავოდ არ გახადა, არ გაასაჩივრა აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ქმედებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 106-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, დაყრდნობოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას. პალატას არ დაუსაბუთებია თუ რატომ არ იხელმძღვანელა მითითებული გადაწყვეტილებით.
37. ასევე, გასაჩივრებულ განჩინებაში საერთოდ არ არის დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ მიიჩნია პალატამ სარწმუნოდ, რომ მოსარჩელისათვის მხოლოდ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1-... გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გახდა ცნობილი ფაქტი, რომ მოპასუხე მამკვიდრებლის მემკვიდრეს წარმოადგენდა და არა მაშინ, როცა მოსარჩელეს ჩაბარდა სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით, რომელთა შორის იყო ქორწინების მოწმობა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და აუდიტის დასკვნა ავტომობილის შეფასებაზე.
38. სანოტარო აქტიდან, ანუ ნოტარიუსის მიერ გაცემული დადგენილებიდან სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის შესახებ ირკვევა, რომ იმავე ნოტარიუსს 2013 წლის 27 აგვისტოს მიმართა მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით თავის შვილისთვის და მან ნოტარიუსს მიმართა მოპასუხის შემდეგ, უთუოდ მაშინ მაინც უნდა გაეგო მოპასუხის შესახებ ან უნდა გაეგო, როცა მასაც ნოტარიუსისაგან ჩაბარდა უარი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე დადგენილება, სადაც მოხსენებული იქნებოდა მოპასუხე, როგორც მამკვიდრებლის მეუღლე. თუ არ ჩავთვლით კიდევ უფრო ადრეულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მამკვიდრებელი მოსარჩელესთან განქორწინდა იმ მიზნით, რომ მოპასუხესთან დაქორწინებულიყო.
39. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს არ შეუსწავლია.
40. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მხარის მიმართებაში არ გამოიყენა სსსკ-ის 4-ე მუხლი – შეჯიბრებითობის პრინციპი. კასატორი შეიზღუდა სასამართლო პროცესზე დროში, არ მიეცა საშუალება, უფრო ამომწურავად მიეთითებინა მტკიცებულებებზე.
41. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 222-ე მუხლი, არასწორად განმარტა სსკ-ის 1421 მუხლის მეორე ნაწილი. აღნიშნული კანონის ნორმა არ აწესებს იმის დათქმას, რომ თუ ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე თქვა უარი, ასეთ შემთხვევაში სამკვიდრო არ შეიძლება ჩაითვალოს მიღებულად. აღნიშნული კანონის თანახმად სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ პირმა მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად და არ არის დამოკიდებული ნოტარიუსის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესაძლებლობა და არ გამოიყენა სსკ-ის 1488 მუხლის მესამე ნაწილი, რათა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა, რადგანაც მოსარჩელეს გაშვებული ქონდა ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 6-თვიანი ვადა.
42. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1336-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის, რომ ამ ნორმის თანახმად, კასატორი წარმოადგენდა მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეს.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
44. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
45. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამკვიდრებელი იყო მოსარჩელის ყოფილი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილის მამა.
46. მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მამკვიდრებელთან, რომელსაც, მოპასუხის გარდა, დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა და შვილი (მოსარჩელესთან საერთო შვილი).
47. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის №2-... საოქმო განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის, რომლის თანახმად მამკვიდრებელმა ვალდებულება იკისრა, მოსარჩელისათვის გადაეხადა 3000 ლარი, 20 თვის განმავლობაში.
48. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების იძულებითი აღსრულებისათვის 2012 წლის 12 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
49. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 18 თებერვალს, რის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა იმავე დღეს – 2013 წლის 18 თებერვალს.
50. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1-... წლის გადაწყვეტილებით მოპასუხე ცნობილი იქნა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
51. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №1-... საფუძველზე, მოპასუხემ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების – საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილი.
52. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხემ გარდაცვლილი მეუღლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2013 წლის 13 აგვისტოს, თუმცა ნოტარიუსის 2013 წლის 14 თებერვლის დადგენილებით მას უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, საბოლოოდ კი, მხოლოდ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1-... წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იგი ცნობილ იქნა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ.
53. ამავდროულად, დადგენილია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის სამკვიდროდან მიკუთვნებული ხსენებული 1/3 წილის რეალურად გამოყოფისათვის მოპასუხემ კვლავ აღძრა სარჩელი მამკვიდრებლის დედისა და შვილის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოში, რომლის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აღნიშნულ დავაზე მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.
54. ამდენად, მოხმობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მამკვიდრებლის მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების თაობაზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედგინა მემკვიდრეთა ვინაობა და განესაზღვრა სარჩელზე პასუხისმგებელ მოპასუხეთა წრე ვარაუდით, ვიდრე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდოდა.
55. მოპასუხეს მამკვიდრებლის კრედიტორის – მოსარჩელის წინაშე ეკისრებოდა 3000 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც ნაწილი – 1000 ლარი გადაუხადა სიცოცხლეში, ხოლო დარჩენილი თანხა არ გადაუხდია.
56. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის მემკვიდრეთა ვინაობის შეტყობის ფაქტი და არასწორად აითვალა ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, კასატორმა ჩათვალა, რომ გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
57. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
59. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
60. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (იხ. სუსგ-ები: № ას-143-136-2010, 07.10.2010წ; № ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.).
61. სსკ-ის 1488-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას (15.09.2017წ. საქმე №ას-170-159-2017).
62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია.
63. სსკ-ის 1487-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებული არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487) და იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო) (სუსგ 18.04.2017წ. საქმე №ას-171-160-2017).
64. ამდენად, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება – მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (სუსგ 18.04.2017წ. საქმე №ას-171-160-2017).
65. განსახილველ შემთხვევაში საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა იმის განსაზღვრა, თუ როდის შეიტყო მამკვიდრებლის კრედიტორმა იმ მემკვიდრის ვინაობა, რომლის მიმართაც მამკვიდრებლის დავალიანების ანაზღაურება უნდა მოეთხოვა.
66. სააპელაციო პალატამ დაადგინა და კასატორს, აღნიშნული გარემოებების გასაქარწყლებლად, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ მამკვიდრებლის მემკვიდრეები საბოლოოდ დადგინდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1-... წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იგი ცნობილ იქნა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ.
67. ამავდროულად, 2014 წლის 9 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის სამკვიდროდან მიკუთვნებული 1/3 წილის რეალურად გამოყოფისათვის მოპასუხემ კვლავ აღძრა სარჩელი მამკვიდრებლის დედისა და შვილის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოში, რომლის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აღნიშნულ დავაზე მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.
68. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მოსარჩელისათვის იმთავითვე იყო ცნობილი მოპასუხესა და მამკვიდებელს შორის ქორწინების არსებობის ფაქტი (როგორც ამას კასატორი მიუთითებს), თუმცა მამკვიდრებლის მემკვიდრეობა იყო სადავო და საბოლოოდ მემკვიდრის ვინაობა დადგინდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
69. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხე ცნობილ იქნა მოვალის – მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრედ სამკვიდრო ქონების 1/3 წილის ნაწილში, ხოლო 1/3 წილის რეალურად გამოყოფის თაობაზე აღძრული დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით, რომელიც დამტკიცდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით.
70. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა და სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რის გამოც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობის არსებობა მხარემ ვერ დაადასტურა.
71. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
72. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
73. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
74. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
76. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. დ-ის მიერ 2018 წლის 12 ოქტომბრის №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. ს-ას (პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. დ-ის მიერ 2018 წლის 12 ოქტომბრის №-.. საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე