საქმე №ას-1828-2018 11 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჯ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე. ჯ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა, გაუქმდეს მოსარჩელესა და შპს „ს-ს“ (შემდგომ მსესხებელი შპს) შორის 2016 წლის 9 თებერვალს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 17 ოქტომბერს მოპასუხესა და მსესხებელ ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ. მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
3. მოსარჩელის მითითებით, იპოთეკის ხელშეკრულებაში გარკვევით დაფიქსირდა, რომ იპოთეკა გამოყენებულ იქნა მსესხებელი ფიზიკური პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის საპირისპიროდ, 2016 წლის 9 თებერვალს კრედიტორმა და მსესხებელმა ხსენებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში ჩაანაცვლეს ხელშეკრულების მხარე და ახალ მსესხებელ შპსა და ბანკს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ გასცა სესხი 120 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა და არც მითითებული ხელშეკრულებით მსესხებელი შპს-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად საკუთარი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე ნება არ გამოუვლენია. შესაბამისად, იპოთეკის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და მოსარჩელეს არც რაიმე სხვა ფორმით განუცხადებია თანხმობა, მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკა გავრცელებულიყო მსესხებელი შპს-ს მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე.
4. მოსარჩელემ განმარტა, რომ უკანონოა მოსარჩელის კუთვნილი ქონების გამოყენება იმ ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკის გაფორმების თაობაზე მესაკუთრის ნება არ გამოვლენილა.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები, მათ მხარეებს წარმოადგენენ არსებული ან სამომავლო მოვალეები, რომელთა შესაბამისი ნება იქნა გამოხატული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოპასუხესა და მსესხებელ შპს-ს შორის, 2016 წლის 9 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იპოთეკა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლით და დაადგინა, რომ 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა 7-დღიანი საპროცესო ვადა და დაევალა სსს კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
9. ხარვეზის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ აპელანტის სახელზე გაგზავნილი ხარვეზის შესახებ განჩინება 2018 წლის 18 ივნისს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა მოპასუხისათვის დაიწყო 2018 წლის 19 ივნისიდან, ვინაიდან ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული საპროცესო ვადა ამოიწურა 2018 წლის 25 ივნისს.
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და მის წინმსწრებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებები უკანონოა. რეალურად აპელანტმა წარადგინა სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და სასამართლოს ხარვეზი მისთვის არ უნდა დაედგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა. აქვე აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
19. სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტ საზოგადოებას და 2018 წლის 18 ივნისს ჩაბარდა კანცელარიის მუშაკს, რაც დასტურდება საფოსტო უკუგზავნილით (ტომი 2, ს.ფ 8).
20. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ აპელანტისათვის განსაზღვრული 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 19 ივნისიდან და ამოიწურა ამავე წლის 25 ივნისს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით, ან რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
22. 2018 წლის 14 აგვისტოს აპელანტმა განცხადება შეიტანა სააპელაციო პალატაში და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევა.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, განუხილველად დატოვებას ექვემდებარება სასამართლოს მხრიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მხარის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი კორესპონდენცია.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა განუხილველად წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, რადგან ხარვეზის გამოსწორების შესახებ აპელანტს დროულად სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
25. რაც შეეხება ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმებას, აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებდა იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი შესაბამის რეაგირებას მოახდენდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში.
26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე