საქმე #ა-6048-შ-20-2018 8 იანვარი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე საბერძნეთის მოქალაქე მ. ა-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის მომრიგებელი სასამართლოს ანდერძების განყოფილების 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის მომრიგებელი სასამართლოს ანდერძების განყოფილების 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით 2017 წლის 11 ოქტომბერს გარდაცვლილი ა. ა-ის მიერ დაწერილი (შესრულებული) ანდერძი არის ძირითადი (სამართლებრივი ძალის მქონე).
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ა-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობა, ასევე მისი მიჩნევა მამკვიდრებლის ანდერძისმიერ მემკვიდრედ.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ. ა-ის შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ როგორც აწ გარდაცვლილი მამკვიდრებელი, ისე _ მისი პირველი რიგის მემკვიდრე _ შუამდგომლობის ავტორი საბერძნეთის მოქალაქეები არიან. მამკვიდრებელმა 2016 წლის 20 დეკემბერს შედგენილი ანდერძით სამკვიდრო ქონება _ საქართველოში, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-... მ/რ-ში, ...-ე კორპუსში მდებარე #11 ბინა, BMW-ს მარკის ავტომობილი (სახ. #C...) და „ა. ბ.“ ანგარიშზე არსებული თანხა უანდერძა საკუთარ ვაჟს (შუამდგომლობის ავტორს), რადგანაც ის არის პირი, რომელიც აგრძელებს მამკვიდრებლის გვარს/თაობას, ამასთან, მოანდერძისათვის ცნობილია, რომ ანდერძისმიერი მემკვიდრე ყურადღებას მიაქცევს მამკვიდრებლის ქალიშვილს. გარდა ამისა, შუამდგომლობას ერთვის 2007 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავ ქონებაზე (ს/კ #01....).
მოხმობილი გარემოებების ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შედეგად პალატა მიდის დაკვნამდე, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ სამკვიდროს საკუთრებაში მიღება წარმოადგენს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (შუამდგომლობის) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ სარჩელი (შუამდგომლობა) არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობას) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეთა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა შორის არის, როგორც ქონებრივი, ისე _ საერთაშორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავები, ასევე, დავები, როგორც საქართველოს, ისე _ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობით, თუმცა, ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მასში ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
მოცემულ შემთხვევაში, მხარის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიხაილ აივაზიანის მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენზიას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რადგანაც საკითხის გადაწყვეტა (სამკვიდროს მიღება) სანატორო ბიუროს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო სამართლებრივი შედეგის გარეშე (საკუთრების მოპოვება სამკვიდროზე), მიხაილ აივაზიანს წინამდებარე შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიართ არ შეიძლება გააჩნდეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ს უარი ეთქვას საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის მომრიგებელი სასამართლოს ანდერძების განყოფილების 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. მასვე დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები და განემარტოს, რომ მისი მოთხოვნის (ინტერესის) დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციაა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე