საქმე №ას-168-168-2018 11 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ. და ც. დ–ები (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ხ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. და ც. დ–ებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები ან კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ე. ხ–ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ქონების გამოთხოვა (ერთი ბეჭედი ფიანეტის თვლებით (გოზინაყის ფორმის); ერთი ბეჭედი მარგალიტის დიდი თვლით; ერთი წყვილი საყურე ცირკონის თვლებით; ერთი ოქროს საათი ოქროს სამაჯურით; ერთი ნიშნობის ბეჭედი).
1.2. სარჩელი ემაყრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გ. დ–ი და ე. ხ–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არასოდეს ყოფილან, თუმცა რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ ერთად მოსარჩელის მშობლების ბინაში და ჰყავთ საერთო შვილი _ დ. დ–ი. 2016 წლის 1 მარტს, როდესაც გ.დ–ი სამუშაოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ, მოპასუხე საცხოვრებლად თავის მშობლებთან გადავიდა და ამის შემდგომ დასრულდა მხარეთა ურთიერთობა. მოსარჩელის მშობლების ბინიდან გადასვლისას მოპასუხემ წაიღო მოთხოვნილი ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასეულობა მას არ ეკუთვნოდა. სამკაულები წარმოადგენს საგვარეულო ნივთებს და გარდა ღირებულებისა, მათ სხვა მნიშვნელობაც აქვს. გ. დ–მა არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ნივთების დაბრუნების თხოვნით, თუმცა, უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეს ნივთების ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, არამედ, სარჩელის წინააღმდეგ წარადგინა კვალიფიციური შედავება და განმარტა, რომ მხარეებმა იქორწინეს რელიგიური წესით, ჰქონდათ ჯვრისწერა და ნიშნობა. 2014 წლის 18 ნოემბერს, ნიშნობაზე ც. დ–მა საჩუქრად გადასცა მოთხოვნილი ნივთები მოპასუხეს, რომლებიც არ წარმოადგენს საგვარეულო ნივთებს, არამედ, საჩუქარია, რაც ტრადიციისამებრ ხდება ყველა ოჯახში. ჯვრისწერის სურათით ნათლად დასტურდება, რომ სადავო ნივთებს კანონიერად ფლობს მოპასუხე. გარდა ამისა, შესაგებლით შედავებულია სარჩელში მითითებული მოძრავი ქონების ღირებულება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ბაჯაღლოს რგოლი (ღირებული 800 ლარად) და დაუბრუნდა გ. დ–ს, დანარჩენი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორთა პრეტენზიები):
განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარისაგან მოძრავი ქონების _ ძვირფასეულობის გამოთხოვაზე უარის კანონიერება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორთა პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სარჩელის უარყოფის მთავარ საფუძვლად, როგორც პირველი ინსტანციის, ისე _ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მიჩნეულ იქნა სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობა, კერძოდ, სასამართლოებმა ჩათვალეს, რომ ც. დ–მა შეასრულა გ. დ–ის გარდაცვლილი ბებიის ზეპირი დავალება და მის მიერ საკუთარი შვილიშვილისათვის შეძენილი სადავო ნივთები ჩუქების გზით გადასცა მოპასუხეს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, პალატამ ც. დ–ი არასათანადო მხარედ მიიჩნია და მისი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო გ. დ–ის მოთხოვნის უარსაყოფად პალატამ განმარტა, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დაამტკიცა ვინდიცირების წინაპირობების არსებობა. კასატორები არ ეთანხმებიან სასამართლოს ხენებულ დასკვნებს შემდეგი საფუძვლებით:
1.1.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, რაც გამოიხატა მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაში. პალატამ ისე დაასკვნა, რომ სადავო ნივთები ქალბატონისათვის იყო განკუთვნილი, რომ არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, არ აუხსნია, რატომ არ შეიძლება გ. დ–ს ჰქონდეს სადავო ნივთები, მით უფრო, როდესაც გასაჩივრებული განჩინებით ადგენს გარდაცვლილი ბებიის დანაბარების შესრულებას, რომ მან ნივთები გ-სათვის შეიძინა;
1.1.2. სააპელაციო პალატამ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის განმარტების საფუძველზე დაადგინა ც. დ–ის მიერ ოქროს ნივთების მოპასუხისათვის ჩუქების ფაქტი, რაც გაუმართლებელს ხდის მის დასკვნას, რომ ც. დ–ი არ წარმოდგენს ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის უფლების მქონეს;
1.1.3. სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლი და ნივთების დაბრუნებას საფუძვლად არ დაუდო ის გარემოება, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან, ამასთანავე, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ ნივთები საჩუქრად მიიღო ქორწინებასთან დაკავშირებით და ეს ნივთები მათი ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში ინახებოდა ც. დ–ის სახლში. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, როდესაც დადგენილად მიიჩნია მოსარჩელეების მხრიდან ნივთების მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი, თუმცა, მოსარჩელეებსვე დააკისრა იმის დადასტურების ვალდებულება, რომ ძვირფასეულობა არ იყო საჩუქარი.
1.2. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორებს არ მიუთითებიათ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. ე. ხ–ი და გ. დ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 25 იანვარიდან;
1.2.2. მხარეთა შორის შეწყვეტილია ფაქტობრივი თანაცხოვრება;
1.2.3. ოქროს ნივთები (ბეჭედი ფიანეტის თვლებით (გოზინაყის ფორმის), ბეჭედი დიდი მარგალიტის თვლით (ბურთივით მარგალიტი), ერთი წყვილი საყურე ცირკონის თვლებით, ოქროს საათი ოქროს სამაჯურით) მოპასუხემ მოსარჩელეებისაგან მიიღო საჩუქრად, როგორც გ. დ–ის მეუღლემ, ხოლო ბაჯაღლოს რგოლი გ. დ-მა ე. ხ–ისაგან მიიღო საჩუქრად, როგორც ქორწინების ბეჭედი;
1.2.4. თანაცხოვრებისას მოპასუხე გარკვეული პერიოდი ფლობდა გ. დ–ის დედის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. ამ უძრავ ქონებაში იყო განთავსებული სადავო ნივთები. საცხოვრებელი სადგომის დატოვების შემდეგ თან წაიღო.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
საკასაციო სასამართლოს დასკვნით კასატორთა მხრიდან ქვემდგომი სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი გამოყენების, ასევე, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების თაობაზე წარმოდგენილი პრეტენზია დასაბუთებულია და ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებს (სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა). ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
1.3.1. სამოქალაქო საქმის განხილვისას სასამართლოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის სწორად მოძიება. აღნიშნული დამოკიდებულია მხარეთა მიერ სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმულ პოზიციებზე, მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმის სწორად მოძიების შემდგომ მნიშვნელოვანია დადგინდეს მის აღწერილობით ნაწილში გადმოცემული აბსტრაქტული ელემენტები (მისათითებელი ფაქტები) და იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს მტკიცების საგანს, სწორად უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი.
1.3.2. სარჩელისა და შესაგებლის შესწავლით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარე არა სანივთო, არამედ _ საოჯახო სამართლის ნორმების საფუძველზე აყენებს მოთხოვნას, ხოლო, ნივთის გამოთხოვას უკავშირებს მათ შორის ქორწინების არარსებობის ფაქტს. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე თვლის გ. დ–ი, რომ მოპასუხე არ არის მოძრავი ნივთებს მესაკუთრე. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე აღიარებს, რომ სადავო ქონება მას ნიშნობაზე გადაეცა და მხარეები იმყოფებიან არა სამოქალაქო, არამედ _ რელიგიურ ქორწინებაში. სწორედ ჯვრისწერის სურათების წარდგენით სურს მოპასუხეს ნივთებზე ნამდვილი, მართლზომიერი უფლების დამტკიცება. გარდა ამისა, სააპელაციო შესაგებელში მოპასუხე კვლავ აღიარებს ნიშნობაზე სადავო ნივთების გადაცემას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოებით დასტურდება, როგორც ნიშნობის ფაქტი, ისე _ სადავო ნივთების ნიშნობაზე გადაცემა. ამ ფაქტობრივ გარემოებებს საკასაციო სასამართლო აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის ფარგლებში (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას), უფრო მეტიც, საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენება ნივთების გადაცემის თაობაზე სრულად შეესაბამება შესაგებლებში მოპასუხის მიერ აღიარებულ ფაქტებს. შესაბამისად, პალატა სრულიად ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას ჩუქების გზით ოქროს ნივთებზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე (ნიშნობის მონაწილე პირებისათვის საჩუქრად გადაცემულ ნივთებზე საკუთრების წარმოშობის საკითხზე პალატა ქვემოთ გაამახვილებს ყურადღებას).
1.3.3. საოჯახო სამართლიდან გამომდინარე მეუღლეთა უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას უნდა შეფასდეს ასევე ნიშნობისას გადაცემული საჩუქრის იურიდიული ბედი. ზოგადი წესის თანახმად, ჩუქება განკარგვითი ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული საჩუქარზე საკუთრების უფლებას ნივთის გადაცემის მომენტიდან მოიპოვებს, თუმცა, საგამონაკლისო წესს ადგენს საოჯახო სამართალი იმ შემთხვევისათვის, როდესაც მომავალი მეუღლისათვის (მეუღლეებისათვის) საჩუქრის გადაცემა ხდება ნიშნობაზე. ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობის იურიდული შედეგი დამოკიდებულია პირთა რეგისტრირებული ქორწინების ფაქტზე, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან გამომდინარე, დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) დაქორწინების ვალდებულებას არ წარმოშობს და არც მხარეები შედიან საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობაში. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ქორწინების რეგისტრაციის მომენტამდე ნიშნობის სუბიექტი საჩუქრის მართლზომიერი მფლობელია (სკ-ის 158-ე, 159-ე, 170-ე მუხლები).
1.3.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება არ შემდგარა, ხოლო ნივთები, რომელთა გამოთხოვა სარჩელის საგანია, მოპასუხეს გადაეცა ნიშნობის საჩუქრად, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის კონკურენცია (სკ-ის 168-ე, 172-ე და 1109-ე მუხლები) საოჯახო სამართლის ნორმების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
1.3.5. სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: მითითებული ნორმა ასახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციას, რომ დაქორწინების მსურველ პირთა ნათესავებმა და ახლობლებმა სამომავლო ქორწინების აღსანიშნავად დაასაჩუქრონ მომავალი მეუღლეები, რაც ეფუძნება ვარაუდს, რომ დანიშნული წყვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ იქორწინებს, თუმცა, კანონმდებელი ნიშნობის ფაქტს რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს, დაქორწინებას არ უკავშირებს და ადგენს ნიშნობის საჩუქრის (რაც ხშირ შემთხვევაში ძვირად ღირებულ ნივთებია) მხარეთათვის დაბრუნების წესს. იმის გათვალისწინებით, რომ ნიშნობის მხარეებს წარმოადგენენ დასაქორწინებელი პირები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოხსენებული საჩუქრის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარდგენა შეუძლია ნიშნობის ერთ-ერთ მხარეს, რომლის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნითაც შედგა ჩუქება (იხ. სუსგ #ას-297-280-2010, 14 ივნისი, 2010 წელი). მესამე პირის კონტექსტში ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მჩუქებელს შეიძლება საჩუქარზე პრეტენზია მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას წარმოეშვას.
1.4. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ უცვლელად დატოვების, იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
1.4.1. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკისა და სარჩელში ც. დ–ის მიერ გამოთქმული პრეტენზიების გათვალისწინებით (მას ჩუქების გაუქმების კანონით გათვალისწინებულ რომელიმე საფუძველზე არ მიუთითებია და ამგვარი წინაპირობები არც ქვემდგომ სასამართლოებს არ დაუდგენიათ, გარდა ამისა, ც.დ–ი არ წარმოადგენს ნიშნობის მხარეს), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ც.დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები, შესაბამისად პალატა ამ ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, უცვლელად ტოვებს მას, რაც შეეხება გ. დ–ის პრეტენზიას, სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ხელახლა განსახილველად უბრუნებს საქმეს სააპელაციო პალატას. ამ შემთხვევაში სასამართლო ძირითადად ემყარება შემდეგ გარემოებებს:
1.4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება. დასახელებული ნორმა ემსახურება სამართლიანი სასამართლო პრინციპის განმტკიცებას და ორიენტირებულია მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტის საბოლოო ხასიათზე. მართლმსაჯულების ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ დარღვეული სადავოდ ქცეული უფლების დაცვა, არამედ, ამ დაცვისათვის ქმედითი, ეფექტიანი წინაპირობების შექმნა რათა მხარისათვის შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი მართლწესრიგის სისრულეში მოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალწარმოება დაკარგავს ეფექტს. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. მაგ: Apostol v. Georgia; §37; Hornsby v.Greece, §40; IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34). განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომ სასამართლებს არ დაუდგენით სადავო ქონების ღირებულება, მით უფრო მაშინ, როდესაც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მისარჩელეები მიუთითებდნენ თითოეული ნივთის ღირებულებას, ხოლო, მოპასუხე შესაგებლითვე შეედავა მათ და წარმოადგინა გარკვეული მტკიცებულებები (იხ. შესაგებელი და თანდათული მასალები), რომლებიც დასაშვებადაა მიჩნეული, თუმცა არ არის შეფასებული;
1.4.3. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), არ წარმოადგენს რა ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არ არის უფლებამოსილი შეაფასოს მტკიცებულებები რის გამოც ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა), გ. დ–ის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო პალატა საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს მოთხოვნილი ქონების ფასი და ამ განჩინებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. საკასაციო პასუხს მოწინააღმდეგე მხარემ დაურთო მტკიცებულებები და იშუამდგომლა მათი საკასაციო პალატის მიერ შეფასების თაობაზე. სასამართლო ამ განჩინების 1.4.3. პუნქტში გადმოცემული სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე არ იზიარებს ხსენებულ შუამდგომლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104.1 მუხლის შესაბამისად (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ), მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს.
3. სასამართლო ხარჯები:
წინამდებარე საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 300 ლარი. ვინაიდან ც.დ–ის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შეეხება გ.დ–ის პრეტენზიას, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯები უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 104-ე, 407-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. დ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ც. დ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გ. დ–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
4. ე. ხ–ს დაუბრუნდეს საკასაციო პასუხზე დართული მტკიცებულებები: ე.წ ქორწილის სურათების ასლები 5 (ხუთი) ფურცლად და ჯვრისწერის ჩანაწერი 1 (ერთი) CD დისკად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი