¹ბს-1306-135-კს-04 9 იანვარი, 2005 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ყადაღის მოხსნა
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ პროკურორმა, რომელმაც მოითხოვა პროკურატურის მიერ ქონების ჩამორთმევის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეების, მათ შორის: რ. ბ-ის, ა. ბ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ა-ის ქონებაზე ყადაღის დადება, ვინაიდან ამ ქონების გასხვისება მოპასუხეების მიერ გამოიწვევდა აღსრულების გაჭიანურებას და შესაძლოა შეუსრულებლობასაც. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 07.09.04წ. განჩინებით აჭარის ა/რ პროკურორის განცხადება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დაკმაყოფილდა. კოლეგიის 07.09.04წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ბ-ის, ა. ბ-ის, ნ. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენელმა რ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი მარწმუნებლების საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღების გაუქმება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის მოტივირებული, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სასამართლოს აღარ აქვს უფლება, სასარჩელო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ყადაღა. სასამართლოს უნდა მოეთხოვა მოსარჩელისაგან მოსალოდნ. ზარალის განმსაზღვრელი თანხების სასამართლოს სადეპოზი. ანგარიშზე წარდგენა, სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლომ დააყადა მთელი ქონება მაშინ, როდესაც საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე აჭარის ა/რ პროკურორის მოთხოვნები, გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹22 ბინის ჩამორთმევაზე, აგრეთვე, ნ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 20.09.04წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ აჭარის ა/რ პროკურორმა სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეების: რ. ბ-ის, ა. ბ-ის, ნ. ბ-ის და ნ. ა-ის ქონების ჩამორთმევა. სასკ-ის 217-ე მუხლი ითვალისწინებს პროკურორის ვალდებულებას, მიმართოს სასამართლოს დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული ქონების დაყადაღებაზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმასთან დკავშირებით, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ არ დაიშვებოდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სარჩელის უზრუნველყოფა არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნ. დაბრკოლების თავიდან აცილების ღონისძიება, მისი გამოყენება დასაშვებია როგორც სარჩელის აღძვრამდე, ასევე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მის ძალაში შესვლამდე. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იმ ქონების გასხვისება, რომლის ჩამორთმევას მოპასუხეებისაგან ითხოვს აჭარის ა/რ პროკურატურა, გაართულებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განჩინება არის დაუსაბუთებელი.
უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს, აგრეთვე, ის გარემეობა, რომ 06.09.04წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ა. ბ-ის მიერ ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹22 ბინის ჩამორთმევაზე, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით იგივე ბინა ჩამოერთვა რ. ბ-ეს.
ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.09.04წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი ნ. ბ-ეზე რიცხული, ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. ... მდებარე 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და ის კანონიერ ძალაშია შესული. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 07.09.02წ. განჩინება ითვალისწინებს ქონების დაყადაღებას 06.09.04წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ვინაიდან 06.09.04წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი ნ. ბ-ეზე რიცხული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 07.09.04წ. განჩინებით დადებული ყადაღა სადღეისოდ მოხსნილად უნდა ჩაითვალოს. ამდენად, ამ ნაწილში ყადაღის მოხსნის, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნა აზრს კარგავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის 1-ლი, 217 მუხლებით, სსკ-ის 191-199-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ბ-ის, ა. ბ-ის, ნ. ბ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 07.09.04წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.