საქმე №ას-1807-2018 28 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „უ-ი,“ შპს „ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ა-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – შპს „უ-ისა“ და შპს „ბ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ბ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27738 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო შპს „უ-ს“ შპს „ა-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3696 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 1896 აშშ დოლარი წარმოადგენს პრეპარატ „ა–ის“ სარეგისტრაციო წარმოებისა და ექსპერტიზის ხარჯს, ხოლო 1800 აშშ დოლარი – პრეპარატ „მ-ის“ ექსპერტიზისათვის გაწეულ ხარჯს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „უ-მა,“ შპს „ბ–მა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შპს „უ-ისა“ და შპს „ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „უ-მა,“ შპს „ბ–მა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს „უ-ისა“ და შპს „ბ–ის“ წარმომადგენელ მ. ყ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შპს „უ-ს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 184,8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო შპს „ბ–ს“ – 1386,9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.
2018 წლის 27 დეკემბერს კასატორების წარმომადგენელმა მ. ყ–მა წარმოადგინა კასატორ შპს „უ-ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 493,01 ლარის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „უ-ისა“ და შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ მ. ყ–ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 11 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.3, ს.ფ.88). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 12 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 დეკემბერს, ვინაიდან 16 დეკემბერი იყო დასვენების დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში კასატორების წარმომადგენელმა მ. ყ–მა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, შპს „უ-ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 493,01 ლარის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 25 დეკემბერს (იხ. ტ.3, ს.ფ.89-91), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორ შპს „უ-ს“ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 493,01 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „უ-ისა“ და შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს „უ-ს“ (ს/კ №4-..) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 493,01 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი