Facebook Twitter

საქმე #ზ-31-ა-1-2019 30 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ძ-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლეის თაობაზე, საქმეზე _ ნ. ძ-ის სარჩელის გამო, შპს „ს. ა. პ. გ.“ მიმართ, სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ის სარჩელი შპს „ს. ა. პ. გ.“ მიმართ, 2006 წლის სახელფასო დავალიანების _ 1 440 ლარისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ნ. ძ-ის სასარგებლოდ დარიცხული ხელფასის სახით დაეკისრა 120 ლარი 12 თვეზე გაანგარიშებით, ასევე, მიეცა ხელზე ასაღები ხელფასის 0,07% შვიდ თვეზე დაანგარიშებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით ნ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინებით კი, ნ. ძ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნანა ძიძიგურმა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განცხადება ძირითადად ემყარება შემდეგ არგუმენტს:

- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა იმ საფუძვლით, თითქოს გამოსაკვლევი იყო მოთხოვნის ხანდაზმულობა, თუმცა, არ გაითვალისწინეს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელის თანახმადაც პირად არაქონებრივ უფლებებზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. ასევე არ იქნა გათვალისწინებული, რომ მოცემული დავის საგანი სწორედ არაქონებრივი უფლებაა, ამდენად, საქმის წარმოება უნდა განახლდეს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი არის სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დადგენილება;

- განმცხადებლის განმარტებით, მისი მოთხოვნა წარდგენილია კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, რადგანაც სამოქალაქო კოდექსი მან 2019 წლის იანვარში გადაიკითხა და აღმოაჩინა ზემოხსენებული ნორმის არსებობა. გარდა ამისა, განჩინება მიღებულია საკასაციო სასამართლოს მიერ და სწორედ მან უნდა განიხილოს განცხადების საფუძვლიანობა.

საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, ამ საკითხს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ერთპიროვნულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო შრომის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არის პირადი არაქონებრივი უფლება, გარდა ამისა, მხარე მიიჩნევს, რომ განცხადება წარდგენილია განსჯად სასამართლოში და დაცული აქვს მისი წარდგენის ვადა. საკასაციო სასამართლო არც ერთ ზემოხსენებულ გარემოებას არ იზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომის ანაზღაურების მოთხოვნა არ წარმოადგენს პირად არაქონებრივ უფლებას, არამედ, ის შრომის სამართლიდანაა ნაწარმოები და ექვემდებარება ორგანული კანონით _ შრომის კოდექსით მოწესრიგებას, შესაბამისად, ხელფასის ანაზღაურების ოთხოვნის მიმართ არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის დანაწესი. ასეც რომ იყოს, სამართლის ნორმის გამოყენების საკითხი არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ წინაპირობას.

საკითხის მეტი ფორმალობით შეფასების შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან განმცხადებლის მიერ სადავოდ მიჩნეული განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, არამედ, შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 7 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადების ფორმალური თვალსაზრისით საფუძვლიანად ჩათვლის შემთხვევაში, ის შეიძლებლოდა წარდგენილიყო სენაკის რაიონულ სასამართლოში, რადგანაც სარჩელის უარყოფის საფუძვლად სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობა იქნა გამოყენებული ამ სასამართლოს მიერ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე შეეხება პირველი, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტლების/განჩინების გაუქმებას, მოცემული საქმის წარმოება დასრულებულია 2016 წლის 2 სექტემბერს, ამ მოვლენიდან გასულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის ყოველგვარი ვადა, რასაც ვერ შეცვლის მხარის არგუმენტი, რომ მან 2019 წლის იანვარში გადაიკითხა სამოქალაქო კოდექსი. ამ არგუმენტს აქარწყლებს თუნდაც ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ცოდნის პრეზუმფცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ. ძ-ის განცხადების დაშვების კანონით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ძ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე