საქმე №ას-1548-2018 11 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ს-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 36 792.46 ლარის, ასევე, 2014 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს – 26 396.1 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმდა №--- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხისათვის დაყადაღებული ან/და სააღსრულებო მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანა და შენახვა უშუალოდ დამკვეთის მოთხოვნით ან/და საპატრულო პოლიციის მეშვეობით.
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
4. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების ღირებულება დღე-ღამის განმავლობაში შეადგენდა 2 ლარს. საევაკუაციო ბრიგადის გამოძახების ღირებულება განისაზღვრა 11.80 ლარით, შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1 კმ. მანძილზე – 2.36 ლარით. მოსარჩელის მომსახურების ტარიფები განსაზღვრულია 2012 წლის 6 ივლისის №- ბრძანებით.
5. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით დაუგროვდა დავალიანება 45 566 ლარის ოდენობით, რომლის გამოანგარიშებისასაც ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოყენებულია სახელშეკრულებო ტარიფები, შემდეგ პერიოდზე კი კომერციული ტარიფები, კერძოდ: 2014 წლის ოქტომბრის დავალიანება შეადგენს 4 814.24 ლარს; 2014 წლის ნოემბრის დავალიანება – 3 959.3 ლარს; 2014 წლის დეკემბრის დავალიანება – 3 949.18 ლარს; 2015 წლის იანვრის დავალიანება – 8 733.2 ლარს; 2015 წლის თებერვლის დავალიანება – 5 710 ლარს; 2015 წლის მარტის დავალიანება – 7 726.68 ლარს, 2015 წლის აპრილის დავალიანება – 7 726.68 ლარს; 2015 წლის აპრილის დავალიანება – 4 520 ლარს და 2015 წლის მაისის დავალიანება – 6 153.4 ლარს.
6. ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. 2014 წლის ოქტომბრის დავალიანების - 4 814.24 ლარის მიმართ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 9.63 ლარს (4 814.24-ის 0.2%), 2015 წლის 31 მაისისათვის იქნება 2 041.56 ლარი (9.63 ფ 212 დღეზე); ნოემბრის ყოველი ვადაგადაცილებული დღის პირგასამტეხლო იქნება 7.92 ლარი (3 959.3-ის 0.2%), 2015 წლის 31 მაისისათვის კი შეადგენს 1 362.24 ლარს (7.92 ფ 172 დღეზე); დეკემბრის ყოველი ვადაგადაცილებული დღის პირგასამტეხლო იქნება 7.90 ლარი (3 949.18-ის 0.2%), 2015 წლის 31 მაისისათვის კი შეადგენს 1 113.9 ლარს (7.92 ფ 141 დღეზე), სულ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 31 მაისისთვის შეადგენს 4 517.7 ლარს. 2015 წლის 31 მაისის შემდეგ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებისათვის იქნება 25.44 ლარი (4 814.24 + 3 959.3 + 3 949.18 = 12 722.72-ის 0.2%);
7. 2017 წლის 9 ოქტომბერს მოპასუხემ დაფარა 2014 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის დავალიანება 8 773.54 ლარის ოდენობით, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ ძირითად თანხაში შემცირდა 36 792.46 ლარამდე.
8. 2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 4517.7 ლარს, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 25.44 ლარს. 2015 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პირგასამტეხლოს ოდენობაა 21 878.4 (860 დღე ფ 25.44) ლარი, რასაც დაემატა 2015 წლის 31 მაისამდე – 4 517.7 ლარი და საბოლოოდ პირგასამტეხლოს ოდენობა 2017 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრა 26 396.1 ლარით.
მოპასუხის პოზიცია:
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. 2014 წლის 25 ივლისის №--- ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა წარმოებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ანუ 2015 წლიდან მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღარ გააჩნდა არანაირი ვალდებულება, მომსახურეობა გაეწია აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის. შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე მას არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულების შესრულება.
11. 2012 წლის 6 ივლისის №- ბრძანებით განსაზღვრული ტარიფები არ მოქმედებს სადავო ურთიერთობაზე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია 2014 წლის 25 ივლისის №--- ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტების შესაბამისად. ამასთან, მოსარჩელე თავად აღიარებს, რომ 2014 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით, მომსახურების გაწევა მხოლოდ 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იყო განსაზღვრული. ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელი იყო მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. ნებისმიერი ცვლილება და დამატება ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილიყო მხოლოდ წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე უნდა გაფორმებულიყო შეთანხმება, რომელიც ჩაითვლებოდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. მხარეთა შორის არ ყოფილა წერილობითი ცვლილება, არც დამატება ყოფილა გაფორმებული.
12. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რამდენ ავტომანქანაზე იქნა გაწეული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება და აღნიშნული განხორციელდა თუ არა მისი დაკვეთით. შესაბამისად, უცნობია, როგორ დაანგარიშდა 2014 წლის დეკემბერის დავალიანება (3 949.18 ლარი).
13. ამასთან, მოპასუხემ მიიჩნია, რომ არ არსებობს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობა. ამავდროულად, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
14. მხარეებს შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მოქმედებს 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის 31 დეკემბერს, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შესრულებით თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 36 792.46 ლარის ანაზღაურება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 26 396.1 ლარის დაკისრების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 639.61 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
18. 2014 წლის 25 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების №--- ხელშეკრულება.
19. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების შესყიდვა გულისხმობს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის“ დაყადაღებული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანას და შენახვას (C-...) უშუალოდ დამკვეთის მოთხოვნით ან/და საპატრულო პოლიციის მეშვეობით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის მიხედვით, ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების ღირებულება დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 2 ლარს. საევაკუაციო ბრიგადის გამოძახების ღირებულება განისაზღვრა 11.80 ლარით; შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1კმ – 2.36 ლარით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა წარმოებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეს, მის მიერ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. 10.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
20. 2017 წლის 9 ოქტომბერს მოპასუხემ გადაიხადა 2014 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის დავალიანება 8 773.54 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც მოსარჩელე მხარემ მოახდინა საკუთარი მოთხოვნის მოდიფიცირება.
21. მხარეებს შორის 2015 წლის 1 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელებულია მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელებული და მის მიერ მიღებული შესრულებით.
22. 2015 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელის მიერ აპელანტის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს 2012 წლის 6 ივლისის №- ბრძანებით განსაზღვრული მოსარჩელის მომსახურების კომერციული ტარიფები.
23. 2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაუგროვდა 36792.46 ლარის დავალიანება, სადაც 2014 წლის 31დეკემბრის ჩათვლით გამოყენებულია სახელმწიფო ტარიფები, შემდეგ პერიოდზე კი – კომერციული ტარიფები, კერძოდ: 2014 წლის დეკემბრის დავალიანება შეადგენს 3 949.18 ლარს; 2015 წლის იანვრის დავალიანება – 8 733.2 ლარს; 2015 წლის თებერვლის დავალიანება – 5 710 ლარს; 2015 წლის მარტის დავალიანება – 7 726.68 ლარს, 2015 წლის აპრილის დავალიანება – 7 726.68 ლარს; 2015 წლის აპრილის დავალიანება – 4 520 ლარს და 2015 წლის მაისის დავალიანება – 6 153.4 ლარს.
24. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში არსებობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
25. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არამართებულად გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მისი მხრიდან მოპასუხის სასარგებლოდ დაყადაღებული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანისა და შენახვის მომსახურების გაგრძელებაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ.
26. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით სწორად არ გაიზიარა თავდაპირველი მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა მოცემული ქმედების აპელანტის სასარგებლოდ განხორციელების ვალდებულება, მეტიც, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ცხადჰყოფს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული მოქმედებები და იღებდა აღნიშნულ შესრულებას, ამასთან, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებულ მიმოწერაში აღნიშნულია, რომ ამ მომსახურების საფასური აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ჰქონდა გადახდილი, რაც მოწმობს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ფაქტობრივად არსებობდა. აღნიშნული თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული №--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ითვალისწინებდა არა მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას, არამედ მათ შენახვასაც, ხოლო სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 19 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ავტოსადგომებზე კვლავ არის განთავსებული მოპასუხის ბრძანების საფუძველზე შეყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათ შენახვას მოცემული მდგომარეობითაც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგე მხარე.
27. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 1 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელებულია მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელებული და მის მიერ მიღებული შესრულებით.
28. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როდესაც საუბარია სამართლიან და ობიექტურ სასამართლოზე, პირველ რიგში მხედველობაში მიიღება მოსამართლის მიერ თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა, ანუ რამდენად გამომდინარეობს იგი პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ობიექტური, მაშინ ის ინფორმაციაც და ფაქტებიც, რომელიც მოცემულია საქმეში მტკიცებულებების სახით, თავის მხრივ, უნდა იყოს უტყუარი. მტკიცებულებათა უტყუარობას სასამართლო ადგენს საქმის განხილვის დროს მათი გამოკვლევის ეტაპზე და ერთმანეთთან შედარების საფუძველზე. მართალია, კანონმდებლობა არ ადგენს თუ რომელი სახის მტკიცებულება უნდა გაიზიაროს სასამართლომ და რომელი არა, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მტკიცებულება მოითხოვს შეფასების შესაბამის მეთოდს.
29. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების მიმართ გამოყენებულ არ უნდა იქნეს 2012 წლის 6 ივლისის №- ბრძანებით განსაზღვრული მოსარჩელის მომსახურების კომერციული ტარიფები.
30. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, თავდაპირველ მოსარჩელესა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული №--- ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის ღირებულება 2.2. პუნქტის თანახმად, ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან განისაზღვრება 11.80 ლარით; შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1კმ. – 2,36 ლარით. გამომდინარე იქიდან, რომ პალატის შეფასებით, მხარეებს შორის 2015 წლის 1 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელებულია მოსარჩელის მიერ აპელანტის სასარგებლოდ განხორციელებული და მის მიერ მიღებული შესრულებით, საფუძველს მოკლებულია აპელანტის მტკიცება, რომ 2015 წლიდან მოსარჩელეს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღარ გააჩნდა არანაირი ვალდებულება, მომსახურეობა გაეწია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის და ხელშეკრულების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულების შესრულება.
31. სააპელაციო პალატამ აგრეთვე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ 2012 წლის 6 ივლისის №- ბრძანებით განსაზღვრული ტარიფები არ მოქმედებს სადავო ურთიერთობაზე, რადგან, აპელანტის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის შიდა მოხმარების მიხედვითაც, დოკუმენტს.
32. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ტარიფები ვერ განიხილება მოსარჩელის შიდა მოწესრიგების დოკუმენტად, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადგენილ მომსახურების საფასურს, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რაზეც, მისივე განმარტებით, ხდებოდა შეთანხმება ნებისმიერ კონტრაჰენტთან და ამ მხრივ გამონაკლისს არც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოადგენდა. ამ მხრივ ყურადსაღებია დავალიანების გაანგარიშების დოკუმენტაციაც, რომელიც ერთვის საქმეს და საიდანაც დგინდება, თუ რამდენ ავტომანქანაზე იქნა გაწეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება. ამავდროულად, მხარეები არ დავობენ, რომ სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაიფარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ნაწილი, რაც აპელანტის მხრიდან ვალდებულების აღიარების ტოლფასი ქმედებაა, შესაბამისად, ივარაუდება, რომ იგი დაეთანხმა სადავოდ გამხდარი ტარიფებით გაანგარიშებული დავალიანების ოდენობას.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა და დაადგინა გარემოება, რომ აპელანტს, 2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით, მოსარჩელის მიმართ დაუგროვდა დავალიანება 36792.46 ლარის ოდენობით.
34. სააპელაციო პალატამ აქვე განმარტა, რომ, მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სსკ-ის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, ხოლო პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
35. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული მუხლის მიზნებისათვის, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება, შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
36. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
37. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო – 0,2 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს თავის ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ მართებულად შემცირდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
38. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
39. კასატორმა მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან მათი ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა 2015 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით.
40. მოსარჩელემ ვალდებულების დასკისრების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, კერძოდ, მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის აუცილებლობაზე, თუმცა ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის 31 დეკემბერს. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია.
41. კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. იგი მხარეს ეკისრება იმ დროიდან, როდესაც დარღვეული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო მის შესრულებამდე. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
42. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. იგი დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული და მისი მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
43. კასატორმა განმარტა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მის მიერ ვალდებულების შესრულების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო პირგასამტეხლოს დაკისრებაც.
44. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომლის მიხედვით იგი ახორციელებდა აღსრულების ბიუროს სასარგებლოდ დაყადაღბული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანასა და შენახვას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ. აღნიშნულს არ ეთანხმება კასატორი, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, 2015 წლის იანვრის შემდეგ კასატორის მოთხოვნის საფუძველზე ახალი ავტომანქანების მოწინააღმდეგე მხარის სადგომზე განთავსების თაობაზე. ხოლო სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებები (აღმასრულებლის მიმართვები) ადასტურებენ მხოლოდ წარსულში სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს.
45. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ კასატორის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს 2012 წლის 6 ივლისის №- ბრძანებით განსაზღვრული კომპანიის (მოწინააღმდეგე მხარის) მომსახურების კომერციული ტარიფები. ამის საწინააღმდეგოდ კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის მასალების შესაბამისად დასტურდება, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული №--- ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის ღირებულება 2.2. პუნქტის თანახმად, ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან განისაზღვრებოდა 11,80 ლარით. შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1 კმ-ზე – 2,36 ლარით.
46. კასატორმა მიუთითა, რომ დასახელებული 2014 წლის 25 ივლისის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა წარმოებდა მისი გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ანუ 2015 წლიდან მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღარ გააჩნდა არანაირი ვალდებულება, მომსახურება გაეწია კასატორისათვის, რის გამოც აღნიშნული საფუძვლით ამ უკანასკნელს არ უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, კასატორმა მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობაზე არ მოქმედებს 2012 წლის 6 ივლისის №- ბრძანებით განსაზღვრული ტარიფები, ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის შიდა მოხმარების დოკუმენტს. ამის თაობაზე კასატორს არ ჰქონდა ინფორმაცია და არც უნდა ჰქონოდა, რადგან კომპანია მას მომსახურებას უწევდა მხოლოდ მოქმედი ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
47. კასატორმა არ გაიზიარა დადგენილი გარემოება, რომ კასატორს 2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით კომპანიის მიმართ დაუგროვდა 36 792,46 ლარი, საიდანაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოყენებულია სახელმწიფო ტარიფები, შემდგომ პერიოდზე კომერციული ტარიფები. 2014 წლის დეკემბრის დავალიანება შეადგენს 3 949,18 ლარს, 2015 წლის იანვრის – 8 733,2 ლარს, თებერვლის – 510 ლარს, მარტის – 7 726,68 ლარს, ხოლო აპრილის – 6 153,4 ლარს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მომსახურების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
48. კასატორმა იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რამდენ ავტომანქანაზე იქნა გაწეული ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება და რის საფუძველზე დაანგარიშდა აღნიშნული თანხა.
49. საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და კასატორს უნდა დაკისრებოდა მისი შემცირებული ოდენობა – 2 639,62 ლარი.
50. კასატორმა განმარტა, რომ საქმის მასალების შესაბამისად, მხარეთა შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით შესყიდვის ობიექტის ღირებულება 2.2. პუნქტის თანახმად ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან განისაზღვრებოდა 11,80 ლარით, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1 კმ-ზე – 2,36 ლარით.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა განმარტა, რომ ვინაიდან არ არსებობს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საფუძველი, უსაფუძვლოა მოთხოვნილი პირგასამტეხლოც. ამასთან, სსკ-ის 417-418-ე მუხლებისა და საქმის მასალების გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის აღარ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გამორიცხავს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.
52. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
53. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
54. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 25 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების №--- ხელშეკრულება.
55. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების შესყიდვა გულისხმობს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის“ დაყადაღებული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანას და შენახვას (C-....) უშუალოდ დამკვეთის მოთხოვნით ან/და საპატრულო პოლიციის მეშვეობით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის მიხედვით, ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების ღირებულება დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 2 ლარს. საევაკუაციო ბრიგადის გამოძახების ღირებულება განისაზღვრა 11.80 ლარით; შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1კმ – 2.36 ლარით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა წარმოებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეს, მის მიერ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. 10.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
56. 2017 წლის 9 ოქტომბერს მოპასუხემ გადაიხადა 2014 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის დავალიანება 8 773.54 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც მოსარჩელე მხარემ მოახდინა საკუთარი მოთხოვნის მოდიფიცირება.
