Facebook Twitter

საქმე №ას-1804-2018 11 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. და ე. ა–ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ტ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარება, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ. და ე. ა–ებმა (შემდგომ – მოსარჩელეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მოვალეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. ტ-ის მიმართ (შემდგომ – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) და მოითხოვეს 2014 წლის 5 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ძირი თანხიდან – 5 500 აშშ დოლარიდან 4 714 აშშ დოლარის გადახდილად აღიარება და 2016 წლის 6 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ №1-... სააღსრულებო ფურცელში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხეს მხოლოდ ერთჯერადად აქვს გადახდილი მხოლოდ 6 800 აშშ დოლარი, რაც განაწილდა ოთხივე იპოთეკარზე, აღნიშნული თანხიდან მას მიღებული აქვს 500 აშშ დოლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2014 წლის 5 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხიდან – 5 500 აშშ დოლარიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილად ჩაითვალა 500 აშშ დოლარი და, შესაბამისად, გადასახდელად განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარი, შესაბამისი ცვლილება შევიდა 2016 წლის 6 ივლისს გაცემულ №1-... სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ სესხის ძირ გადასახდელ თანხად მიეთითა 5 000 აშშ დოლარი, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების შესაბამისად, 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 5 დღით და დაევალათ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

8. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნათ აპელანტებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ 2018 წლის 19 ოქტომბერს. ამდენად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 20 ოქტომბრიდან და ამოიწურა 24 ოქტომბერს. მითითებულ დროს აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არ რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. აღნიშნული კი, სსსკ-ის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაპირველად ხარვეზის დადგენის შემდეგ მათ წარუდგინეს პალატას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დასაბუთება, რომელიც შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის ამსახველ საფუძვლებსა და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო საჩივარი მაინც დარჩა განუხილველად. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განმეორებით დატოვა განუხილველად სააპელაციო პრეტენზია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ 5 დღის ვადაში სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა. აქვე აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

16. სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება გაეგზავნათ აპელანტებს და 2018 წლის 19 ოქტომბერს ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს, რაც დასტურდება საფოსტო უკუგზავნილით (ს.ფ 191, 192).

17. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ აპელანტისათვის განსაზღვრული 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 20 ოქტომბრიდან და ამოიწურა 24 ოქტომბერს. აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით, ან რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს გონივრული ვადა გააჩნდათ ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც მათ არ განუხორციელებიათ არც თავდაპირველად ხარვეზის დადგენის, არც საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისა და სააპელაციო პალატის დამატებითი ხარვეზის განჩინებით დადგენილ პერიოდში, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წანამძღვრები.

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. და ე. ა–ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე