საქმე №ას-1769-2018 11 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ-ის“ პარტნიორი გ. ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „კ-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 15 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა მიწოდების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, მოპასუხეს მიეწოდებინა კონსიგნაციით უცხიმო რძის ფხვნილი, ხოლო საქონლის მიწოდებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში მოპასუხეს უნდა გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება.
3. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 3000000 ლარს. მხარეებს შორის გრძელდებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს დაუგროვდა საკმაოდ სოლიდური დავალიანება, რომელმაც შეადგინა 1774826.50 ლარი.
4. 2014 წლის 1 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომ 2014 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 1774826.50 ლარს.
5. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული დავალიანების გადახდა მოხდებოდა ქართული ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის შესაბამისად (1 აშშ დოლარი =1.73 ლარს). ამდენად, ლარში გადახდილი თანხით შესაძლებელი უნდა ყოფილიყო 1025911.27 აშშ დოლარის შესყიდვა. შეთანხმებაში აშშ დოლარის დაფიქსირება იმით იყო განპირობებული, რომ საქონლის შეძენა ხდებოდა აშშ დოლარში და თანხის გადახდის დაგვიანებამ და ლარის ინფლაციამ დიდ მასშტაბებს მიაღწია.
6. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში მოპასუხემ მხოლოდ ერთხელ გადაიხადა თანხა, რამაც გადახდის დროს არსებული გაცვლითი კურსით 49092.82 აშშ დოლარი შეადგინა. შემდგომ კი, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არსებული დავალიანება – 976818.45 აშშ დოლარი არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის პოზიცია დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციით და არა გაურკვეველი სახის შეთანხმების აქტით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 976 818.45 აშშ დოლარის გადახდა. ამავე წლის 25 მაისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, მოპასუხის საჩივარს ეთქვა უარი, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ პერიოდში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
11. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტ საზოგადოებას და 2018 წლის 9 აგვისტოს ჩაბარდა ოფისმენეჯერს, რაც დასტურდება ჩაბარების შესახებ დოკუმენტით.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ადრესატს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზი არ დაუსახელებია. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე საზოგადოების პარტნიორებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით მოპასუხე საზოგადოების მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რაც 2018 წლის 26 მარტიდან რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში. 2018 წლის 30 იანვრიდან მოპასუხე საზოგადოებას აღარ ჰყავს დირექტორი. ყოფილმა დირექტორმა მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. ამდენად, საზოგადოების დირექტორის არარსებობს პირობებში, ობიექტიური გარემოებების გამო, ხარვეზის შევსება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხე საზოგადოების პარტნიორების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
19. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 14 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და უფლებამოსილი პირის (დირექტორის, წარმომადგენლის) მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის – 7000 ლარის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.
20. ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 4 ივლისის განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერენ საწარმოს პარტნიორები. ისინი განმარტავენ, რომ საწარმოს მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და საწარმოს დირექტორი აღარ ჰყავს. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სასამართლო განჩინება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის წარმოების დაწყების თაობაზე. ამგვარი განჩინების წარმოდგენის შემთხვევაში საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იქნება კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული მმართველი.
21. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მოპასუხე შპს-ს.
22. სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
23. განსახილველ საქმეზე სასამართლო გზავნილი 2018 წლის 9 აგვისტოს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს (ს.ფ 332).
24. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივარს დაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის №2-------- განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ, რომლითაც მოპასუხე შპს-ს კრედიტორთა განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში და მოპასუხე საზოგადოების (მოვალის) მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
25. ამავდროულად, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოპასუხე საზოგადოებას აღარ ჰყავს დირექტორი.
26. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
27. ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე საზოგადოების სახელით სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება გააჩნდა საზოგადოების დირექტორს ან კანონის დაცვით უფლებამოსილ სხვა პირს.
28. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
29. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 10 აგვისტოდან და ამოიწურა ამავე წლის 23 აგვისტოს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, უფლებამოსილ პირს და არც სააპელაციო საჩივრის ავტორ საზოგადოების პარტნიორებს რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ და არც არანაირი ინფორმაცია საზოგადოების დირექტორის დანიშვნის შესახებ არ მიუწოდებია.
30. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ-ის“ პარტნიორი გ. ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ნ. ბაქაქური