57. მხარეებს შორის 2015 წლის 1 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელებულია მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელებული და მის მიერ მიღებული შესრულებით.
58. 2015 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელის მიერ აპელანტის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს 2012 წლის 6 ივლისის №- ბრძანებით განსაზღვრული მოსარჩელის მომსახურების კომერციული ტარიფები.
59. 2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაუგროვდა 36792.46 ლარის დავალიანება, სადაც 2014 წლის 31დეკემბრის ჩათვლით გამოყენებულია სახელმწიფო ტარიფები, შემდეგ პერიოდზე კი – კომერციული ტარიფები, კერძოდ: 2014 წლის დეკემბრის დავალიანება შეადგენს 3 949.18 ლარს; 2015 წლის იანვრის დავალიანება – 8 733.2 ლარს; 2015 წლის თებერვლის დავალიანება – 5 710 ლარს; 2015 წლის მარტის დავალიანება – 7 726.68 ლარს, 2015 წლის აპრილის დავალიანება – 7 726.68 ლარს; 2015 წლის აპრილის დავალიანება – 4 520 ლარს და 2015 წლის მაისის დავალიანება – 6 153.4 ლარს.
60. მხარეებს შორის 2015 წლის 1 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელებულია მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელებული და მის მიერ მიღებული შესრულებით.
61. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება აღარ გააჩნდა, შესაბამისად, არ წარმოშობილა არც პირგასამტეხლის გახადის საფუძველი.
62. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
63. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
64. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
65. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეყდა და მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სადავო თანხის გადახდის ვალდებულება აღარ გააჩნდა.
66. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა და კასატორს საწინააღმდეგო შინაარსის მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 25 ივლისს დადებული №--- ხელშეკრულება ითვალისწინებდა როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას, ასევე მათ შენახვასაც.
67. მოცემულ საკასაციო საჩივარში მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ თავის ავტოსადგომზე 2015 წლის შემდეგ ახალი მანქანების განთავსების დადასატურებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა, თუმცა არ უარყო, რომ 2015 წლამდე განთავსებული ავტომანქანების შენახვის მომსახურებას კვლავაც იღებს მოსარჩელისაგან.
68. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 19 ივნისის სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ავტოსადგომებზე კვლავ არის განთავსებული მოპასუხის ბრძანების საფუძველზე შეყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათ შენახვას მოცემული მდგომარეობითაც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგე მხარე.
69. მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული მოქმედებები და იღებდა აღნიშნულ შესრულებას. მხარეთა მიმოწერაში აღნიშნულია, რომ ამ მომსახურების საფასური აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ჰქონდა გადახდილი, შესაბამისად, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კვლავაც გრძელდებოდა.
70. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მომსახურების ტარიფების განსაზღვრასთან დაკავშირებითაც და ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ტარიფები მოსარჩელის შიდა მოწესრიგების დოკუმენტია.
71. სააპელაციო პალატამ დაადგინა და კასატორმა საწინააღმდეგო გარემოება ვერ დაადასტურა იმ გარემოების მიმართ, რომ აღნიშნული ტარიფები მოსარჩელის მხრიდან დადგენილი ხელშეკრულების სტანდარტული პირობაა, რომელსაც იგი ყველა კონტრაჰენტს, მათ შორის მოპასუხესაც, სთავაზობს.
72. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების გაანგარიშების დოკუმენტაციის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, თუ რა ოდენობის ავტომანქანის მიმართ იქნა გაწეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება. ამავდროულად, დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაიფარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ნაწილი. შესაბამისად, ვალდებულების ნაწილის შესრულებით მოვალე დაეთანხმა სადავოდ ტარიფებით გაანგარიშებული დავალიანების ოდენობას.
73. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
74. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
75. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
76. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
77. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
78. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
79. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
80. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
81. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
82. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
83. კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით ვერ უარყო სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო – 0,2 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი სწორად შემცირდა 10-ჯერ.
84. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
85. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
86. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
87. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
88. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
89. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2018 წლის 28 სექტემბრის №15055 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 2080,75 ლარის 70% – 1456,52 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №2-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2018 წლის 28 სექტემბრის №15055 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 2080,75 ლარის 70% – 1456,52 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე